X

რონდელის ბლოგი

საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი

2018 / 02 / 28

ავტორი: გიორგი თურმანიძე

 

 

2018 წელი სამხრეთ კავკასიაში საპრეზიდენტო არჩევნების წელია. საქართველოს გარდა, არჩევნები გაიმართება სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუ სომხეთში არჩევნების თარიღი წინასწარ იყო ცნობილი, აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოულოდნელ გადაწყვეტილებად შეიძლება შევაფასოთ.

 

ძირითადი პროგნოზები

 

  • სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტი, რომელსაც სახელისუფლებო პარტია აკონტროლებს, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად ხელისუფლების კანდიდატს - არმენ სარქისიანს აირჩევს. ქვეყნის რეალური მმართველი კი მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი იქნება, რომელიც, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრი გახდება.
  • აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების ექვსი თვით ადრე დანიშვნა ეკონომიკური, შიდა და საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რამაც ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეოთხეჯერ გამარჯვება უნდა უზრუნველყოს.

 

სომხეთი - ახალი პრეზიდენტი და საპარლამენტო მართვის მოდელი

 

2018 წლის 10 მარტამდე სომხეთის პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. შეიცვლება ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელიც. 2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავა. საკონსტიტუციო ცვლილებებით:

  • პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და არა მოქალაქეები.
  • პრეზიდენტს მხოლოდ ერთი 7-წლიანი ვადით აირჩევენ.
  • პრეზიდენტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
  • ახალ პრეზიდენტს არ ექნება გავლენა სომხეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე. შეიარაღებული ძალები მთავრობას დაექვემდებარება, უმაღლესი მთავარსარდალი კი პრემიერ-მინისტრი იქნება.

 

საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სერჟ სარქისიანის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის დასრულება მიიჩნევა. გამომდინარე იქიდან, რომ მას აღარ შეუძლია მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა და ამ მხრივ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაზეც უარი თქვა, ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა სერჟ სარქისიანისთვის, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გზით, პოლიტიკაში დარჩენის ყველაზე ლეგიტიმური საშუალებაა. 63 წლის სარქისიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო მისადმი ლოიალურად განწყობილი საპრეზიდენტო კანდიდატურის შერჩევა, რომელმაც არჩევის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა უნდა დაასახელოს.

 

სომხეთში დიდი ხნის განმავლობაში იყო შენარჩუნებული ინტრიგა, თუ ვინ გახდებოდა ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტი. სახელდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გაგიკ ჰარუთუნიანისა და მთიანი ყარაბაღის დე  ფაქტო ექსპრეზიდენტის არკადი გუკასიანის კანდიდატურები.

 

18 იანვარს, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს, სერჟ სარქისიანმა მიანიშნა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. მისი შეფასებით, ახალ პრეზიდენტს კავშირი უნდა ჰქონდეს სომხეთსა და დიასპორასთან, თავისუფლად უნდა ლაპარაკობდესს უცხო ენებზე და არ  უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უკვე მეორე დღეს, 19 იანვარს, სერჟ სარქისიანმა სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი - არმენ სარქისიანი.

 

64 წლის არმენ სარქისიანი ჯერ კიდევ 1984 წელს მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1996 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. თუმცა, მისი პრემიერობა მხოლოდ ოთხი თვე გაგრძელდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც სომხეთის ხელისუფლება დასავლეთმა მკაცრად გააკრიტიკა, არმენ სარქისიანი სერჟ სარქისიანის იმიჯის გამოსწორებაზე მუშაობდა დასავლეთის ქვეყნებში.

სერჟ სარქისიანის განცხადებით, მას სურს, რომ პრეზიდენტი პირველივე ტურში აირჩიონ, თუმცა, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით, შესაძლოა მეორე ტურის გამართვაც გახდეს აუცილებელი. პირველ ტურში პრეზიდენტის ასარჩევად დეპუტატთა ¾-ია საჭირო, მეორე ტურში კი - 3/5. თუ მეორე ტურშიც ვერ აირჩიეს, მაშინ ორი საუკეთესო კანდიდატი მესამე ტურში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებული ხმების უმრავლესობით გამოვლინდება. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 105 დეპუტატიდან 58 მანდატი მმართველ სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, მის კოალიციურ პარტნიორს, სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას - „დაშნაკცუტიუნს“ კი - 7 მანდატი. დანარჩენ ორ პარტიას, „წარუკიანის საარჩევნო ბლოკს“ - 31 მანდატი, საარჩევნო ბლოკს „გასასვლელი“ 9 მანდატი აქვს, რაც არ არის საკმარისი არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენის მოსახდენად.

 

არმენ სარქისიანის გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია, მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა იქნება. მოქმედ პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს დიდი მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი ბიზნესისგან და მან გამოხატა კიდეც ინტერესი დარჩეს ამ პოსტზე. თუმცა უკვე გაკეთდა არაერთი მინიშნება, რომ ეს პოსტი შეიძლება სერჟ სარქისიანმა დაიკავოს, ვიცე-პრემიერის პოსტი კი - კარაპეტიანმა. გასულ კვირებში სერჟ სარქისიანმა ღიად დააფიქსირა, რომ სურს ახალ პოლიტიკურ სისტემაში პრემიერ-მინისტრი გახდეს. თავის მხრივ, მმართველი პარტიის ლიდერებიც აღარ მალავენ საკუთარ სურვილებს სერჟ სარქისიანის გაპრემიერების შესახებ.

 

აზერბაიჯანი - ილჰამ ალიევის მეოთხე ვადა

 

2018 წლის 5 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად 2018 წლის 17 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდება. პრეზიდენტის მრჩეველ ალი ჰასანოვის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის იყო, რომ არჩევნები არ დამთხვეოდა წლის განმავლობაში დაგეგმილ „მნიშვნელოვან შიდა და საგარეო მოვლენებს“, როგორიცაა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმი და სხვ. საინტერესოა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, 1 თებერვალს, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ალი ახმედოვმა განაცხადა, რომ ალიევი ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნებოდა.

 

უკვე 8 თებერვალს აზერბაიჯანის მმართველმა „ახალი აზერბაიჯანის პარტიამ“ პარტიის მე-6 ყრილობაზე ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ალიევი 2003 წლიდან უკვე მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. წარმატების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, ალიევის შემდგომი საპრეზიდენტო ვადა შვიდი წელი იქნება. საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე 2016 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაიზარდა. უფრო ადრე, 2009 წელს ჩატარებული რეფერენდუმით მოიხსნა შეზღუდვა ორ საპრეზიდენტო ვადაზე.

 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც ეკონომიკური, ასევე შიდა და საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებით:

 

  • ეკონომიკური ფაქტორები: ნავთობზე დაბალი ფასების გამო აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარება ბოლო წლებში სერიოზულად შენელდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის მატებასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ამიტომაც ალიევს შეიძლება არ სურდეს არჩევნები ოქტომბერში ჩაატაროს, როდესაც ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავაც იჩინოს თავი.
  • შიდა პოლიტიკური ფაქტორები:
    • ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ისედაც სუსტ ოპოზიციას სათანადოდ მომზადების შესაძლებლობას არ მისცემს.
    • ექსპერტთა ნაწილი ვადამდელ არჩევნებს 2013 წელს დაკავებულ, პოლიტპატიმრად მიჩნეულ ილგარ მამადოვის სახელსაც უკავშირებს. თომას დე ვაალის შეფასებით, მამადოვი ალექსეი ნავალნის მსგავსი ფიგურაა და მას სტატუს-კვოს შეცვლა შეუძლია. მამადოვი რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობის ლიდერია, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულ ოპოზიციურ ჯგუფად ითვლება. იგი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, მან უარი თქვა შეწყალებასა და სანაცვლოდ უცხოეთში წასვლის შეთავაზებაზე.
  • საგარეო-პოლიტიკური ფაქტორები:
    • რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება და ამ პერიოდში დასავლეთის კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთი იქნება, აზერბაიჯანს კი ნაკლები ყურადღება მიექცევა.
    • თითქმის ერთდროულად მიმდინარე საარჩევნო პროცესები რუსეთსა და სომხეთში აზერბაიჯანში საარჩევნო კამპანიაში უცხო ძალების ჩარევის ალბათობას შეამცირებს. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებმა რუსეთში ლობისტური ჯგუფი შექმნეს. ბაქოს ეჭვით, მათი მიზანი ალიევის ძალაუფლების შერყევა იყო.
    • საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მცირე დრო ექნებათ არჩევნების მონიტორინგისათვის მოსამზადებლად.

 

ძირითადი დასკვნები

 

  • არმენ სარქისიანის პრეზიდენტად არჩევამ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სერჟ სარქისიანის პოლიტიკური კარიერის გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ არმენ სარქისიანი ძირითადად უცხოეთში საქმიანობდა და ნაკლებად იყო ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მას გაუჭირდება საკუთარი თამაშის წამოწყება შიდა პოლიტიკური კავშირებისა და გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. არმენ სარქისიანის ეს „სისუსტე“ კი მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტს აკონტროლებს, საპარლამენტო მმართველობის პირობებში სერჟ სარქისიანის გაპრემიერების და ამით პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

 

  • სომხეთსა და რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, აზერბაიჯანში არჩევნების მოულოდნელი დანიშვნით, ილჰამ ალიევი დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი კრიტიკის სომხეთსა და რუსეთთან „გაზიარებას“ შეძლებს. ამავე დროს  სხვადასხვა შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ილჰამ ალიევი ძალაუფლების კიდევ ერთი 7-წლიანი საპრეზიდენტო ვადით ლეგიტიმიზაციას უზრუნველყოფს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.