რონდელის ბლოგი

ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)

2018 / 03 / 12

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო წარმოადგენს ჩვენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ გამოწვევას. დიდწილად ეს არის განპირობებული ეკონომიკის ლიბერალური მოდელის ჩამოყალიბებით იმის ფონზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზის გამო საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალა. ეს მიზეზები ცალკე კვლევის საგანია. დღეს კი შევეხებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს - ექსპორტის უპირატეს  ზრდას.

2017 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე $2 მილიარდს გადააჭარბა და $ 2 მილიარდ 63 მილიონი შეადგინა. რეექსპორტთან ერთად იგი მიუახლოვდა 2013 წლის სარეკორდო მაჩვენებელს, შეადგინა $ 2 მილიარდ 727 მილიონი და  მას მხოლოდ $183 მილიონით ჩამორჩა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29%  ით გაიზარდა, იმპორტი კი - მხოლოდ 9% -ით. ეს სერიოზული წინსვლაა. ექსპორტისა და იმპორტის ზრდის აბსოლუტური მაჩვენებლებიც თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს (ექსპორტი - $ 614 მლნ., იმპორტი - $ 685 მლნ.). უკეთესი ვითარება იყო მხოლოდ 2013 წელს, როდესაც ექსპორტი გაიზარდა $ 534 მილიონით, ხოლო იმპორტი  $ 34 მილიონით შემცირდა (წყარო: http://www.geostat.ge).

შეიძლება ჩამოითვალოს როგორც ექსპორტის ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების ბევრი მიმართულება. ჩვენი წერილის საგანს წარმოადგენს ერთ-ერთი ასეთი პერსპექტიული მიმართულება - ელექტროენერგიით ვაჭრობა. ელექტროენერგეტიკის სექტორი მოიცავს ექსპორტის განვითარების შთამბეჭდავ პოტენციალს. საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს  წარმოადგენს ენერგეტიკის და მისი მთავარი კომპონენტის - ჰიდროელქტროენერგეტიკის განვითარება. საინტერესოა, რომ 2010 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა $ 36,5 მილიონი და შევიდა ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების რიცხვში ფეროშენადნობებთან ($ 264 მლნ.), მსუბუქ  ავტომობილებთან ($ 227 მლნ.), სპილენძის მადანთან ($ 75 მლნ.) და ნატურალურ ღვინოსთან ($ 41 მლნ.) ერთად (წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo ). იმავე 2010 წელს ნეტო ექსპორტმა შეადგინა $ 23,5 მლნ.

საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით ($ მლნ.)

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

 

ექსპორტი

36.5

32.6

18.6

14.0

29.5

26.0

22.3

18.2

 

იმპორტი

13.0

24.4

32.5

30.3

51.0

43.8

21.8

66.7

 

სალდო

23.5

8.2

-13.9

-16.3

-21.5

-17.8

0.5

-48.5

 

 

წყარო:  http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

სამწუხაროდ, ამ  ტენდენციის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, 2016 წლის წარმატება (2011 წლის შემდეგ ქვეყანა კვლავ გახდა ელექტროენერგიის ნეტო-ექსპორტიორი) გაბათილდა 2017 წელს, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტზე დაიხარჯა ჯერ არნახული ოდენობის თანხა - $ 66,7 მლნ., ხოლო ნეტო იმპორტმა ასევე რეკორდული $ 48, 5 მლნ. შეადგინა. ამის ახსნას  ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით შევეცდებით.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდისა და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის შედარება პროცენტებში

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

მშპ რეალური ზრდა (%)

6.4

7.2

6.4

3.4

4.6

2.9

2.8

4.8*

ელ.ენერგიის მოხმარების ზრდა (%)

10.4

9.6

1.3

3.3

4.9

2.0

6.2

ა/ა**

*წინასწარი.

**დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

წყარო : http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/ANNUAL%20REPORT%202016_opt.pdf

http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo

ცხრილში მოყვანილი ორი მაჩვენებელი 2013-2015 წლებში ინდივიდუალური მოხმარების ბაზრის გაჯერების შემდეგ მეტ-ნაკლებად სინქრონულად მოძრაობს, რაც სავსებით ლოგიკურია. 2016 წელს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ (6,2%) მნიშვნელოვნად გაუსწრო მშპ-ის რეალურ ზრდას (2.8%), დამატებითი მოთხოვნა კი გადაიფარა ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპით (7,2%). ამის შედეგად საქართველომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა ელექტროენერგიის ნეტო-ექსპორტიორის სტატუსი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მდგომარეობის შენარჩუნება 2017 წელს ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას არ გამოუქვეყნებია 2017 წლის ანგარიში, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო მისივე წარმოების ზრდას, რამაც გამოიწვია დამოუკიდებლობის პერიოდში უპრეცედენტო $ 66,7 მლნ. ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობა.

სავარაუდოდ 2017 წელს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ გადააჭარბა 10%-ს, 2016 წლის 6,2%-იანი ზრდის შემდეგ. ვინაიდან ეს არ აისახა მშპ-ის ზრდაზე, ამ მოვლენას სხვა ახსნა უნდა ჰქონდეს, მაგალითად, Bitcoin-ის მაინინგის შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდა.

ამ პრობლემამ უკვე იჩინა თავი ისლანდიაში. Bitcoin-ის მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის მზარდმა მოთხოვნამ უკვე შექმნა პრობლემები ენერგოსისტემაში. ადგილობრივი ექსპერტები ალაპარაკდნენ ენერგოკრიზისის საშიშროებაზე. უკვე დღეს ისლანდიაში ბიტკოინების მოპოვებაზე დახარჯული ელექტროენერგია ორჯერ აღემატება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების მოცულობას (იხ.: http://www.bbc.com/news/technology-43030677).

ამჟამად ისლანდიაში ცხარე კამათი მიმდინარეობს Bitcoin-ის წარმოების სრულყოფილ სამართლებრივ სივრცეში მოქცევის თაობაზე. ამ თემაზე აქტიურად მუშაობს ისლანდიის პარლამენტის წევრი სმარი მაკკართი (Smari McCarthy, https://twitter.com/smarimc). იგი ამტკიცებს, რომ პირველ რიგში თვითონ Bitcoin-ის მწარმოებლები უნდა იყვნენ დაინტერესებული თამაშის გასაგები და გამჭირვალე წესების არსებობით, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ყოველგვარი გაუგებრობა. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას.

სერიოზულად მსჯელობენ ამ საკითხებზე ჩინეთშიც. მაგალითად, ჩინეთის ეროვნული ბანკი აპირებს Bitcoin-ის მოპოვებით დაკავებული კომპანიებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას . ეს ზომები მოიცავს კომპანიებისთვის პრეფერენციული რეჟიმების გაუქმებას როგორც ელექტროენერგიის მიღების, ისე მიწით სარგებლობის თუ გადასახადების სფეროში (იხ.:https://www.bloomberg.com/news/articles/2018-01-03/china-is-said-to-curb-electricity-supply-for-some-bitcoin-miners;https://www.caixinglobal.com/2018-01-04/china-clamps-down-on-preferential-treatment-for-bitcoin-mines-101193622.html).

როგორ ვლინდება ეს ტენდენციები საქართველოს სინამდვილეში და რა გამოსავალი შიძლება მოიძებნოს როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას  ბლოგის მეორე ნაწილში შევეცდებით.    

 

 

 

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.