X

რონდელის ბლოგი

სომხეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია: ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?

2018 / 03 / 19

ავტორი: გიორგი თურმანიძე

 

2018 წლის 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად არმენ სარქისიანი აირჩია. სომხეთის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია და არა მოქალაქეებმა. ამ არჩევნების შემდეგ სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. ახალ პოლიტიკურ სისტემაში სომხეთის პრეზიდენტს არ ექნება გავლენა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე და სიმბოლურ როლს შეასრულებს.

 

რატომ შეიცვალა ქვეყნის მართვის მოდელი?

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევით სომხეთი საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ევროპული დემოკრატიის მშენებლობის მოტივით არ არის განპირობებული. გავრცელებული მოსაზრებით, მართვის მოდელის ცვლილება დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურისა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის - სერჟ სარქისიანის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

63 წლის სერჟ სარქისიანი, რომლის სამხედრო-პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაიწყო, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დარჩება და ქვეყნის მართვას სხვა როლში გააგრძელებს. როგორც ჩანს, სარქისიანს არ სურს, რომ მის, როგორც „დემოკრატის“, იმიჯს ჩირქი მოეცხოს და ამიტომაც უარი თქვა მესამე საპრეზიდენტო ვადაზე. ამგვარი გადაწყვეტილებით სარქისიანმა დემოკრატიის სტანდარტი ფორმალურად დაიცვა და მომავალ პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი თავისთვის პრემიერ-მინისტრის ადგილი განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს სარქისიანმა პირობა დადო, რომ სომხეთის საპარლამენტო რესპუბლიკად ფორმირების შემდეგ იგი უმაღლეს პოლიტიკურ პოსტს არ დაიკავებდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს და ამით ქვეყნის შიდა და საგარეო პროცესებზე გავლენა შეინარჩუნოს.

სარქისიანმა სამი თანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც საბოლოო ჯამში მისი პრემიერობა უნდა უზრუნველყოს:

  • პირველი,  2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 9 აპრილიდან პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავა. 9 აპრილს იწურება სერჟ სარქისიანის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადაც. საპარლამენტო მოდელში რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ექნება და სარქისიანის გაპრემიერების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებები მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს.
  • მეორე, საპარლამენტო მოდელის პირობებში პოლიტიკური ძალის ცენტრი პარლამენტში ინაცვლებს, ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ აკონტროლებს პარლამენტს. სერჟ სარქისიანმა 2017 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში სასურველ პოლიტიკურ ბალანსს მიაღწია. არჩევნების შედეგად 105 დეპუტატიდან 58 მანდატი მმართველმა სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო. მმართველი პარტიის პარტნიორი და კოალიციური მთავრობის წევრი - სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - „დაშნაკცუთიუნი“ კი 7 მანდატს ფლობს. დანარჩენი ორი პარტიიდან ერთი ცნობილი სომეხი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის გაგიკ წარუკიანის საარჩევნო ბლოკია, რომელსაც 31 მანდატი აქვს. წარუკიანის ბლოკი ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე მთავრობის მოკავშირედაც გვევლინება. საარჩევნო ბლოკი „გასასვლელი“ კი, მხოლოდ 9 მანდატს ფლობს, რაც პარლამენტში საკვანძო საკითხებზე გავლენის მოსახდენად არ არის საკმარისი.
  • მესამე, საკანონმდებლო ცვლილებებისა და პარლამენტის გაკონტროლების შემდეგ სერჟ სარქისიანისთვის მესამე გადამწყვეტი ნაბიჯი ლოიალური საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა იყო. 18 იანვარს სარქისიანმა მიანიშნა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. მისი შეფასებით, ახალ პრეზიდენტს კავშირები უნდა ჰქონოდა სომხეთსა და დიასპორასთან, სუფთად უნდა ლაპარაკობდეს უცხო ენებზე და უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და არ  უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უკვე მეორე დღეს, 19 იანვარს, სარქისიანმა სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარქისიანი დაასახელა, რომელიც სერჟ სარქისიანის მიერ დაწესებულ საპრეზიდენტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არმენ სარქისიანი ძირითადად უცხოეთში საქმიანობდა და ნაკლებად იყო ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მას გაუჭირდება საკუთარი თამაშის წამოწყება პოლიტიკური კავშირებისა და გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. რაც, სერჟ სარქისიანის გაპრემიერების შემთხვევაში, პრეზიდენტის ლოიალობის უზრუნველყოფის გარანტია იქნება.

 

მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები

2 მარტს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად არმენ სარქისიანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მან კოალიციური პარტნიორების, რესპუბლიკური პარტიისა და „დაშნაკცუთიუნის“ გარდა წარუკიანის ბლოკის წევრების მხარდაჭერაც მიიღო და 90 ხმით ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გახდა, 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთი ხმა გაბათილდა. არმენ სარქისიანი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

არმენ სარქისიანი სომხეთის რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა, თუმცა პირველია, ვინც არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა აირჩია. მისი გავლენაც, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლები იქნება. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, 1991-1998 წლებში, ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მართავდა ქვეყანას. მისი მცდელობა მთიანი ყარაბაღის საკითხში გარკვეულ დათმობებზე წასულიყო მისი ვადაზე ადრე გადადგომით დასრულდა. ტერ-პეტეროსიანი რობერტ კოჩარიანმა შეცვალა, რომელიც 1998-2008 წლებში მართავდა სომხეთს. 2008 წელს კოჩარიანი კი - სერჟ სარქისიანმა, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილებაც 9 აპრილს იწურება.

 

ვინ არის ახალი პრეზიდენტი

64 წლის არმენ სარქისიანმა (დაიბადა 1953 წელს) ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკა და მათემატიკა შეისწავლა. 1976-1984 წლებში მშობლიურ უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრაზე პროფესორი იყო. იგი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1984-1985 წლებში, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1985-1992 წლებში მშობლიურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. მისი დიპლომატიური კარიერა სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო. 1992-1995 წლებში დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი იყო. 1993-1994 წლებში ევროსაბჭოში წარმოადგენდა სომხეთს, 1995 წლიდან კი ევროკავშირში სომხეთის მისიას ჩაუდგა სათავეში.

1996 წლის 4 ნოემბერს, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, რათა მთავრობის იმიჯი გაეუმჯობესებინა. თუმცა, მისი პრემიერობა მხოლოდ ოთხი თვე - 1997 წლის 20 მარტამდე გაგრძელდა. ოფიციალური ვერსიით, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა, თუმცა რეალურად მისი გადადგომის მიზეზად იმდროინდელ გავლენიან თავდაცვის მინისტრ ვაზგენ სარქისიანთან დაპირისპირება სახელდებოდა.

1998-2000 წლებში არმენ სარქისიანი კვლავ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა ელჩის თანამდებობაზე. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, როდესაც სომხეთის ხელისუფლება დასავლეთმა  მკაცრად გააკრიტიკა, არმენ სარქისიანი სერჟ სარქისიანის იმიჯის გამოსწორებაზე მუშაობდა დასავლეთის ქვეყნებში. 2013 წლიდან პრეზიდენტად არჩევამდე იგი მესამედ იყო ელჩი ბრიტანეთში.

2000-იანი წლების დასაწყისში არმენ სარქისიანი დროებით ჩამოშორდა დიპლომატიას და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბიზნესით იყო დაკავებული. იგი არაერთი ცნობილი საერთაშორისო კომპანიის (British Petroleum, Alcatel, Telefonica, Merril Lynch) მრჩეველი  და ლობისტი იყო. 2000 წელს ლონდონში დააფუძნა ევრაზიის საერთაშორისო სახლი, რომელიც პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებას უწყობდა ხელს.

იგი რამდენიმე საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია, მათ შორის საქმიანობდა კომპიუტერული პროგრამების შემუშავების სფეროშიც. მისი სახელი სომხეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. ოფიციალური დეკლარაციების მიხედვით, მისი ქონება რამდენიმე მილიონია. 2013 წელს იგი თავისივე დაარსებული ფონდის - „ერევანი ჩემი სიყვარული“ - სტუმრის რანგში ერევანში მასპინძლობდა პრინც ჩარლზს.

 

ახალი პრეზიდენტის „ძალაუფლება“

პარლამენტმა პრეზიდენტი ერთი 7-წლიანი ვადით აირჩია. პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ხელმოწერა. მას არ აქვს პარლამენტის დათხოვნის ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება. პრეზიდენტი ვალდებულია პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე დაითხოვოს მთავრობა და მთავრობის შემადგენლობაში შეიტანოს ცვლილებები.

საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია საერთაშორისო შეთანხმებების დადება და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა და მოხსნა. პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით შეუძლია პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების მეთაურის დანიშვნა და მოხსნაც. საომარ მდგომარეობაში ძალაუფლება პრემიერის ხელში გადადის. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოსაც, პრეზიდენტი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

 

ახალი პრეზიდენტის პირველი ნაბიჯები

ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას 9 აპრილს შეუდგება, როდესაც  სერჟ სარქისიანის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. 9-16 აპრილის პერიოდში უმრავლესობაში მყოფმა საპარლამენტო ფრაქციამ პრემიერის კანდიდატურა უნდა წარადგინოს, რომლის შემდეგადაც, 17 აპრილს, მთავრობის მეთაურს აირჩევს პარლამენტი. 

მოქმედ პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს დიდი მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი ბიზნესისგან და მან გამოთქვა კიდეც ინტერესი შეინარჩუნოს პოსტი. თუმცა, ბოლო ორ თვეში უკვე იყო არაერთი ღია მინიშნება, რომ პრემიერის პოსტი შეიძლება სერჟ სარქისიანმა დაიკავოს, ეკონომიკაში გარკვეული კარაპეტიანი კი პირველი ვიცე-პრემიერის ადგილს დასჯერდეს. გასულ კვირებში სერჟ სარქისიანმა ღიად დააფიქსირა, რომ სურს ახალ პოლიტიკურ სისტემაში პრემიერ-მინისტრი გახდეს. მმართველი პარტიის ლიდერებიც არ მალავენ თავიანთ „სურვილებს“ სერჟ სარქისიანი პრემიერ-მინისტრის რანგში იხილონ, მისი მხრიდან „წინააღმდეგობის შემთხვევაში“ კი, „აიძულონ“ შემოთავაზებაზე დათანხმება.

იმ შემთხვევაში, თუ საგარეო ან შიდა ფაქტორების გამო სერჟ სარქისიანი უარს იტყვის პრემიერის პოსტზე, მას შეუძლია მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნოს, რაც მას პარლამენტზე გავლენისა  და ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, თუ რა როლს შეასრულებს სერჟ სარქისიანი 9 აპრილის შემდეგ, სომხეთის მმართველი ელიტის წარმომადგენლების განცხადებები აშკარად მიუთითებს, რომ სერჟ სარქისიანი პოლიტიკიდან წასვლას და პენსიაზე გასვლას არ აპირებს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.