X

რონდელის ბლოგი

რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმება - საფრთხეები და გამოწვევები

2018 / 03 / 29

 

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ბოლო ხანებში აქტიური განხილვის საგანი გახდა შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ (შემდგომში - 2011 წლის შეთანხმება), რომელიც 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინ გაფორმდა.

2017 წლის 19 დეკემბერს ქართულმა მხარემ დადო კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance (SGS), რომელმაც 2011 წლის შეთანხმების მიხედვით, სავაჭრო დერეფნებში შემავალი და გამავალი ტვირთების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების წარდგენისას, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა SGS-თან გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე აღნიშნა, რომ „საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, როდესაც იქნება თოვლი, მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნას ეს მექანიზმი ცხინვალის მიმართულებით, ისიც ზედმიწევნით იმ ტექსტის დაცვით, რომელიც ხელშეკრულებაში არის“. აქვე პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის მიერ 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით წამოყენებული გარკვეული პირობები მისაღები არ არის.

თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებში, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინტერვიუდან, რომელიც მან 2018 წლის 25 იანვარს რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ მისცა. კარასინი, რომელიც რუსეთის მხრიდან  ჩართულია როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ისე ე.წ. აბაშიძე-კარასინის დიალოგში (რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველოს თემა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიები, სწორედ უშუალოდ მას აქვს ჩაბარებული) მართლაც, ამ ინტერვიუში ჩვენთვის არასასიამოვნო თემებზე საუბრობს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან ახალი საბაჟო საზღვრების დაფიქსირებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2011 წლის შეთანხმებას მეტწილად დადებითად აფასებენ, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები  და, ასევე, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი. თუმცა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა უამრავი კითხვა. უფრო მეტიც, რეალურად იგი საკმაოდ სერიოზულ რისკებს შეიცავს.

 

2011 წლის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

როდესაც 2011 წელს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება  ისე იყო წარმოჩენილი, როგორც უდიდესი პოლიტიკური გამარჯვება, რადგან შეთანხმებაზე ხელმოწერით რუსეთი თითქოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ირიბად აღიარებდა. ამავე ვერსიის თანახმად, საქართველომ ამის იმიტომ მიაღწია, რომ გამოიყენა არსებული სიტუაცია და რუსეთს, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) შესვლას აქტიურად სთხოვდა, ჩვენთვის ხელსაყრელ შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.

უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოხსენებული მცდარია. 2011 წლის შეთანხმებაში მართლაც არ არის ნახსენები არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ რუსეთს ან სურვილი ჰქონდა, ან იძულებული გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ირიბად ეღიარებინა. რუსეთმა ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა, რადგან, რეალურად, არც აფხაზეთს და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ  რუსეთი  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის  ამზადებს ნიადაგს.

საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ხელსაყრელი პირობების გამოყენების ვერსია საერთოდ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უნდა ითქვას, რომ 2008-2012 წლები  ერთ-ერთი საუკეთესოა აშშ-რუსეთის ურთიერთობათა ბოლო დროის ისტორიაში. ეს ის პერიოდია, როდესაც 2008 წლის შემდეგ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტი დ. მედვედევია, რაც ასევე დადებითად მოქმედებს აშშ-რუსეთის თანამშრომლობაზე. აქ შეგვიძლია თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ლიბიის საკითხზე რუსეთის მხრიდან აშშ-სთვის მისაღები პოზიციის დაკავებას სწორედ მედვედევს უკავშირებენ.

შესაბამისად, ობამას ადმინისტრაციის მცდელობა, შეეყვანა რუსეთი WTO-ში, სწორედაც რომ გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილად უნდა ჩაითვალოს და არა - რუსეთის იძულებად. ასეთ გარემოში საქართველომ გადაწყვიტა დაებლოკა WTO-ში რუსეთის გაწევრიანება, რასაც, ცხადია, ობამას ადმინისტრაცია სიხარულით არ შეხვდებოდა.

ამდენად, ობიექტურად თუ შევხედავთ, სავარაუდოდ, თავად საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა გარკვეულ ეტაპზე გამოუვალ სიტუაციაში, რადგან იმთავითვე ხისტად ითხოვდა რუსეთისგან შეთანხმების გაფორმებას, WTO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ. საკუთარი მოთხოვნის გადათქმა და რუსეთისთვის უბრალოდ თანხმობის მიცემა პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა იმ უკიდურესად დაძაბულ ფონზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ იყო შექმნილი რუსეთ-საქართველოს შორის.

ამდენად, შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც საქართველო ისედაც უფრო ძლიერ რუსეთთან წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა. სრულიად ცხადია, რომ ამ სიტუაციას რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა. თუ დავაკვირდებით 2011 წლის შეთანხმებას, ეს ასეც არის.

 

2011 წლის შეთანხმება - ძირითადი რისკები

ზოგადად, 2011 წლის შეთანხმება კომპლექსური ანალიზის საგანია, რაც ამ სტატიის ფორმატს სცდება, თუმცა ზოგიერთი რისკი იმდენად აშკარაა, რომ მაინც შეიძლება მათი მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ჩამოყალიბება.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ შეთანხმებაში მოცემული კოორდინატების თანახმად, როგორც აფხაზეთთან, ისე ცხინვალის რეგიონთან SGS-ის მონიტორინგის პუნქტები განთავსდება არა უშუალოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, არამედ საზღვრიდან მოშორებით, რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ცხადია, რომ რუსეთი იმთავითვე არ აპირებდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გაგზავნილი ტვირთების ამ პუნქტებში გატარებას.

მოსკოვის არგუმენტი ძალიან მარტივი იქნება. შეთანხმება საქართველო-რუსეთს შორის არის გაფორმებული მაშინ, როდესაც მოსკოვს უკვე აღიარებული ჰქონდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად. იმას, რომ 2011 წლის შეთანხმება არ ეხებოდა აფხაზეთსა და ოსეთში რუსული ტვირთების ტრანსპორტირებას, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ყველა პირი იმთავითვე აღნიშნავდა საჯარო გამოსვლებში.

საქართველოს მხოლოდ რჩება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სამართლებრივ გზას, რათა აიძულოს რუსეთი, რომ საკუთარი ტვირთები მონიტორინგის დაუქვემდებაროს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიღწევა წარმოუდგენლად მიმაჩნია.

შეთანხმების თანახმად, SGS-ის მონიტორინგის პუნქტები უნდა განთავსდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ადგილებშიც - მდ. ენგურის სამხრეთით და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, ამ პუნქტებს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების არც ფუნქცია ექნებათ და არც კომპეტენცია.

საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა როგორც ამ ორ დერეფანთან, ისე კიდევ ერთ - ლარსის დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ აღქმის დონეზეც კი არ მოხდეს მდ. ენგურის სამხრეთით და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირება, რაც არცთუ მარტივი ამოცანაა, როცა ამ ადგილებში სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელება გიწევს.

რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, თითქოს საქართველო შეგუებულია „ახალ რეალიებს“, როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მოსკოვში , აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უწოდებენ. ასეთი პროპაგანდის გასამყარებლად რუსეთი, სავარაუდოდ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან დაახლოების სურვილად წარმოაჩენს. მით უმეტეს მაშინ, როცა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საკუთარს კონსტრუქციულს არ ხდის. პირიქით, ფაქტობრივად ამ რეგიონების ანექსიის პროცესი აქვს დაწყებული. ცხადია ისიც, რომ 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედებას, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გახსნას გულისხმობს, რუსეთი ზემოხსენებული მიზნით გამოიყენებს.

ამასთან ცხადია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მეშვეობით რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობის დაწყება, სულ მცირე, გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც მოგვთხოვენ ამ სატრანსპორტო დერეფნების გამოყენებას. შესაბამისად, გასათვლელია, რა შეიძლება მოჰყვეს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მით უმეტეს, რომ საკმაოდ რეალური სცენარის შემთხვევაში სამხედრო ტვირთების ტრანზიტისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოთხოვნაც უნდა განვიხილოთ.

დასკვნის მაგიერ    

ზემოხსენებული რისკების ანალიზი, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ანალიზის გაკეთება სულ სხვა ტიპის და ფორმატის სამუშაოს შედეგად არის შესაძლებელი. ერთი რამ ცხადია - 2011 წლის შეთანხმება საკმაოდ სერიოზულ რისკებს შეიცავს. რუსეთთან ურთიერთობისას რომ ყველაზე უარესი სცენარი უნდა იყოს განხილული, ამას არაერთი ფაქტი და გამოცდილება გვასწავლის. ასეთ პირობებში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი გათვლების გაკეთება და საკუთარი პოლიტიკის სწორად დაგეგმვა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ის რისკები, რომლებსაც  2011 წლის შეთანხმება შეიცავს.        

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.