რონდელის ბლოგი

პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა

2018 / 04 / 11

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვაგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის დაპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ ქვეყანაში. რაც უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიაა ქვეყანაში, რაც უფრო მაღალია საზოგადოების განვითარების და ამომრჩევლის განათლების დონე, მით უფრო რთულია პოლიტიკური პარტიისთვის საფუძველს მოკლებული დაპირებების მიცემა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კონკურენციაც  უფრო მაღალ პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს.

პოლიტიკური ოპონენტების დისკუსიების პროფესიონალური დონე აგრეთვე დამოკიდებულია პოლიტიკური კონკურენციის ხარისხზე. სხვა სიტყვებით, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზირების შემთხვევაში დომინანტი პოლიტიკური ძალა დიდად არ იწუხებს თავს დაპირებების რეალისტურობის ანალიზით. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ლიდერი ამბობს ყველაფერს, რაც მოუვა თავში, საზოგადოება უკრავს ტაშს. თუ დანაპირები ვერ შესრულდა, ეს გარე მტრების ბრალია. თუ საჭიროა - აგრეთვე შიდა მტრებისაც.

იმას, რაც ხდება რუსეთში, უშუალო გავლენა აქვს საქართველოზე. რა თქმა უნდა, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთში მიმდინარე მოვლენები და, ზოგადად, რუსეთის ფაქტორი. აქედან გამომდინარე საქართველოს უშუალო ინტერესს წარმოადგენს როგორ ხედავს და აფასებს რუსეთის ხელმძღვანელობა საკუთარ პერსპექტივებს, საკუთარ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რეგიონულ პოლიტიკას, ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს და მიზნებს - ანუ რა ფაქტორებზე აგებს რუსეთი საერთაშორისო არენაზე საკუთარი გავლენის ზრდის რწმენას.   

უკვე ყველა დარწმუნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არჩევნების შედეგად კრემლს არ დატოვებს. ეს შესაძლოა  რამდენიმე მიზეზმა გამოიწვიოს: ა) ბიოლოგიური ფაქტორმა, ბ) შიდა გადატრიალებამ, გ) ძირეულმა გეოპოლიტიკურმა რყევებმა, სახალხო აჯანყებამ და ა.შ. პირველი ღვთის ნებაა, მეორე - ნაკლებად შესაძლებელი, გამომდინარე რუსეთის რეჟიმის ბუნებიდან, რომელიც დამყარებულია ძალოვანი უწყებების, განსაკუთრებით - უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეუზღუდავ უფლებებზე. თუმცა საბჭოთა კავშირსა და  რუმინეთში ამგვარი ვითარება იყო და  ეს ქვეყნები ვერ ასცდნენ მესამე ვარიანტს.

ამ სფეროში პროგნოზირება რთული საქმეა, თუმცა ერთი რამ შეიძლება დღესაც ითქვას: პრეზიდენტ პუტინის მეორე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე.  როგორი ხედვა აქვს ამ ვითარებიდან გამომდინარე რუსეთის ხელმძღვანელს, რას სთავაზობს იგი საკუთარ საზოგადოებას და ამომრჩეველს?

ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გავაანალიზოთ პუტინის 1 მარტის ყოველწლიური მიმართვა სახელმწიფო სათათბიროსადმი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა მის წინასაარჩევნო პროგრამის.

პრეზიდენტის მიმართვის სტრუქტურა ძალიან ლოგიკურად იყო აწყობილი. პირველი ნაწილი დაეთმო არსებული ვითარების ანალიზს, პრობლემებსა და გამოწვევებს. მეორე - პრობლემების დაძლევის გზებს და სოციალურ საკითხებს, ხოლო მესამე - საერთაშორისო ვითარებას, რუსეთის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, პოზიციების გამყარებისა და გავლენის გაძლიერების ამოცანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამხედრო კომპონენტის გამოყენებით.  ყურადღებას პირველ ორ ნაწილზე შევაჩერებთ.

პირველ ნაწილში მოყვანილი ფაქტები და მათი შეფასება იყო ზუსტი და ობიექტური, იყო კრიტიკული და ამ თვალსაზრისით ერთობ მოულოდნელი. მოხსენების დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებათა სიჩქარე სწრაფად იკრებს ძალას და ვინც ამ სიჩქარეს მხარს ვერ აუბამს, უიმედო ჩამორჩენისთვისაა განწირული. საინტერესო დასკვნაა იმ სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომლის აგრესიულმა პოლიტიკამ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოაქცია საკუთარი ქვეყანა და, შესაბამისად,  იგი მსოფლიოს ტექნოლოგიური პროგრესის გზას ჩამოაშორა.   

ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით პუტინი სთავაზობს აუდიტორიას შემდეგ დასკვნას: უნდა გაფართოვდეს თავისუფლების სივრცე, გამყარდეს დემოკრატიის ინსტიტუტები, თვითმმარველობა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, სასამართლოები, უნდა ვიყოთ მსოფლიოსთვის გახსნილი ქვეყანა. ამის მოსმენა უფრო მოსალოდნელი იყო ოპოზიციონერ გრიგორი იავლინსკისგან. პუტინი   ტრიბუნიდან ისე ლაპარაკობდა, თითქოს წინა 18 წელი სხვა მართავდა რუსეთს, თითქოს სხვამ ჩამოაყალიბა ეკონომიკის მანკიერი, წიაღისეულის მოპოვებაზე დამოკიდებული ეკონომიკა, შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლებები, გააუქმა გუბერნატორების არჩევის წესი, დანერგა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მკვლელობების, საერთოდ ტერორის პრაქტიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ და რუსეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დააპირისპირა.

ჩამორჩენა არის მთავარი გამოწვევა და მთავარი მტერი, - აღნიშნავს პუტინი და წარმოადგენს ჩამორჩენის აღმოფხვრის თავისებურ ხედვას. აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ეს ციტატა მთლიანად უნდა მოვიყვანოთ: „რუსეთმა არა მხოლოდ მყარად უნდა დაიკავოს ადგილი მსოფლიოს ხუთ ეკონომიკას შორის, არამედ მომავალი ათწლეულის შუა წლებისათვის უნდა გააორმაგოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე“.

გაოცებას იწვევს ასეთი თავდაჯერება. რუსეთის ეკონომიკა დღეს მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიას შორის. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ცხრილი, რომელიც შეგვიქმნის წარმოდგენას მსოფლიო წამყვანი ეკონომიკების დინამიკის თაობაზე.

მსოფლიო წამყვანი ეკონომიკების მოცულობა და ზრდის ტემპი (2017 წელი)

 

მთლიანი შიდა პროდუქტი (ტრილიონი $)

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (%)

აშშ

19,36

2,3

ჩინეთი

11,93

6,5

იაპონია

4,88

0,7

გერმანია

3,65

1,8

საფრანგეთი

2,57

1,8

დიდი ბრიტანეთი

2,56

1,5

ინდოეთი

2,43

7,4

ბრაზილია

2,08

1,5

იტალია

1,92

1,1

კანადა

1,64

2,1

სამხრეთ კორეა

1,52

3,0

რუსეთი

1,46

1,6

ავსტრალია

1,39

2,9

ესპანეთი

1,30

2,5

მექსიკა

1,14

1,9

ინდონეზია

1,01

5,3

თურქეთი

0,84

3,5

 

წყარო: http://www.imf.org/external/datamapper/[email protected]/OEMDC/ADVEC/WEOWORLD

 

ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ბევრი რამ ჩანს.

პუტინის გეგმების განხორციელებას წინ ეღობება რამდენიმე სერიოზული ფაქტორი. ეს შეუძლებელია ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული რეფორმების გარაშე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში რუსეთის ხელისუფლების ფილოსოფიისა და განვითარების შესაძლებლობებს შორის. საქმე ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების, დემონოპოლიზაციისა და კონკურენციის პრინციპების თანმიმდევრული განხორციელების შედეგად დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტების კლასის ფორმირებასთან ერთად შეუქცევადი გახდება პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციაზე საზოგადოების მოთხოვნის ზრდა.   

თანდათანობით შეუძლებელი გახდება, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა შეინარჩუნოს დომინირება პოლიტიკურ სივრცეში. ეკონომიკურად დამოუკიდებელი ამომრჩეველი თავისუფალი იქნება ხმის მიცემისას და საჭირო გახდება არჩევნებში პოლიტიკური კონკურენცია ამ პროცესში წარმატების გარანტიის გარეშე. ეს წარმოუდგენელია დღევანდელი რუსული ელიტის პირობებში.

რუსეთის ეკონომიკის რესურსები იწურება, ნავთობისა და გაზის ფასებმა პიკს მიაღწია და მომავალში თავს იჩენს მათი ვარდნის მყარი ტენდენცია. ამას განაპირობებს ასევე ფიქალის ნავთობისა და გაზის წარმოების უპრეცედენტო ზრდა და ტექნოლოგიური პროგრესით უზრუნველყოფილი ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება.

რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა ხისტია, თავისუფლების ხარისხი - დაბალი. თუ რუსეთმა არ გადადგა ქმედითი კომპრომისული ნაბიჯები, რომ თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლიაციას, პუტინის წინასაარჩევნო დაპირებებს განხორციელება არ უწერია. ამ პირობითაც კი რუსეთის ეკონომიკის პირველ ხუთეულში შესვლა რთული წარმოსადგენია. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი მეთორმეტე ადგილსაც ვერ შეინარჩუნებს. ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთს გადაასწრებს ავსტრალია და ესპანეთი, შემდგომში - შესაძლოა მექსიკაც და ინდონეზიაც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას შეძლებს თურქეთი - დღეს მსოფლიოში მეჩვიდმეტე ადგილზე მდგომი ეკონომიკა.   

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.