X

რონდელის ბლოგი

რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?

2018 / 05 / 14

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

დიდი შვიდეულის შეხვედრები ყოველთვის ექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ეს ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოს მოვლენების მართვის ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტს. მისი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაზე, მათ მიერ ერთობლივად მიღებული დოკუმენტები უაღრესად მნიშვნელოვანია და იქ ნებისმიერი ქვეყნის პრობლემების ასახვა  დიპლომატიის სერიოზულ მიღწევას წარმოადგენს. ამასთან, დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებებს საფუძლად უდევს და ამყარებს ფასეულობათა და თანამშრომლობის პრინციპების ზიარი სისტემა.

ბოლო შეხვედრა ტორონტოში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. იგი ჩატარდა ორ პარალელურ ფორმატში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება ორი თანმხელბი დოკუმენტით, სადაც ასახულია დიდი შვიდეულის ვალდებულებები ორი მიმართულებით: ა)დემოკრატიის დაცვა - რეაგირება საგარეო საფრთხეებზე და ბ)ინდივიდუალი უცხოური ტერორისტების შეკავება (იხ:https://www.canada.ca/en/global-affairs/news/2018/04/g7-ministerial-meeting-building-a-more-peaceful-and-secure-world.html). საგარეო საქმეთა მინისტრებმა 23 აპრილს ასევე მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რომელიც წარმოადგენს ოთხ თავად დაჯგუფებულ 61-პუნქტიან დოკუმენტს და მოიცავს მსოფლიო დღის წესრიგის პრაქტიკულად ყველა საკითხს (იხ: https://g7.gc.ca/en/g7-presidency/themes/building-peaceful-secure-world/g7-ministerial-meeting/g7-foreign-ministers-joint-communique/).

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთობლივი კომუნიკეს პირველი თავი - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე სამეზობლოში, კონკრეტულად კი, უკრაინაში. დოკუმენტის მე-17 პუნქტში ვკითხულობთ: „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცნობას. ჩვენ ვწუხვართ ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესების  და ყირიმში რუსეთის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დარღვევების გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიზნით განხორციელებულ ძალისხმევას როგორც ნორმანდიის ფორმატში, ისე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მდგრადი მოგვარების ერთადერთ გზას წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება. კონფლიქტში რუსეთის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დონბასში უსაფრთხოების მდგომარეობის დაუყოვნებლივი სტაბილიზებისაკენ. ვიმეორებთ, რომ დონბასთან დაკავშირებული ეკონომიკური სანქციების ხანგრძლივობა პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების სრულ და შეუქცევად განხორციელებას. ეს სანქციები შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნამდვილად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ გავატაროთ უფრო მკაცრი ზომები, თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები“.

აშკარაა, რომ საქართველოს პრობლემატიკაც სრულად შეესატყვისება მოყვანილი პარაგრაფის სულისკვეთებას და მისი ასახვა დოკუმენტში რთული არ იქნებოდა არც პოლიტიკურად და არც ტექნიკურად.

ეს დებულებები დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან, რომელიც დაესწრო შეხვედრის სპეციალურ სხდომას. ეს თავისთავად წარმოადგენს უკრაინის დიპლომატიის სერიოზულ გამარჯვებას.

სხვა მიზეზებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ გარემოებამაც განაპირობა დიდი შვიდეულის ტორონტოს შეხვედრით რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება. ტორონტოს შეხვედრას რუსეთში უწოდეს იმ „რუსოფობების“ შეხვედრა, რომლებსაც რუსეთთან დაკავშირებული თემების გარდა სერიოზულად განსახილველიც კი არაფერი ჰქონდათ (იხ.: http://www.mk.ru/politics/2018/04/24/lavrov-rasskazal-o-rusofobskikh-posidelkakh-chlenov-g7-v-toronto.html), რაც, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. ტორონტოს შეხვედრის მნიშვნელობაზე ჩვენ ამ წერილის დასაწყისში მოგახსენეთ...

საქართველოზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. ბუნებრივია, ჩვენს დელეგაციას არც სხდომებში მიუღია მონაწილეობა.

საინტერესოა, იყო თუ არა შესაძლებელი ჩვენი წარმომადგენლის დასწრება ტორონტოს შეხვედრებზე ან თუნდაც მონაწილეობის გარეშე დოკუმენტში საქართველოსათვის სასარგებლო ჩანაწერის ლობირება? ვფიქრობ, შესაძლებელი იყო. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს:

პირველი. საქართველოს კონტექსტი უფრო კარგად დაასაბუთებდა დიდი შვიდეულის პოზიციას რუსეთის მიმართ, იგი შექმნიდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების რღვევის მთლიან და არა ეპიზოდურ სურათს. რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებული ომი რიგით მეორეა ევროპაში 21-ე საუკუნეში. პირველი იყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ. ამის დავიწყება არ შეიძლება. კომპლექსური მიდგომა კი რუსეთის მიმართ პოზიციას უფრო მართებულად აყალიბებს.

მეორე. გარკვეული ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიევში ოფიციალური ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების აქტიური შეჯერება, სანქციების კომპონენტის ჩათვლით. ჩვენ რომ ეს შეთავაზება გამოგვეყენებინა, აქტიურად გვემუშავა უკრაინის დიპლომატიასთან და  მიგვენიჭებინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის შესაბამისი უფლებები, იგი დაიცავდა ჩვენს პოზიციებს ტორონტოში. ასეთი პოზიცია მისი ავტორიტეტის გამყარებასაც შეუწყობდა ხელს.

მესამე. ა.წ. 4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც, სხვა შეხვედრების პარალელურად, შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბატონ ვეს მიჩელს (იხ.: http://www.mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bmikheil-janelidze-ashsh-is-sakhelmcifo-mdivnis-ta.aspx). ვფიქრობ, მხარეებს უნდა ემსჯელათ მომავალ შეხვედრაზეც ტორონტოში, რადგან ორივე მხარის ინტერესებშია სამეზობლოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოაშკარავება და მისი შეკავება. საყურადღებოა, რომ 2017 წლის დეკემბერში დამტკიცებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ერთ კონტექსტში განიხილავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს უკრაინისა და საქართველოს მიმართ (იხ.: http://nssarchive.us/wp-content/uploads/2017/12/2017.pdf, გვერდი 47).

მეოთხე. საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოთა არაფორმალურ კოალიციას, რომლებმაც „სკრიპალის საქმის“ შედეგად გააძევეს რუსი დიპლომატები. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუთარი მთავრობის პოზიციის განმარტებისა და საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების თხოვნით. საქართველომ სავსებით მართებულად გაიზიარა არგუმენტები და გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - გააძევა რუსი დიპლომატი. ვფიქრობ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოც გაიზიარებდა ჩვენს თხოვნას ტორონტოს შეხვედრის ფორმატსა და ერთობლივი კომუნიკეს შინაარსთან დაკავშირებით. თუ, რა თქმა უნდა,  ასეთი თხოვნა იქნებოდა.

მეხუთე. საქართველოს ჰყავს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ოთხივე ხსენებულ დედაქალაქში - ვაშინგტონში, ლონდონში, ოტავასა და კიევში. სავარაუდოდ, ტორონტოს შეხვედრის მოლოდინში მათი შესაძლებლობების გამოყენება არ მომხდარა. ყოველივე ამის შედეგად კი, ჩვენ ვერ გავხდით უკრაინის დიპლომატიის გამარჯვების თანამოზიარე.

ამ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. დიდი შვიდეულის კანადის თავმჯდომარეობის მთავარი ღონისძიება - შეხვედრა სახელმწიფოების  მეთაურთა დონეზე - დაგეგმილია  8-9 ივნისს კვებეკის რეგიონ შარლევუაში, კანადაში. აქტიური დიპლომატიური თამაშის პირობებში სავსებით დასაშვებია, რომ ამ შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში აისახოს საქართველოს მხარდაჭერის პოზიცია...

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.