რონდელის ბლოგი

როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0

2018 / 06 / 27

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ადამიანები რუსეთსა და დასავლეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობების დასახასიათებლად სხვადასხვა სახელს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ახალი ტერმინია „ცივი ომი 2.0“. ედვარდ ლუკასი თავის 2014 წლის წიგნში ამ ურთიერთობებს „ახალ ცივ ომს“ უწოდებს. რას ვუწოდებთ ამ ვითარებას გემოვნებისა და თვალსაზრისის ამბავია, მაგრამ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირება არის ფაქტი. უწოდეთ რაც გსურთ, არსი იგივე რჩება - რუსეთის სტრატეგიული მიზნები შეუთავსებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ძირითადი ევროპული ქვეყნების მიზნებთან, ისევე როგორც რუსეთის იმ მეზობლებისა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მის ხელახალ ექსპანსიას.

დაპირისპირება ამ ორ ბანაკს შორის - რუსეთსა და იმათ შორის ვინც მის ექსპანსიას ეწინააღმდეგება - ახლო მომავალში არსად გაქრება.

რუსეთს სურს დაამყაროს კონტროლი მეზობლებზე და აღადგინოს თავისი იმპერია რაიმე ახალი ფორმით. მას ასევე სურს იყოს ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ახალ „მულტიპოლარულ“ მსოფლიო წესრიგში, რომლის აღმოცენებასაც ის მხარს უჭერს. ამაში კრემლის ბინადრები გულისხმობენ რამდენიმე გეოგრაფიულ გავლენის სფეროდ დაყოფილ მსოფლიოს, ისე როგორც იყო პირველი მსოფლიო ომის წინ, როდესაც დომინანტი სახელმწიფო აკონტროლებს მის სფეროში შემავალი ქვეყნების ბედს, მიუხედავად ისეთი ცარიელი ფორმალობებისა, როგორც ამ ქვეყნების სუვერენიტეტია.

ამგვარი რეალობის დადგომა ნიშნავს დასასრულს იმ მსოფლიოსი, რომლისთვისაც დასავლეთმა წარმატებით იბრძოლა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დროს. დასავლეთი, მისი ამჟამინდელი სტრატეგიული დაბნეულობის მიუხედავად, ამას ადვილად არ დათმობს. დასავლეთსა და მოსკოველ მმართველებს  მსოფლიოს ძალიან განსხვავებული მოდელები სჭირდებათ. სწორედ ეს არის მათ შორის არსებული დაპირისპირების ფუნდამენტური მიზეზი. ისევე, როგორც სხვა ამგვარი ისტორიული დაპირისპირებების დროს, ადრე თუ გვიან ერთი მხარე გაიმარჯვებს, ხოლო მეორე დამარცხდება.

„ძველი“ ცივი ომი გვთავაზობს სასარგებლო მიგნებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დამარცხდეს კრემლში დღეს მჯდომი რეჟიმი. მართალია, ცივ ომს და დღევანდელ გეოპოლიტიკურ ბრძოლას უამრავი რამ განასხვავებს, მაგრამ მსგავსია დაპირისპირების ფუნდამენტური სტრუქტურა. არც ერთ მხარეს არ სურს აღმოჩნდეს პირდაპირ დიდ ომში მეორესთან. ამის ნაცვლად რუსეთი იყენებს აგრესიას შედარებით მცირე ქვეყნების მიმართ, ჰიბრიდულ ომს და პოლიტიკური გავლენის ოპერაციებს. ამავე დროს, დასავლეთის ძირითადი ქვეყნები მხარს უჭერენ რუსეთის მეზობლებს, რომლებიც თავისი სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ. ბრძოლის სხვა ძირითადი ელემენტებია სადაზვერვო მოქმედებები, დიპლომატიური სვლები და ეკონომიკური ზომები.

დასავლეთს არ მოუგია ცივი ომი რაიმე ერთი გადამწყვეტი ქმედების მეშვეობით. სამხედრო ვითარება ცივი ომის დროს პატური იყო. გლობალური გავლენის თვალსაზრისით, ორივე მხარე ხან იგებდა, ხან კარგავდა ამა თუ იმ ქვეყანას პლანეტის სხვადასხვა წერტილში. ფარული ქმედებების სფეროში, კომუნისტების მიერ დასავლეთის ქვეყნებში შეღწევა ბევრად უფრო ღრმა იყო, ვიდრე პირიქით. რომ შევაჯამოთ, ხისტი ძალის თვალსაზრისით დასავლეთს, საბჭოთა კავშირთან შედარებით, გადამწყვეტი უპირატესობა არ ჰქონია.

დემოკრატიულმა ბანაკმა ცივ ომში იმიტომ გაიმარჯვა, რომ მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა იყო ფუნდამენტურად ჯანსაღი, საბჭოთა კი - ფუნდამენტურად მანკიერი.

პურის რიგი გვიანდელ სსრკ-ში

რატომ დამარცხდება რუსული რეჟიმი

ასევე მანკიერია დღევანდელი რუსული კლეპტოკრატია. რეჟიმი, მისი ყველა მაღალი რანგის ფუნქციონერი, მასთან დაახლოებული ყველა პირი და პირადად პუტინი არიან ღრმად, სრულიად კორუმპირებული. რუსეთი ინფრასტრუქტურულად განუვითარებელია. მისი ეკონომიკა სტაგნაციაშია. რეჟიმს კი არ შეუძლია გაატაროს ამ მდგომარეობის შესაცვლელად აუცილებელი რეფორმები, რადგან ეს მოითხოვს ყოვლისმომცველი კორუფციის დამარცხებას, რაც უდრის თვით რეჟიმის მოსპობას, იმიტომ რომ კორუფცია მისი არსია.

მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ რუსეთის მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს თავისი მმართველები არჩევნების გზით, რადგან ნამდვილი არჩევნები რუსეთში უბრალოდ არ ტარდება. რაოდენ ძლიერად შეიძლება სძულდეს ზოგ ადამიანს საკუთარი მთავრობა დემოკრატიის პირობებში, მათ იციან რომ მოვა შემდეგი არჩევნები და მათ ექნებათ შანსი შეცვალონ ხელისუფლებაში მყოფი პირები. რუსეთის მოქალაქეებმა არაფერი ამდაგვარი არ იციან. შესაბამისად, დემოკრატიული ლეგიტიმაცია მოსკოვურ რეჟიმს არ გააჩნია.

მას აქვს განსხვავებული ტიპის ლეგიტიმაცია: სხვა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსად, მას ბევრი მომხრე მანამ ჰყავს, სანამ ის მიჩნეულია წარმატებულად. პუტინის პროპაგანდა რუსეთის შიგნით ცდილობს მისი მმართველობა წარმატების ისტორიად წარმოაჩინოს. თუმცა, ეს რუსებისთვის თანდათან ნაკლებად დამაჯერებელი ხდება. ნავთობის შედარებით დაბალი ფასების და სანქციების კომბინაციას თანდათან მოაქვს შედეგი. პუტინის უფრო ადრეული წლების სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარსულს ჩაბარდა.

პუტინის „წარმატებაზე“ ორიენტრებული ნარატივის მეორე ნაწილია საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთის ხელახალი იმპერიული ექსპანსია სამეზობლოში და ის, რასაც აცხადებენ თამამ პოლიტიკად და გაძლიერებად დასავლეთთან დაპირისპირებისას. როგორც კი რეჟიმი ვეღარ შეძლებს საკუთარი ქმედებების საგარეოპოლიტიკურ წარმატებად გასაღებას, რუსეთის მოსახლეობას ეს აღქმაც დაუკნინდება, როგორც უკვე ხდება ეკონომიკური კეთილდღეობის ნარატივის შემთხვევაში.

როდესაც ეს მოხდება, რეჟიმის არსისგან აღარაფერი დარჩება კორუფციის, განუვითარებლობის, სტაგნაციისა და ავტორიტარიზმის გარდა. ის ორთქლი, რომელიც უკვე ჩანს ალექსეი ნავალნის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერაში, უფრო სწრაფად დაგროვდება მოსახლეობაში. ნამდვილი არჩევნების გარეშე ამ ორთქლს არ ექნება ქვაბიდან ამოსასვლელი გზა. ამგვარ ისტორიას შეიძლება მხოლოდ ერთი ტიპის დასასრული ჰქოდნეს, და ის არ იქნება რეჟიმისთვის ბედნიერი.

 

როგორ შეძლება გამარჯვების დაჩქარება, ხოლო მანამდე - ზიანის შემცირება

კრემლის ახლანდელი რეჟიმის ისტორიული პერსპექტივები არც ისე კარგია. ამის მიუხედავად, მისი აგრესიული ქმედებების სამიზნეებს არ გვაქვს დამშვიდების საშუალება. ამ რეჟიმმა უკვე მოიტანა საშინელი ზიანი და კიდევ ბევრის მოტანა შეუძლია. დასავლეთმა შეგნებულად და თანმიმდევრულად უნდა დაისახოს მიზნად რუსეთის იმპერიული ძალსიხმევის დამარცხება. ამისთვის მან უნდა წაართვას რეჟიმს შესაძლებლობა თავის მოსახლეობას წარმატების ნარატივი წარუდგინოს, რომელსაც ის საკუთარი ავტორიტარიზმის გასამართლებლად იყენებს.

ამ ნარატივის პირველი საფუძველი - ეკონომიკური წარმატება - უკვე შერყეულია. ამ შედეგის კონსოლიდირებისთვის შეერთებულმა შტატება და ევროპამ უნდა გააგრძელონ რეჟიმზე ზეწოლა სანქციების მეშვეობით. ნებისმიერი საუბარი სანქციების მოხსნაზე მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიულ გეოსტრატეგიულ მოქმედებებს, არის ღრმად უპასუხისმგებლო. არსებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს. დამატებითი სანქციები უნდა იყოს შემოღებული ყველა ახალი (ან ახლად აღმოჩენილი) რუსული ქმედების პასუხად, რომელიც მიმართული იქნება სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სისტემების წინააღმდეგ.

პუტინის წარმატების ნარატივის მეორე საფუძველი - მისი აქტიური საგარეო პოლიტიკა - კვლავ მუშაობს რეჟიმის სასარგებლოდ. ეს უნდა შეიცვალოს. რუსეთის მცდელობები გაავრცელოს კონტროლი თავისი საზღვრების გარეთ უნდა დამარცხდეს.

დასავლეთს  რუსეთზე ბევრად დიდი რესურსები აქვს. ეს ასეა მხოლოდ ცალკე აღებული აშშ-ის შემთხვევაშიც კი. რუსეთის საკვანძო უპირატესობა ის არის, რომ მისმა ლიდერებმა ზუსტად იციან, რომ ისინი იმყოფებიან მტრულ ურთიერთობაში დასავლეთთან, ხოლო ამ უკანასკნელის ზოგ პოლიტიკოსს ეს ბოლომდე არ ესმის. ზოგმა მათგანმა, განსაკუთრებით ევროპაში, კვლავაც ვერ მიიღო ფუნდამენტურად მტრული რუსეთის სტრატეგიული რეალობა. ამის შედეგია, რომ  მიზანმიმართულ და სტრატეგიულად გააზრებულ რუსეთის ქმედებებს დასავლეთი დღემდე პასუხობს ცალკეული ნაბიჯებით და არა ერთიანი და კარგად გააზრებული სტრატეგიით.

აშშ-მა და მისმა ახლო მოკავშირეებმა უნდა გამოიმუშაონ ასეთი სტრატეგია. რუსეთის მოქმედებები მეთოდურია. ასეთივე უნდა იყოს მათ დასამარცხებლად მიმართული ძალისხმევა.

რუსული რეჟიმის მთავარი გეოსტრატეგიული მიზანია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე კონტროლის მოპოვება და კონსოლიდირება. მისი ამ მცდელობის დამარცხება მას წაართმევს შესაძლებლობას, რომ  იმპერიული წარმატებები რუსეთის მოსახლეობის თვალში საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.

რეჟიმისთვის „წარმატების ლეგიტიმაციის“ წართმევის გარდა, სანქციების მეშვეობით დასავლური ზეწოლა და რუსეთის ხელახალი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შეკავება ასევე შეამცირებს იმ ზიანს, რომელსაც ეს რეჟიმი სხვა ქვეყნებს აყენებს მანამ ვიდრე ის ხელისუფლებაშია. სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები შეამცირებს რეჟიმის რესურსებს და აიძულებს მას მეტი ყურადღება დაუთმოს საპროტესტო მოძრაობას რუსეთის შიგნით.

პუტინი როგორც ბრეჟნევი - 2018 წლის 5 მაისის რუსეთის საპროტესტო აქციების მონაწილეთა პლაკატი-კარიკატურა.

რაც უფრო ნაკლები ყურადღებისა და რესურსების დათმობა შეეძლება მოსკოვს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, ახალი კონფლიქტების პროვოცირება დასავლეთ ბალკანეთში, თალიბების მხარდაჭერა, და თავდასხმები უცხოურ პოლიტიკურ სისტემებზე - მით უკეთესი მსოფლიოში დემოკრატიისა და არსებული მსოფლიო წესრიგისთვის.

ამასთან, რუსეთის მეზობლები, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, იმსახურებენ დასავლეთის მეტ მხარდაჭერას, რაც გაზრდიდა მათ შანსებს წარმატებით შეეწინააღმდეგონ მიმდინარე რუსულ შეტევას მათ სუვერენიტეტზე. მთავარი რისკი საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის ისაა, რომ იმ დროისთვის, როდესაც რუსეთში მოხდება შიდაპოლიტიკური ცვლილებები, მათი სუვერენიტეტი კიდევ უფრო მეტად იქნება დაზიანებული მოსკოვის აგრესიის შედეგად, ვიდრე უკვე არის დღეს.

სანამ რუსეთს არსებული რეჟიმი მართავს, ის დარჩება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის შეურიგებელ მტრად. ოცნებები ამ რეჟიმთან მუდმივი ურთიერთგაგების მიღწევის შესახებ, რომელიც ზოგს კვლავაც აქვს ევროპასა თუ ამერიკაში, უიმედოდ ფუჭია. ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის გარდაუვალია. ცივ ომში საბჭოთა კავშირი ამგვარი პირდაპირი შეტაკების გარეშე დამარცხდა. დღეს ანალოგიური შედეგის მისაღწევად საჭიროა რუსულ რეჟიმზე ზეწოლის და მისი საგარეო აგრესიის შეკავების კომბინაცია.

კრემლის დღევანდელი რეჟიმი, სავარაუდოდ, განწირულია ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ფუნდამენტური მახასიათებლების გამო. თუმცა, დასავლეთის ძირითადი ქვეყნების  სწორი მიდგომა შეზღუდავდა ამ რეჟიმის აგრესიული გეოსტრატეგიის მავნე შედეგებს და ხელს შეუწყობდა რუსეთის გარდაქმნას დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო უსაფრთხო ქვეყნად.

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.