X

რონდელის ბლოგი

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი

2018 / 07 / 31

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

საქართველოში არსებობს ერთგვარი დაბნეულობა 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. ადამიანები ომის დაწყების დღედ  ხან 7, ხან 8 აგვისტოს ახსენებენ, თითქოს ამ ორ თარიღს შორის განსხვავება არ იყოს. სინამდვილეში, მათ შორის არის საკვანძო, პრინციპული განსხვავება. 7 აგვისტო არის დღე, როცა რუსული ჯარი რეალურად შემოიჭრა საქართველოში და ამით დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. 8 აგვისტო კი არის თარიღი, რომელსაც მოსკოვი იტყუება - თითქოს სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მან სწორედ ამ დღეს დაიწყო და არა - მანამდე.

ამ ტყუილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი. მისი მეშვეობით რუსეთი აცხადებს, თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. ქართველთა მხრიდან რუსეთის ამ ტყუილის მხარდაჭერა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ხსენებით არის გაუგონარი სისულელე და დაუდევრობა. ისტორიასთან და ფაქტებთან ზერელე დამოკიდებულება, რომელიც ხშირად გვახასიათებს, ამ შემთხვევაში არის პირდაპირი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერა.

როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა. საქართველოს მზარდი ურთიერთობა დასავლეთთან ნიშნავდა იმას, რომ ცოტა ხანში მისი დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში უკიდურესად რთული გახდებოდა. მოსკოვისთვის ასეთი პერსპექტივა მიუღებელი იყო. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე რაიმე ფორმით კონტროლის აღდგენა მისი საკვანძო სტრატეგიული მიზანია. საქართველოზე სამხედრო თავდასხმა იყო ის ქმედითი დარტყმა, რომლითაც რუსეთმა შეაყოვნა საქართველოს მისგან სამუდამო „გაქცევა“.

2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ფაქტი დასტურდება მრავალი წყაროთი, რომელთა შორის არის: რუსულ პრესაში გაჟონილი ინფორმაცია მთელი რიგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან; ოფიციალური რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც ეხება რუსი ჯარისკაცის სიკვდილს საქართველოს ჯავის რაიონში 7 აგვისტოს დილით; სოხუმის რეჟიმის მეთაურის სერგეი ბაღაფშის მიერ გაკეთებული განცხადება; და ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრები ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ შორის, რომელიც ეხება 7 აგვისტოს ადრე დილით საქართველოში როკის გვირაბით შემოსულ რუსულ სამხედრო კოლონას. უფრო დაწვრილებით ამ ფაქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიაში, რომელიც ეძღვნება 2008 წლის ომის დაწყებას.

როკის გვირაბი, რომლის გავლით, 7 აგვისტოს, რუსულმა ჯარმა დაიწყო თავდასხმა საქართველოზე

საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალების შეჭრა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს აგრესიას. ამავე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება აგრესია, აქვს  თავდაცვის უფლება. საქართველომ ამ უფლებით ისარგებლა 7 აგვისტოს, გვიან საღამოს, როდესაც თბილისმა დაიწყო რუსული აგრესიის საპასუხო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. რუსული ჯარი საქართველოში უკანონოდ შემოჭრილი იყო ამ ქართული ოპერაციის დაწყებამდე, სულ მცირე, 19-20 საათით ადრე.

ადამიანები, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ 7 აგვისტოს თარიღის მნიშვნელობას, ზოგჯერ ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსი ჯარისკაცები საქართველოში უკანონოდ 7 აგვისტოს წინა დღეებშიც იყვნენ შემოსული. სავარაუდოდ, ეს მართლა ასეა. თუმცა, არის ფაქტორები, რის გამოც ეს წინა დღეები არ არის გამორჩეული, ხოლო 7 აგვისტო - არის.

ერთი ასეთი ფაქტორი ისაა, რომ კონკრეტულად 7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარის ყოფნაზე ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო მიუთითებს, რის შედეგადაც მაგ დღეს რუსული აგრესიის ფაქტი უტყუარია. წინა დღეების შესახებ კი ამას ვერ ვიტყვით. მეორე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ 7 აგვისტოს მიიღო დადასტურებული ცნობები შემოჭრილი რუსული ჯარის  შესახებ, რის პასუხადაც დაიწყო ქართული სამხედრო ოპერაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს საქართველოში შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა წამოიწყეს სწორედ ის სამხედრო შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა ომის მომდევნო დღეების მანძილზეც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ომის დაწყების დღე არის არა 2 ან 5 აგვისტო, არამედ სწორედ 7 აგვისტო.

კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ზოგჯერ გაისმის: საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების უფლება. ეს მართლაც ასეა, თუმცა იმას, რისი უფლებაც თეორიულად ჰქონდა საქართველოს, არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ისტორიულ ფაქტებთან, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში. ეს ფაქტები კი ისაა, რომ თბილისმა  სამხედრო ოპერაცია მხოლოდ მას მერე დაიწყო, რაც 7 აგვისტოს განმავლობაში არაერთხელ მიიღო ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული ჯარის შესახებ.

ომიდან მოყოლებული დღემდე რუსეთი 8 აგვისტოს გააზრებულად და თანმიმდევრულად ომის დაწყების დღედ ასაღებს. ის მუდამ ავრცელებს ნარატივს, თითქოს რუსული სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ქართული ოპერაციის დაწყების შემდეგ და არა მანამდე, როგორც სინამდვილეში მოხდა. მთელი რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და დიპლომატიური ძალისხმევა 2008 წლის ომთან დაკავშირებით  ამ ტყუილზეა აგებული. ნამდვილი ისტორიული თარიღი - 7 აგვისტო - ამსხვრევს მთელ ამ კონსტრუქციას, რომელიც რუსეთმა აგრესიის მსხვერპლ საქართველოს ომში დასადანაშაულებლად ააგო.

დიდი რესურსებით მხარდაჭერილი საინფორმაციო ომის დახმარებით, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა შეძლო იმ ტყუილის ფართოდ გავრცელება, თითქოს მისი შეჭრა საქართველოში დაიწყო ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ და არა - მანამდე. თუმცა, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მხრივ, ცნობილი გახდა ზოგი ახალი ფაქტი რუსული აგრესიის შესახებ. მეორე მხრივ, უკრაინაში აგრესიის, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებზე თავდასხმის, და მოსკოვის ბევრი სხვა აგრესიული აქტის შედეგად, დღეს დასავლეთში ხდება რუსეთის საგარეო პოლიტიკის უფრო ადეკვატური შეფასება, ვიდრე წინა წლებში.

ასეთ დროს ქართველები ჩვენს სიმართლეს ცხადად და გარკვევით უნდა ვამბობდეთ. ეს, წესით, ადვილი უნდა იყოს, როდესაც ისტორიული ფაქტები ობიექტურად შენკენაა, როგორც ამ შემთხვევაშია. თუმცა იმისთვის, რომ ეს გამოიყენო, ეს ისტორიული ფაქტები ჯერ თავად უნდა გქონდეს გააზრებული. ამ მხრივ კი, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ის მუდმივი დაბნეულობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები ასეთ დღედ ხან 7 აგვისტოს ასახელებენ, ხანაც 8 აგვისტოს ისე, რომ არ ესმით პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვაობა ამ ორ თარიღს შორის.

საქართველოს ხელისუფლებას და, ზოგადად, პოლიტიკურ ელიტას, უპირველეს ყოვლისა აკისრია პასუხისმგებლობა არ უშვებდეს უხეშ შეცდომებს ამგვარ ელემენტარულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა დანარჩენ საზოგადოებასაც გვაკისრია.

ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ჩახლართულ და გაუგებარ რამეზე. 7 აგვისტო, როგორც 2008 წლის ომის დაწყების დღე, არის ობიექტური ისტორიული ფაქტი, რომელიც ამსხვრევს ომის დაწყების ყალბ რუსულ ვერსიას. ომის 8 აგვისტოს დაწყება კი არის მოსკოვის გავრცელებული ტყუილი, რომელსაც მისი პროპაგანდისტული და დიპლომატიური მანქანა იარაღად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. წესით, არჩევანის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.