X

რონდელის ბლოგი

ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები

2018 / 08 / 07

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ბოლო პერიოდში საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ა.წ. 16 ივლისს გამართული ჰელსინკის სამიტი. შეხვედრა მართლაც მრავალმხრივ საყურადღებო და არაორდინარული იყო. ამის დასტურად იმის თქმაც საკმარისია, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ, 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო  შეხვედრა საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ფორმატით, რომელშიც ორი ქვეყნის პრეზიდენტები უკვე თავიანთ დელეგაციებთან ერთად მონაწილეობდნენ.

ჰელსინკის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს საერთაშორისო პოლიტიკის ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ისიც, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება არ არის მარტივი საკითხი. ჰელსინკის სამიტზე არათუ მსგავსი რამ არ მომხდარა, არამედ პროცესიც კი არ დაწყებულა. რუსული მხარის გამოკვეთილი ინტერესის მიუხედავად, სამიტზე არც ერთობლივი დეკლარაცია მიუღიათ და მხოლოდ ერთობლივი პრესკონფერენციით შემოიფარგლნენ, რაც მხარეთა პოზიციებს შორის განსხვავების კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.  

როგორც სამიტის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარებიდან და გავრცელებული ინფორმაციიდან გამოჩნდა, შეხვედრაზე მრავალ საკითხზე ისაუბრეს. მათ შორის იყო საერთაშორისო პოლიტიკის ისეთი მწვავე და აქტუალური თემები, როგორიცაა აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემატიკა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება, ირანის ბირთვული შეთანხმება და სხვა.

ამავე დროს, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიდან გამოიკვეთა ორი შედარებით მსხვილი საკითხი, რომელიც მომავალში შესაძლოა აშშ-რუსეთის გარიგების საგანი გახდეს. ესენია: მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობისა და სირიის საკითხები. შესაბამისად, ქვემოთ ამ საკითხების უფრო დეტალურად განხილვას შევეცდებით.   

 

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა

ვლ. პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული სტაბილურობისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე აშშ-ის მხარეს გადაეცა კონკრეტულ წინადადებათა პაკეტი. იგი, სავარაუდოდ, მოიცავს  „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების“ თაობაზე შეთანხმების გაგრძელების შეთავაზებას, რომელსაც ვადა 2021 წელს გასდის. ამასთან ერთად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებულ პაკეტში შესულია  მოსკოვის პოზიცია „ანტიბალისტიკური სარაკეტო“ (ABM) შეთანხმების თაობაზე, რომლიდანაც აშშ ჯერ კიდევ 2001 წელს, ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის დროს, გავიდა.

რუსეთი მიიჩნევს, რომ ABM-ის შეთანხმებიდან გასვლამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა განეთავსებინა პოლონეთსა და რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. მოსკოვის შეფასებით, ეს სისტემები მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, იგი მუდმივად აყენებს საკითხს მათი გაუვნებელყოფისა და აშშ-ის ABM-ის შეთანხმებაში დაბრუნების თაობაზე.

მოსკოვის ეს მცდელობა უშედეგოა, რადგან არც ბუშის და არც ობამას ადმინისტრაციას ეს საკითხი არ განუხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიდგომები რუსეთთან მიმართებაში ბევრ საკითხზე განსხვავებულია მისი წინამორბედებისგან, უნდა ითქვას, რომ ABM-ის შეთანხმებაში დაბრუნება არც მისი პრეზიდენტობის პერიოდში განხილულა.

 

სირია

შეხვედრაზე ასადის თემა, სავარაუდოდ, არ განხილულა, რადგან ეს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სირიის თემაზე საუბრისას არც ტრამპს და არც პუტინს არ უხსენებიათ. მთავარი განსახილველი საკითხი, როგორც ჩანს, იყო ისრაელის უსაფრთხოების თემა, რომელიც უკავშირდება გოლანის მაღლობების კონტროლს და, ასევე, ირანის პოზიციების განმტკიცებას სირიაში.

პრეზიდენტმა პუტინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „სირიის სამხრეთ-დასავლეთში, ე.წ სამხრეთის ზონაში, ტერორისტების სრული განადგურების შემდეგ, სიტუაცია გოლანის მაღლობებზე უნდა დაბრუნდეს სრულ შესაბამისობაში იმ პირობებთან, რომელსაც ისრაელისა და სირიის ჯარების დაშორიშორების თაობაზე 1974 წლის შეთანხმება ითვალისწინებს“.

ეს საკითხი რომ უმთავრესი იქნებოდა ჰელსინკის სამიტზე, წინასწარვე კარგად გამოჩნდა, როდესაც მოსკოვში გაიმართა მაღალი დონის კონსულტაციები როგორც ისრაელის, ისე ირანის მხარესთან.

როგორც  ჩანს, ისრაელი არ არის კმაყოფილი შექმნილი ვითარებით. ჰელსინკის სამიტის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა გოლანის მაღლობების მახლობლად სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამასთან, ა.წ. 23 ივლისს თელ-ავივში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ს. ლავროვის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვ. გერასიმოვიც იყო. დელეგაციამ შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ისრაელის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები.                 

მოსკოვი, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს, რომ ისრაელის უსაფრთხოების საკითხი მისთვის სირიის პრობლემატიკაში ერთ-ერთი მთავარია. ცხადია, ისრაელი ამ საკითხშიც არ აპირებს უკან დახევას. ნაკლებად სავარაუდოა რაიმე სახის დათმობა ტრამპის მხრიდანაც, რომელიც ისრაელის ძალიან მტკიცე მხარდაჭერით გამოირჩევა. სადავოა ისიც, გააჩნია თუ არა მოსკოვს ისეთი მყარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ირანს აიძულებდა სირიაში ისრაელის ინტერესების გათვალისწინებას.

 

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

ზემოხსენებულის გარდა, უშუალოდ შეხვედრიდან და მის შემდეგ განვითარებული პერიპეტიებიდან კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება.

დადასტურდა, რომ აშშ-ის წინააღმდეგობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართ ძალიან მაღალ დონეზეა. ტრამპის მიმართ მწვავე კრიტიკული განცხადება გაკეთდა არა მხოლოდ მისი ოპონენტების, არამედ რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდანაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ტელეკომპანია “FOX News”-იც კი, რომელიც ზოგადად რესპუბლიკელების და პირადად ტრამპის მხარდაჭერით გამოირჩევა, ამჯერად კრიტიკული იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ.

სწორედ ამ კრიტიკის შედეგია, რომ ტრამპმა ჯერ გადათქვა პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე, შემდეგ კი - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამ მომავალი წლისთვის გადაიწია, რომელიც როგორც თავდაპირველად დაანონსდა, ტრამპის მოწვევით ა.წ. შემოდგომაზე უნდა გამართულიყო ვაშინგტონში.

საქმე მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მედიასაშუალებების კრიტიკაში როდია. გამოკითხვების თანახმად, ტრამპის პოლიტიკას რუსეთის მიმართ ძალზე დაბალი მხარდაჭერა აქვს, რაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი ა.წ. ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების წინ.      

რაც შეეხება რუსეთს, კარგად გამოჩნდა ერთი რამ: რუსეთი, მართალია, კვლავ ხმამაღლა აცხადებს, რომ დასავლურმა სანქციებმა მას ვერაფერი დააკლო და მომავალშიც არ აპირებს  საკუთარი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადახედვას, მაგრამ, როგორც მინიმუმ, აშკარად არაკომფორტულად გრძნობს თავს. შესაბამისად, იგი ცდილობს რამენაირად მოახერხოს გარღვევა, გააუმჯობესოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან და, რაც მთავარია, მიაღწიოს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას. ეს, სავარაუდოდ, არ იქნება ადვილად შესასრულებელი ამოცანა, რადგან მოსკოვი უკრაინისა და ზოგადად საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების საკითხში დათმობებზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს. ამდენად, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში გარღვევა ისევ ისე რთულად განსახორციელებელია, როგორც ჰელსინკის სამიტამდე იყო.

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.