X

რონდელის ბლოგი

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს პერსპექტივა

2018 / 08 / 08

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 

ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდგომ დაიწყო მსჯელობა ფართო აღმოსავლეთ ევროპის (ევროპის ნაწილი, სივრცე, რომელიც კომუნისტური რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა) დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების საკითხებზე. ყველაზე დიდ წინაღობას ამ მიმართულებით რეგიონის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის მომზადების სირთულე წარმოადგენდა. აშკარა იყო, რომ ფართო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი არაერთფეროვანი გახლდათ და მისი დიფერენცირების საჭიროებაც გაჩნდა, რაც იქ შემდგომში განსხვავებული პოლიტიკის გასატარებლად  იყო აუცილებელი. 

ბერლინის კედლის დანგრევისა და, მალევე, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ცნება სამ ნაწილად გაიყო:

  • ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან ბულგარეთამდე და სლოვენიამდე ყოფილი სოციალისტური სივრცის 10 ქვეყანას მოიცავდა.
  • სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, დასავლეთი ბალკანეთი (ასევე ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის ნაწილი) და თურქეთი (თუმცა თურქეთს აღმოსავლეთ ევროპად არასდროს მიიჩნევდნენ);
  • თავად აღმოსავლეთი ევროპა (ვიწრო გაგებით), ყოფილი საბჭოთა კავშირის  გეოგრაფიულად ევროპული ნაწილი (ბალტიისპირეთის გარეშე), უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი (სამხრეთი კავკასია - ნომინალურად).

მაშინ, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისშივე დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE - Central and Eastern Europe) ქვეყნების მომზადება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (SEE -South Eastern Europe), კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთში სისხლიანი კონფლიქტები მიმდინარეობდა და ევროკავშირში ან ნატოში რეგიონის ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივა არარეალურად გამოიყურებოდა. 

რაც შეხება, აღმოსავლეთ ევროპას (EE- Eastern Europe), მართალია, სამხრეთ კავკასიას იმ დროს მის ნაწილად არც კი მიიჩნევდნენ, მაგრამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ სუბრეგიონის ქვეყნები მაინც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ჩანდნენ. მოგვიანებით კი, ევროპის საბჭოს წევრობამ (1999) და შემდგომ, 2014 წელს, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაში ჩანაწერმა, რომ ის „არის აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო“, პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვს საქართველოს უფლება ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის მოთხოვნაზე.  

მშვიდობის დამყარებამ დასავლეთ ბალკანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში გააჩინა ახალი პერსპექტივა მთელი რეგიონისთვის. 1999 წელს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს (კვაზისახელმწიფო კოსოვის ჩათვლით) შესთავაზეს ევროკავშირთან ასოცირება (სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებებით) და მათთვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

აქვე განვმარტავთ, რომ ტერმინი ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო პირველად CEE-ის ქვეყნებისთვის გამოიყენეს. სინამდვილეში, ამ პოზიტიური დატვირთვის მქონე ტერმინით შეიქმნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ახალი ბარიერი, რომელიც წარმატებით უნდა გადაელახა გაწევრიანების მსურველ ქვეყანას.

დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში, შემოიღეს პოტენციური კანდიდატობის ცნება, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბარიერია გაწევრიანების გზაზე. პოტენციური კანდიდატი, რომელსაც აქვს ევროპული პერსპექტივა (დაახლოებით იმავე სახის დაპირებაა, როგორიც საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე მიიღო) ერთვება ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ გაწევრიანებამდე ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. 

აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების თვალსაზრისით, მათი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი საერთოდ არ მოიაზრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 22 წლის გასვლის შემდეგაც კი. 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებებში კი ჩაიწერა, რომ ევროკავშირი ცნობს ამ ქვეყნების „მისწრაფებას“ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ეს თავად ევროკავშირის წევრობისთვის არანაირი დაპირება არ არის, მაგრამ ასეთი შესაძლებლობის ძალიან მნიშვნელოვანი, ოფიციალურად აღიარებული დაშვებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ასოცირების შეთანხმების დადებისთანავე გაჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუციებში მოწოდება, რომ ევროკავშირს ეცნო ამ ახლად ასოცირებული ქვეყნების ევროპული პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ აქვთ სავალდებულო ძალა და ჯერჯერობით საქართველო და მისი პარტნიორები - მოლდოვა და უკრაინა - ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ მათი მისწრაფებების აღიარებას უნდა დასჯერდნენ.

სამი რეგიონის ევოლუცია და ევროკავშირისკენ სვლა

დღევანდელი მდგომარეობით, ფართო აღმოსავლეთ ევროპის ერთი დანაყოფი  - CEE უკვე ევროკავშირის განუყოფელი ნაწილია, მეორე ნაწილი - SEE - ამ მიმართულებით მოძრაობს (თურქეთის ჩათვლით, რომელმაც გაწევრიანების მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა დროებით ეს პროცესი შეჩერებულია) და  ვითარდება, ხოლო მესამე - აღმოსავლეთი ევროპა (EE), რუსეთის გამოკლებით, ჯერჯერობით ევროკავშირთან ფუნქციურად დაახლოების გზას ადგას. თუმცა სექტორული ინტეგრაცია, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოამწიფებს მათი ინსტიტუციური ინტეგრაციის საკითხს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი თანდათანობით შთანთქავს აღმოსავლეთ ევროპას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:

  • გადაწყვეტილება CEE-ის ქვეყნების გაწევრიანების შესახებ წინა საუკუნის 90-იან წლებში პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტებიდან გამომდინარეობდა. პრაქტიკულად ეს იყო ერთიანი, ყველა კანდიდატი სახელმწიფოს ერთ კალათაში მომზადების და გაწევრიანების პროცესი. საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა სახელმწიფომ (ბულგარეთისა და რუმინეთის გამოკლებით) ევროკავშირის წევრობის სტატუსი ერთად, 2004 წელს, მიიღო; ამ ორმა კი 2007 წელს დაასრულა გაწევრიანების პროცესი.
  • რაც შეეხება, დასავლეთ ბალკანეთის (SEE-ის თურქეთის გამოკლებით) ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებისათვის პოტენციური კანდიდატების სტატუსის შეთავაზება ასევე ერთდროულად მოხდა (2000 წელს), მათთან ასოცირების შეთანხმებების გაფორმების და, შესაბამისად, კანდიდატ სახელმწიფოდ ცნობის, შემდგომ გაწევრიანების მოლაპარაკებებისა და თავად გაწევრიანების  პროცესები სრული დიფერენციაციის პირობებში მიმდინარეობდა. ზოგი მათგანი უკვე ევროკავშირის წევრია (ხორვატია), ზოგი - გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზეა (მონტენეგრო და სერბეთი), ზოგი - პასიური კანდიდატი (მაკედონია და ალბანეთი) და ზოგი კი მხოლოდ პოტენციურ კანდიდატად რჩება (ბოსნია/ჰერცეგოვინა და კოსოვო).
  • აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობაში გაერთიანდნენ, არ აქვთ მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და მათი შემდგომი ინსტიტუციური ინტეგრაციის საკითხს ევროკავშირის ინსტიტუტებში ძალზე ფრთხილად ეკიდებიან, მაგრამ ინსტრუმენტები და მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი მათ მიმართ ატარებს, პრაქტიკულად იდენტურია იმისა, რაც გაიარეს ორივე ზემოხსენებული რეგიონების ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე.

 

უფრო დეტალურად დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის პროცესზე

ევროკავშირის ახლანდელი კომისიის მოსვლისთანავე (2015) როგორც მისმა პრეზიდენტმა, ისე გაფართოების საკითხებში კომისარმა - შესაბამისად, ჟან-კლოდ  იუნკერმა  და იოჰანეს ჰანმა - განაცხადეს, რომ მათი კომისიის ვადის ამოწურვამდე ევროკავშირის გაფართოება არ მოხდებოდა. მართლაც, მათი ხუთწლიანი ვადის პირველ ნახევარში პრაქტიკულად არანაირი წინსვლა არ ყოფილა - არც უკვე დაწყებულ მოლაპარაკებებში სერბეთთან და მონტენეგროსთან და არც სხვა მიმართულებით. ვითარება შეიცვალა დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ, უფრო სწორად - 2017 წლიდან, როცა რეალურად დაიწყო მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლაზე.

დიდი ბრიტანეთის გასვლის სურვილით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ბევრი მითქმა-მოთქმა და ეჭვი გამოიწვია. ალაპარაკდნენ ევროკავშირის ზოგიერთი ახალი წევრის (განსაკუთრებით უნგრეთის) გასვლაზეც. ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს კი მიეცათ ევროსკეპტიციზმის დამატებითი საფუძველი. ვითარებას ასევე ამძიმებდა ე.წ. მიგრანტების კრიზისი და მასთან გამკლავების მცდელობები, რომლებიც წევრ ქვეყნებს შორის დიდი უთანხმოების საგნად იქცა. აუცილებელი გახდა რაიმე ქმედება, რომ კავშირის დამაზიანებელი ეს მითები შეეჩერებინათ. რადგან ევროკავშირს დაშლას უწინასწარმეტყველებდნენ, მანაც „თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება აირჩია“ და „თავდასხმაზე“ გადავიდა. პოლიტიკურმა ვითარებამ მოითხოვა დასავლეთ ბალკანეთში უკვე დაწყებული (2000 წელს) გაფართოების პროცესის გაცოცხლება. 2017 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭომ დაავალა ევროკომისიას უფრო აქტიურად გაეგრძელებინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაახლოებისა და ინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, 2018 წლის თებერვალში ევროკომისიამ მოამზადა კომუნიკაცია: „გაფართოების დამაჯერებელი პერსპექტივა და ევროკავშირის ფართო ჩართულობა დასავლეთ ბალკანეთში“, რომელიც განსაზღვრავს რეგიონის ქვეყნების ძირითად ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მათი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. დოკუმენტი ღიად გაუსვამს ხაზს, რომ მონტენეგროსა და სერბეთს აქვთ რეალური შესაძლებლობა, 2025 წლისთვის დაასრულონ გაწევრიანების მოლაპარაკებები და გაერთიანდნენ ევროკავშირში. მართალია, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ დადებული ასეთი ვადა, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ მათთვის გახსნილია  „შესაძლებლობის ფანჯარა“ და უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რომ გამოიყენონ ეს შანსი. ცხადი გახდა, რომ ევროკომისია მზად არის გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს მაკედონიასა და ალბანეთთან. ხოლო რაც შეეხება ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, მას კანდიდატის სტატუსს ჰპირდებიან. ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში  რჩება კოსოვო, რომელიც ჯერ კიდევ არ უცნია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს. არც მისი სტაბილურობისა და ასოცირების ხელშეკრულებაა სრულფასოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის მხარედ მხოლოდ ევროკომისიაა წარმოდგენილი, რაც მას ვერ ანიჭებს სრულ ლეგიტიმაციას. კოსოვოსთვის კარგია ის, რომ სერბეთს გაწევრიანების მოლაპარაკებებში ბოლო, 35-ე, თავი სწორედ კოსოვოსთან კონფლიქტის მოგვარებას ავალდებულებს.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ევროკავშირთან. მათი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 80%-მდე ევროკავშირზე მოდის. ასევე აღიარებულია, რომ ეს რეგიონი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და მისი სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ევროკავშირში ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დასავლეთ ბალკანეთთან პოლიტიკური ერთიანობის, კერძოდ, ფასეულობათა თანხვედრას (რომელიც ჯერ კიდევ  არ არის სრულად მიღწეული).

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის 2025 წლისთვის გაფართოებასთან დაკავშირებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ რიგი მიმართულებით გაწევრიანებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს. 2018 წლის თებერვლის ევროკომისიის კომუნიკაცია აღნიშნავდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის პროგრესისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანონის უზენაესობას, კონკურენტუნარიანობას, რეგიონულ თანამშრომლობასა და შერიგებას.

2018 წლის მაისში სოფიაში გამართულ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა სპეციალური დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც მხარი დაუჭირეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიზნის მისაღწევად დაასახელეს ძირითადი ამოცანები:

  • კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა;
  • უსაფრთხოებასა და მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერება;
  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდობაზე;
  • ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება რეგიონში და ევროკავშირთან;
  • ციფრული დღის წესრიგი დასავლეთ ბალკანეთისთვის;
  • დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროკავშირის ქვეყნები ყველა ამ მიმართულების განვითარებას არა მარტო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, არამედ საკუთარ ამოცანადაც სახავენ და მათი სწრაფად რეალიზაციისთვის აპირებენ გაზარდონ ფინანსური და სხვა სახის დახმარება. 

 

დასკვნა

დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის გაფართოება კვლავაც აქტუალურ და სასურველ საკითხად რჩება. ამისკენ მას უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პერსპექტივის პრიორიტეტები უბიძგებს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ევროკავშირი არ იშურებს ძალისხმევას, დააჩქაროს როგორც გაწევრიანებასთან შედარებით ახლოს მყოფი მონტენეგროსა და სერბეთის ტრასფორმაცია და ევროპეიზაცია, ისე მთელი რეგიონისა. ეს პროცესი არ შეიძლება არ აისახოს აღმოსავლეთ ევროპაზეც, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებზე. ევროკავშირი პარალელურად აუცილებლად გააგრძელებს მათთან დაახლოებას, მაგრამ საშუალოვადიან მომავალში ამ სივრცის მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ თავადაც მიიღოს გაწევრიანების პერსპექტივა. ეს შეიძლება მოხდეს შავი ზღვის რეგიონსა და ევროპა-აზიის დერეფანზე გავლენისთვის მზარდი საერთაშორისო კონკურენციის გამო. გაფართოებისთვის ასევე მნიშვნელოვანი სტიმულია პოლიტიკური სისტემების კონკურენცია და ამ კონტექსტში აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციის დაჩქარება, რაც უკვე რთულდება რიგი პარტნიორი ქვეყნებისთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების გარეშე. დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ უმნიშვნელოვანესია თავად ქვეყნების ძალისხმევა და ასპირანტი ქვეყნების ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. აუცილებელი იქნება ამ სამი ქვეყნის - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა - მეტად დაახლოება და დასავლეთ ბალკანეთის მოდელით რეგიონული თანამშრომლობის ფორმების შექმნა და გაღრმავება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერება როგორც ერთმანეთთან, ისე ევროკავშირთან, მეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და თავისთავად მეტი დემოკრატია. ბრექსიტის შემდგომი ევროკავშირი, როგორც ჩანს, ტერმინს „დაღლა გაფართოებისგან“ აღარ დაუბრუნდება და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების ყველანაირი ძალისხმევა, რომელთაც აქვთ სურვილი ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებისა და საკმარისი ამბიცია, რომ შეიცვალონ, მეტად დაფასდება.   

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.