X

რონდელის ბლოგი

ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!

2018 / 10 / 26

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2018 წლის 22-23 ოქტომბერს მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი, სადაც იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს. (მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბოლტონმა ახსენა, რომ მას ასევე ჰქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთანაშშ-ში რუსეთის ფედერაციის ყოფილ ელჩთან იური უშაკოვთან. ამ შეხვედრის პრესრელიზი არ გავრცელებულა.) ამ ჩამონათვალის მიღმა, პრინციპში, არ დარჩენილა არც ერთი მაღალი დონის ოფიციალური პირი, რომელსაც საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გავლენა აქვს, რაც თავისთავად მეტყველებს ვიზიტის მნიშვნელობაზე.  

თუმცა, ვიდრე ვიზიტის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, მცირე ყურადღება დავუთმოთ იმას, თუ რა როლს ასრულებს ბოლტონი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისის ფუნქციები მხოლოდ უწყებათაშორისი კოორდინაციითა ან/და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვით არ შემოიფარგლება. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლად ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯერ ჰენრი კისინჯერი, ხოლო შემდეგ კი, ზბიგნევ ბზეჟინსკი მუშაობდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ერთვება ხოლმე უცხოეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში.  შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ხშირად სწორედ  ეს ოფისი ასრულებს წამყვან როლს სტრატეგიის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვის დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით.     

ზუსტად ასეა ახლაც, რადგან რუსეთთან მიმართებით აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში წამყვან როლს სწორედ ჯონ ბოლტონი და მისი ოფისი ასრულებს. ამასთან, ბევრი თანხმდება იმაზეც, რომ დღეისათვის სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისში მუშაობენ რუსეთის საუკეთესო ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ ბოლტონს მხოლოდ რუსეთის მიმართულებით არ აქვს წამყვანი როლი დაკისრებული. იგი, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში, იმ პირებს შორის, რომლებსაც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია აქვთ. ეს შეფასება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება, თუკი აქვე გავიხსენებთ პრეზიდენტ ტრამპის სულ ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუს, სადაც მან თავდაცვის მდივნის მიერ პოსტის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა. ამასთან, ბოლტონი ითვლება ე.წ. ქორად, რომელსაც ყველაზე პრინციპული პოზიცია აქვს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველა საკვანძო საკითხზე, იქნება ეს ირანი, ჩრდილოეთი კორეა თუ რუსეთის ფედერაცია.

რაც შეეხება უშუალოდ მის ვიზიტს მოსკოვში, სავარაუდოდ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და არასასიამოვნო ვიზიტი ოფიციალური მოსკოვისთვის, რომელიც დატვირთული იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილებით.

ვიზიტამდე გაირკვა, რომ ბოლტონი მოსკოვის შემდეგ, ბაქოს, ერევანსა და თბილისს ეწვეოდა, რაც არცთუ სასიამოვნო ამბავია რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც აპრიორი უარყოფითად არის განწყობილი თავის უშუალო სამეზობლოში აშშ-ის დიპლომატიური აქტიურობის მიმართ.

ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტისას პატივი მიაგო ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნას, რომელიც 2015 წლის 27 თებერვალ მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ეს მკვლელობა, რამდენიმე ანალოგიურ შემთხვევასთან ერთად, პუტინის რეჟიმის დროს მომხდარი „პოლიტიკური მკვლელობების“ რიცხვშია.

წინასწარ გაცხადდა, თუ რა იქნებოდა ბოლტონის ვიზიტის მთავარი თემა, რაც ასევე უსიამოვნო უნდა ყოფილიყო მოსკოვისთვის. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (INF) გამოსვლას განიხილავდა.

INF-ის შეთანხმებას, რომელიც კრძალავს მცირე (500-დან 1000 კმ-მდე) და საშუალო (1000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების გამოყენებას, რეიგანმა და გორბაჩოვმა 1987 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს ხელი, რის საფუძველზეც დაახლოებით 2700 რაკეტა და გამშვები მოწყობილობა განადგურდა.

სწორედ INF-ის თემა იყო მთავარი მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე, რომლებიც საკმაოდ რთულად წარიმართა. ბოლტონის პირველივე შეხვედრა, გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან,დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ბოლტონმა განიხილა საერთაშორისო პოლიტიკის ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა ირანი, სირია, უკრაინა და ჩრდილოეთ კორეა. რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კავკასიის თემაზეც ისაუბრეს. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პუტინის ინიციატივით, გადაწყდა, რომ მისი და პრეზიდენტ ტრამპის მორიგი შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზში გაიმართება, სადაც ისინი  მონაწილეობას მიიღებენ პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.      

აღსანიშნავია, რომ ბოლტონი შეეცადა ფართო საზოგადოებისთვის მკაფიოდ განემარტა აშშ-ის პოზიცია INF-ის შეთანხმებიდან გამოსვლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით, მანმოსკოვში ვიზიტის პერიოდში მისცა ორი ინტერვიუ (kommersant.ru და echo.msk.ru) და ასევე, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართა პრეს-კონფერენცია, რაც უჩვეულოდ დიდი საჯარო აქტივობაა მაღალი რანგის ოფიციალური პირისთვის. 

აშშ-ის პოზიცია INF-ის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე საკმაოდ არგუმენტირებულია. კერძოდ:

  • INF-ის შეთანხმება მხოლოდ აშშ-რუსეთს ეხება, თუმცა დღეისათვის მოკლე და საშუალო სიშორის რაკეტები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ამ კონტექსტში, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი სახელდება, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. INF-ის შეთანხმების ორმხრივიდან მრავალმხრივ დოკუმენტად გადაკეთების შესაძლებლობა განიხილებოდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს 2001-2004 წლებში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. დღისათვის ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია, რადგან, მაგალითად, ჩინეთს შეიარაღებაში საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვს ისეთი მოდიფიკაციის რაკეტები, რომლებიც  INF-ის შეთანხმებით უნდა განადგურდეს;
  • INF-ის შეთანხმებას რუსეთი უკვე კარგა ხანია არღვევს, რადგან მას შეიარაღებაში აქვს სახმელეთო ბაზირების რაკეტა 9M729. ასეთი ბრალდება მოსკოვს პირველად აშშ-მ ობამას ადმინისტრაციის დროს წაუყენა და მოუწოდა დაეცვა შეთანხმება. იგივე განმეორდა ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც;
  • INF-ის შეთანხმება ეხება მხოლოდ სახმელეთო ბაზირების რაკეტებს. იმავე მოდიფიკაციის რაკეტების სამხედრო გემებზე განთავსება შეთანხმებით არ რეგულირდება, რაც ერთგვარი შეუსაბამობაა. მაგალითად, დღეისათვის ბალტიის ზღვაში დისლოცირებულ აშშ-ის გემებზე განთავსებულია რაკეტები, რომელთა პოლონეთში ბაზირება INF-ის შეთანხმების დარღევად ჩაითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების დაფარვის არეალი ამით პრაქტიკულად არ იცვლება.              

ბოლო ხანებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დინამიკიდან ჩანს, რომ ვაშინგტონის სტრატეგია რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ჩამოყალიბების ინიციატივის დაბრუნებაა. პრინციპში, ვაშინგტონს დღეისათვის საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც იგივე სტრატეგია აქვს. ამით რუსეთის ფედერაცია, რომელიც ბოლო ხანებში აქტიურად ცდილობს თავად განსაზღვროს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, ფრიად არაკომფორტულ პოზიციაში დგება.

ეს კარგად ჩანს თავად INF-ის მაგალითზე. კერძოდ, ამ შეთანხმების გაუქმება ნიშნავს „გამალებული შეიარაღების“ ეპოქაში დაბრუნებას, რადგან შემცირდება კიდევ ერთი შეთანხმების განახლების შანსები, რომელსაც ვადა 2021 წელს ეწურება. საუბარია START-ის შეთანხმებაზე, რომელიც არეგულირებს სტრატეგიული დანიშნულების შეტევით შეიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც აღნიშნა კიდეც ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტისას. „გამალებული შეიარაღების“ ეპოქაში დაბრუნება რუსეთს რომ არ აწყობს, საკუთარი არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამას რუსეთის ყველაზე მთავარი პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ.

ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება დასავლეთის სანქციების პირობებში რომ ძალიან რთულია, ამაზე დღეს უკვე არავინ დავობს. ეგ კი არა, რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის აზრით, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირია და ამჟამად აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს, თუ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გამკაცრდება, მაშინ პუტინის მიერ დასახული მიზნები ეკონომიკაში ვერ შესრულდება. ეს განცხადება მან სულ ახლახან, 10 ოქტომბერს, გააკეთა წამყვან ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

ამ თემასთან დაკავშირებით ისიც საინტერესოა, რომ ნოემბერში აშშ-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კონკრეტულად რა ტიპის ახალ სანქციებს უწესებს რუსეთს ე.წ. სოლსბერის შემთხვევის გამო. სხვათა შორის, ბოლტონს პრეს-კონფერენციაზე ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა , რაზეც მან უპასუხა, რომ ახალი სანქციების თაობაზე აშშ-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. წინასწარი შეფასებებით, ახალი სანქციების პაკეტი რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო.

INF-ის შეთანხმების გაგრძელებისთვის კი რუსეთი უნდა წავიდეს დათმობებზე აშშ-სთან. თუ რა ტიპის იქნება ეს დათმობები, დამოკიდებულია კონკრეტულ თემაზე და, ამდენად, ძნელია ეს საკითხი ზოგად ჭრილში განვიხილოთ. თუმცა ერთი რამ ცხადია - პუტინის რუსეთისთვის დათმობებზე წასვლა მთლიანად არღვევს იმ საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოიკვეთა. შესაბამისად, საფრთხის წინაშე დადგება საერთაშორისო ასპარეზზე სრულფასოვან და  წამყვან მოთამაშედ დაბრუნების ამოცანაც, რასაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს.        

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.