X

რონდელის ბლოგი

რატომ ვერ აღიქვამს დადებითად საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას

2018 / 11 / 30

ავტორი: პროფ. ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

ბოლო ორი წელია, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელია ზომიერი ეკონომიკური ზრდა. კერძოდ, თუ 2016 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 2,8 პროცენტი, 2017 წელს უკვე იყო 4,9 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში კი მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა, 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, უკვე 5,4 პროცენტია. ამ ზრდის მიუხედავად, სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის განწყობა ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მაინც უარყოფითი რჩება, ხშირად ისმის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ის პრობლემა, რომელიც ზოგადად არის დამახასიათებელი მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებლისთვის, იმ პრობლემისგან, რაც არის საქართველოში გატარებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღეს ეკონომისტები პრაქტიკულად შეთანხმებული არიან, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი ძალზე უხეშად ასახავს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და ადამიანების კეთილდღეობის შესაფასებლად პრაქტიკულად დიდად არ გამოდგება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის (Nicholas Sarkozy) ინიციატივით, გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის კვალობაზე შეიქმნა ეკონომისტთა ავტორიტეტული კომისია, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების ჯოზეფ სტიგლიცის, ამარტია სენის და ცნობილი ფრანგი ეკონომისტის ჟან-პოლ ფიტუსის ხელმძღვანელობით, რომელმაც მოამზადა უნიკალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რატომ არ იძლევა მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას.

ხსენებული კომისიის ანგარიშში მოყვანილია არაერთი თვალსაჩინო მაგალითი, როცა მთლიანი შიგა პროდუქტი ადამიანთა კეთილდღეობის ზრდას კი არ ასახავს, არამედ, პირიქით, მისი ზრდა შესაძლოა ამ კეთილდღეობის შემცირებითაც კი  იყოს გამოწვეული. ასე, მაგალითად, რაც მეტი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევა, მით უფრო გაიზრდება მთლიანი შიგა პროდუქტი. კერძოდ, თუ დაზიანდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მისი რემონტისათვის გაწეული ხარჯით, ასევე დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის გაწეული ხარჯით, დაშავებული ადამიანების მკურნალობისათვის საჭირო ხარჯითა და მათი გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სარიტუალო ხარჯით გაიზრდება მთლიანი შიგა პროდუქტი.

ის, რომ მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი ვერ ასახავს ადამიანთა კეთილდღეობას, ეს ეკონომისტებში უკვე აღარ არის საკამათო. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ისინი ცდილობენ შექმნან სხვადასხვა მაჩვენებლები, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტის ასახვას შეძლებენ. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელია, მაგალითად, ადამიანისეული განვითარების ინდექსი. ცალკე უნდა აღინიშნოს ბედნიერების ინდექსი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ამ მაჩვენებლების მრავალფეროვნებასთან ერთად ეკონომისტები მაინც მიიჩნევენ, რომ უარის თქმა მთლიანი შიგა პროდუქტის გამოყენებაზე შეცდომა იქნება, რადგან, არაერთი ნაკლოვანი მხარის მიუხედავად, ის გარკვეულად მაინც ახერხებს ეკონომიკის ზრდის შეფასებას. იმავდროულად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ზრდა არ უნდა გაიგივდეს ადამიანთა კეთილდღეობის ზრდასთან.

როგორც ზემოთ აღინიშნა ცალკე პრობლემაა, თუ რის ხარჯზე მიიღწევა საქართველოში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა აგვეხსნა ის გარემოება, თუ რატომ ვერ აღიქვამს მოსახლეობა ამ ზრდას დადებითად.

მაშინ, როცა 2018 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდამ, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5,3 პროცენტი შეადგინა, განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სახეობებში, როგორიცაა სამთო მოპოვებითი მრეწველობა – 11,4 პროცენტი, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 10,0 პროცენტი, სასტუმროები და რესტორნები – 10,9 პროცენტი, საფინანსო საქმიანობა – 9,1 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 13,4 პროცენტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 13,4 პროცენტი და ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება – 13,6 პროცენტი.

როგორც ვხედავთ, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობაზე  ან ვერანაირად, ან, უკეთეს შემთხვევაში, მცირედით აისახება. კერძოდ, უწინარეს ყოვლისა, ესაა საფინანსო საქმიანობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ეს უმთავრესად ტურიზმის განვითარებითაა გამოწვეული. ეს უკანასკნელი კი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პირობებში, სამომხმარებლო და სასურსათო კალათებში იმპორტული საქონლის ადგილობრივად წარმოებულზე ოთხჯერადი მეტობის ვითარებაში, ქვეყანას „ტურისტულ ხაფანგში“ მიაქანებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპისთვის დამახასიათებელი ეს სიმახინჯეები კიდევ უფრო განმტკიცდა 2018 წლის მეორე კვარტალში. კერძოდ, ამ პერიოდში, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა 5,5 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო, მაგალითად, საფინანსო საქმიანობა გაიზარდა 22,0 პროცენტით, ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება კი – 19,9 პროცენტით. როგორც ვხედავთ, ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც დამახასიათებელი იყო 2018 წლის პირველი კვარტალისათვის, კიდევ უფრო რელიეფურად გამოიკვეთა მეორე კვარტალში.

როცა წინმსწრები ტემპით იზრდება ეკონომიკური საქმიანობის ისეთი სახეობა, როგორიც საფინანსო საქმიანობაა, ნუ გაგვიკვირდება, რომ საქართველოს დაახლოებით 630 ათას მოქალაქის უმთავრესი პრობლემა ჭარბვალიანობაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 პროცენტს, ხშირ შემთხვევაში კი – 40 პროცენტს, სესხების მომსახურებაზე ხარჯავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ისეთი მკვეთრად გამოხატული ფაქტორი, როგორიც საფინანსო საქმიანობაა, არანაირად არ მეტყველებს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე.

იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა მეტ-ნაკლებად დადებითად აისახოს ადამიანების კეთილდღეობაზე, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკა გადავიდეს ინკლუზიური ზრდის მოდელზე, რომელიც მოითხოვს ადამიანების მეტ ჩართულობას წარმოებაში და რომელზე აქცენტიც სწორად იყო გაკეთებული დოკუმენტში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“-ში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ეს დოკუმენტი მალევე მიეცა დავიწყებას და არ განხორციელებულა.

იმედის მომცემად უნდა ჩაითვალოს  საქართველოს მთავრობის ინიციატივა ქვეყანაში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. სწორედ ამ ტიპის პროექტები შეუწყობს ხელს არა მარტო ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, არამედ – ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნისა და განვითარების გზით. ამ უკანასკნელისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მრავალფეროვნება და მეცნიერების და საუნივერსიტეტო განათლების დაფინანსების პრიორიტეტულობის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.