რონდელის ბლოგი
ტერიტორიული დავა ჩრდილოეთ კავკასიაში: უპრეცედენტო პროტესტი ინგუშეთში
ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდი მკვლევარი
2018 წლის ოქტომბერში ათი ათასობით ინგუში რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში საპროტესტოდ გამოვიდა - ისინი ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული დავის შესახებ ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვსა და მის ჩეჩენ კოლეგა რამზან კადიროვს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდნენ. მიტინგებზე აქტივობა პიკს ყოველ პარასკევს, მეჩეთებში პარასკევის ლოცვის დროს, აღწევდა. ინგუშეთის ამ პროტესტმა კარგად აჩვენა ინგუშებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელების მზარდი უკმაყოფილება რეგიონში არსებული პოლიტიკური სისტემის მიმართ.
პროტესტის მიზეზი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ტერიტორიების გაცვლა გახდა. ამ შეთანხმებით ჩეჩნეთმა იმ სადავო ტერიტორიების 20 ათასი ჰექტარი მიიღო, რომელიც ინგუშეთის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა, ინგუშეთმა კი, თავის მხრივ - ჩეჩნეთის ნაურსკის რაიონის მიწების 2 ათასი ჰექტარი. ეს ტერიტორიული დავა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, კერძოდ, როდესაც გაუქმდა ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ასსრ) და მეზობელ ჩეჩნეთთან შეერთებით შეიქმნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინგუშეთმა შეძლო ცალკე ფედერალური სუბიექტის სტატუსის აღდგენა, რამაც ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ტერიტორიული დავა გაამწვავა. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირველი მცდელობა ინგუშეთის ლიდერ რუსლან აუშევსა და არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევს შორის დადებული ხელშეკრულება იყო, თუმცა მის სისრულეში მოყვანას ჩეჩნეთის ომმა შეუშალა ხელი. ჩეჩნეთის ომის დროს სადავო ტერიტორიებს ინგუშური პოლიცია აკონტროლებდა. ჩეჩნეთზე რუსეთის კონტროლის აღდგენის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა აჰმად კადიროვმა და ინგუშეთის ლიდერმა მურატ ზიაზიკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიდწილად იმეორებს დუდაევ-აუშევის შეთანხმებას. თუმცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურად რამზან კადიროვის დანიშვნის შემდეგ კვლავ გამწვავდა ტერიტორიული დავა. მაგალითად, სადავო ტერიტორიებზე რამდენჯერმე მოხდა ინციდენტი ორი რესპუბლიკის სამართალდამცავებს შორის. მეტიც, კადიროვმა არაერთხელ სცადა ჩარეულიყო ინგუშეთის შიდა პოლიტიკაში, ზოგიერთი მისი მაღალჩინოსანი კი ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანების იდეაზე ლაპარაკობდა.
მაგასში მიმდინარე დემონსტრაციებმა რამდენიმე ძირითადი რეგიონული ტენდენცია გამოავლინა. პირველ რიგში, მაგასის დემონსტრაციები იყო თვითორგანიზებული და არ ჰყავდა ერთი კონკრეტული ორგანიზატორი. მაგალითად, თითქმის ყველა ინგუშური თემის (ტეიპის) უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული მომიტინგეთა მობილიზაციის პროცესში. დამოუკიდებელი მედიის არარსებობის პირობებში, სოციალური მედიის ისეთი პლატფორმებს, როგორიცაა Watsup, Telegram და Facebook, მიტინგების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდათ. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფების, მაგალითად, „ოპორა ინგუშეტიის“ აქტიურობაც მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა არ დაუჭირა მხარი ევკუროვის გადაწყვეტილებას. მაგალითად, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ტერიტორიების გაცვლის ხელშეკრულება მასში არსებული, კონსტიტუციასთან შეუსაბამო, იურიდიული პროცედურების გამო.
მეორე, მიუხედავად წარმატებით მიღწეული ტერიტორიული შეთანხმებისა, კადიროვმა ვერ შეძლო ინგუშეთის მოქცევა თავისი გავლენის სფეროში. მან საგრძნობ მხარდაჭერას ინგუშეთის ვერც ერთ სოციალურ ფენაში ვერ მიაღწია. მეტიც, კადიროვმა ვერ შეძლო ინგუშეთში თავისი ოპონენტების იძულებითი და დამამცირებელი ე.წ. „მობოდიშების ვიდეოები“ ჩაწერა. საბოლოო ჯამში, პუტინის უპირობო მხარდაჭერისა და ჩეჩნეთის ტოტალური კონტროლის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ კადიროვმა კარიერულ პიკს მიაღწია. ძნელად წარმოსადგენია მისი მინისტრის ან სხვა ფედერალური მასშტაბის თანამდებობაზე დაწინაურება. შესაბამისად, კადიროვი შეეცდება ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი მზარდი ამბიციების დაკმაყოფილებას. მაგალითად, ინგუშეთის გარდა, მას ტერიტორიული პრეტენზია აქვს ასევე მეზობელი დაღესტნის მიმართაც - ჩეჩნებით დასახლებული ნოვოლაკსკის რაიონის გამო.
მესამე, ინგუშეთის დემონსტრაციები არის ჩრდილოეთ კავკასიაში მზარდი პროტესტისა და მობილიზაციის განუყოფელი ნაწილი. მასობრივი მობილიზაცია პირველად იუსუფ ტემირხანოვის დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. ტემირხანოვს ბრალად ედებოდა რუსი პოლკოვნიკის - იური ბუდანოვის მკვლელობა, რომელიც, თავის მხრივ, ჩეჩენი ქალის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეჩნეთის მამაკაცთა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაესწრო ჩეჩნურ სამგლოვიარო ცერემონიას - თეზეტს, რომელიც თემირხანოვის მშობლიურ სოფელში გაიმართა.
მეორედ მობილიზაციის შემთხვევა იყო ბალყარელებსა და ჩერქეზებს შორის სოფელ ქენდელენში მომხდარი შეტაკება. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და, სავარაუდოდ, ადგილობრივი ელიტებისა და ინტერესთა ჯგუფების ინსპირირებული იყო. მიუხედავად ამისა, ორივე მხარემ შეძლო საკმაო რაოდენობის დემონსტრანტების მობილიზება სოციალური მედიის მეშვეობით.
დაბოლოს, მაგასში მიმდინარე დემონსტრაციებმა გამოიწვია ევკუროვის დისკრედიტაცია როგორც რესპუბლიკის შიგნით, ისე ფედერალური მასშტაბით. მხარდამჭერთა არარსებობის გამო ევკუროვმა ვერ შეძლო კონტრდემონსტრაციების გამართვა. მიუხედავად მისი მესამე ვადით არჩევისა, ევკუროვის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზრდება. მის დაბალ ლეგიტიმაციას ისიც განაპირობებს, რომ ევკუროვი თანამდებობაზე არჩეული კი არ არის, არამედ დანიშნულია მოსკოვიდან.
აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებში მოსკოვის ჩართულობა იყო მინიმალური. მაღალი დონის არც ერთ რუს პოლიტიკოსს არაფერი უთქვამს ამ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. როსგვარდიას და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს არ უცდიათ დემონსტრაციების დაშლა. მეტიც, დემონსტრანტები არ მიესალმნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის - ალექსანდრ მატოვნიკოვის ვიზიტს მაგასში.
მაგასის დემონსტრაციებმა გვიჩვენა მზარდი არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში. პუტინმა, თავისი მმართველობის პირველი წლებიდან მოყოლებული, შეძლო ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკური სპექტრის გაწმენდა პოლიტიკური ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ისლამური იატაკქვეშეთისგან, რამაც პოლიტიკური ვაკუუმი წარმოქმნა. სოციალური მედიის განვითარება, არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამომავლო პროტესტისათვის.