რონდელის ბლოგი
რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
2018 წლის 19 დეკემბერს ტრამპის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით, 60-100 დღეში, გაიყვანოს ამერიკული სამხედრო ნაწილები (2 200 კაცი) ჩრდილოეთ სირიიდან (რომელსაც პროქურთული YPG – „ხალხთა დაცვის შენაერთები“ აკონტროლებენ), რადიკალურად ცვლის მყიფე სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად „დაეშის“(ISIS) თითქოსდა დამარცხება დაასახელა. თუმცა, რეალურად, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ჩრდილოეთ სირიაში მოსალოდნელი თურქული სამხედრო ოპერაციისას უშუალოდ თურქულ-ამერიკული დაპირისპირება არ მომხდარიყო, ანკარასთან ერთგვარი გარიგება შედგა. საგულისხმო ფაქტია, რომ იმავდროულად ვაშინგტონი და ანკარა ამ უკანასკნელისათვის 3,5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების – „პეტრიოტების“ – მიყიდვაზეც შეთანხმდნენ, რითაც აშშ ცდილობს, თურქეთს რუსული წარმოების S-400-ების შეძენაზე უარი ათქმევინოს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სირიიდან ჯარების გაყვანა ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. მან რამდენჯერმე გამოაცხადა კიდეც, რომ დანაპირებს შეასრულებდა, თუმცა მაშინ პენტაგონმა ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.
ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამერიკელი მაღალჩინოსნები თავიანთ ოფიციალურ განცხადებებში ირწმუნებოდნენ, რომ სირიიდან გასვლას არ აპირებდნენ და იქ ხანგრძლივად დარჩენას გეგმავდნენ.
მხარეთა რეაქციები
ტრამპის გადაწყვეტილებას როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო არენაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველაზე ხმაურიანი და საგულისხმო თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის, თანამდებობიდან წასვლა გამოდგა. მისი ხედვა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას არ დაემთხვა.
პენტაგონი, რომელიც, ტრადიციულად, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოზიციების შესუსტებას ეწინააღმდეგება, საკუთარი განცხადებით სიტუაციის დაბალანსებას შეეცადა. კერძოდ, პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ფაზაზე გადადის, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, ამ „ახალ ფაზაში“ რა იგულისხმება.
ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც (მათ შორის იყვნენ რესპუბლიკელებიც), რომელიც ფიქრობდა, რომ დაუშვებელია, სირიის მომავალი რუსეთმა და ირანმა განსაზღვრონ. მათ ასევე არასწორად მიაჩნიათ შუა ბრძოლაში მოკავშირეების (ისრაელისა და YPG-ის) მიტოვება, რადგან ეს, მათი შეფასებით, საერთაშორისო არენაზე შეერთებული შტატების პრესტიჟს შელახავს.
საინტერესოა, რომ ვაშინგტონის პოზიციას არც მისი ევროპელი პარტნიორები იზიარებენ. პარიზმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედროებს დატოვებს და, ამ მიზნით, YPG-სთან კონტაქტები გაააქტიურა. აშშ-ის ისეთმა ახლო პარტნიორმაც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ამ საკითხში ვაშინგტონს მხარი არ დაუჭირა, რადგან სამართლიანად მიიჩნევს, რომ „დაეშისა“ და, ზოგადად, ჯიჰადისტური საფრთხე ახლო აღმოსავლეთში ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა. მართალია, ამ უკანასკნელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფართობი შემცირდა, მაგრამ მათი რაოდენობა და დაფინანსების წყარო არ შეკვეცილა.
აშშ-ის გადაწყვეტილება რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე უარყოფითად ისრაელზე აისახება, რადგან სირიაში მეტად გაძლიერდება ირანის ისედაც არცთუ მცირე გავლენა. ირანმა სირიაში ფეხის მოკიდებით პირველად შეძლო მთავარ მოწინააღმდეგესთან, ისრაელთან, ე.წ. „სახმელეთო ხიდით“ (ირანი-ერაყი-სირია) მიახლოება. ამიტომ ისრაელი რეგულარულად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ ირანულ სამხედრო ბაზებზე. ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ არ დამალა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, იერიშების ინტენსივობა გაზარდოს.
საკუთრივ სირიაში აშშ-ის ერთგული მოკავშირე, პროქურთული YPG, რომელმაც მანამდე „დაეშის“ მიერ კონტროლირებული ვრცელი ტერიტორიების დაკავება დიდი მსხვერპლის ფასად შეძლო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვაშინგტონი წლების განმავლობაში ინტენსიურად წვრთნიდა და აიარაღებდა YPG-ს, რის გამოც თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ხშირად მკვეთრად იძაბებოდა. წლებია, თურქეთი YPG-ს ტერორისტული ორგანიზაციის – PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებს. თურქულმა ნაწილებმა ჩრდილოეთ სირიაში YPG-ის პოზიციების საარტილერიო დამუშავება 21 დეკემბერს უკვე დაიწყეს, თავად ამერიკული სამხედრო ნაწილები კი მანამდე დაკავებული პოზიციების დატოვებას შეუდგნენ. ამიტომ YPG-მ ასადის რეჟიმთან სასწრაფო წესით ინტენსიური მოლაპარაკებების სერია წამოიწყო. მოლაპარაკებათა მიზანია, თავიდან აიცილონ შესაძლო თურქული სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში. YPG-ს ბრძოლებში გამოცდილი 40 000-კაციანი არმია ჰყავს, თუმცა სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები არ გააჩნია, შესაბამისად, თავის გადარჩენა დამოუკიდებლად ძალზე გაუჭირდება.
ბუნებრივია, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ მოსკოვი და მისი მოკავშირეები რეგიონში (ირანი და ასადის რეჟიმი), რადგან რეგიონიდან ამერიკელების გასვლით მათთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იქმნება.
საინტერესოა, რომ ტრამპის მიერ ჯარების გაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, 20 დეკემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ანკარას ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა, სხვა თემებთან ერთად, სირიაში შესაძლო ერთობლივი ქმედებების შესახებაც ისაუბრეს.
„დაეშმა“ ვაშინგტონის გადაწყვეტილება საკუთარი მიზნების რეალიზაციის ახალ შესაძლებლობად მიიჩნია და 20 დეკემბერს მიმდევრებს მოუწოდა, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ახალი თავდასხმები განახორციელონ.
დასკვნები:
ტრამპის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია, შედეგად მიღოთ შემდეგი:
- რეგიონში საგრძნობლად შემცირდება აშშ-ის გავლენა, სამაგიეროდ, გაიზრდება რუსეთის, ირანისა და ასადის რეჟიმის წონა;
- მნიშვნელოვანი ჩრდილი მიადგება აშშ-ის პრესტიჟს საერთაშორისო არენაზე. იმ ქვეყნებსა და ძალებს, რომლებიც მომავალში აშშ-სთან მოკავშირეობაზე იფიქრებენ, სირიის შემთხვევის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევთ;
- რუსეთი, ასადის რეჟიმი, ირანი და თურქეთი ძალის გამოყენებით ან შეთანხმებით შეეცდებიან ჩრდ. სირიის იმ ტერიტორიის (ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ის) დაკავებას, რომელსაც ამჟამად YPG აკონტროლებს. შედეგად, ძალთა ბალანსი ადგილზე მნიშვნელოვნად შეიცვლება;
- ასეთ ფონზე YPG-ს ნაკლებად ეცლება „დაეშთან“ საბრძოლველად. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს უკანასკნელი ხელახლა გააქტიურდება. მითუმეტეს, რომ „დაეშს“ რეგიონში დაახლოებით 14 000 მებრძოლი ჰყავს;
- ვინაიდან ანკარა მთავარ ეგზისტენციურ საფრთხედ YPG-ს მიიჩნევს, მის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად აუცილებელი გახდება მოსკოვთან კოორდინაცია, თუნდაც იმიტომ, რომ სირიის საჰაერო სივრცეს 2015 წლის შემოდგომის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი;
- ირანის პოზიციების გაძლიერების შესაბამისად, ისრაელს უსაფრთხოების დამატებითი პრობლემები შეექმნება. ირანიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად ის იძულებული გახდება, გააძლიეროს შეტევათა ინტენსივობა და, ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლოს მოსკოვთან, რაც გაზრდის რუსეთზე მისი დამოკიდებულების ხარისხს;
- რეგიონიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, ირანისთვის აღარ იარსებებს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი და გამორიცხული არ არის, მას ისრაელისთვის სამხედრო პასუხის გაცემის ცდუნება გაუჩნდეს, ამას კი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს;
- ასეთ სიტუაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორი მომენტი:
ა) შესაძლოა, „დაეშის“ გააქტიურებამ კვლავ მისი მებრძოლების ამოძრავება გამოიწვიოს, როგორც 2017 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჩატაევმა და მისმა რაზმმა საქართველოში შემოღწევა შეძლეს;
ბ) რეგიონში ამერიკული პოზიციების მნიშვნელოვანი შესუსტება და რუსული გავლენის გაზრდა (მათ შორის, ისრაელსა და მეზობელ თურქეთზე) საქართველოს უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.
თემატური პოსტები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ბაიდენის თავსატეხი
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ქალები საქართველოდან სირიის კონფლიქტში და მათი მომავალი
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- ვის ეხმარება რუსეთი?
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში