X

რონდელის ბლოგი

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საშუალება ეძლევა 2019 წელს უზრუნველყოს საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება საფრანგეთში

2018 / 12 / 24

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

2018 წელი წარსულს ბარდება - ხიფათებით და წინააღმდეგობებით აღსავსე.  უკრაინული და ქართული დიპლომატიისათვის იგი ფრიად რთული იყო.

საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი მრავალი საინტერესო მოვლენით იყო დახუნძლული, მაგრამ ორი მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო ლიდერთა ეს ორი ყოველწლიური შეკრება ტრადიციულად გამოირჩევა გავლენის მაღალი დონითა და ხარისხით საერთაშორისო თანამშრომლობის მთელ სისტემაზე. ეს იყო ტორონტოში 22-24 აპრილის G7-ის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა  და უშიშროების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრა და იმავე ფორმატის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრა შარლევუაში, კვებეკი, 8-9 ივნისს. G7-ში ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, 2018 წელს ორივე შეხვედრა გაიმართა კანადაში, თავმჯდომარე ქვეყნის ტერიტორიაზე.

უკრაინის დიპლომატიის უპირობო გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პ. კლიმკინი  მიწვეული იყო ტორონტოს შეხვედრაზე, სადაც სპეციალურ სესიაზე განიხილებოდა რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საკითხი. მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდა შესაბამისი ტექსტი, რომელიც აისახა ჯერ G7 საგარეო საქმეთა მინისტრების ტორონტოს შეხვედრის დოკუმენტში, შემდეგ კი შარლევუას G7 სამიტის დასკვნით კომუნიკეში.

სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდა. როგორც შედეგი, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები რეგიონში, მაგრამ საქართველოს მოხსენიება ამ კონტექსტში დაავიწყდათ. ამ ვითარების გამოსწორებაზე არავის უზრუნია 44 დღის განმავლობაში. ზუსტად ეს ინტერვალი იყო ტორონტოსა და შარლევუაში გამართულ შეხვედრებს შორის. გამოსწორების  შესაძლებლობები კი ნამდვილად არსებობდა.

ზუსტად ამ ინტერვალში, კერძოდ კი 20-21 მაისს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის შედეგად საქართველომ მიიღო შთამბეჭდავი დახმარების დაპირება. მაგალითად, ამაზე პირდაპირ და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში 2018 წლის 21 მაისს, როდესაც სიტყვით მიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიური საბჭოს სხდომას: „შეერთებული შტატები ცალსახად გმობს საქართველოს მიწების ოკუპაციას რუსეთის მიერ... რუსეთის ძალისმიერი შემოჭრა საქართველოში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა“. (იხ.:). ეს პრინციპული მიდგომა, სამწუხაროდ, ვერ იქნა გადატანილი შარლევუას დასკვნით დოკუმენტებში.

ამ კონტექსტში აგრეთვე უნდა გავიხსენოთ უკრაინის პრეზიდენტის პ. პოროშენკოს შეთავაზება, გამოთქმული პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს. ეს შეთავაზება ეხებოდა ორივე ქვეყნის მტრული სახელმწიფოს - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების გაძლიერებას. იმ რუსეთის, რომელიც ახდენს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციასა და ანექსიას. და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ამ ქვეყნების. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ამ შემოთავაზებას ყურადღება არ მიაქცია. აქედან გამომდინარე, ხელიდან გამოგვეცალა ოკუპანტ ქვეყანასთან ბრძოლაში საქართველოს პოზიციის გაძლიერების მორიგი შანსი. ჩვენ ამ პრობლემაზე ვწერდით ორ ბლოგში, რომლებიც მივუძღვენით, შესაბამისად, შეხვედრებს ტორონტოსა და შერლევუაში.

დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვასწოროთ 2018 წელს დაშვებული შეცდომები. შარშანდელმა ნეგატიურმა გამოცდილებამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. წელს ყოველმხრივ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე და ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის კონსოლიდაციას ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, ასევე საქართველოს უფრო ძლიერად წარმოჩენას საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს დეოკუპაციის პერსპექტივების გამყარება.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ხელს გვიწყობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველი: რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას რეგიონში და, უფრო მეტიც, ამკაცრებს მას (მაგალითად, ქერჩის ყურეს მიმდებარე წყლებში უკრაინის ხომალდებზე 25 ნოემბერს მიტანილი სამხედრო იერიში), რაც აძლიერებს G7-ის დღის წესრიგში რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას. ეს გამომდინარეობს დიპლომატიის ორი ფუნდამენტური პრინციპიდან, რითაც ხელმძღვანელობს ცივილიზებული სამყაროს დიპლომატია - მდგრადობა და მემკვიდრეობითობა; მეორე: 2019 წლის პირველი იანვრიდან G7-ის თავმჯდომარეობა გადადის საფრანგეთზე და მესამე: ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კავშირები საფრანგეთთან და ფრანგულ დიპლომატიასთან საყოველთაოდ ცნობილია.

2019 წელს საფრანგეთში -  G7-ის თავმჯდომარე სახელმწიფოში ხელთ გვაქვს სერიოზული დიპლომატიური გარღვევისთვის საჭირო ყველა აუცილებელი წინაპირობა. ამისათვის საჭიროა პროგრამა-მინიმუმის და პროგრამა-მაქსიმუმის ჩამოყალიბება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. ეს გეგმა უნდა ეყრდნობოდეს არსებულ მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს და აყალიბებდეს ამოცანებს საქართველოს დიპლომატიური კორპუსისათვის. ამასთან, პირველადი ანალიზი ადასტურებს, რომ სერიოზული დამატებითი მატერიალური რესურსები საჭირო არ იქნება.

პროგრამა-მინიმუმი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (უკეთესი იქნება, თუ თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად) მონაწილეობას იღებს G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალურ სესიაში. მიზანი: რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ტექსტის მომზადება მინისტრების შეხვედრის დოკუმენტისათვის, შემდგომში მისი სამიტის დოკუმენტებში გადატანით, ტორონტოსა და შარლევუას შეხვედრების ანალოგიით.

პროგრამა მაქსიმუმი: საქართველოს პრეზიდენტი იღებს მოწვევას სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე. ეს შეესაბამება G7-ის ტრადიციებს. შარლევუაში, მაგალითად, მიწვეულები იყვნენ არგენტინის, მარშალის კუნძულების, კენიის, სენეგალის, სეიშელის კუნძულების, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტები, ნორვეგიის, იამაიკის, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრები და ა.შ. 

მოქმედებათა გეგმა შესაძლოა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან:

  • უკრაინასთან პოზიციის კოორდინირება. უკრაინასთან თანამშრომლობა დამატებით წონას შესძენს ჩვენს ქმედებებს საერთაშორისო არენაზე, გააძლიერებს საერთო პოზიციებს და მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს საქმეს. უკრაინასთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ სასურველი ტექსტი შემდგომში მისი ჩართვით G7 - ის დოკუმენტებში (ეს სერიოზული სამუშაოა, დოკუმენტი უნდა შეიცავდეს როგორც საერთო გზავნილებს - ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, პარტნიორებისა და ალიანსების არჩევანის უფლება და ა.შ., ასევე კონკრეტულ მიდგომებს სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით; ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ტეტუნაშვილი-ოთხოზორიას და ანალოგიური უკრაინული სიის საკითხი; უკრაინამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა ამგვარ სიაზე, თუნდაც ქერჩის ინციდენტის საპასუხოდ და ა.შ.);
  • ქართველი და უკრაინელი დიპლომატების ერთობლივი მუშაობა G7-ის წევრ სახელმწიფოთა შვიდ დედაქალაქში, ელჩების ერთობლივი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროებში, პრეზიდენტების/პრემიერ-მინისტრების ადმინისტრაციებში, პარლამენტებში და ა.შ.;
  • კოორდინირებული მუშაობა თბილისსა და კიევში G7-ის ქვეყნების ელჩებთან;
  • გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტის ამოქმედება, მათი ვიზიტები, უკეთესია, თუ იქნება ერთობლივი, G7-ის წევრ სახელმწიფოთა 7 დედაქალაქში;
  • როგორც გადამწყვეტი ფაქტორი - პრეზიდენტის ინსტიტუტის ამოქმედება შესაბამის ფორმატში და საჭირო ვითარებაში. როდის და როგორ - დრო გვიჩვენებს.

საქართველოს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, მიაღწიოს წარმატებას საგარეო პოლიტიკაში და შეუზღუდოს აგრესორს მანევრის ველი. ბუნებრივია, გასაგები მიზეზების გამო, ამის გაკეთება უფრო ადვილია უკრაინასთან ერთად...

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.