რონდელის ბლოგი
რუსული კვალი ქართულ არჩევნებში
ავტორი: ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი
პრეისტორია
2011 წელს რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სოციალურ ქსელებში დაგეგმილმა საპროტესტო გამოსვლებმა და „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებმა კრემლს ნათლად დაანახა ინტერნეტის, როგორც დემოკრატიული პროცესების ინიციატორის ძალა. რუსეთში შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად გაძლიერდა საინფორმაციო სივრცის კონტროლი. მოგვიანებით კი ვირტუალური სივრციდან კრემლის საწინააღმდეგო ინფორმაციის და განწყობების გამოსადევნად, კიბეროპერაციები განხორციელდა საერთაშორისო არენაზეც. „ინფორმაციული კონფრონტაცია“ (“Информационное Противоборство”), რომლის ძირითადი ეფექტი სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ფორმირება და ქცევის მართვაა, კრემლისთვის მსოფლიო არენაზე დომინირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ინფორმაციული კონფრონტაციის მნიშვნელოვანი მიმართულებაა თავდასხმები უცხო სახელმწიფოთა ინსტიტუტებსა და სისტემებზე, დემოკრატიული მმართველობის ფორმებისა და საკვანძო პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია. ამ მიზნით, 2014 წელს უკრაინის საარჩევნო სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევებიდან მოყოლებული, კიბეროპერაციები მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენეს აშშ-ის და საფრანგეთის საპრეზიდენტო და გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების პროცესში.
არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რუსული სპეციფიკა
საარჩევნო პროცესებში რუსეთის ჩარევისა და შედეგებით მანიპულირების სქემა მარტივია: არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, კიბერშპიონაჟის საშუალებით, ხდება საინფორმაციო სისტემებში არსებული სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება ან ღია წყაროებიდან გარკვეული ნიშნით შეგროვება, შემდგომ კი პოლიტიკური ფიგურების ან ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზნით მისი გავრცელება. პარალელურად, სახეზეა ტროლებისა და „სასარგებლო იდიოტების“ მიერ ყალბი პროფაილებისა და ბლოგების გამოყენებით წინასწარ წამოწეული თემების, მიმდინარე მოვლენებისა და ინფორმაციის კომენტირება, რუსული ნარატივის დამკვიდრება და სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.
რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, გარდა კონკრეტული კანდიდატის კომპრომეტაციისა, მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციას. გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, მაასენი, ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის მხრიდან რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას, როგორც აშშ-ის, ასევე ბუნდესტაგის 2017 წლის არჩევნებში. მისი მოსაზრებით, რუსეთი გერმანიის არჩევნებისას მოქმედებდა არა კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესასუსტებლად და ნებისმიერი მომავალი კანცლერის შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის შესამცირებლად. დაბალი ნდობის ხარისხის მქონე სახელმწიფოს მეთაური, როგორც გერმანიის, ისე, აშშ-ის შემთხვევაში დამატებითი ბენეფიტი იქნებოდა რუსული საგარეო პოლიტიკისათვის. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებულ დასკვნებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთი, მსოფლიო მასშტაბით საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, მსგავს ტექნოლოგიებს გამოიყენებს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის.
რუსული კვალი ქართულ არჩევნებში
თუკი რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესებით დაინტერესების ხარისხს, ჩვენი ქსელების მოწყვლადობასა და რუსული კიბერაქტორების მათში შეღწევადობის ხარისხს გავითვალისწინებთ, ცხადია, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაზე რუსული გავლენა ყურადსაღებია. ცნობილი ფაქტია, რომ კრემლთან დაკავშირებულ კიბერაქტორებს, მათ შორის APT28-ს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასანქცირებული წვდომა ჰქონდათ ქართულ სახელმწიფო, საკომუნიკაციო თუ ბიზნეს-ქსელებთან, რის შედეგადაც, ქართული სამსახურებისთვის უცნობი, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდი მოცულობის სენსიტიური ინფორმაცია წლების მანძილზე ხვდებოდა რუსული სპეცსამსახურების ხელში. იგივე ორგანიზაციაა პასუხისმგებელი აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის სამთავრობო ქსელებზე წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ კიბერშპიონაჟის ფაქტებზეც. ჩვენს არჩევნებში, გარდა არალეგალურად მოპოვებული მაკომპრომეტირებელი მასალებისა, გასავრცელებელი კონტენტის კიდევ ერთ წყაროდ იქცა ღია რესურსებსა და სოციალურ ქსელებში არსებული, ამა თუ იმ კანდიდატის ან მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების, მოსაზრებები თუ გამონათქვამები სენსიტიურ თემებსა და პროცესებზე.
ორივე მიმართულებით გამოქვეყნებული მაკომპრომეტირებელი მასალების, აუდიო თუ ვიდეოფაილების კონტროლირებადი გავრცელების, ღია წყაროებში არსებული მასალების ოპტიმიზირებული ტირაჟირების ფონზე, საარჩევნო კამპანია უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარიმართა. ხდებოდა ზესენსიტიურ თემებზე მანიპულაციური აქცენტების დასმა, ტროლების, ინტერნეტბოტებისა თუ სხვა საშუალებებით მსჯელობის გაჩაღება და ანტაგონისტური პოზიციების გამყარება.
შეიქმნა ვითარება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობისაგან დამოუკიდებლად, კრემლისთვის ცალსახად ხელსაყრელი განწყობები ჩამოყალიბდა ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსათვის.
შედეგები:
- რუსეთთან ფარულ თუ ღია კავშირებზე აქცენტების დასმით და შესაბამისი კონტენტის ტირაჟირებით მოხდა ორივე კანდიდატის მაქსიმალური დისკრედიტაცია. არჩეული პრეზიდენტის მიმართ დამკვიდრდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილის ან მართულის იმიჯი, რაც პრაქტიკულად უკარგავს მას სათანადო შიდაპოლიტიკურ მხარდაჭერას. ამგვარი იმიჯის გამყარებისათვის რუსეთის ოფიციალური პირები საპარლამენტო თუ სამთავრობო დონეზეც კი არ მოერიდნენ მხარდამჭერ განცხადებებს ცალკეული კანდიდატების მიმართ. სათანადო შიდაპოლიტიკურ მხარდაჭერას მოკლებული პრეზიდენტი ასევე მოკლებული იქნება პოლიტიკური ვარირებისა და სადეოკუპაციო მოლაპარაკებების წარმოებისას (თუნდაც მტრულ ძალასთან) მოქნილობის შესაძლებლობას;
- ოკუპანტის მიერ მხარდაჭერილის იმიჯის მქონე კანდიდატის გამარჯვება იწვევს ანტაგონისტური განწყობების გაღვივებას და მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ელექტორატის ჩამოყალიბებას. კამპანიის ამგვარად წარმართვამ გამოიწვია არჩეული პრეზიდენტის (მიუხედავად კანდიდატურისა) მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ოპოზიციის (ამომრჩეველთა 40-45%) ჩამოყალიბება. ამ პირობებში მისი მმართველობის პერიოდი, ნაცვლად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებისა, ძირითადად დაეთმობა აღნიშნული წინააღმდეგობის დაძლევას;
- პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის რუსეთთან დაკავშირებულ პერსონად აღქმა, საზოგადოებაში იწვევს კრემლისადმი ლოიალური ძალების მიერ ქვეყნის მმართველი წრეების დაკომპლექტების განცდას, რაც თავის მხრივ განაპირობებს პრორუსული ძალების და ელიტების ფორმირება-გაძლიერებას;
- კრემლისადმი ლოიალური განწყობების ზრდას და ეროვნული იდეის უზურპაცია-დისკრედიტაციას უწყობს ხელს მკვეთრად პრორუსული პოლიტიკური ძალების მიერ მეორე ტურის წინ თითქოსდა ერის კონსოლიდაციის მიზნით, ეროვნული პრობლემატიკით გაჯერებული ხალხმრავალი აქციების გამართვა. ეს, შესაძლოა, ერთგვარი სიგნალი იყოს რუსეთისათვის, პრორუსული პოლიტიკური ძალების ქვეყნის მმართველობაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობისათვის მზადყოფნის შესახებ. გარდა ამისა, ამგვარმა აქციებმა კიდევ უფრო გააღრმავა პრორუსული ძალების მიერ კანდიდატის/ არჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერის განცდა და პრორუსული პარტიების მხრიდან ეროვნული ძალების ნიშის დაკავების შეგრძნება;
- სახელმწიფოსათვის უკიდურესად წამგებიან კონტექსტში მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ინიციატორის თემის, ქართველი სამხედროების თითქოსდა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გასამართლების საფრთხის წამოწევა. მოგვიანებით, ადგილი ჰქონდა ეროვნული გრძნობების შეურაცხმყოფელი ფორმით 9 აპრილის თემატიკის გაჟღერებას საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელებში. თემა ორკესტრირებულად და მასშტაბურად იქნა კომენტირებული ტროლებისა და „სასარგებლო იდიოტების“ მიერ. თემის ირგვლივ წარმოებული გამთიშავი პროპაგანდა შეეხო ავტორიტეტულ ჯგუფებს, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ეკლესია და სხვა;
- 2012 წლის შემდგომ, პირველად საერთაშორისო დამკვირვებლების და სტრატეგიული პარტნიორების შეფასებაში საარჩევნო სისტემისა და პროცესის კრიტიკამ გაიჟღერა, როგორც ნეგატიური საარჩევნო კამპანიის, ისე ერთ-ერთი ძალის სასარგებლოდ რესურსების არათანაბრად განაწილებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე. მსგავსი შეფასებები, მით უმეტეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პრობლემის გაღრმავების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნას ევროატლანტიკური ინტეგრაციის დროში გაჭიანურების ასახსნელად და რუსული „ვეტოდან“ აქცენტის გადასატანად. იგივე ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მოუხსნის იმ დისკომფორტს, რასაც ევროატლანტიკურ ბლოკში ინტეგრაციაზე რუსული პოზიციის გავლენა უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას. მოვლნების ამგვარი განვითარება ხელს შეუწყობს პოლიტიკური თუ ეკონომიკური არასტაბილურობის განცდის გაღვივებას, რაც საინფორმაციო კონფრონტაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
ამრიგად, განსხვავებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისაგან, სადაც, დემოკრატიული პროცესების და საარჩევნო სისტემის დისკრედიტაციის მიღმა, რუსეთი აშკარად მოქმედებდა ერთ-ერთი კანდიდატის კომპრომეტაციის მიზნით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული ინტერესები კონცენტრირდა ორივე კანდიდატის მაქსიმალურ დისკრედიტაციაზე არჩეული პრეზიდენტის შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.
მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული რესურსი დაიხარჯა იმ მიმართულებით, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, არჩეულ პრეზიდენტს ჰქონოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილის იმიჯი, რაც ერთი მხრივ, მოახდენდა ანტაგონისტურად განწყობილი დიდი საპროტესტო ელექტორატის, ხოლო მეორე მხრივ, პრორუსული ელიტის ფორმირებას.
გარდა აღნიშნულისა, უკიდურესად ნეგატიური კამპანიის პროპაგანდისტული მუხტი მიმართული იყო თავად საზოგადოების გახლეჩაზე განსაკუთრებით სენსიტიური სახელმწიფოებრივი თემატიკის ნიშნით. საპრეზიდენტო კამპანიის პირობებში ადგილი ჰქონდა აშკარად პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკური ელიტების როლის ხაზგასმას, თითქოსდა მათი ეგიდით მოსახლეობის ეროვნული იდეის ქვეშ კონსოლიდაციის მიზნით.
მსგავსი ტენდენციები ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც კრემლის სასარგებლოდ ცნობიერების ცვლა, პრორუსული ელიტების ფორმირების უკიდურესად სახიფათო პროცესი, კრიტიკული მასის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლებელია, კონვენციური თავდასხმის წინაპირობად და ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.