რონდელის ბლოგი

დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები

2018 / 12 / 27

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2018 წლის დასასრულს, საკუთარი სუვერენიტეტისთვის მებრძოლი რუსეთის მეზობლების პერსპექტივები ძალიან ოპტიმისტურადაც ვერ გამოიყურება. რუსეთი კვლავ უკიდურესად სახიფათოა. უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, შეტაკებები კვლავ ყოველდღიურად მიდის. არსებობს შემაშფოთებელი სიგნალები, რომ მომავალში, ადრე თუ გვიან, რუსეთმა შეიძლება განაახლოს შეტევითი ოპერაციები. საქართველო კვლავ ცხოვრობს ოკუპაციის და ყველა თანდაყოლილი მოვლენის პირობებში, ხოლო მისი საზოგადოება ღრმად არის პოლიტიკურად დაყოფილი.

ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნებიც კი ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, აკვირდებიან რა პრობლემების მქონე ევროკავშირს, რუსეთის ზოგ ევროპელ მეგობარს, რომელიც გამოდის მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელების წინააღმდეგ, და ამერიკელ პრეზიდენტს, რომელიც საჯაროდ გამოთქვამდა ეჭვებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის გონივრულობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ, რამდენიმე თვეში, მოულოდნელად გამოაცხადა სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანა.

ეს უსიამოვნო რეალობა არსად გაქრება და შესაძლოა გაუარესდეს კიდევაც, თუმცა ახლა, როგორც ხდება ხოლმე ახალი წლის პერიოდში, ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს დაივიწყოს რუტინა, რამდენიმე დღით მაინც. ამიტომ, 2018 წლის შეჯამებისა და 2019 წლის თავგადასავლებისთვის მომზადების დროს, მსურს ოდნავ განსხვავებული თვალით შევხედო ჩვენს - რუსეთის გეოპოლიტიკური ფრონტის ხაზის მობინადრეების - ყოფას.

ისტორიული ლიტერატურის კითხვის დროს, ჩემზე ხშირად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მსგავსებებს დღევანდელი რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობასა და XVI საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპაში მომხდარ ამბებს შორის.

იმ დროს, ფილიპე მეორის (მეფობდა 1556–1598 წლებში) ესპანეთი იბრძოდა რეგიონული დომინირებისთვის, კათოლიკური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიის გამოყენებით. ფილიპეს მმართველობის დასაწყისში, ესპანეთის ძლიერების ზრდა დაემთხვა მისი მეტოქე ევროპულ სახელმწიფოთა დასუსტებას. ამის შედეგად, მას მიეცა შესაძლებლობა ეცადა დასავლეთ ევროპაში ჰეგემონიისათვის ბრძოლა, რაც ფილიპე მეორემ გააკეთა კიდეც 1580-იან და 1590-იან წლებში. მისი მეტოქე პროტესტანტები და ზომიერი კათოლიკები არ შეადგენდნენ ერთიან ორგანიზებულ ძალას და სტრატეგიულად ესპანეთზე ბევრად სუსტები იყვნენ.

ფილიპე მეორის მიერ 1568 წელს მის წინააღმდეგ აჯანყებულ ნიდერლანდებთან მთელი სიცოცხლის მანძილზე წარმოებული ომის მსგავსად, რუსეთის ომი უკრაინაში არის გაწელილი პროცესი, რომელსაც ახლო მომავალში ბოლო არ უჩანს. ყველა იმედი პოლიტიკური კომპრომისის თაობაზე განწირულია, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეთა მიზნები ერთმანეთს უკიდურესად დაშორებულია. დიდი სახელმწიფო თავის ყოფილ პროვინციაზე კონტროლის დამყარებას აუცილებლად მიიჩნევს საკუთარი იმპერიული ამბიციების რეალიზებისთვის, და ამიტომ მას თავს არ დაანებებს. ხოლო ამ ყოფილმა პროვინციამ უკვე განავითარა საკუთარი ცალკე იდენტობა. ის არ ჩააბარებს თავის ბედს უცხო ძალის ხელში. სამხედრო ოპერაციების მკვეთრი გააქტიურების პერიოდების გარდა, საბრძოლო მოქმედებები მეტწილად ნელი და პოზიციურია.

საქართველო თავის სასიცოცხლო ინტერესებსა და უკეთესი მომავლის იმედს რუსეთის იმპერიული ამბიციების მარცხს უკავშირებს, მაგრამ მისი საზოგადოება დაბნეული და დაყოფილია, რაც ფილიპე მეორის დროინდელ საფრანგეთს მოგვაგონებს. საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას რუსეთის ეშინია, როგორც გვიანდელი ვალუას დინასტიის ფრანგულ მონარქიას ეშინოდა ესპანეთის. ამავე დროს, ხსენებული მონარქიის მსგავსად, ქართული მთავრობა არის სუსტი, უამრავ რამეში შემცდარი, არაკომპეტენტური, და დიდი სახელმწიფოს შიშით ზედმეტად პარალიზებული იმისათვის რათა სერიოზულად შეეწინააღმდეგოს ამ სახელმწიფოს უკიდურესად სახიფათო გავლენის საკუთარ ქვეყანაში გავრცელებას.

აქტიური ქართველი ლიბერალები წარმოადგენენ უმცირესობას, ფრანგი ჰუგენოტების მსგავსად. როგორც საფრანგეთში იყო ესპანეთთან აფილირებული „კათოლიკური ლიგა“, საქართველოშიც არის პრო-რუსული მეხუთე კოლონა. ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან აკავშირებს საოცარი მსგავსება ველური ქსენოფობიის, სიბნელისა და თავისუფლების სიძულვილის სახით, საკუთარი ქვეყნის მტრის გვერდით დგომის გარდა. ამასთან, ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება რუსეთის დომინირებას, მსგავსად XVI საუკუნის მეორე ნახევარში „პოლიტიკებად“ (ფრ. politiques) წოდებული პრაგმატული ფრანგებისა, რომლებსაც სურდათ მათ სახელმწიფოს ემოქმედა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იდეოლოგიის მიუხედავად. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დღეს ამას არ აკეთებს, ისევე როგორც საფრანგეთი არ აკეთებდა 1590-იან წლებამდე.

ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, და გარკვეულწილად ასევე ფინეთი და შვედეთი, მაგონებენ XVI საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელ პროტესტანტ მთავრებს. მათ ესმით, რომ შესაძლოა შემდეგნი იყვნენ იმპერიული ძალის სამიზნეში, ცდილობენ შეტევის ქვეშ უკვე მყოფი თავისიანების დახმარებას, მაგრამ შეზღუდული რესურსები აქვთ და თავისი საზღვრების გარეთ ბევრი ვერაფერი შეუძლიათ.

შემდეგ მოდის კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ჩვენს ისტორიულ ანალოგიაში წარმოდგენილია ელისაბედ პირველის ინგლისით, განსაკუთრებით 1580-იან წლებამდე პერიოდში. მას უკვე ესმის, რომ აგრესიული ძალის იმპერიული ამბიციები შეუთავსებელია მის ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან. თუმცა, ის გეოგრაფიულად განცალკევებულია ბრძოლის ეპიცენტრისგან და არ ჩქარობს იმათ მასშტაბურ დახმარებას, ვინც გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან არ სურს აგრესორთან უშუალო კონფლიქტში აღმოჩენა.

თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს. როგორც ესპანეთი ცდილობდა ინგლისში ელისაბედის მმართველობის ჩამოგდებას, ისე ბოლო წლებში რუსეთმა აქტიურად დაიწყო დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური სტაბილურობის შერყევის მცდელობები. ცხადია, შესაძლოა მოსკოვმა მიაღწიოს ამ ქმედებათა მიზნებს. მაგრამ ასევე შესაძლოა, რომ მათი რეალური შედეგი იყოს დასავლეთის უფრო აქტიური პოზიცია რუსული იმპერიული ამბიციების შეკავებისას.

ისევე როგორც იყო დასავლეთ ევროპაში 1560-იანი წლებიდან ესპანეთთან დაწყებული ბრძოლის შემთხვევაში, რუსეთთან ჩვენი ამჟამინდელი ჭიდილიც არის გაწელილი, გამომფიტავი, ბინძური, ყველა გაგებით უსიამოვნო, და იმედგაცრუებებით სავსე. ის ასევე ზოგჯერ უიმედოდ გამოიყურება. მარცხი ბევრია. წარმატება - არც ისე. მოწინააღმდეგე ბევრად ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით. ის ასევე წარმოადგენს ცენტრალურად მართულ ძალას, მაშინ როცა მისი ოპონენტები არიან მრავალფეროვანნი და ერთმანეთთან კოორდინირებასაც ნაკლებად ახორციელებენ. და მაინც, იმპერიის მტრებმა იციან რომ ისინი ერთ მხარეს არიან. ამიტომაც, ქართველები, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მომხრე ჩეჩნები, პატრიოტი ბელარუსები და სხვანი იბრძვიან უკრაინის მხარეს დონბასის ფრონტის ხაზზე. ზუსტად ისე, როგორც ფრანგი და გერმანელი პროტესტანტები ნიდერლანდებში ესპანეთს ებრძოდნენ.

 

ვილემ I ორანელი (1533-1584), ესპანეთის წინააღმდეგ ნიდერლანდების ამბოხის ლიდერი. 1572 წლის შემოდგომას მეამბოხეები მარცხთან ახლოს იყვნენ, რადგან ესპანურმა სამხედრო ძალებმა ხელახლა დაიპყრეს ნიდერლანდების დიდი ნაწილი და კვლავაც აგრძელებდნენ შეტევას. ვილემს „მიაჩნდა რომ მარტო ჰოლანდია და ზელანდია წინააღმდეგობის გაგრძელებას დიდხანს ვერ შეძლებდნენ,“ ხოლო ნიდერლანდების ყველა სხვა პროვინციაში აჯანყება მეტწილად დამარცხებული იყო. მაგ დროს ვილემმა გადაწყვიტა გადასულიყო ჰოლანდიაში, და თავის კორესპონდენციაში დაწერა, რომ ამ პროვინციას საკუთარ „სამარედ“ აქცევდა. (ამის შესახებ დამატებითი ცნობები იხილეთ აქ: Jonathan Israel, The Dutch Republic (1995), გვ. 178).

 

რთული მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთის მეზობლები არ ვნებდებით, ისე როგორც მსგავს ისტორიულ ვითარებაში არ ნებდებოდნენ ფილიპე მეორის ესპანეთის მოწინააღმდეგეები. ამის მიზეზი ისაა, რომ საპირისპირო მხარის გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვიცხოვროთ თავისუფლად, ჩვენი ღირებულებების და იდენტობის მიხედვით. იმ მხარეს მყოფი იმპერიის ფუნდამენტური პოლიტიკური და იდეოლოგიური მახასიათებლები ამას დანამდვილებით უზრუნველყოფენ. თავისუფლება ისევე შეუთავსებელია კრემლის ახლანდელ რეჟიმთან, როგორც იყო ფილიპე მეორის კათოლიკურ ფუნდამენტალიზმთან.

შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდება, რადგან კაპიტულაცია არაა მისაღები გამოსავალი. ასეთი გამოსავალი არც კომპრომისია, რადგან კრემლს სჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან დიდი წილი. თანაც, წინასწარ არასდროს იცი როგორ წავა საქმე. ვითარება ძალიან ცუდად გამოიყურება იმათთვისაც ვინც ესპანეთს და მის მარიონეტებს ებრძოდა, განსაკუთრებით 1580-იან წლებში. თუმცა ბოლოს ფილიპე მეორის ამბიციები დამარცხდა, და ბრძოლა მისი ოპონენტების გამარჯვებით დასრულდა. მართალია ეს იყო შეზღუდული გამარჯვება, მაგრამ მან მისცა მათ საშუალება დარჩენილიყვნენ თავისუფალნი ფილიპეს პოლიტიკური და იდეოლოგიური პროექტისგან. ვინ იცის, იქნებ პუტინის მოწინააღმდეგეებიც მივაღწევთ მსგავს შედეგს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ.

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.