X

რონდელის ბლოგი

ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის

2019 / 01 / 15

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა საქართველოსთან „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა  და ცირკულარული მიგრაციის“ შესახებ შეთანხმების (ხელი მოეწერა 2013 წელს) რატიფიკაცია. ევროკავშირ-საქართველოს შორის „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლარაციის (2009) ხელმომწერი ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნიდან საფრანგეთი არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ცირკულარული მიგრაციის ინსტიტუციონალიზებული სქემა საქართველოსთან.

აღნიშნული შეთანხმება საფრანგეთში სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველყოფს ბინადრობის დროებითი ნებართვით, გამოყოფს 500 კვოტას დასაქმებისთვის და 150 კვოტას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ორივე მხარე უკვე მუშაობს შეთანხმების პრაქტიკულ მხარეზე, რაც გულისხმობს საფრანგეთის შრომის ბაზრისთვის საჭირო სპეციალობების იდენტიფიცირებას,  საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევასა და სხვა ტექნიკურ საკითხებს.

გერმანიის მთავრობა ცალმხრივად მუშაობს კანონზე (2018 წლის ივნისში მერკელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ), რათა შექმნას დასაქმების ლეგალური კვოტა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მიგრანტებისთვის.

ყოველწლიურად საქართველოს სამი-ოთხი ათასი მოქალაქე ცდილობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაოდ დარჩენას (ძირითადად არალეგალურად). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლაციის  ხელმომწერი ეროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოდან თითოეული  გამოყოფს წლიურ კვოტას რამდენიმე ასეული მიგრანტის ლეგალური ცირკულარული დასაქმებისთვის, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც აღნიშნულ ქვეყნებში არალეგალურად ცდილობს დარჩენას.  

 

რა არის ცირკულარული მიგრაცია?

მიმღებ სახელმწიფოებში მიგრანტები ავსებენ შრომით ბაზარზე მიწოდების თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებს, ასწორებენ სტრუქტურულ დისბალანსს, ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდასა და ქმნიან დოვლათს. განვითარებადი ქვეყნებიდან ემიგრაციას ძირითადად დადებითი გავლენა აქვს სიღარიბის აღმოფხვრაზე, თუმცა მას თან ახლავს პრობლემებიც (ტვინების გადინება, „ჰოლანდიური დაავადება“).

განვითარებულ ქვეყნებში იმიგრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, როგორებიცაა არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და კორუფცია. ცირკულარული მიგრაცია ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას. მას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. აღიარებულია, რომ ის ხელს უწყობს მუშა ხელის მომწოდებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და თავიდან არიდებს ტვინების გადინებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს. 

შრომითი მიგრაციის კუთხით თავად ევროკავშირის კომპეტენცია საკმაოდ შეზღუდულია. ამდენად, „პარტნიორობა მობილურობისთვის“ პროცესის  მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, ბელარუსის ჩათვლით, ხელმოწერილი აქვს მობილობის პარტნიორობა ევროკავშირთან, თუმცა მათგან ძალიან ცოტას გააჩნია ცირკულარული მიგრაციის სქემა. საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია საქართველო-ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისთვის“  დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, (რომლებიც გამომდინარეობს „მობილობისა და ცირკულარული მიგრაციის“ (2007) შესახებ ევროკომისიის კომუნიკაციიდან) და დიდი ხანია მზად არის აწარმოოს შემდგომი მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სქემების შესახებ.

პარტნიორობის განვითარება მიგრაციის სფეროში

„პარტნიორობა მობილურობისთვის“  მიზნად ისახავს ლეგალური მობილობის ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობას ლეგალური დასაქმების „ცირკულარული და დროებით“ შრომითი მიგრაციის სქემების ჩამოყალიბებისთვის და არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეების შემცირებას. ევროკავშირს გააჩნია საერთო პოლიტიკა ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რომლის მიზნებია:

  • წარმოშობის სახელმწიფოში მოქალაქეების ეფექტური დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • ცირკულარული მიგრაციის მონიტორინგი;
  • ტვინების გადინების რისკის შემცირება;
  • მესამე ქვეყნებთან პარტნიორობის დამყარება;
  • ცირკულარულ მიგრაციაზე ორმხრივი შეთანხმებების ხელშეწყობა;
  • პოტენციურ მიგრანტებში ევროკავშირში ლეგალური სწავლისა და დასაქმების, ასევე შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • ცირკულარული სერვისების, მიგრანტების თავშესაფრით უზრუნველყოფის და ა.შ. გაუმჯობესება;
  • წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტების დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ევროკავშირთან სასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯობესება;
  • რეადმისიის შეთანხმებების შესრულება;
  • „ვიზის შესახებ დიალოგში, „თანამშრომლობის პლატფორმებში“ მონაწილეობა და საზოგადოებრივი სააგენტოების „FRONTEX”-ისა და „ETF”-ის, მხარდაჭერა.

ხსენებული „პირობებისა“ და მიზნების უმრავლესობა საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ვიზის შესახებ დიალოგისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის  ფარგლებში.  

 

რა ეტაპზეა საქართველო?

საქართველო მუშაობს შეთანხმებების, თანამშრომლობისა და პროექტების განვითარებაზე, რომელთა მიზანია ბინადრობის/სამუშაო ნებართვის კვოტების მოპოვება აღნიშნულ ქვეყნებთან და მოთხოვნა/მიწოდების შესაძლებლობების შესწავლა გამგზავნ/მიმღებ სახელმწიფოებში. საფრანგეთის გარდა რამდენიმე წევრი სახელმწიფო დათანხმდა მსგავს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს - კერძოდ, გერმანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ისრაელი და ბულგარეთი. კონსულტაციები მიმდინარეობს პოლონეთთან. ახლახან საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აფასებს ევროკავშირში შრომით რესურსებზე  მოთხოვნასა და საქართველოს მიერ სპეციალისტების მიწოდების პოტენციალს. თავად საქართველოში ექთნებისა და სურსათის სპეციალისტების დეფიციტია. ინჟინრებისთვის, IT სპეციალისტებისა და ტექნოლოგებისთვის კი არსებობს პოტენციალი, მაგრამ მათ ესაჭიროებათ კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ძვირადღირებულია.  ხელოსნები და სატვირთო მანქანის მძღოლები კარგად პაუხობენ  ცირკურალურ მიგრაციას შესაძლებლობებს ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში. ამავე დროს, ბევრ მათგანს ესაჭიროება კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა აღნიშნულ სფეროში ეს შედარებით მარტივი და ნაკლებხარჯიანია. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო აქვეყნებს ყოველწლიურ სიას მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. ჩვენი  პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ამ მოთხოვნებს. ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, საქართველოდან შრომის მიწოდების პოტენციალი საუკეთესოდ შეესაბამება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, გერმანია, ბელგია, იტალია, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია. აქედან ზოგიერთ ქვეყანას ცირკურალური მიგრაციის სქემები გააჩნია, თუმცა მნიშვნელოვანია ხელისუფლებების დარწმუნება ხელი მოაწერონ საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებას.   

 

რას გვთავაზობს  პარტნიორობა მობილურობისთვის“?

პარტნიორობა მობილურობისთვის“ ითვალისწინებს თანამშრომლობას პოტენციურ მიგრანტებში განათლებისა და ტრენინგის გზით უნარების განვითარებისათვის; დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას დასაქმების პროექტების განვითარების გზით; უცხოეთში განვითარებული უნარების გამოყენებას; მიგრანტების დახმარებას დანაზოგების უკეთ მართვისთვის და ა.შ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და საზღვარგარეთ მყოფი მიგრანტების მხარდაჭერაზე ზრუნავს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტრო, ინვესტიციების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. რამდენიმე წარმატებული პროექტი ხორციელდება გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთისა და სხვა წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. პროექტების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ჯერ-ჯერ-ჯერობით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ქართველი მიგრანტების თავიანთ ბაზრებზე ლეგალურ დასაქმებაზე მეტად აინტერესებთ მათი უკან დაბრუნებისა და რეინტეგრაცის საკითხები.   

მიგრანტების მობილობის ლიბერალიზაციის მიმართ ევროკავშირის მოქალაქეების  ფრთხილი დამოკიდებულების გამო, ევროპული მთავრობები ცდილობენ პროცესის შენელებას. ინფორმაცია იმიგრაციის არსებობის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც კარგად ცნობილია ეკონომისტებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის თუ ანალიტოკოსებისათვის, ნაკლებად მიეწოდებათ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, ინფორმაცია მიგრაციის ნეგატიური გავლენის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული უკიდურესად მემარჯვენე/მემარცხენე პარტიების პოლიტიკოსთა დისკურში მთელი ევროპის მასშტაბით. აღნიშნული აძლიერებს პოლიტიკურ ბარიერებს ლეგალური მიგრაციის სქემების განვითარებისთვის.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პრეფერენციების/შესაძლებლობების მისაღებად ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს საკმარისი შედეგი ჯერ არ მოუტანია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დასარწმუნებლად, რათა მოახდინონ ცირკულარული მიგრაციის ინსტიტუციონალიზაცია და დააწესონ ხელსაყრელი „კვოტები“ მათ ქვეყნებში შესვლისა და მუშაობისთვის.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.