X

რონდელის ბლოგი

ორი პარალელური სამიტი ახლო აღმოსავლეთის ბედის გადასაწყვეტად

2019 / 02 / 20

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ამა წლის 13-14 თებერვალს, თეთრი სახლის ინიციატივით, ვარშავაში გაიმართა ირანის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში“, სადაც წარმოდგენილი იყო ვაშინგტონის მომხრე 60 ქვეყანა - ისრაელი, საუდის არაბეთი და მისი მოკავშირე სუნიტური არაბული სახელმწიფოები. შეხვედრას  ევროპული ქვეყნებიც ესწრებოდნენ (მათ შორის საქართველოც).

აღნიშნულ ღონისძიებას მოწინააღმდეგეებმა მალევე უწოდეს „ანტიირანული“ ქმედება და მის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. მოწინააღმდეგეებმა საპასუხო ნაბიჯი იმავე თარიღს დაამთხვიეს - კონფერენციის პარალელურად 14 თებერვალს სოჭში „ასტანის პროცესის“ ფარგლებში უკვე ტრადიციად ქცეული სამმხრივი სამიტი გაიმართა რუსეთ-ირან-თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, სადაც მხარეებმა სირიის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

მართალია, ეს ორი ბანაკი ერთმანეთთან დაპირისპირებულია, მაგრამ მათ საერთო მახასიათებლებიც აქვთ - ორივე ბანაკს აქვს ამბიცია, რომ დამოუკიდებლად, მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე, შეუძლია ახლო აღმოსავლეთის მეტად რთული და მტკივნეული პრობლემების მოგვარება.

 

ვარშავის ღონისძიება

ვარშავის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი რეგიონში არასტაბილურობისა და კონფლიქტური სიტუაციების შექმნაში დაადანაშაულეს და ევროპელ მოკავშირეებს 2015 წელს ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდეს. მაიკ პომპეო უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ „ირანთან კონფრონტაციის გარეშე შეუძლებელია მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ახლო აღმოსავლეთში“.

ვარშავის კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები, მათ შორის არსებული დაძაბულობის შემცირების გზით, კონსოლიდაციას შეეცადნენ. აშშ-ის სურვილია, ერთმანეთს დაუახლოვოს ისრაელი და სუნიტური არაბული ქვეყნები (უპირველეს ყოვლისა, მათი ლიდერი - საუდის არაბეთი), რომლებსაც ამ ეტაპზე პალესტინის კონფლიქტის გამო ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნიათ. მაგრამ ქვეყნებს ისე არაფერი აერთიანებს, როგორც საერთო მტერი. შეერთებულ შტატებში ამ მიზნით ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო გეგმაც არის მომზადებული. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯარედ კუშნერმა განაცხადა, გეგმის დეტალები საჯარო გახდება მხოლოდ ა.წ. აპრილში, მას შემდეგ, რაც ისრაელში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

ვაშინგტონის მცდელობა, ანტიირანულ კოალიციაში ჩართოს გავლენიანი ევროპული ქვეყნები და ევროკავშირი, ჯერჯერობით მაინც უშედეგოა - მათმა უმრავლესობამ ვარშავაში მხოლოდ დაბალი დონის ოფიციალური პირები მიავლინეს. მეტიც, ისინი ცდილობენ ირანთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას, რაც ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ღიად  განაცხადა, რომ „ევროპაში ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს მექანიზმების შექმნას, რათა გვერდი აუარონ ირანისთვის ჩვენს დაწესებულ სანქციებს. ამგვარი მიდგომა კი გააძლიერებს ირანს, დაასუსტებს ევროკავშირს და გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის“. ამასთან, პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება, თუ ეს უკანასკნელი უარს არ იტყვის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე.

ბუნებრივია, რომ კონფერენციაზე ძალზე აქტიური იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ირანთან ომის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

საინტერესოა, რომ კონფერენციაზე არანაირი დოკუმენტი არ მიუღიათ.

ვარშავის კონფერენციას არ დასწრებიან რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის, ერაყის, ლიბანისა და პალესტინის წარმომადგენლები.

ბუნებრივია, კონფერენციის მიმართ ყველაზე უარყოფითად თეირანი იყო განწყობილი. ირანის ოფიციალურმა პირებმა არა მარტო დაგმეს ეს შეკრება, არამედ იმ პერიოდში პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაშიც აშშ და ისრაელი დაადანაშაულეს. აღნიშნული ტერაქტი ისლამური რევოლუციის 40 წლისთავს დაემთხვა და მას 27 ირანელი (ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის) ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

 

სოჭის სამიტი

რუსეთ-ირან-თურქეთის სამმხრივ სამიტზე მხარეებმა, რომლებიც სირიაში სამხედრო ძალებითაც არიან წარმოდგენილი, შეიმუშავეს საერთო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვაშინგტონის მიერ მდ. ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე სირიის ტერიტორიებიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ მათ არ სურთ იქ ვაკუუმი შეიქმნას. თუმცა, ამის შემდეგ მათი ინტერესები მნიშვნელოვნად იყოფა: თუ მოსკოვსა და თეირანს ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების დამასკოს კონტროლქვეშ გადასვლა სურთ, ანკარის უპირველესი მიზანი აქ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნაა, რათა საკუთარ საზღვრებს მოაშოროს პროქურთული YPG („სახალხო თავდაცვის ნაწილები“), რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად მიიჩნევს. ეს კი ანკარისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისევ ვერ შეძლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის დათანხმება საკუთარ პირობებზე. აღსანიშნავია, რომ მანამდე, პრინციპულად განსხვავებული პოზიციების გამო, ასევე უშედეგოდ დასრულდა თურქულ-ამერიკული მოლაპარაკებები მდ. ევფრატის აღმოსავლეთით „უსაფრთხოების ზონის“ შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს, სირიის იდლიბის პროვინციის თემა იყო, რომელიც ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი ჯიჰადისტების მიერ გამაგრებული  ბოლო ტერიტორიაა. მართალია, რუსეთი, ირანი და ასადის რეჟიმი, თუ რამე არაორდინალური არ მოხდა, ამ ეტაპზე არ აპირებენ იდლიბზე გადამწყვეტი იერიშის მიტანას, მაგრამ იდლიბში „ალ-კაიდასთან“ აფილირებული ჯიჰადისტების (HTS – „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“) პოზიციების მოძლიერება ზრდის მომავალში ასეთი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას.

მოსკოვის სურვილია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე იდლიბის პროვინციაში გამაგრებული მებრძოლების (რომლებსაც აქვთ პოტენციალი, საფრთხე შეუქმნან როგორც ალეპოს, ისე სირიაში მდებარე რუსულ ბაზებს) გაუვნებელყოფა იმდაგვარად, რომ იქ მყოფი ჩეჩენი მებრძოლები გაფანტვის შემდეგ არ მოხვდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, თურქეთი ყველანაირად ცდილობს, არ მოხდეს რუსეთ-ირან-ასადის რეჟიმის შეტევა იდლიბის პროვინციაზე, რასაც შესაძლოა მოყვეს ლტოლვილთა ახალი ტალღები. ანკარას, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ისედაც შეფარებული ჰყავს 5 მილიონამდე ლტოლვილი, არ სურს დამატებითი სირიელების (იდლიბში ცხოვრობს 3,5 მილიონი ადამიანი) თურქეთში შედინება, რომელსაც ადვილად შეიძლება შეყვნენ სამოქალაქო ფორმებში გადაცმული ჯიჰადისტი მებრძოლები (მათი რაოდენობა კი ათეულ ათასობითაა), რომელიც ასევე სერიოზულ გამოწვევას ქმნის არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ ევროპის და თურქეთის მეზობელი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) უსაფრთხოებისთვისაც.  

საგულისხმო იყო სოჭში გაკეთებული პუტინის განცხადება აშშ-ის მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ადგილზე არაფერი მიანიშნებს იქიდან ამერიკელების შესაძლო გასვლაზე. მან ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, თუ შიდა პრობლემების გამო რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებული დანაპირების შესრულებას. 

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ სირიის საკითხზე შემდეგი სამმხრივი სამიტი ა.წ. აპრილში თურქეთში გაიმართება.

დასკვნები

  • სოჭის სამიტმა და ვარშავის კონფერენციამ ვერ შეძლეს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გარღვევის მოხდენა (რასაც, სავარაუდოდ, არც არავინ ელოდა). მხარეები ძირითადად დასჯერდნენ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას და სამომავლო ქმედებების დაგეგმვას;
  • ნათლად გამოჩნდა, რომ მხარეების პოზიციები საკმაოდ ხისტია. ლიდერების მხრიდან კონფრონტაციული რიტორიკა მატულობს, რაც ზრდის ისედაც რთული სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციის საფრთხეს;
  • მხარეები არ ენდობიან ერთმანეთს, რის გამოც ამ ეტაპზე არ ჩანს მათ შორის დიალოგის დაწყების პერსპექტივა;
  • სერიოზული სირთულეებია თავად ბლოკებში შემავალ ქვეყნებს შორისაც;
  • ორი ბანაკის მცდელობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ახლო აღმოსავლეთში დაგროვილი პრობლემები, ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება მეორე მხარის, ასევე ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება;
  • თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რუსეთი, ირანი და თურქეთი, სავარაუდოდ, დაელოდებიან მარტ-აპრილისთვის გამოცხადებულ აშშ-ის ჯარების გასვლას სირიიდან და თურქეთში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ შეეცდებიან კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას;
  • აშშ, სავარაუდოდ, დაელოდება ისრაელში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რის შემდეგაც ახალი სამშვიდობო გეგმის წამოყენებით შეეცდება ისრაელი-არაბული ქვეყნების დაახლოებას;
  • შემდგომ ეტაპზე ვაშინგტონი დიდი ალბათობით შეეცდება თეირანზე ზეწოლის გაძლიერებას და ანტიირანული კოალიციის გაფართოებას მასში ევროპული ქვეყნების ჩართვის პერსპექტივით;
  • ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი:

ა) საჭიროა თვალყურის მიდევნება რუსეთი-ირანი-თურქეთის თანამშრომლობისთვის. თუ ისინი შეძლებენ შედეგიან თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაა გამორიცხული, მომავალში მსგავსი მიდგომა განავრცონ კავკასიაზეც, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს საქართველოზე;

ბ) თბილისისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება სტრატეგიულ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან იმდაგვარად, რომ ეს არ გახდეს ირანის ზედმეტად გაღიზიანების მიზეზი. ამასთან, საჭიროა კომუნიკაციის არხების შენარჩუნება თეირანთან.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.