რონდელის ბლოგი

დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?

2019 / 06 / 20

ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

რუსეთი ამრავალფეროვნებს ბრძოლის არსენალს საქართველოს წინააღმდეგ და ხისტ ბერკეტებთან ერთად, როგორიცაა მცოცავი ოკუპაცია და ტერორი საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამყოფი ხაზის გასწვრივ, სულ უფრო ხშირად მიმართავს „რბილ ძალას“. ამის დადასტურება იყო პოლიტოლოგ ალექსანდრე დუგინის ბოლო ინტერნეტბლოგი, ე.წ. „დუგინის ექსპერტიზა“.

ალექსანდრე დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი თავგამოდებული მხარდამჭერია. რუსეთში დღეს ბევრი ასხამს ხოტბას პუტინს, მაგრამ ამ ფონზეც კი მისი შეფასებები უცნაურად ჟღერს. ციტატა: „პუტინის კურსის მოწინააღმდეგეები აღარ არსებობენ და თუ არსებობენ, ფსიქიკურად დაავადებული არიან და ექვემდებარებიან დისპანსერიზაციას. პუტინი ყველგან არის, პუტინი ყველაფერია, პუტინი აბსოლუტია, პუტინი შეუცვლელია“.

ეს პიროვნება არის საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი. მისი პოლიტიკური საქმიანობის არსს წარმოადგენს ყოფილი რესპუბლიკების რუსეთთან ინტეგრირების ხარჯზე ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნა. ასე ცდილობს დუგინი „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის“ შედეგების გამოსწორებას...

2008 წლის ომის დროს დუგინი ურჩევდა რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას. სხვა შემთხვევაში წინასწარმეტყველებდა ახალ ომს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, მისი შერბილებული ტონი თვალთმაქცურად თუ არა, უცნაურად მაინც ჟღერს.

ჩვენი წერილის ფორმატი არ იძლევა საშუალებას გავაანალიზოთ დუგინის ყველა გზავნილი, მაგრამ ორი მათგანი, ჩვენი აზრით, განსაკუთრებული ყურადღების  საგანს წარმოადგენს. პირველი - მისტიკური და გაუგებარი, როგორც იგი ხაზს უსვამს, მიზეზი, რის გამოც საქართველო აღმოჩნდა ბარიკადების მეორე მხარეს, რუსეთის მტრების ბანაკში, და მეორე - ქართული პატრიოტიზმის გაძლიერება და მისი გამოყენება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბანაკებსა და ბარიკადებს, 21-ე საუკუნეში ამ კატეგორიებით, რუსეთის გარდა, პრაქტიკულად აღარავინ აზროვნებს. ბარიკადების აგება და ახალი „ბერლინის კედლების“ შენება ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდა. ამ პროცესის საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული გამოვლინება აშკარაა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. თუმცა ეს არ არის ცალკე აღებული საქართველოს პრობლემა რუსეთთან.

დღეს რუსეთის მტერია მთელი ცივილიზებული სამყარო, მეგობრები კი - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ჩრდილოეთი კორეა; თითქოს - ევრაზიული კავშირის ქვეყნები, მაგრამ არც აქ არის საქმე იდეალურად აწყობილი; ჩვენი პოზიციონირება კი სავსებით ბუნებრივია.

დუგინი ცდილობს დაუპირისპიროს ქართული პატრიოტიზმი ევროპულ ცივილიზაციას და მოაქციოს „რუსული სამყაროს“ ჩარჩოებში; დუგინს არ ესმის პატრიოტიზმის არსი, არც რუსულის და არც, მით უმეტეს, ქართულის.

რუსულ პატრიოტიზმად მას მიაჩნია მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება, ხოლო ქართულ პატრიოტიზმში ხედავს ძალას, რომელმაც საქართველო რუსეთის ორბიტაში უნდა შეიყვანოს და „რუსული სამყაროს“ ნაწილად აქციოს.

ყველაზე კარგად პატრიოტიზმის არსი და მისი დიალექტიკა გარე სამყაროსთან, კონკრეტულად კი, კოსმოპოლიტიზმთან ახსნა ვაჟა-ფშაველამ 1905 წელს გამოქვეყნებულ პატარა წერილში „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“.

დიდი პატივია დუგინისთვის მასთან დისკუსიაში ვაჟას არგუმენტების მოყვანა, მაგრამ მაინც მოვიშველიებ დიდი პოეტისა და მწერლის ნააზრევს:

„რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.

ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა  მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურება გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

საინტერესოა, რომ ვაჟამ 39 წლით ადრე ირიბად იწინასწარმეტყველა მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების შექმნა...

დუგინი ამბობს, რომ ახლა საქართველო აკეთებს არჩევანს არა დასავლეთსა და რუსეთს, არამედ დასავლეთსა და საქართველოს შორის. ეს პრინციპული შეცდომაა, რადგან საქართველოს არჩევანი კეთდება სივრცითი იდენტობის საფუძველზე და დგას ფასეულობებსა და პრინციპებზე.

ქართული ტრადიციები და კულტურა ვერ თავსდება „რუსული სამყაროს“ ჩარჩოებში; არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია, მათ შორის, როგორც მართლმადიდებელ ერს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ფასეულობები და პრინციპები თანხვედრაშია ევროპულ და არა ევრაზიულ სივრცეში მოქმედ ფასეულობებსა და პრინციპებთან. და ეს არის საქართველოსა და რუსეთის გზაგასაყარი. დასაბამს კი ეს პროცესი იღებს 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების და 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ. ამ მოვლენების შედეგად გასაბჭოებული საქართველო გახდა იზოლაციონისტური კურსის ნაწილი.

მანამდე, მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, რუსეთის იმპერია დიდად არ განსხვავდებოდა იმ პერიოდის სხვა ევროპული იმპერიებისაგან, მისი მოქმედებები წარმოადგენდა იმ პერიოდისათვის ნორმალურ საერთაშორისო პრაქტიკას, რუსული კულტურა (მე-19 საუკუნის მწერლობა, მუსიკა) იყო  ევროპული კულტურის ნაწილი; ახლა ვითარება თვისებრივად შეიცვალა, რუსეთი უპირისპირდება ევროპას და  დასავლურ ცივილიზაციას ზოგადად, ამიტომ ჩვენი გზები გაიყარა. თუ რუსეთს სურს, იგი იქნება ევრაზიული კულტურისა და ფასეულობების მატარებელი  ქვეყანა; ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ ევრაზიული ერი, „ჩვენ ვართ ქართველები და, მაშასადამე, ევროპელები“. ვფიქრობთ, ეს ფაქტი არ საჭიროებს დამატებით არგუმენტაციას.

„რუსული სამყაროს“ ჩარჩოებში საქართველოს მოთავსების აკვიატებული იდეის განხორციელების მიზნით დუგინი ასევე აქტიურად იყენებს მართმადიდებლობის თემას.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი, რომელსაც რუსეთის ეკლესია დაუპირისპირდა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ დაეჯერება, მისი ძმური ამბორი თვალთმაქცურია; იგი ყოველთვის, პეტრე პირველის რეფორმებიდან მოყოლებული, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, იყო სახელმწიფოს ნაწილი და პირნათლად ემსახურებოდა რუსულ იმპერიულ პოლიტიკას შიგნით და გარეთ. რუსულ ეკლესიას არასდროს უღიარებია ცოდვები საქართველოს წინაშე  და არც ბოდიში მოუხდია. ცოდვები კი დიდია: ავტოკეფალიის გაუქმება, ლოთი ეგზარქოსების დანიშვნა, ქართველი ერის დაწყევლა, ქართულ ენაზე ღვთისმსახურების აკრძალვა, ჩვენი ფრესკების კირით გადაღებვა, საეკლესიო განძის დანიავება და სხვა.

დღეს კი კირილეს ეკლესია ამართლებს რუსი ჯარისკაცების მიერ  ერთმორწმუნე უკრაინელებისა და ქართველების, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვას, დაპყრობით ომებს; ღიად და თავხედურად, სულ 45 კილომეტრში თბილისიდან, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, აშენდა რუსული ეკლესია. კირილეს გუნდს შექმნილი ვითარების გამოსწორების სურვილი არ ეტყობა.

ზოგადად კი, რა ფასეულობებს გვთავაზობს რუსეთი?

ვლადისლავ სურკოვის „სევერენულ დემოკრატიას“? „300 წლით გეოპოლიტიკურ საკანში განმარტოებას“ თუ პუტინის „გრძელ სახელმწიფოს“? სადაც მმართველი არ იცვლება ათწლეულობით, ხდება პოლიტიკური მკვლელობები, მძვინვარებს სისტემური კორუფცია, იზღუდება ინტერნეტი და სამოქალაქო უფლებები, ციხეში სვამენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. არანაირი მიმზიდველობა დღევანდელ რუსეთს არ აქვს და ამ რეჟიმის ხელში არც გამოჩნდება.

პუტინსა და ტრამპს შორის ის განსხვავებაა, რომ ტრამპმა ნამდვილად იცის, რომი არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წელს, პუტინი კი არჩევნების გზით არ გადადგება. მისი შეცვლა მოხდება ან ბიოლოგიური მიზეზით, ან შიდა გადატრიალების, ან რუსული ისტორიისათვის ჩვეული ისტორიული კატაკლიზმების შედეგად.

არაფერი საერთო ამასთან ნორმალურ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს. საქართველო ნამდვილად არის ბარიკადის სწორ მხარეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი სახელმწიფო, გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა, ეკონომიკის მდგრადობა, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და სრულფასოვანი წევრის სტატუსით აქტიური მუშაობა ანტირუსული კოალიციის ფორმატში. თავის დროზე ეს სასურველ შედეგს გამოიღებს. 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.