X

რონდელის ბლოგი

ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან

2019 / 07 / 23

გიორგი ბილანიშვილირონდელის ფონდის მკვლევარი 

ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა  Financial Times-ს, სადაც იგი, მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი ტონით, საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. მართალია, ამ ინტერვიუს განსაკუთრებული რეზონანსი არ გამოუწვევია, მაგრამ გარკვეული თემები მაინც გახდა საერთაშორისო მასმედიის განსჯის საგანი. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ლიბერალიზმის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულმა მკვეთრმა კრიტიკულმა შეფასებებმა.  

მართლაც, პუტინი ამ ინტერვიუს ბოლო ნაწილში გამორჩეულად ბევრს ლაპარაკობს ლიბერალიზმზე. იგი ამტკიცებს, რომ „ლიბერალურმა იდეამ თავისი თავი სრულად ამოწურა“.  „დასავლელი პარტნიორებიც კი აღიარებენ იმას, რომ ლიბერალიზმის ზოგიერთი ელემენტი უბრალოდ არარელევანტურია. მაგალითად, მულტიკულტურალიზმი და ასე შემდეგ“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ამ შეფასებით არ შემოიფარგლება და შემდგომში, უკვე სხვა კითხვების პასუხისას, კვლავ უბრუნდება ლიბერალიზმის თემას  და მასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს იმეორებს.  აცხადებს, რომ ლიბერალური იდეის მომხრეები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ხელისუფლების  სათავეში არიან, არაფერს აკეთებენ მსოფლიოში არსებული ურთულესი პრობლემების მოსაგვარებლად. პუტინი კონკრეტულ  ყურადღებას ამახვილებს მიგრანტებზე, რასაც ბოლო ხანებში მართლაც დასავლეთის ქვეყნების საზოგადოების გარკვეულ ნაწილში  პრობლემად აღიქვამენ (ეს პრობლემა ასევე აქტუალურია  ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაც). პუტინის შეფასებით,  პოლიტიკური ელიტების მხრიდან ასეთი პრობლემების უგულებელყოფაც ამტკიცებს, რომ „ლიბერალურმა იდეამ საკუთარი თავი ამოწურა და კონფლიქტში შევიდა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასთან“.

ამ თემაზე მსჯელობის ბოლოს პუტინი აცხადებს, რომ ადამიანური წეს-ჩვეულებებისა და მორალის თვალსაზრისით „ტრადიციული ფასეულობები უფრო სტაბილური და მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის, ვიდრე ლიბერალური იდეა, რომელიც ასრულებს არსებობას“.

ეს ბოლო ამონარიდი პუტინის ინტერვიუდან მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, თუ რისი თქმა უნდოდა რუსეთის პრეზიდენტს. ცხადია, ლიბერალიზმზე იერიშის მიტანა და მისი დასასრულის მტკიცება იგივეა, რაც დასავლეთზე იერიშის მიტანა და მისი დასასრულის მტკიცება. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი ირიბად იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ თითქოს  ლიბერალიზმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ფასეულობებს, რადგან მათ გაქრობას იწვევს.

ცხადია, ეს მთელი მტკიცება, ზოგადად, ერთ-ერთი მთავარი რუსული ნარატივია. კრემლის მიზანია, მძლავრი პროპაგანდის მეშვეობით ხელოვნურად შექმნილ საინფორმაციო ველში რუსეთი წარმოჩნდეს ტრადიციული ფასეულობების უპირველეს დამცველად, რათა გაიზარდოს  მისი გავლენა საერთაშორისო არენაზე.

ლიბერალიზმის საპირწონედ ტრადიციულ ფასეულობებზე ყურადღების გამახვილება რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რუსული პროპაგანდის კონკრეტულად ეს მიმართულება უფრო მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა გათვლილი. ამ ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხი ჩვენთან თანდათანობით სულ უფრო აქტუალური ხდება, რასაც ბოლო ხანებში ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების გააქტიურებაც  ადასტურებს.

ზოგადად, რუსულმა პროპაგანდამ ამ და სხვა მიმართულებით გარკვეული პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ამ პოპულარობის მასშტაბები ბევრად მცირეა, ვიდრე მოსკოვი ისურვებდა.

ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. საკუთარი პროპაგანდის წარმატებისთვის საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზების მიუხედავად, მოსკოვს ძალიან უჭირს ფართო საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ინსტიტუციურად, ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად და სხვა მრავალი ასპექტით ბევრად წინ მდგომი დასავლეთი  ნეგატივთან ასოცირდება, რუსეთი კი, რომელსაც უამრავი შიდა და საგარეო პრობლემა აქვს, - პოზიტივთან.         

ლიბერალიზმისა და ტრადიციული ღირებულებების მიღმა თუ რა თემებს უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას რუსული პროპაგანდა წარმატების მისაღწევად, ნათლად გამოჩნდა პუტინის ინტერვიუშიც. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ რუსეთის პრეზიდენტის კონკრეტული მოსაზრებები, კერძოდ:

  • საბჭოთა კავშირის დაშლა  ტრაგედია იყო, რადგან 25 მლნ. ეთნიკური რუსი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა დარჩა. სამართლებრივადაც ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან  საბჭოთა კავშირში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად,  70%-ზე მეტმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. თუმცა შემდგომში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მოსახლეობისთვის არავის არაფერი უკითხავს;      
  • დღეს არსებულ საერთაშორისო სისტემაში არანირი წესები აღარ არსებობს. იგი უარესია  ცივი ომის დროინდელ საერთაშორისო სისტემაზე, სადაც რაღაც წესები მაინც არსებობდა. ამიტომაც დღეს სამყარო უფრო ნაკლებად პროგნოზირებადია;
  • საერთაშორისო წესრიგის არარსებობის პირობებში გახშირდა შეიარაღებული კონფლიქტები და ძლიერი ქვეყნების მიერ სუსტი ქვეყნების დაჩაგვრა. ლიბია და ერაყი წარმოადგენს იმის თვალსაჩინო მაგალითის, რომ დასავლეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით პრობლემა არ მოგვარდა, პირიქით, უარესი შედეგი მივიღეთ. ლიბიისა და ერაყის  ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მრავალ ქვეყანას გაუჩნდა ბუნებრივი სურვილი, რომ ყველანაირი საშუალებით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. მათ შორის ბუნებრივია ჩრდილოეთ კორეის სურვილიც, შეექმნა ბირთული იარაღი. საერთო ჯამში კი, ასეთ ტენდენცია ვნებს მსოფლიოს სტაბილურობას;   
  • ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნების წამყვანი როლი თანდათანობით სუსტდება სხვა ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ასე, მაგალითად, G7 წევრი ქვეყნების ხვედრითი წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში 58%-დან 40%-მდე შემცირდა. ეკონომიკაში არსებული ეს ტენდენცია სათანადოდ უნდა აისახოს საერთაშორისო ინსტიტუტებზეც, სადაც დასავლეთის ქვეყნების ხარჯზე უნდა გაიზარდოს სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების როლი;  
  • დემოკრატიის ერთიანი, უნივერსალური სტანდარტები არ არსებობს. ამას თავად დასავლეთშიც კი აცნობიერებენ და აღიარებენ. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობენ, რომ  ყველანაირად ხელი შეუწყონ დემოკრატიის გავრცელებას ისეთ რეგიონებშიც კი, რომლებსაც დასავლეთისგან კარდინალურად განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ;
  • თავად დასავლეთში პოლიტიკური სისტემა საკმაოდ მოირყა, რადგან მმართველი ელიტა  მოწყდა ჩვეულებრივ მოსახლეობას. განსხვავება ელიტების ინტერესებსა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს შორის ძალზე თვალშისაცემი გახდა, რამაც გააჩინა მოთხოვნა ისეთი ტიპის პოლიტიკოსებზე, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

პუტინის ამ გზავნილებიდან კარგად ჩანს, რომ რუსული პროპაგანდა ძირითადად აგებულია ნეგატივზე, სადაც დასავლეთის დისკრედიტაცია საკუთარი წარმატების პრაქტიკულად ერთადერთ  გზად არის მიჩნეული. რეალურად, რუსეთს სხვა არჩევანი ნაკლებად აქვს, რადგან  საკუთარი თავის პოპულარიზაცია მას ტრადიციულად უჭირს. მათ შორის, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც რუსეთთან კულტურულად და ისტორიულად ბევრი საერთო აქვთ.

ამავე დროს, აშკარაა რეალურ ფაქტებთან რუსეთისთვის სასურველი მოვლენების ხელოვნურად დაკავშირების მცდელობები, რაც მთელ რიგ შემთხვევებში საკმაოდ ხელოვნურია, საერთო ჯამში, არც რუსეთის პროპაგანდისთვის მოაქვს დადებითი შედეგი და, შესაბამისად, არც რუსეთის პრესტიჟის გაზრდას ემსახურება.     

საქართვლოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებით გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ლიბერალიზმთან და ტრადიციულ ღირებულებებთან ერთად, პუტინის ზემოხსენებულ გზავნილებში ასახული თითქმის ყველა თემა მეტ-ნაკლებად აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში.  

რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანი საქართველოში დასავლეთის და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი კრემლი საქართველოში ცდილობს ლიბერალიზმის და ტრადიციული ღირებულებების თემების გამოყენებას, რაც დასავლეთის დისკრედიტაციასთან ერთად ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩვასა და ურთიერთდაპირისპირების პროვოცირებას - ეს კი, სამწუხაროდ, რუსეთმა წარსულში საქართველოში ბევრჯერ მოახერხა წარმატებით. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.