X

რონდელის ბლოგი

საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?

2019 / 08 / 20

ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

პრობლემები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან აქვთ, რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის გლობალური დაპირისპირების  შემადგენელი ნაწილია და ამდენად, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის იმედი, რომ ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ორმხრივ ფორმატშია შესაძლებელი.

საქართველოსა და უკრაინას ამ პრობლემების მოგვარების საქმეში წინსვლა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებისა და, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშეების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლიათ. ვფიქრობთ, ეს თეზისი ეჭვს არ უნდა იწვევდეს.  

დიდი შვიდეული არის პლატფორმა, სადაც გლობალური მოთამაშეები - აშშ, ევროკავშირის ძირითადი სახელმწიფოები: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია, ასევე იაპონია და კანადა შეიმუშავებენ საერთო პოზიციას და ამტკიცებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იძლევა შორს მიმავალ შედეგებს და ვრცელდება საერთაშორისო ურთიერთობების ფართო სპექტრზე.

გადაჭარბებული არ არის დიდი შვიდეულის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ლაპარაკი. ნებისმიერი სახელმწიფოს დიპლომატიისათვის მნიშვნელოვანი მიღწევაა დიდი შვიდეულის სამიტზე მიღებული მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციის საჭიროების გამო. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენი წარმატება დიდად შთამბეჭდავი არ არის, განსაკუთრებით, უკრაინის საგარეო-პოლიტიკური წარმატებების ფონზე.  საქართველოს და უკრაინის საგარეო პრიორიტეტების და გამოწვევების სტრუქტურა თითქმის იდენტურია. ამ ორ ქვეყანას მოწინააღმდეგეც ერთი ყავს - რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ორივე სახელმწიფოს ტერიტორიები.

2018 წელს ტორონტოში, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი), და შარლევუაში, დიდი შვიდეულის  ლიდერების სამიტზე, უკრაინამ შეძლო მოეპოვებინა სერიოზული წარმატება. ამ შეხვედრების დასკვნით დოკუმენტებში რამდენიმე აბზაცი დაეთმო უკრაინის პრობლემებს, თ უ მცა ამავე დოკუმენტებში სიტყვა არ თქმულა საქართველოს შესახებ. ამის თაობაზე ჩვენ შარშან რამდენჯერმე დავწერეთ კიდეც (იხ.: რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?; და რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?). 

გარკვეული იმედი უკავშირდებოდა  წელს დიდი შვიდეულის საფრანგეთის თავმჯდომარეობას. ეს იმედი გაძლიერდა საქართველოს ახალი პრეზიდენტის,  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს მისი საფრანგეთში ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი. 

2018 წლის ბოლოს ჩვენ დავწერეთ შესაბამისი პოზიტიური მოლოდინისა და ქართული დიპლომატიის შესაძლო მოქმედებების შესახებ (იხ.: სალომე ზურაბიშვილს საშუალება ეძლევა 2019 წელს უზრუნველყოს საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება საფრანგეთში).

ასევე დამაიმედებელი იყო ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პირველი შეფასებები. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 22 თებერვალს, პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საფრანგეთსა და გერმანიაში ჩატარებული ვიზიტის შედეგები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იგი მოხარულია საფრანგეთის მზადყოფნით, სრულად დაუჭიროს მხარი საქართველოს, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“. შემდეგი ციტატა: „საფრანგეთმა საქართველოს სრული მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვაახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, სანამ ეს განცხადებები რეალურ ქმედებაში არ აისახება. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს მიმართ საფრანგეთის დამოკიდებულება შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო სივრცის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. საფრანგეთის მხრიდან ასეთი მტკიცე და მხარდამჭერი პოზიცია წლებია არ მსმენია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მიესალმა ვიზიტის შედეგებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დ. ახვლედიანის საფრანგეთ-საქართველოს დიალოგს. მართლაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აფართოებს შესაძლებლობას, რომ საფრანგეთის  ხელისუფლებამ გაააქტიუროს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე.

ერთი შეხედვით ჩანდა, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობისას დიდი შვიდეული, უკრაინის პრობლემებთან ერთად,  საქართველოს გამოწვევებთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციებს შეიმუშავებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პრობლემებსაც იგივე წყარო აქვს და ეს არის კრემლი.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოსთვის 2019 წელი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების კიდევ ერთი წელია - ყოველ შემთხვევაში, დიდი შვიდეულის დღის წესრიგში ჩვენი პრიორიტეტების დამკვიდრების თვალსაზრისით, ისევ და ისევ უკრაინული დიპლომატიის წარმატების ფონზე.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარე წლის 5-6 აპრილს დინარ-სან-მალოში გაიმართა. საბოლოო კომუნიკეში, კერძოდ 43-ე და 44-ე გაფართოებულ პუნქტებში - „რეგიონული კრიზისები და საფრთხეები“,  შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის აგრესიის გამო უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისევ არც ერთი სიტყვა საქართველოს შესახებ. თითქოს საქართველო არ განიცდის რუსულ ინტერვენციას, არ არის მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლი და ა.შ.

დიდი შვიდეულის შეხვედრების გამოცდილების შესაბამისად, ამ პუნქტების შინაარსი აისახება დიდი შვიდეულის იმ სამიტის დასკვნით დოკუმენტებში, რომელიც ქ. ბიარიცში 24-26 აგვისტოსაა დაგეგმილი.

რატომ გაუშვა ხელიდან ქართულმა დიპლომატიამ ეს უნიკალური შანსი? რატომ არ ისარგებლა საქართველოს პრეზიდენტმა თავისი შესაძლებლობებით, იმისათვის რომ გაეძლიერებინა საქართველოს ინტერესები საფრანგეთში, სულ მცირე, დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებების კონტექსტში მაინც? რატომ არ ჩატარდა კონსულტაციები უკრაინასთან? ქვეყანასთან, რომელიც, დამტკიცებული ორმხრივი დოკუმენტების თანახმად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია? რატომ არ იყო სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პოზიციები კოორდინირებული?

ამ კითხვებზე ყველას შეუძლია თავისი პასუხი ჰქონდეს. ამასთან, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული დიპლომატია მეტ ეფექტურობას საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, საჭიროა დიდი შვიდეულის, როგორც ინსტიტუტის, რესურსების გამოყენება, იმისათვის რომ დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი ინტერესები.   

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.