რონდელის ბლოგი

რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?

2019 / 09 / 19

შოთა უტიაშვილი, რონდელს ფონდის მკვლევარი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის, მიერ გაჟღერებული იდეა, როგორ შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი, დიდი ხანია განხილვის თემაა საექსპერტო წრეებში. იდეა ძალიან მარტივი და ლოგიკურია: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი. საქართველო ხვალ რომ გახდეს ნატოს წევრი, ნატო აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში ოკუპანტ ქვეყანასთან[1]. ანუ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეიძლება გახდეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის მიზეზი. ეს კი საქართველოს გაწევრიანების შანსებს ამცირებს. იმისათვის, რომ ეს რისკი თავიდან ავირიდოთ, ნატო მიიღებს საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, მაგრამ მეხუთე მუხლი, ანუ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, გავრცელდება მხოლოდ არაოკუპირებულ ნაწილზე. ეს ნიშნავს, რომ ნატოს არ ექნება ვალდებულება სამხედრო ძალის გამოყენებით გააძევოს ოკუპანტები, ვთქვათ, ცხინვალიდან, მაგრამ ექნება ვალდებულება იარაღით ხელში დაიცვას, ვთქვათ, ქალაქი გორი, თუ რუსები მის დაკავებას გადაწყვეტენ. ამავე დროს, ნატო აცხადებს, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ მშვიდობიანი გზით,  რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ამ მსჯელობის პირველი ნაწილი იმდენად თავისთავად ცხადი და ლოგიკურად გამართულია, რომ მის წინააღმდეგ გულზე მჯიღის ცემის გარდა, სხვა არგუმენტი არც მოგვისმენია, მაგრამ უფრო საინტერესო მეორე ნაწილია: როგორ შეუწყობს ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას?

ის ზოგადი არგუმენტი, რომ ნატოში შესვლა საქართველოს უფრო განვითარებულს, მდიდარსა და, შესაბამისად, მიმზიდველს გახდის ოსებისა და აფხაზებისათვის, ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ. ოკუპირებული ტერიტორიები იმიტომაცაა ოკუპირებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არავინ არაფერს ეკითხება.

მოდი, ამ კითხვაზე პასუხი მეორე, ასეთივე რთულ კითხვაზე პასუხის მცდელობით დავიწყოთ: რატომ არ არის საქართველო დღემდე ნატოს წევრი, მიუხედავად 11 წლის წინ ბუქარესტში მოცემული პირობისა?

ამ კითხვას ბევრნაირ პასუხს სცემენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დაიყვანება იქამდე, რომ რუსეთს უფრო სწრაფად შეუძლია მთელი საქართველოს სამხედრო ოკუპაცია, ვიდრე ნატოს - საქართველოში ჯარების გადმოსროლა და მისთვის გადამწყვეტი სამხედრო დახმარების გაწევა. ანუ, რომ წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც ხვალ ნატომ გამოაცხადა, რომ იღებს საქართველოს და ზეგ რუსეთი თავს დაგვესხას, საქართველო ვერ  შეძლებს ნატოს მაშველი ძალის მოსვლამდე თავის დაცვას. ნატო დადგება არჩევანის წინაშე: დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს განთავისუფლების მიზნით (რაც ბირთვული კონფლიქტის აშკარა საფრთხეს შეიცავს) თუ დაიწყოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, რითაც თავიდან აიცილებს ბირთვული კონფლიქტის საშიშროებას, მაგრამ ნატო, როგორც სამხედრო ორგანიზაცია, პრაქტიკულად არსებობას შეწყვეტს[2].

მოკლედ, პრობლემა ისაა, რომ გაწევრიანების პროცესში, რუსეთთან სიახლოვისა და ნატოს ბირთვისაგან გეოგრაფიული სიშორის გამო, საქართველო იქნება ალიანსისთვის ყველაზე სუსტი რგოლი.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაცია რუსეთს პირველ რიგში იმისათვის სჭირდება, რომ ნატოს მუდმივად შეახსენოს, რომ სინამდვილეში საქართველო მართლაც სუსტი რგოლია და თუ დასჭირდა, რუსეთი მთელი ქვეყნის ოკუპაციასაც არ მოერიდება. ნიშანდობლივია, რომ ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ყველა სამხედრო წვრთნას მაშინვე მოჰყვება ხოლმე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული წვრთნები, თბილისში დასავლეთიდან მაღალი დონის ვიზიტებს კი - მოსკოვიდან ვიზიტები სოხუმსა და ცხინვალში.

მოსკოვის გზავნილი ნატოსადმი მარტივია - მიიღებთ საქართველოს, გაიჩენთ ახალ თავის ტკივილს, გეყოლებათ წევრი, რომელიც თქვენგან შორსაა და ჩვენგან ახლოს და რომელზეც ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ზეწოლასა და შანტაჟს. სწორედ ამ გზავნილის ხაზგასასმელად სჭირდება რუსეთს  სოხუმი და ცხინვალი.

მაშინ, ამ წინააღმდეგობისა და რისკების ფონზე, როგორ შეიძლება საქართველოს (და უკრაინის) ნატოში მიღება? რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სამხედრო ექსპერტები ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ რუსეთი თავზეხელაღებულ ნაბიჯზე წავიდოდა და ნატოს რომელიმე ქვეყანას შეუტევდა, სად შეეძლო ეს გაეკეთებინა. ყველაზე სუსტი რგოლი ბალტიის ქვეყნები იქნებოდა, სამივე მათგანის ოკუპაციისათვის რუსეთს სულ 60 საათი დასჭირდებოდა, იმდენად დიდი იყო სამხედრო დისბალანსი. ამის მიუხედავად, რუსეთს არც კი უცდია, მაგალითად, ესტონეთში (მოსახლეობა 1.2 მილიონი, ეთნიკური რუსების რაოდენობა - 30%) სამხედრო პროვოკაციის მოწყობა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაც ნატო არსებობს, მისი ძლიერების გამოცდა ვერავინ გაბედა (მეხუთე მუხლი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა და ისიც სიმბოლურად, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ) და მეორეც, ნატომ ზუსტად დათვალა, რა რაოდენობის შეიარაღება და ცოცხალი ძალა უნდა განათავსოს ბალტიის ქვეყნებში, რომ რუსეთმა ვერასოდეს გაბედოს მასზე თავდასხმა. და დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც. ნატოსა და რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი დღეს ერთმანეთს ვერ შეედრება. მაგალითად, სამხედრო ხარჯებს თუ დავთვლით, წელიწადში თავდაცვაზე ნატო რუსეთზე დაახლოებით 20-ჯერ მეტს ხარჯავს. რუსეთის ეკონომიკა დღეს ტეხასის შტატის ეკონომიკაზე ნაკლებია.

საქართველოს შემთხვევაშიც გამოსავალი ისაა, რომ გაიზარდოს აქ ჩატარებული ნატოს წვრთნების სიხშირე და მასშტაბი, შავ ზღვაში გაძლიერდეს ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები. საქართველომ შეიძინოს უკეთესი იარაღი და უკეთესად გაწვრთნას თავისი ჯარი, რათა რუსებს არ ჰქონდეთ იმედი, რომ საქართველოს ოკუპაციას  სწრაფად და სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე შეძლებენ.

ანუ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რთული ამოცანაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - დაუძლეველი.

და აქ მივდივართ ჩვენს მთავარ კითხვაზე პასუხთან - როგორ შეუწყობს ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას?

საქმე ისაა, რომ ჩვენი ნატოში წევრობა ამ რუსულ სქემას 180 გრადუსით მოატრიალებს. საქართველო აღარ იქნება ნატოს სუსტი რგოლი, ხოლო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გახდება რუსეთის ყველაზე სუსტი რგოლი (მიუხედავად იმისა, მოახდენს თუ არა რუსეთი მათ ანექსიას). თუ დღეს რუსეთს ნატოსთან კუნთების თამაში მოუნდა, ამისთვის საუკეთესო ასპარეზი საქართველო და უკრაინაა (2008 და 2014-2016 წლის ომები ამის აშკარა მაგალითია), საქართველოს ნატოში წევრობის შემთხვევაში, ნატოსათვის ზუსტად ისეთივე ადგილი გახდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ნატო იქ ომს დაიწყებს, მაგრამ თუ ნატოს დასჭირდება რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინოს, არსად ამას ისე ადვილად არ გააკეთებს, როგორც სოხუმსა და ცხინვალში. რატომ? არსებობს უამრავი მიზეზი, მათ შორის, იურიდიული, დემოგრაფიული, გეოგრაფიული, სამხედრო და სხვ.

აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარეობს და რუსეთთან მათი სატრანსპორტო კავშირი (განსაკუთრებით, ცხინვალის შემთხვევაში) ყოველთვის გარანტირებული არ არის, განსაკუთრებით, ზამთარში. ორივე რეგიონის მოსახლეობა მცირეა, ორივეგან არის ქართული კომპონენტი და არაქართული კომპონენტის რუსეთისადმი ლოიალობაც  არ არის გარანტირებული. ეთნიკური რუსების რაოდენობა ორივეგან ძალიან მცირეა. საერთაშორისო სამართლებრივად, რუსეთის პრეტენზიები ამ რეგიონებზე უკიდურესად სუსტია. რეგიონების ეკონომიკური ბმა რუსეთთან მხოლოდ მისგან დახმარების მიღებაში გამოიხატება. ერთი სიტყვით, ნატოში საქართველოს მიღების შემდეგ საქართველო კი აღარ იქნება ნატოს თავის ტკივილი, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გახდება რუსეთის თავის ტკივილი და თანაც - მხოლოდ თავის ტკივილი და მეტი არაფერი. 

[1] ეს სცენარი, ისევე, როგორც ამ ტექსტში მოყვანილი სხვა სცენარები, არის ყველაზე სავარაუდო. ის ასახავს ე.წ. „worst-case thinking“, ანუ მოვლენათა განვითარების ყველაზე უარეს შესაძლო ვარიანტს. მაგალითად, იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება ბირთვულ სახელმწიფოთა შორის ომი გამოიწვიოს, სინამდვილეში ძალიან დაბალია, მაგრამ თეორიულად არსებობს. მაგრამ იმისათვის, რომ სკეპტიკოსებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს მიღებას ან, ყოველ შემთხვევაში, არგუმენტები მაინც რომ გამოეცალოთ ხელიდან, ამ თეორიულად ყველაზე უარეს სცენარებზეც კი უნდა არსებობდეს ადეკვატური პასუხები.
[2] აქაც, ისევე როგორც ზემოთ, საუბარია არა ყველაზე სავარაუდო, არამედ ყველაზე უარეს შესაძლო სცენარზე. 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.