რონდელის ბლოგი

რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები

2019 / 11 / 08

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „Взгляд“-ში გამოქვეყნდა  ცნობილი რუსი პოლიტოლოგის სერგეი კარაგანოვის ინტერვიუ. უნდა აღინიშნოს, რომ კარაგანოვი პუტინის რეჟიმთან  დაახლოებულ ექსპერტთა ჯგუფს მიეკუთვნება და ამავე რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. შესაბამისად, ძალზე საყურადღებოა მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხზე.

ზემოთ ნახსენები ინტერვიუ კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასში კარაგანოვი რუსეთის მისიის თაობაზე ახალ თეზისს აყალიბებს. კერძოდ, იგი აცხადებს: „რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ გენიალურ იდეად უნდა გადაიქცეს იმ ფაქტის საყოველთაო აღიარების მიღწევა, რომ რუსეთი არის საერთაშორისო უსაფრთხოების უმთავრესი უზრუნველმყოფელი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საკუთარი თავისთვის“.

ეს თეზისი კარაგანოვს სპონტანურად არ ჩამოუყალიბებია, რადგან იგი „Взгляд“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც აისახა ცნობილი რუსული კვლევითი ცენტრის - „საგარეო და თავდაცვის საბჭოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში „მრავალმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის ახლებური აღქმა და მისი განმტკიცების გზები“. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერით მომზადდა. 

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტორის იმიჯით შემოსვა მოსკოვის ახალი ამოცანაა. ამ ამოცანას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ ადვილად გადასაჭრელთა კატეგორიას, რადგან სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და თუნდაც, რუსეთის ქმედებები სირიაში სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. 

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსკოვმა თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის რეალიზებისთვის ბოლო წლებში მძლავრად აამოქმედა ისეთი იარაღი, როგორიც რუსული პროპაგანდაა, რომელიც ერთმანეთთან სინქრონიზებულ მრავალ სხვადასხვა მიმართულებასა და კომპონენტს მოიცავს.

„რუსული პროპაგანდა“ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა შესასწავლად*, რადგან იგი მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. მისი ეფექტიანობა ეფუძნება როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, ისე არასახელმწიფო აქტორების - მასმედიის, საექსპერტო საზოგადოებისა და ა.შ. კონკრეტულ  ძალისხმევას, რომელიც სრულად შეესაბამება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. მისი სიღრმისეული ანალიზი, მართალია, სცდება „რონდელის ბლოგის“ სტატიის ფორმატს, თუმცა ამ ფორმატის ფარგლებშიც შეგვიძლია, რომ გამარტივებული გზით მოვახდინოთ საგარეო პოლიტიკის სფეროში რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილების იდენტიფიცირება.  

ყველაზე მარტივად ამის გაკეთება შესაძლებელია რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ისეთი გამოსვლების კონტექსტური ანალიზით, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი.

ბოლო პერიოდში ორივე მათგანს ჰქონდა ასეთი გამოსვლა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ა.წ. 27 სექტემბერს გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი სიტყვით მიმართა „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის XVI სხდომის მონაწილეებს. ეს გამოსვლები, მართალია,  ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდებოდა, რადგან ლავროვისა უხვად შეიცავდა ხისტ გზავნილებს დასავლეთის მიმართ, პუტინი კი უჩვეულოდ „რბილი“ იყო დასავლეთის მიმართ, მაგრამ რუსული პროპაგანდის „გენერალური ხაზი“ არც ერთ მათგანში არ დარღვეულა.       

ამ გენერალურ ხაზს პუტინისა და ლავროვის გამოსვლებიდან შემდეგი გზავნილები ასახავს:   

  • დღეისათვის მსოფლიოში შექმნილი ურთულესი ვითარება, რომელიც მწვავე კონფლიქტების რაოდენობის გაზრდასა და ისეთი საფრთხეების აქტუალიზაციაში გამოიხატება, როგორიც ტერორიზმია, გამოწვეულია „ცივ ომში“ გამარჯვებულთა (უპირველეს ყოვლისა - აშშ-ის) თვითნებობით;
  • „გამარჯვებული მხარე“ შეეცადა გამოეყენებინა საკუთარი უპირატესი მდგომარეობა, უგულებელყო სხვა ქვეყნების სამართლიანი ინტერესები და ხელი შეუშალა კაცობრიობის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით განვითარებას;
  • დასავლეთის მხრიდან მიზანმიმართულად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებისა და წესების,  საერთაშირისო სამართლისა და სხვა ქვეყნების სამართლიანი ინტერესების უგულებელყოფა. უფრო მეტიც - ხორციელდება შეტევა გაეროზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და ზოგადად საერთაშორისო სამართალზე, როდესაც ცალკეული ქვეყნები ერთპიროვნულად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებენ; 
  • დასავლეთი ისეთ ხერხებს იყენებს, რომლებიც აზიანებს სტაბილურობას საერთაშირისო ასპარეზზე, ახდენს მანიპულირებას საზოგადოების ცნობიერებაზე, ავრცელებს ყალბ ცნობებს და იყენებს ორმაგ სტანდარტებს;
  • დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები გაჩნდა, დასავლეთი ვერ ეგუება საკუთარი გავლენის შესუსტებას. იგი ყველანაირად ეწინააღმდეგება ახალი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის ფორმირებას, ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული გავლენა და თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს ლიბერალიზმის საკუთარი ხედვა, რაც სხვებისთვის მიუღებელია;
  • ლიბერალიზმი არ არის ერთადერთი და უნიკალური ფორმა. დღეს უნდა ვისაუბროთ  გლობალური განვითარების სხვადასხვა მოდელზე, რომელთაგანაც თითოეული შეუცვლელი და ძვირფასია;
  • აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნების წყალობით მსოფლიო უკვე გადაიქცა მრავალპოლუსიანად. დღეს უკვე ყველა ქვეყანა უნდა შეთანხმდეს უპირობოდ იმაზე, რომ არ მოხდება ერთი რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა რომელიმე ქვეყნის ხარჯზე.
  • აზიის ქვეყნები პროგრესის შთამბეჭდავ მაგალითებს ქმნიან, თანაც ისე, რომ ინარჩუნებენ საკუთარ თვითმყოფადობას, უფრთხილდებიან ტრადიციებს, ახსოვთ საკუთარი ფესვები და წინსვლისა და განვითარების  მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი არ ეწინააღმდეგება გახსნილობასა და გლობალიზაციას. მდგრადი განვითარება შესაძლებელია მოხდეს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის პირობებში, მზარდი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პოტენციალი საჭიროებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც/სუვერენიტეტსაც;
  • რუსეთის ფედერაცია ცდილობს აღადგინოს საერთაშორისო სამართალზე დამყარებული სისტემა, რითაც შეცვლის დღეს არსებულ ვითარებას, რომელშიც დასავლეთმა საერთაშორისო ნორმები საკუთარ შეხედულებებს მიუსადაგა;  
  • რუსეთი ეწინააღმდეგება სუვერენული ქვეყნების ხელისუფლებათა გარე ჩარევის შედეგად შეცვლას, რისთვისაც სამხედრო ჩარევა და სხვა უხეში მეთოდები გამოიყენება;
  • რუსეთი წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, შეუძლია მშვიდობის დამყარება სხვა ქვეყნებში და კონფლიქტის დარეგულირების ეფექტიანი ფორმატების შექმნა. ამის თვალსაჩინო მაგალითია სირია. ამ ფონზე, რუსეთს ძალუძს გამოვიდეს უფრო ფართო, კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონული კონცეფციებით; 
  • რუსეთის მიზანია დაამკვიდროს უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი პრინციპი, როგორც ფართო რეგიონული, ისე გლობალური მასშტაბით.

თუ განვაზოგადებთ, რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ზემოხსენებულ გზავნილებს სამი ძირითადი ამოცანა აქვთ:

  1. წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი უსამართლო და არაკეთილსინდისიერია, რომელიც თავისი ინტერესების დასაცავად  აზიანებს საერთაშორისო უსაფრთხოებას;
  2. აჩვენოს, რომ დასავლეთი დასუსტებულია და ამდენად, საერთაშორისო სისტემის შეცვლა ობიექტური რეალობაა, რასაც რუსეთთან ერთად სხვა ძლიერი ქვეყნებიც იზიარებენ;
  3. რუსეთი წარმოაჩინოს იმ ტიპის ძალად, რომელიც მნიშვნელოვან და, რაც მთავარია, პოზიტიურ როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში.

რამდენად ეფექტიანია რუსული პროპაგანდა, ამაზე ცალსახა პასუხი ალბათ არ არსებობს, რადგან რუსეთის ნეგატივის გადაფარვა, თუნდაც გამართული და კარგად ორგანიზებული პროპაგანდით საკმაოდ რთულია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეისათვის დასავლეთში, მათ შორის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში, რუსული პროპაგანდის განეიტრალება ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად სრულიად სამართლიანად მიიჩნევა, რაც სათანადოდ ასახულია კიდეც ამ ქვეყნების კონცეპტუალურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა დოკუმენტებში.  

 

*ამ თემაზე, რონდელის ფონდის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი პუბლიკაციები:

რუსეთის იმპერიული იდეოლოგიები - ავტორიტარიზმისა და ექსპანსიის საფუძველი? 

რუსული საინფორმაციო კონფრონტაციის ძირითადი მიმართულებები და შედეგები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში  

რუსული პროპაგანდა - მიზნები, ნარატივები და აქტორები 

მეორე მსოფლიო ომიდან კიბერომამდე როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი? 

სუსტი რგოლის დილემა    

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.