X

განცხადებები

განცხადება

2022 / 02 / 15

ცოტა ხნის წინ, ვებ-გვერდზე Greekcitytimes-ზე გამოქვეყნდა ქემრან მამედოვის ინგლისურენოვანი პუბლიკაცია - Turkey Radicalizes Azerbaijani Community of Georgia (თურქეთი ახდენს საქართველოს აზერბაიჯანული თემის რადიკალიზაციას). პუბლიკაციის ავტორი, რონდელის ფონდის კვლევაზე დაყრდნობით (რომლის სახელწოდება არ არის მითითებული) ქვემო ქართლის რეგიონში რადიკალიზაციის მთავარ წყაროდ თურქეთს წარმოაჩენს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია არღვევს ციტირების წესს, სახეზეა რონდელის ფონდის კვლევების შედეგების  დამახინჯება ან არასათანადო ინტერპრეტაცია.

რონდელის ფონდის კვლევები ქვემო ქართლის რეგიონის შესახებ არის აღწერითი ხასიათის და ძირითადად მიმოიხილავს რეგიონის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე რელიგიურ ვითარებას. ილუსტრაციისთვის, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების მიმდევარი რესპოდენტების ანონიმური ციტატებიც, თუმცა, არცერთი ჩვენი კვლევა არ ადასტურებს რეგიონში მაღალი რადიკალიზაციის დონეს.

გარდა ამისა, მამედოვის პუბლიკაციაში ნახსენებია ჩვენს კვლევებში მოყვანილი დემოგრაფიული სტატისტიკის, თურქული ორგანიზაციების საქმიანობისა თუ კონკრეტული პიროვნებების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია დამახინჯებული სახით და არასწორ კონტექსტში. ჩვენ ვემიჯნებით Greekcitytimes-ში გამოქვეყნებულ წერილს, ვინაიდან გამოყენებული ინფორმაცია არ ასახავს რონდელის ფონდის კვლევებში მოცემულ ფაქტებს და დასკვნებს.

იხილეთ კვლევები ბმულზე: https://www.gfsis.org/publications/view/2921; https://www.gfsis.org/publications/view/2772

მეტი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით რონდელის ფონდის მკვლევარს, ალექსანდრე კვახაძეს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.