განცხადებები

რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის

2022 / 11 / 22

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც გამიზნულია საელჩოსა და რონდელის ფონდის სხვადასხვა პროექტის კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის.

ჩვენი მიზანია მცირე გრანტების გაცემის ინიციატივით ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივობასა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დანერგვას; სხვადასხვა რეგიონის კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის დავეხმაროთ ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 5-დან 12-მდე მცირე გრანტის გაცემა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რონდელის ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს კურსდამთავრებულებს, რომლებიც არიან საკუთარ რეგიონებში მომუშავე აქტიური ახალგაზრდები. კონკურსის შედეგად მიღებულ საპროექტო წინადადებებს შეარჩევს კომისია.

საგრანტო შემოთავაზებები უნდა პასუხობდეს თემის განვითარების გამოწვევებს და ხელს  უწყობდეს რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას, რაც გულისხმობს, მაგალითად, პეტიციის წერას, სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცოდნის ასამაღლებელი ონლაინ პლატფორმის შექმნას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ა.შ.

გრანტები შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნეს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს უწყობენ მოხალისეობრივ საქმიანობას და ცდილობენ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა სოციალური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამ საკითხებში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვას, დისკუსიებისა თუ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრის გამართვას, რაც დაეხმარება ადგილობრივებს უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვასა თუ სხვა საკითხებში. ადგილობრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ საგრანტო პროექტად წარადგინონ ის ინიციატივებიც, რომლებიც ეხება თემში მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მოხუცებს, ბავშვებს და ა.შ.

ჩვენი პროექტი არის ერთგვარი მცდელობა, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების ჩართულობის მხრივ არსებული ბარიერების შემცირებისა და რეგიონებში ინკლუზიური და მონაწილეობითი  პოლიტიკის ხელშეწყობისკენ.

თვალყური გვადევნეთ, საპროექტო წინადადებების მიღება და საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა უახლოეს დღეებში გამოცხადდება!

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.