ლექციები და ტრენინგები
პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლების გასვლითი ღონისძიება
2018 წლის 30 ივნისს რონდელის ფონდმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის ფონდში მიმდინარე სასწავლო პროექტის მონაწილეებისთვის გამართა გასვლითი ღონისძიება შატო მუხრანში.
გასვლითი ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პროექტის მონაწილეებს შორის ურთიერთობის დამყარება-გაღრმავების ხელშეწყობა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ლექციების მოსმენა და წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 17 სხვადასხვა პარტიის, მათ შორის, მმართველი პარტიის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, 29 წარმომადგენელი.
შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი: საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე მსჯელობას უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო ანტიდასავლური პროპაგანდისა და საინფორმაციო ომის პრობლემებზე ისაუბრა რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ.
რონდელის ფონდის ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა „სასწავლო პროექტი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წევრებს და მიზნად ისახავს სხვადასხვა თემაზე ტრენინგებისა და დისკუსიების საშუალებით ქვეყანაში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობას. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (National Endowment for Democracy - NED) ხელშეწყობით.