X

შეხვედრები და დისკუსიები

„რუსეთ-უკრაინის ომი: ახალი შესაძლებლობები და რისკები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

2022 / 09 / 27
26 სექტემბერს, რონდელის ფონდის ინიციატივით, ჩატარდა ღია დისკუსია სახელწოდებით „რუსეთ-უკრაინის ომი: ახალი შესაძლებლობები და რისკები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. შეხვედრას, რონდელის ფონდის მკვლევრებთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და იქ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიამ, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთისთვის საკმაოდ წარუმატებელია, დიდი ცვლილებები მოუტანა მთელს მსოფლიოს. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, ეხება ევროპას და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონს. რუსეთის როლის დაკნინების დასტურია, მაგალითად, კრემლის უუნარობა, დაიცვას თავისი მოკავშირე სომხეთი. ფრონტზე სამხედრო წარუმატებლობები აიძულებს რუსეთს წავიდეს ესკალაციის გზით, რასაც მოწმობს მობილიზაციის გამოცხადება და ბირთვული იარაღით მუქარის გახშირება. რა გავლენა აქვს ამ ომს საქართველოზე და, განსაკუთრებით, რა რისკებსა თუ შესაძლებლობებს აჩენს ის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? - ეს იყო დისკუსიის მთავარი თემა.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ახლანდელი პოზიცია და ის შესაძლებლობები, რაც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მარცხის შემდგომ გაჩნდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ განწყობებზე და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კომუნიკაციის გზების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოების პრობლემებზე. გამოითქვა აზრი, რომ აღნიშნულ შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცეს და შემუშავდეს თემატური რეკომენდაციები.
ღონისძიება მიეძღვნა სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავს.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.