სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 25 თებერვალი
2020 / 02 / 25
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- რუსულმა მხარემ უარყო თურქული მხარის განცხადება, რომ 5 მარტისთვის იგეგმებოდა ოთხმხრივი (თურქეთ-რუსეთი-გერმანია-საფრანგეთი) სამიტის ჩატარება სირიის საკითხებზე;
- 26 თებერვალს დაგეგმილია რუსული დელეგაციის ჩასვლა თურქეთში, სადაც გაიმართება მორიგი ორმხრივი (თურქულ-რუსული) შეხვედრის ჩატარება ბოლო დროს იდლიბში განვითარებულ მოვლენებზე;
- ასადის რეჟიმის ძალები განაგრძობდნენ შეტევას იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. მათ შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება;
- სირიის ოპოზიციის მებრძოლებმა შეუტიეს და აიღეს ქ. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დაბა ნაირაბი. მათი მიზანია დაბის სიახლოვეს მდებარე ქ. სარაქიბის აღება, სადაც ერთმანეთს უერთდება დამასკო-ალეპოსა და ლატაკია-ალეპოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზები;
- რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციის ნაწილების დაბომბვებს. მათ ასევე დაბომბეს ქ. ტანტანაზში განლაგებული თურქული სამხედრო ბლოკ-პოსტის მიმდებარე ტერიტორიები;
- რუსულმა ავიაციამ ასევე დაბომბა ქ. იდლიბი, რასაც სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.