სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 26 თებერვალი
2020 / 02 / 26
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იწურება თურქეთის მიერ დამასკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომელშიც ანკარამ ასადის რეჟიმის ძალებს უკან დახევა მოსთხოვა. ერდოღანმა იქვე დასძინა, რომ თურქეთი არ აპირებს იდლიბის პროვინციიდან გასვლას. მისი განცხადებით, რუსეთი უგულვებელყობს სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობას იდლიბის პროვინციაში;
- პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე თურქეთისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვერ ხერხდება საჰაერო სივრცის კონტროლი იდლიბის პროვინციაში. მისივე განცხადებით, ანკარა მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით;
- 26 თებერვლის საღამოს ანკარაში ჩადის რუსული დელეგაცია, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს თურქულ მხარესთან;
- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ ორმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე (თუმცა, მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია);
- რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიცის ნაწილების დაბომბვებს. დაიბომბა ქ. იდლიბი და იდლიბის პროვინციის სამხრეთი ნაწილი, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა;
- ასადის რეჟიმი აგრძელებდა სახმელეთო შეტევას იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სადაც მათ შეძლეს დამატებითი ტერიტორიებისა და დასახლებული პუნქტების დაკავება;
- ასადის რეჟიმის ძალებმა თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქ. იდლიბის სამხრეთით;
- თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის ფასი 6,16 თურქული ლირა გახდა.