სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 29 თებერვალი
2020 / 02 / 29
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სთხოვა რუსეთმა „გზა დაუთმოს“ თურქეთს, რათა ამ უკანასკნელს საშუალება მიეცეს გაუსწორდეს ასადის რეჟიმს;
- ა.წ. 1 მარტს ვადა გასდის თურქეთის მიერ ასადის რეჟიმისადმი წაყენებულ ულტიმატუმს, რომელშიც ანკარა მოითხოვდა სირიის სამთავრობო ძალების უკანდახევას;
- თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ნაწილებმა დაიწყეს კონტრშეტევა იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სადაც მათ შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება;
- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა ანკარის სურვილი, რათა მოხდეს ამერიკული პეტრიოტების სისტემების თურქეთში ჩატანა;
- თურქული არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები განაგრძობდნენ ასადის რეჟიმის ძალების პოზიციების ინტენსიურ დაბომბვებს ჩრდილოეთ სირიაში. პირველად დაიბომბა პროირანული „ჰესბოლას“ ნაწილებიც. დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა;
- რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას იდლიბის პროვინციაში;
- თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკვე ათასობით ლტოლვილმა მოიყარა თავი, რომლებიც ევროპაში შეღწევას ცდილობენ. დღეს მათსა და ბერძენ სამართალდამცავებს შორის მოხდა შეტაკება.