სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 2 მარტი
2020 / 03 / 02
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქ. სარაქიბში, სადაც ერთდება დამასკო-ალეპოსა და ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები;
- გადაწყდა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება ა.წ. 5 მარტს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება იდლიბში შექმნილი სიტუაცია. მხარეები შეეცდებიან დეესკალაციის გზების მოძებნას;
- თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპისკენ დაიძრა 100 000 ლტოლვილი. მისივე სიტყვებით, მალე მათი რაოდენობა მილიონებს მიაღწევს;
- ანაკარაში ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრი, რომელიც იდლიბში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს თურქულ მხარესთან;
- იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში თურქეთმა ჩამოაგდო რუსული დრონი;
- თურქული არტილერია და დრონები განაგრძობდნენ ასადის რეჟიმის პოზიციების დაბომბვას;
- პროთურქული ოპოზიცია განაგრძობდა სახმელეთო შეტევას იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სადაც მათ დამატებითი ტერიტორიების დაკავება შეძლეს;
- თურქული მხარის განცხადებით, იდლიბის პროვინციაში დაწყებული ოპერაციიდან დღემდე მოხერხდა 2100 ასადის რეჟიმის მებრძოლის ნეიტრალიზება.