GFSIS https://gfsis.org.ge/ge Georgian Foundation For Strategic and International Studies - events. პროექტის ასისტენტის პოზიცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში https://gfsis.org.ge/ge/events/view/1610 დასახელება: პროექტის ასისტენტი სამუშაო განაკვეთი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი); ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა; აკადემიურად წერის უნარი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პროექტის ასისტენტის, კოორდინატორის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მზაობა რეგიონებში სამივლინებოდ; ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ძირითადი მოვალეობები: პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება; პროექტის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტების ადგილზე კოორდინირება; პროექტის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი; პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭრა; პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]; აუცილებელია, პოზიციის დასახელება - ,,პროექტის ასისტენტი" მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში. *გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 სექტემბერი, 18:00. Tue, 29 Aug 2023 0:00:00 GMT უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია https://gfsis.org.ge/ge/events/view/1609 ავტორი: ვოლოდიმიერ პოსვიატენკო, იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში; პადოვას უნივერსიტეტი უნგრეთი, რომელსაც 2010 წლიდან პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია – „ფიდესი" მართავს, მუდმივად ავლენს არალიბერალურ და ავტორიტარულ ტენდენციებს. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლამ შეარყია ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები და დააზიანა მისი საერთაშორისო რეპუტაცია. უნგრეთის გადახვევა ლიბერალური ღირებულებებიდან სცდება შიდა პოლიტიკის ფარგლებს, აფერხებს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს და უარყოფით გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკის მთავარ კომპონენტზე – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. უნგრეთი ყოველთვის იყო ევროკავშირის გაფართოების ერთგული მხარდამჭერი. თუმცა, არალიბერალიზმისკენ შემოტრიალებით შეიცვალა მისი ტრადიციულად დადებითი გავლენა ამ პროცესებზე და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისათვის არასასურველ ადვოკატად იქცა. როგორც წესი, ევროკავშირის გაფართოების კუთხით უნგრეთის გრძელვადიანი პრიორიტეტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იყო, თუმცა, ბოლო დროს იგი საქართველოშიც გააქტიურდა. ევროკავშირის გაფართოების პროცესში უნგრეთის ჩართულობის არასასურველი დინამიკის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას უნგრეთთან მზარდმა თანამშრომლობამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს? უნგრეთის ახალი მიდგომა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნების მიმართ უნგრეთის ახალი მიდგომა გულისხმობს ღია თანამშრომლობას ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც უნგრეთის არალიბერალურ იდეოლოგიას იზიარებენ, თუნდაც ეს ქვეყნების უსაფრთხოების, სტაბილურობის და ევროინტეგრაციის პროგრესის ხარჯზე ხდებოდეს. სავარაუდოდ, ორბანის მიზანი ევროკავშირში ბერკეტების გაძლიერებაა, ამისათვის კი სურს შექმნას არალიბერალური და არადემოკრატიული ძალების კოალიცია, რომელიც წამყვანი დასავლური ქვეყნების გავლენას თუ მთლიან ლიბერალურ ღირებულებათა სისტემას დაუპირისპირდება. ორბანის მიდგომის მთავარი ქვაკუთხედი „ტრადიციული ღირებულებების" კონცეფციაა, რომელსაც იგი, ასპირანტ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის და ანტიდემოკრატიულ სენტიმენტებს გაღვივების გზით, თავისი არალიბერალური ხედვების გავრცელების ინსტრუმენტად იყენებს. ორბანის მიდგომა ძირს უთხრის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ევროპული ქვეყნების დემოკრატიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების იდეას. მისი ქმედებები და დაუსჯელობა ერთგვარი მესიჯია არალიბერალური პოლიტიკოსებისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნებს შეეძლებათ ისარგებლონ ეკონომიკური სიკეთეებით და, ამავდროულად, უგულებელყონ ევროკავშირთან პოლიტიკური თავსებადობა და ევროპული ღირებულებები. ასპირანტი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევა ეწინააღმდეგება უნგრეთის დეკლარირებულ მიზანს მათი დაჩქარებული ევროინტეგრაციის შესახებ, რადგან აღრმავებს გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს. მაგალითები დასავლეთ ბალკანეთიდან უნგრეთის ამჟამინდელ მიდგომა კარგად ჩანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მისი ჩართულობის მაგალითზე. სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორბანის გავლენების ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის გააქტიურებას საქართველოში. დასავლეთ ბალკანეთში ვიქტორ ორბანის მთავარი არალიბერალური მოკავშირე სერბეთია. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის ამჟამინდელ მთავრობას პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც ორბანის მსგავს ავტორიტარულ, პოპულისტურ და არალიბერალურ მიდგომებს ამჟღავნებს. 2021 წლის ივნისში ორბანმა ევროკავშირის რეფორმის 7-საფეხურიანი ხედვა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი პუნქტად სერბეთის ევროკავშირში დაუყოვნებელი გაწევრიანებას შეიტანა. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, თუმცა ორბანს სერბეთის დაუყოვნებლივი ევროინტეგრაცია სწორედ მისი არალიბერალური მთავრობის გამო სურს. ევროკავშირისთვის ასეთი წევრის მიღება არასასურველია. შესაბამისად, უნგრეთის ამჟამინდელი რეპუტაციის გათვალისწინებით, ორბანის ძლიერი პროსერბიული ლობიზმი სერბეთის ევროინტეგრაციას აზიანებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას – VMRO-DPMNE-ს უჭერს მხარს, რომელიც 2006-2017 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ხშირად არადემოკრატიულად მოქმედებდა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებულ პარტიის ყოფილ ლიდერს, ნიკოლა გრუევსკის, უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. 2017 წლიდან სწრაფად გაიზარდა უნგრეთის გავლენა ჩრდილოეთ მაკედონიის მედიაზეც. უნგრელი ბიზნესმენების მიერ შესყიდული მედიასაშუალებები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მათი საქმიანობა მოიცავს VMRO-DPMNE-ს დაუფარავ მხარდაჭერას და ევროსკეპტიციზმისა და ანტილიბერალური ნარატივების გავრცელებას. უნგრეთის კიდევე ერთი განხეთქილების გამომწვევი ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან მიღწეული კომპრომისის დაბლოკვის მცდელობას უკავშირდება. დასახელების ცვლილება იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის ვეტოს მოხსნის მთავარი პირობა. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორბანის უახლოესი მოკავშირე ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი მილორად დოდიკია. დოდიკმა წლები მიუძღვნა სერბთა რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გამოყოფის მხარდამჭერ საქმიანობას. უნგრეთის მიერ დოდიკის სეპარატისტული რეჟიმის ღია მხარდაჭერა პირდაპირი თავდასხმაა ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. თუმცა, დოდიკზე გავლენა ორბანს ევროკავშირში ერთგვარ ბერკეტს აძლევს, რადგან თავს რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ფიგურად წარმოაჩენს. ამგვარად, ორბანის პოლიტიკა აზიანებს ევროკავშირისა და ნატოს მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინის უსაფრთხოებისათვის გაწეულ ძალისხმევას, საფრთხეს უქმნის მთლიანი დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების არქიტექტურას და შეიძლება გავლენა იქონიოს უფრო ფართოდ – ევროპის უსაფრთხოებაზეც. საქართველო - ახალი სამიზნე? ბოლო წლებში უნგრეთის არალიბერალური გავლენები საქართველოშიც ვრცელდება. ამის მანიშნებელია მზარდი თანამშრომლობა ორბანის მთავრობასა და საქართველოს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნებას" შორის, რომელიც იდეოლოგიურად ორბანის ფიდესთან ახლოს მდგომი პარტიაა. უნგრეთის გავლენების თვალსაჩინო მაგალითებია ქრისტიანულ-კონსერვატიული „ტრადიციული" ღირებულებების პოპულარიზაცია, ანტი LGBTQ+ პროპაგანდა, ევროსკეპტიციზმი და ორაზროვანი, ან სულაც დადებითი, პოზიცია რუსეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უნგრეთის მსგავსად, საქართველოს მთავრობაც ცდილობს შეამციროს მოქალაქეების სამოქალაქო თავისუფლებები, გააძლიეროს სასამართლო სისტემის კონტროლი, შეაფერხოს დემოკრატიული საარჩევნო პროცესები და შეზღუდოს მედიისა და აკადემიის თავისუფლება. ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუარესებას ემთხვევა. „ქართული ოცნების" მთავრობა ნებაყოფლობით ეხვევა უნგრეთის მზარდ არალიბერალურ ბადეში. ეს დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინაში. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2022 წლის 27 ოქტომბერს უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტიც, სადაც მან და ორბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ვიზიტის დროს ღარიბაშვილმა შეაქო ორბანის მმართველობა და ღიად განაცხადა, რომ უნგრეთი არის წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მაგალითი, რომელსაც საქართველომ უნდა მიბაძოს. კიდევ ერთი მსგავსება ორბანსა და „ქართული ოცნების" მთავრობას შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაში ჩანს. 2022 წლის ოქტომბრის ვიზიტის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და უნგრეთი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა ამავდროულად, პირველ რიგში, იცავენ თავიანთ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. სახელმწიფოების პოზიციების მსგავსება აისახება მოწოდებაში – „დასრულდეს ომი რაც შეიძლება მალე" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებითა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით. გარდა ამისა, როგორც უნგრეთმა, ისე საქართველომ გააკეთეს განცხადებები და უკრაინის მთავრობა საკუთარი ქვეყნებისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. ამავდროულად, იზრდება საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და აღდგა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები. რაც შეეხება უნგრეთს, იგი აგრძელებს რუსული გაზისა და ნედლი ნავთობის იმპორტს, თანამშრომლობს ბირთვული ენერგიის სფეროში და ახორციელებს ორმხრივ დიპლომატიურ ვიზიტებს. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთში 2023 წლის 4 მაისს გაიმართა, როდესაც მან ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაქო „ორბანის მმართველობა" და რამდენიმე შენიშვნა გააკეთა, რომელიც ანტილიბერალიზმის, ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდაზე მეტყველებს. ეს ვიზიტი არის „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ „ტრადიციული ღირებულებების" პროპაგანდის და მტკიცე ანტილიბერალური კურსის გამოვლინება. ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო ევროპის სოციალისტურმა პარტიამ „ქართული ოცნება" თავისი რიგებიდან გარიცხა. 2023 წელს უნგრეთი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ძალიან საეჭვოა, ეს მხარდაჭერა გულწრფელი იყოს. რიკარდ იოზვაკის აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე ბუდაპეშტმა შესაძლოა ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს. რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროკავშირის შანტაჟისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ბერკეტების მოპოვებას. უფრო მეტიც, არალიბერალური საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება ეხმიანება ორბანის მიზნებს, ევროკავშირში შექმნას არალიბერალური სახელმწიფოების ჯგუფი. ასეთი ქმედებები დამაზიანებელია საქართველოს ისედაც გაუარესებული რეპუტაციისთვის და საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებს. უნგრეთის ჩართულობის პოტენციური რისკები უნგრეთის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების ლობირებამ, ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესის მიუხედავად, შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს. უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროკავშირში გავლენების ბერკეტების მოსაპოვებლად იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხდის საეჭვოს ორბანის გულწრფელობას ევროკავშირის გაფართოების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად წარმართვასთან დაკავშირებით. „ქართულის ოცნების" მიერ უნგრეთის მისაბაძ მაგალითად არჩევა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მორიგი საბოტაჟის მცდელობას ჰგავს, არღვევს მის დემოკრატიულ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირში უნგრეთის ამჟამინდელი რეპუტაციის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მისი განხეთქილების გამომწვევი საქმიანობების გათვალისწინებით, საქართველო-უნგრეთის მზარდმა თანამშრომლობამ შესაძლოა ბრიუსელი და ცალკეული წევრი ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ანტაგონისტურად განაწყოს. უნგრეთის „წარმატების" მიბაძვა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რადგან შესაძლოა, ევროპელი ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ ბლოკში „კიდევ ერთი უნგრეთის" მიღებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორბანის ტაქტიკა წარმატებული იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს მაინც არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია. საქართველოს თანამშრომლობამ ორბანის უნგრეთთან შესაძლოა სახიფათო გრძელვადიანი ეფექტები მოიტანოს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესებსა და, შესაბამისად, მის ევროპულ მომავალზე. Fri, 11 Aug 2023 0:00:00 GMT აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება: რთული, თუმცა ოდესმე შესაძლებელი? https://gfsis.org.ge/ge/events/view/1608 ავტორი: სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი 15 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების შედეგად სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობების დამაბრკოლებელი საკითხების მოგვარების თაობაზე შეთანხმება დადეს. ევროპული საბჭოს ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრა იყო „გულწრფელი, პირდაპირი და არსებითი", თუმცა ხელშესახები პროგრესი დიდწილად „განპირობებული იქნება ახლო მომავალში გადადგმულ ნაბიჯებით". აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დიპლომატიური შუამავლობით ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ორწელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, თუმცა ეფექტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია. ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, როგორებიცაა საზღვრის დემარკაცია და დელიმინაცია და სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების საკითხები, მდგრადი მშვიდობის დასამყარებელ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უშლის ხელს. ამავდროულად, რუსეთს, რომელიც მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ მთავარ შუამავლად რჩება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული ვითარების მოგვარება არ სურს, რაც რეგიონში მისი სამხედრო დანაყოფების კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნების გარანტია იქნება. „არარსებული" საზღვრების დადგენა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე კონტროლი 30 წლის შემდეგ პირველად აღადგინა. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ 2021 წლის ნოემბერში დადებული სამმხრივი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ საზღვრების დემარკაციას ეთმობა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის შუამდგომლობით შეიქმნა საზღვრების დემარკაციისა და დელიმინაციის ერთობლივი სომხურ-აზერბაიჯანული კომისია, რომლის მიზანია საბჭოთა კავშირის რუკებსა და GPS ტექნოლოგიებზე დაყრდნობით სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენა. საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვრებს არასდროს ჰქონიათ საერთაშორისო სტატუსი, რის გამოც არც მათი ოფიციალური დემარკაცია მომხდარა როდისმე. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ სომხეთსა და აზერბაიჯანს არასდროს ჰქონიათ ოფიციალური შეთანხმება მათ შორის არსებული საზღვრების დადგენის თაობაზე, რის გამოც სასაზღვრო სამუშაო ჯგუფის საუკეთესო წყარო მხოლოდ და მხოლოდ ძველი საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ რუკების მთავარი დანიშნულება არა ადმინისტრაციული საზღვრების, არამედ ლანდშაფტების ჩვენებაა. ამასთანავე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანას თავისი დაკავებული ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიციები თავდაცვის ინფრასტრუქტურის დახმარებით საკუთარ საზღვრებში აქვთ მოქცეული. რუკა 1. ფრაგმენტი 1974 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკიდანაა აღებული, რომელზეც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი (წითლად) წყვეტილი ხაზითაა აღნიშნული (წყარო: Eurasianet). მიუხედავად იმისა, რომ ბაქო და ერევანი თანხმდებიან, რომ საზღვრების დემარკაცია აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სამომავლო მშვიდობის მისაღწევად, მათი მიდგომები საზღვრის დადგენის ტექნიკურ საკითხებზე მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 2022 წლის 6 აპრილს გამართულ ბრიუსელის სამიტზე ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ შექმნილიყო ერთობლივი სასაზღვრო კომისია, რომელიც მოახდენდა საზღვრის დელიმინაციას და სასაზღვრო ზოლისა და ახლომდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოძველებულ რუკებზე დაყრდნობით საზღვრის დადგენა მეგობრულად განწყობილი ქვეყნებისათვისაც კი წარმოუდგენლად რთულად მოსაგვარებელი საკითხია. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დაძაბული ურთიერთობების მქონე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. სარგებლიანი, თუმცა პრობლემური კორიდორები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, განსაკუთრებით სომხეთის გავლით აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის, სატრანსპორტო კავშირების ჩამოყალიბება და აღდგენა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების გზაზე. როგორც აღნიშნულია 2020 წლის ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში, რეგიონში კავშირების აღდგენა აზერბაიჯანსა და სომხეთს ეკონომიკურ და სავაჭრო სარგებელს მოუტანს და გახდება მათ შორის სამომავლო მშვიდობის ერთ-ერთი საფუძველი. 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში „ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის" მიზნით სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ჯგუფის მუშაობა წარუმატებელი გამოდგა, რადგან ერევანში შიშობენ, რომ სომხეთის სამხრეთ საზღვართან ახლოს აზერბაიჯანისთვის „კორიდორის" დათმობით მეგობრულ ირანთან სამხრეთ საზღვარზე სომხურ იურისდიქციას საფრთხე შეექმნება. ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გახსნის იდეა ირანშიც იწვევს შეშფოთებას, რადგან სატრანსპორტო კორიდორი ირანს სომხეთს ჩამოაშორებს. თეირანის ეკონომიკისთვის კი სომხეთის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან ის ერთადერთი სატრანსპორტო გზაა, რომელიც ქვეყანას შავ ზღვასა და ევროპასთან აკავშირებს. ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ზანგეზურის კორიდორის გეგმის მიმართ უზადო კრიტიკით გამოირჩევა, რაც სომხეთს ხელს აძლევს, რომ ამ გეგმის განხორციელებას გარკვეულწილად შეეწინააღმდეგოს. რუკა 2. რუკაზე გამოსახულია „ზანგეზურის კორიდორი", რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახჭევანის ექსკლავთან დააკავშირებს, და ლაჩინის კორიდორი (წყარო The Cradle). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისთვის ნახჭევანთან დასაკავშირებელი გზის სომხეთის გავლით გაყვანისთვის მზადყოფნა გამოხატა. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა აზერბაიჯანს შესთავაზა სატრანსპორტო გზის სამი შესაძლო ვარიანტი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ გზის ადგილმდებარეობაზე, რადგან აზერბაიჯანისთვის სამივე ვარიანტი გაცილებით გრძელია „ზანგეზურის კორიდორთან" შედარებით (45-კმ-იანი გზა, რომელიც სოხმხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივაა). რუსეთი – მთავარი ხელშემშლელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის თაობაზე მოლაპარაკებები ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს. პროცესი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შუამავლობით სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმინაციის საკითხებით დაიწყო. თუმცა, ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი არც კი ყოფილა წამოჭრილი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად დასავლეთმა (ევროკავშირმა და აშშ-მ) სცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში შუამდგომლობა. თუმცა, ბაქოსა და ერევანს შორის შერიგების პროცესებში ევროკავშირისა და აშშ-ის გააქტიურებულმა შუამდგომლობამ რუსეთი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა მთავარი შუამავლის როლს, გააღიზიანა. ამის შემდგომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო პაქტის საკუთარი ვერსიაც კი შესთავაზა მხარეებს, რომელშიც ყარაბაღის სამომავლო სტატუსის – მშვიდობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – საერთოდ არაა განხილული. ხაზგასასმელია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებითა და ყარაბაღის რეგიონზე აზერბაიჯანის დე ფაქტო კონტროლის აღდგენით რეგიონში რუსული სამშვიდობო მისია (რუსეთის მთავარი ბერკეტი რეგიონში) აზრს დაკარგავს. სწორედ ამიტომ მოსკოვს სურს რუსული სამშვიდობო ძალებისთვის რეგიონში 2025 წლის ნოემბრის მანდატის კიდევ 5 წლით გადავადება. ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამ კი რუსული ჯარის ყარაბაღის რეგიონიდან გაყვანა და შესაძლოა სომხეთში რუსული ბაზის დახურვა გამოიწვიოს. ამ შესაძლებლობას თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სავარაუდო ნორმალიზება კიდევ უფრო რეალურად აქცევს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს უკვე გაცხადებული აქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მას მიზნად დასახული აქვს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. გარდა ამისა, ბოლო დროს როგორც ბაქო, ისე ერევანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის ჩართულობის მიმართ უფრო და უფრო კრიტიკულობით გამოირჩევიან. ზოგიერთი სომხური პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ინიციატივა უკვე მოითხოვს სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვას. ისინი ასევე ითხოვენ ერევნის გამოსვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO). ამ მოთხოვნების კატალიზატორი გახდა 2022 წლის მაისი, როდესაც, სომხეთის ოფიციალური განცხადებით, კოლექტიურმა ორგანიზაციამ ერევანს უარი უთხრა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეტევისას დახმარების გაწევაზე. ამავდროულად, აზერბაიჯანშიც იმატებს ყარაბაღის რეგიონში არსებული რუსული სამშვიდობო მისიის მიმართ უკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი მზადაა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ყარაბაღის რეგიონი ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიად, რუსეთი ყოველგვარ ბერკეტს იყენებს, რომ ყარაბაღის სამომავლო სტატუსის საკითხი გადაუჭრელი დარჩეს. კრემლში მიაჩნიათ, რომ თუ რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულად (დე იურე) დარჩება, რუსეთი შეძლებს სამხედრო დანაყოფების სამომალვლოდ შენარჩუნებას. რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალი არსებული სიტუაციის 2025 წლამდე გახანგრძლივებაა, რაც მას დამატებითი 5 წლით მისცემს არსებული სამშვიდობო მანდატის გახანგრძლივების შესაძლებლობას. აქვს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის გაღიზიანების მიუხედავად, დასავლეთი კვლავ აქტიურად ასრულებს შუამავლის როლს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ფაშინიანის მზადყოფნა, რომ ყარაბაღის რეგიონი ადგილობრივი სომხებისთვის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე აზერბაიჯანის ნაწილად ცნოს, ხელშესახებ საფუძველს ამზადებს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. ამავდროულად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხებზე მოსაზრებებს შორის სხვაობა თანდათანობით მცირდება, რაც საბოლოო ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელია. ამ ეტაპზე საჭიროა დრო და მხარეების გააზრებული სურვილი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით ორივე ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღოს. Wed, 26 Jul 2023 0:00:00 GMT პანკისის ხეობაში მოქმედმა ცენტრმა “ილუმინატორმა” გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან https://gfsis.org.ge/ge/events/view/1607 მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში გრძელდება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. ამჯერად პანკისის ხეობაში მოქმედმა ცენტრმა "ილუმინატორმა" გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან. პანკისელ ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ესაუბრათ თავიანთ გეგმებზე, თემში არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ახმეტის მერიასთან დაიგეგმა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით ახალგაზრდების პროექტის „სამოქალაქო აქტივიზმი პანკისელი ახალგაზრდების განვითარებისთვის" ფარგლებში. თანამშრომლობის მიზანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის საქმიანობაში და აქტივიზმის მხარდაჭერა. რონდელის ფონდი მცირე გრანტების პროექტს „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის" ახორციელდებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. Tue, 25 Jul 2023 0:00:00 GMT ბლოგი მალე დაემატება https://gfsis.org.ge/ge/events/view/1606 ქართული ვერსია მალე დაემატება Mon, 24 Jul 2023 0:00:00 GMT დისკუსია თემაზე „რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები“ https://gfsis.org.ge/ge/events/view/1605 2023 წლის 18 ივლისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები" რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის უარყოფისა, აჩენს კითხვებს, თუ რატომ გახდა ეს თემა კვლავ აქტუალური რუსეთისთვის. დისკუსიაზე განხლული იყო თუ ვის მოუტანს სარგებელს და ზიანს ეს პროექტი და რა საფრთხეებს შეიცავს მისი განხორციელება საქართველოსთვის. აგრეთვე, როგორ უკავშირდება ეს საკითხი, ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსა და, მეორე მხრივ, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რონდელის ფონდის მკვლევრებმა, ალექსი პეტრიაშვილმა, მამუკა კომახიამ და გიორგი ბადრიძემ გასცეს პასუხი ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს. Thu, 20 Jul 2023 0:00:00 GMT ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები https://gfsis.org.ge/ge/events/view/1604 ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტისადმი ინტერესიც დიდი იყო და მოლოდინიც. ყველასთვის ცხადი იყო, რომ უკრაინის თემა მთავარი იქნებოდა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაძლებლობებზე საუბარმა, სხვადასხვა ვერსიების განხილვამ და შესაძლო შედეგების პროგნოზირებამ ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა მაქსიმუმამდე გაზარდა. პირადად უკრაინის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის პოზიცია არაერთ განცხადებაში გამოიკვეთა: „ჩვენ გვესმის, რომ ახლა ომია და უკრაინას ნატოში ვერავინ მიიღებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალები, საგზაო რუკა და სავარაუდო ვადები მიწვევასა და გაწევრიანებასთან დაკავშირებით". თავის მხრივ, ალიანსის წევრები უფრო იხრებოდნენ მრავალწლიანი სამხედრო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისკენ და თავს იკავებდნენ გაწევრიანების ან მოწვევის შესახებ რაიმე კონკრეტულის თქმისგან. კულუარებში სხვადასხვა ქვეყანა სახელდებოდა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რაიმე კონკრეტული დაპირების გამოცხადებას. ოფიციალურად არსად თქმულა, მაგრამ მინიშნება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაზე. გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ორი ქვეყანა უშლიდა ხელს კონსენსუსის მიღწევას, ვინაიდან ნატოს 23 წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა უკრაინასთან ერთობლივ ორმხრივ დეკლარაციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე, უშუალოდ სამიტამდე 2-3 დღით ადრე კი პრეზიდენტ ზელენსკის ანკარაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას, დარჩენილ 7 წევრს შორის კი იყო აშშ და გერმანია. გარდა უშუალოდ მოწვევისა თუ გაწევრიანებისა, სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა და ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა. კერძოდ, ერთ-ერთ კომპრომისულ შეთავაზებად უკრაინისთვის განიხილებოდა ეგრეთ წოდებული ისრაელის ტიპის მრავალწლიანი სამხედრო დახმარება ნატოში მიწვევის სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებითაც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვერავითარი სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნებოდა მისთვის მისაღები, გარდა უკრაინის ნატოში წევრობისა. ვფიქრობ, მათ სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი იყო ამ მხრივ. გარდა ამისა, განიხილებოდა უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის, ვალდებულების მოხსნის საკითხიც, რაც შეამოკლებდა ნატოში გაწევრიანების გზას. არც ამასთან დაკავშირებით იყო კონსენსუსი ალიანსის წევრებს შორის. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგი იყო. თავისი პოზიციები ღიად დააფიქსირეს როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ, ისე ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ამდენად, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დრამატული აღმოჩნდა უკრაინის საკითხის ირგვლივ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, იყო დმიტრო კულებას ტვიტი, რომლის თანახმად, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანდებოდა. ასეთივე მკაფიო ნამდვილად არ იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადება („ვაგრძელებთ საუბარს ამასთან დაკავშირებით"), რამაც ცხადყო, რომ საკითხი არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო კონსენსუსი უკრაინის ნატოში მიწვევის ვადებთან დაკავშირებით, ალიანსის ყველა წევრი, ამერიკის ჩათვლით, დათანხმდა მაპის ამოღებას. ეს გადაწყვეტილება დაფიქსირდა საბოლოო კომუნიკეშიც და განცხადებებშიც, რომელიც გააკეთეს ნატოს გენმდივანმა და ამერიკის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციების დროს. როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობა არ ჯერდებოდა მიღწეულს და სურდა კონკრეტული პასუხის მიღება მიწვევის ვადებთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე ჩასვლამდე გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხისტი იყო; იმდენადაც კი, რომ შემხვედრი განცხადებებიც გაკეთდა და საკმაოდ უხერხული დაძაბულობა გამოიწვია სამიტზე. წევრი ქვეყნების ლიდერები (მაგ., პრეზიდენტი მაკრონი) და ცალკეული წარმომადგენლები (თეთრი სახლის წარმომადგენელი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ჯონ კირბი) გაგებით ეკიდებოდნენ უკრაინის გულისწყრომას, ხოლო ნაწილი (დიდი ბრიტანეთი თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი) ითხოვდა უფრო დიდ მადლიერებას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, თავად ზელენსკიმ განმუხტა ვითარება, როდესაც განაცხადა, რომ მიწვევაზე კონკრეტული პასუხი იქნებოდა იდეალური, მაგრამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს და ის მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც ალიანსი უწევს უკრაინას. გარდა მაპის ვალდებულების მოხსნისა, უკრაინამ მიიღო ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატი, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავად ნატოში. პირველი ასეთი ფორმატის სამიტის დროს და მის შემდეგ გაკეთდა ბევრი იმედის მომცემი განცხადება უკრაინისთვის, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი ნამდვილად აღარ უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა მისი მტკიცე ნება და მზაობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „სულმოუთქმელად ველით ჩვენს ოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც დავადასტურებთ თქვენს ნატოში მოპატიჟებას". სამიტის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ნატო ყოველწლიურად გამოყოფს 500 მილიონ დოლარს უკრაინისთვის არალეტალური მხარდაჭერის მიზნით, რაც გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აგრეთვე, წევრი და არაწევრი (ავსტრალია) ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს განაცხადი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ. კერძოდ, გერმანია დამატებით გადასცემს 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტს", 40 ჯავშანმანქანა „მარდერს" და 25 ტანკს „ლეოპარდ 1 ა5" (ჯამში, გერმანული დახმარება 700 მილიონ დოლარს შეადგენს); საფრანგეთი გადასცემს შორ მანძილზე (400 კმ) მოქმედ სკალპის ტიპის რაკეტებს (ბრიტანული „შტორმ შედოუს" ანალოგი); კანადა – 410 მილიონი დოლარის დახმარებას; დიდი ბრიტანეთი – 65 მილიონი დოლარის დახმარებას და 30 ჯავშანმანქანა „ბუშმასტერს" – ავსტრალია. სამიტის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ნატოს 11 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი ამერიკულ ფ-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადების აგვისტოდან დაწყების შესახებ. მოგვიანებით უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ეს თვითმფრინავები, სავარაუდოდ, უკრაინას ევროპელი მოკავშირეების მარაგებიდან გადაეცემა, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის შეიარაღებაში ამერიკული ფ-16-ები 2024 წლის 1-ლი კვარტლის ბოლომდე გამოჩნდება. ამ დახმარებების და მხარდაჭერის დაგვირგვინება იყო დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ შეთანხმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული მსოფლიოს 7 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ვალდებულებას, მიაწოდონ უკრაინას ყველა საჭირო შეიარაღება, დაეხმარონ მას შეიარაღებული ძალების წვრთნაში, ითანამშრომლონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საბოლოო კომუნიკეში, ისე დიდი შვიდეულის დეკლარაციაში და ცალკეული ლიდერების განცხადებებში ღიად აღინიშნა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების რეფორმების წარმატებით განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა. უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა დიდი შვიდეულის ამ გადაწყვეტილებას და გამოთქვა იმედი, რომ ეს იქნება საფუძველი მომავალი ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებების ხელმოწერისთვის. ამდენად, მთლიანობაში, უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტი ნამდვილად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. უკრაინის საკითხის გარდა, 2 დიდი თემა იყო, რომლის თაობაზე შეთანხმების მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ალიანსისთვის. რთული სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მედიასივრცეში უფრო მეტი ყურადღება ნამდვილად შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის მიღწევას ეთმობოდა და ამაში დიდი წვლილი პირადად თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მიუძღვის. მან ძალიან ოსტატურად „აწია" თამასა სამიტამდეც და უშუალოდ სამიტზეც, რათა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისი თანხმობა და, პირდაპირ ვთქვათ, უფრო მეტი მიეღო სანაცვლოდ. მეორე საკითხი, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, იყო თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც მოგეხსენებათ, ნატოს უელსის სამიტზე 2014 წელს გადაწყდა, რომ 10 წლის ვადაში ყველა წევრმა-ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვის ვალდებულება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამ, უკრაინის ბრძოლამ და ომის მიმდინარეობამ ყველა ქვეყანას ნათლად დაანახა, რომ მათი უმეტესობა არ იყო მზად თავდაცვისა და შეკავებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ ნატოს წევრი ქვეყნები მოადუნა და გაათამამა. წლების მანძილზე მცირდებოდა ხარჯები თავდაცვასა და შეიარაღებაზე. ამიტომაც, როდესაც ალიანსმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე, სულ მალე მოკავშირეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი შეიარაღების და ამუნიციის მარაგები ცოტა ხანში დადგებოდა ამოწურვის საფრთხის წინაშე. შესაბამისად, თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია საჭიროებდა ალიანსის წევრების პრინციპულ გადაწყვეტილებას. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სამიტი ნამდვილად წარმატებული იყო. ოფიციალურ გახსნამდე 1 დღით ადრე ნატოს გენმდივანი, თურქეთის პრეზიდენტი და შვედეთის პრემიერი ერთმანეთს ვილნიუსში შეხვდნენ და 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ თურქეთის პრეზიდენტი უმოკლეს ვადაში გაგზავნის თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში სარატიფიკაციო სიგელს და თავად მიიღებს მონაწილეობას პროცესის წარმატებით და სწრაფად დასრულებაში. აქვე გეტყვით, რომ სამიტის მომდევნო დღეებში იყო სარატიფიკაციო პროცედურის გავლის მოლოდინი, თუმცა პრეზიდენტმა ერდოღანმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი არ შეიკრიბებოდა ოქტომბრამდე და, შესაბამისად, იმ დრომდე არც რატიფიკაცია მოხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთის პარლამენტმა ასევე უნდა გაუკეთოს რატიფიცირება ამ დოკუმენტს და ისიც საშემოდგომო სესიაზე გეგმავს ამ პროცედურის გავლას. ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი გადაწყვეტილია და შვედეთი შემოდგომაზე ნატოს 32-ე წევრი გახდება. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შვედეთი, მისი სამხედრო მომზადების და ნატოსთან თავსებადობის დონით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიძლიერით, ეკონომიკური მდგომარეობით და დემოკრატიულობის ხარისხით ნამდვილად დიდი შენაძენია გლობალური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ოფიციალურად არ დადასტურებულა, უფრო მეტიც, ორივე მხარე უარყოფს პირდაპირ ბმას, მაგრამ, როგორც ამბობენ, შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ თურქეთმა უნდა მიიღოს ამერიკის თანხმობა ახალი თვითმფრინავების ფ-16-ების შეძენასა და არსებულის მოდერნიზებაზე. პროცესი დაძრულია კონგრესში და, მაღალი ალბათობით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. თავდაცვის და შეკავების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით სამიტზე მიღწეული შეთანხმება შეფასდა, როგორც ისტორიული, ვინაიდან ასეთი მასშტაბის თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ შეთანხმება პირველად შედგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (300 ათასი სამხედრო მოსამსახურე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში, დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები და ა.შ.), ხოლო თავდაცვის ხარჯებზე მშპ-ის 2%-ის მინიმალურ ზღვრად განსაზღვრა სწორედ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის „დამსახურებით" გადაწყდა და სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, წესით, ვილნიუსის სამიტზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი, ვერ შეთანხმდა სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. კერძოდ, ეს ეხებოდა ახალი გენერალური მდივნის არჩევას. 3 ძირითად კანდიდატს შორის, რომლებიც განიხილებოდა, იყვნენ დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. კონსენსუსი ვერ შედგა და საკითხიც მარტივად გადაწყდა: იენს სტოლტენბერგს კიდევ 1 წლით გაუგრძელდა უფლებამოსილება ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. სამიტის დაწყებამდე გაჩნდა ცნობებიც, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას, თუმცა თავად ქალბატონი ფონ დერ ლეიენი თავს იკავებს ამ შეთავაზებაზე. მას კიდევ აქვს 1 წელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე და, შესაბამისად, ნატოს გენმდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვაზე დასაფიქრებლად. რაც შეეხება საქართველოს, საბოლოოო კომუნიკეს საქართველოსადმი მიძღვნილ პუნქტში დაფიქსირდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება, ხოლო გაწევრიანების კონტექსტში კვლავ აუცილებელ პირობად აღინიშნა საქართველოსთვის მაპის მინიჭება. საყურადღებო სიახლეს წარმოადგენს ჩანაწერი რეფორმების განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. კერძოდ, ხაზი გაესვა რეფორმების განხორციელებისთვის ნატოსთან თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მნიშვნელობას. ჩემი აზრით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სამიტამდე კარგა ხნით ადრე საჭირო სამუშაოს ჩატარება და რეფორმების გატარების კუთხით პროგრესის მიღწევა გააჩენდა კარგ შანსებს იმისა, რომ ჩვენც მიგვეღო გაუმჯობესებული ჩანაწერი ნატოს საბოლოო კომუნიკეში. ჩემი აზრით, საერთო ჯამში, სამიტი იყო წარმატებული. ვფიქრობ, რომ მოლოდინი გარკვეულწილად გადაჭარბებული იყო, თუმცა შედეგები მაინც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და ხელშესახები. მომავალ წელს საიუბილეო, 75-ე სამიტი გაიმართება ვაშინგტონში, ხოლო 2025 წელს – ნიდერლანდებში. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შეძლებს 2024-ში რუსეთზე გამარჯვების მიღწევას, რაც გარდაუვალს გახდის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მიმდინარე წელს ომში სასიკეთო გარდატეხა დადგება და უკრაინის ნატოში მიწვევა მართლაც რეალობად იქცევა მომავალ სამიტზე. Mon, 17 Jul 2023 0:00:00 GMT ,,თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში'' პროექტის მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია ხულოში https://gfsis.org.ge/ge/events/view/1603 პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" უკვე წლებია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა და 900-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მაღალმთიანი აჭარიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. 2023 წლის 11 ივლისს პროექტის ფარგლებში გამართული ვიქტორინის გამარჯვებულები ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან გამოვლინდნენ, რომლებსაც ლეპტოპები, ტელეფონები, პლანშეტები და რონდელის საზაფხულო ბანაკის საგზურები გადაეცათ. პროექტის მიზანია, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და აქტივობებით ხელი შეუწყოს ადგილობრივი საჯარო სკოლების 14-18 წლის მოსწავლეების ინტეგრაციას, შიდა და საგარეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, მედეგობის გაძლიერებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. რონდელის ფონდის პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Fri, 14 Jul 2023 0:00:00 GMT შეხვედრები რეგიონებში თემაზე: ,,საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში: შესაძლებლობები და გამოწვევები.“ https://gfsis.org.ge/ge/events/view/1602 რონდელის ფონდი განაგრძობს შეხვედრებს რეგიონებში თემაზე: ,,საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში: შესაძლებლობები და გამოწვევები." ფონდის მკვლევრები კახა გოგოლაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ქუთაისსა და თელავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევებს, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, რა მოლოდინები არსებობს ამ ეტაპზე და როგორია კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა. რონდელის ფონდი პროექტს ,,საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების ძალისხმევის გაძლიერება" ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ოთხი ყველაზე პრობლემური პუნქტის შესრულების მონიტორინგი. Thu, 13 Jul 2023 0:00:00 GMT რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები https://gfsis.org.ge/ge/events/view/1600 ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან გახშირდა საუბარი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. საინტერესოა, რატომ გახდა ეს საკითხი კვლავ აქტუალური, ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს რუსეთსა და საქართველოს შორის 1993 წლიდან, აფხაზეთის ომის შედეგად, შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? რუსეთის ხელისუფლების განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ყოველკვირეული ბრიფინგის დროს, რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი ყველა ძალისხმევას მიმართავს დაგეგმილი მასშტაბური „საგზაო რუკის" განსახორციელებლად, რაც მოიცავს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე დოკუმენტების ხელმოწერას და მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით შესაბამისი კომისიების მუშაობას. ზახაროვამ დასძინა, რომ „ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამ გეგმის განსახორციელებლად". სავაჭრო-სამრეწველო პალატა ზახაროვას განცხადებამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმაც. 12 მაისს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას, მან თქვა, რომ უნდა დაიგეგმოს სარკინიგზო ტრანზიტი აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ჩინეთის, ირანის (ბანდარ-აბასი, ასტარა), აზერბაიჯანისა (ასტარა, გაბალა) და საქართველოს (მარნეული), მათ შორის აფხაზეთის, ტერიტორიას. კატირინის აზრით, საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანზიტის გახსნა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის განტვირთვას და ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შემცირებასაც გამოიწვევდა. კატირინის განცხადებიდან მალევე, 17 მაისს, ირანმა და რუსეთმა რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსეთი გეგმავს ამ პროექტის 1.3 მილიარდი ევროთი დაფინანსებას. რუსეთის გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ხაზი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი" ნაწილი უნდა გახდეს, რომელმაც რუსეთი კასპიის ზღვის აუზის, სპარსეთის ყურესა და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი და ირანი, აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია 30 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკება არსებობს და განაცხადა, რომ რკინიგიზის აღდგენა მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი. რკინიგზის საკითხის განხილვა უარყო საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმაც. რატომ გახდა რკინიგზის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური რუსეთისთვის? საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე რუსეთის განცხადებების კონტექსტი ამჯერად განსხვავებულია. თუ ადრე ეს საკითხი უფრო მეტად სომხეთის ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა, ამჯერად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი, დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, თავად ცდილობს იმპორტ-ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების განვითარებას. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორია და იქ არსებული ინფრასტრუქტურა სხვაგვარად მიმზიდველი გახდა, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობის კონტექსტში. რუსეთს არა მხოლოდ აფხაზეთში არსებული რკინიგზის მიმართ გაეზარდა ინტერესი, არამედ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციასაც გეგმავს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და რკინიგზის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. გარდა ამისა, რუსეთის გეგმების განსახორციელებლად, საქართველომ რომც განაცხადოს თანხმობა, სრული რეაბილიტაცია სჭირდება ოკუპირებული ტერიტორიისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს. აშკარაა, რომ ამ ბოლო დროს რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვების გაზრდისა და ტურიზმის ხელშეწყობის მოტივით არ არის განპირობებული. ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მასშტაბები, სადაც ცალსახად იკვეთება რუსეთის ინტერესი. მაგალითად, 2023 წლის 23 მარტს აფხაზეთში პირველად დაფიქსირდა საკონტეინერო მატარებლის (სულ 62 კონტეინერი, რომლითაც 2700 ტონა ტვირთი გადაიზიდა) გადაადგილების შემთხვევაც. არსებული ინფორმაციით, ტვირთი ოჩამჩირის პორტში გემში ჩაიტვირთა და თურქეთის მიმართულებით წავიდა. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ზოგიერთი აქტორი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ზოგიერთი კი – ზიანს. ვინ მიიღებს სარგებელს? რუსეთი: უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე დასავლეთთან დაპირისპირებისა და სანქციების პირობებში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მას დასავლური სანქციებისგან მიღებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო რესურსი (გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტი) მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ მოსკოვისთვის ყველა ვარიანტი მისაღებია. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით რუსეთი, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ სარგებელსაც მიიღებს, რაც საქართველოზე ეკონომიკური და შესაბამისად პოლიტიკური გავლენის ზრდაში გამოიხატება. სომხეთი: სომხეთი, რომლის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები მეზობლებთან (აზერბაიჯანი, თურქეთი) ჯერ კიდევ შეზღუდულია, წლებია ლობირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას. რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში ერევანი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტისა და საქართველოს საზღვაო პორტების გარდა რუსეთთან დამაკავშირებელ დამატებით მარშრუტს განავითარებს, რაც მას მის წინაშე არსებული ლოგისტიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ოკუპირებული აფხაზეთი: ოკუპირებული აფხაზეთისთვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სარკინიგზო მიმოსვლის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური კუთხით, აფხაზეთში აღდგება ინფრასტრუქტურა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების შედეგად გაიზრდება დე ფაქტო ხელისუფლების შემოსავლები. პოლიტიკური კუთხით კი, ოკუპირებული რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილე გახდება, რაც მის „დამოუკიდებელ" პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ვინ მიიღებს ზიანს? საქართველო: აფხაზეთის დეოკუპაციისა და მასზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დაბრუნების გარეშე რუსეთსა და საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" ირიბად აღიარების ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო დათანხმდება იმ ტვირთების მიღებასა და გატარებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს არალეგალურად, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გარეშე გადაკვეთს, ხოლო თუ ამ ტვირთების სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი ოკუპაციის ხაზთან მოხდება, ეს ოკუპაციის ხაზის სახელმწიფო საზღვრად გაფორმების საფრთხეს წარმოშობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის შემოთავაზებაზე დათანხმება, ავტომატურად ამ კანონში ცვლილებების შეტანასა და მის დასუსტებას გულისხმობს. გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში, საქართველოს მხრიდან მსგავს რუსულ ეკონომიკურ პროექტში ჩართვა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას ნიშნავს, რაც, დასავლეთისგან დაშორების ხარჯზე, საქართველოში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდას გამოიწვევს. დასავლეთი: აშშ, ევროკავშირი და მათი მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული, მსგავს პროექტებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის კონტექსტში განიხილავენ. ამავე დროს, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რეგიონში რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე დასავლეთის გავლენის შესუსტებასაც გამოიწვევს. დასკვნა ამრიგად, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა შორსმიმავალი რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კრემლის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება: ერთი მხრივ, დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და საქართველოზე გავლენის გაზრდას. თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება რუსეთის წინადადებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესაბამისი ჩანაწერსაც გააუქმებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რადგან ამით საქართველო მოახდენს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ხელს შეუწყობს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას, მნიშვნელოვნად დააზიანებს ურთიერთობებს დასავლეთთან და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ამ პოლიტიკურ ზიანს ვერ დააკომპენსირებს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დაუშვებელია. Mon, 10 Jul 2023 0:00:00 GMT