X

დასრულებული პროექტები

ჩემი სამყარო

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2013 წლის აპრილიდან ხორციელდება პროექტი „ჩემი სამყარო“. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყაროს“ - გამოცემა. ჟურნალი წარმოადგენს  საკითხავს უფროსკლასელებისთვის და მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. მასში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პილიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო“ გამოდის სამ თვეში ერთხელ, ყოველი ნომერში არის 9 რუბრიკა და კროსვორდი, რომელიც შედგენილია წინა ნომრებში გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ეგზემპლარად.

„ჩემი სამყაროს“ მთავარ მიზანია კითხვის ინტერესის გაღვივება ახალგაზრდებში და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ჟურნალი ძირითადად განკუთვნილია 13-18 წლის მოსწავლეებისათვის და ვრცელდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სკოლებსა თუ ბავშვთა სახლებში. პროექტის განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფებია დევნილი ბავშვები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ასევე მოსწავლეები მაღალთიანი გურიიდან, აჭარიდან, პანკისიდან. პროექტის ფარგლებში, კითხვის წახალისების მიზნით, ყოველი მეოთხე ჟურნალის გამოსვლის შემდეგ დევნილი მოსწავლეებისათვის წეროვანშიც და ზუგდიდშიც ტარდება ვიქტორინა და გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით.

2020 წლის ივლისიდან პროექტს „ჩემი სამყარო“ დაემატა ახალი კომპონენტი - აუდიოვიზუალი „ჩემი სამყარო“. ეს არის მოკლე აუდიოვიზუალური ვიდეორგოლები, აგებული ჟურნალში „ჩემი სამყარო“ გამოქვეყნებული სტატიების შინაარსის გამოყენებით. ეს აუდიოვიზუალები არის ინფორმაციული, სახალისო, შემეცნებითი, სადაც პოპულარული ენით, მოკლედ არის გადმოცემული ამა თუ იმ სტატიის ყველაზე საგულისხმო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია.

„ჩემი სამყარო“ არის ჩვენი ფონდის დამაარსებლის, ახალგაზრდობის დიდი მეგობრისა და ქომაგის, ბატონ ალექსანდრე რონდელის ჩანაფიქრი, რომლის ხორცშესხმაც მან ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეძლო. პირველი 9 ნომერი სწორედ მისი რედაქტორობითა და მონდომებით გაკეთდა და გამოიცა. 

გთავაზობთ წინასიტყვაობას, რომელიც ალექსანდრე რონდელმა ჟურნალის პირველ ნომერს დაურთო:

 „საქართველოში 4000-ზე მეტი სოფელი, 150-ზე მეტი ქალაქი და დაბაა, სადაც ასი ათასობით სკოლის მოსწავლე ცხოვრობს. სწორედ ეს ახალგაზრდები ჩაერთვებიან სულ მალე საქართველოს განვითარების საქმეში, ბევრი მათგანი კი, ალბათ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებასა თუ სახელმწიფო სამსახურში.

ნებისმიერი საზოგადოება უნდა ცდილობდეს უკეთესი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც წინა თაობების მიერ შექმნილ სულიერ და მატერიალურ დოვლათს არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაზრდის და გაამდიდრებს კიდეც. სწორედ ამიტომ უნდა აქცევდეს განსაკუთრებულ ყურადღებას განვითარებული საზოგადოება და ბრძენი ხელისუფლება ბავშვების აღზრდასა და განათლებას. ადამიანი პიროვნებად ბავშვობიდან ყალიბდება, მისი ზნეობა და ცოდნა თავისთავად არმოდის. ამას ემსახურება სკოლა, საბავშვო ლიტერატურა, აღზრდისა და კულტურის დაუფლებისსხვადასხვა გზა. ვფიქრობთ, ამ მხრივ, მომავალი მოქალაქეების, მოღვაწეებისა და ლიდერებისაღზრდაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოზარდებისათვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა. საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცდილობს საკუთარი ადგილი მონახოს თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში. ახალბედა სახელმწიფოსთვის ეს ადვილი საქმე არ არის. ქვეყანას სჭირდება განათლებული და სწორად აღზრდილი ადამიანები, რომლებიც ძალასა და ცოდნას არ დაიშურებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და წინ წაწევისათვის. ამისათვის კი, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ კარგ წიგნებსა თუ პერიოდულ გამოცემებზე, სადაც მათთვის საინტერესო საკითხებსა თუ თემებს მიაგნებდნენ თუ აღმოაჩენდნენ.

საქართველოში იყო რამდენიმე მცდელობა, გამოცემულიყო მოზარდებისათვის განკუთვნილი ჟურნალი, თუმცა უსახსრობის გამო ეს წამოწყება აღარ გაგრძელებულა.

წინამდებარე ჟურნალი, რომელსაც „ჩემი სამყარო“ დავარქვით, დიდი ხნის სურვილის ერთგვარი რეალიზაციაა. ეს უფროსკლასელთათვის განკუთვნილი გამოცემა, სადაც თავმოყრილია სხვადასხვათემა, ეპოქა, პრობლემა, ვფიქრობთ, გარკვეულწილად დაეხმარება დაინტერესებულ ახალგაზრდებს,რომ გაიღრმავონ ცოდნა, გაეცნონ ახალ-ახალ თემებსა და საკითხებს ან, თუნდაც, სხვაგვარად დაინახონ მათთვის კარგად ნაცნობი მოვლენები თუ პიროვნებები. ეს, ვფიქრობთ, იქნება მათი თვალთახედვის გაფართოების ერთგვარი საშუალება.

აქვე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, რომელიც დიდი შემართებით შეხვდა ჩვენს წამოწყებას და საკუთარ თავზე აიღო კვარტალური ჟურნალის გამოცემის ხარჯები.

ამრიგად, უფროსკლასელთა სამსჯავროზე გამოგვაქვს "ჩემი სამყაროს" პირველი ნომერი იმ იმედით, რომ მალევე შეიძენს ერთგული მკითხველების დიდ წრეს“.
 

ალექსანდრე რონდელი

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.