დასრულებული პროექტები
საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი
პროგრამა ”საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი” განხორციელდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროსთან ერთად, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ კავკასიის საჯარო მართვის სკოლებში პროფესიული შესაძლებლობების გაზრდა, გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება-გაცნობა.
პროექტის აქტივობებში - პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში - ჩართული იყვნენ საშუალო და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები. ეს პრაქტიკული სავარჯიშოები არა მხოლოდ ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებას, არამედ მათ ფარგლებში შემუშავდა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტები. ამ პროექტის მთავარი ამოცანა იყო თანამედროვე მართვის სფეროში არსებული ცოდნის, პრაქტიკისა და უნარების სახლმწიფო მოხელეთათვის გაცნობა და სწავლება. პროგრამის აქტივობები გენდერულ თანასწორობის პრინციპების დაცვით ხორციელდებოდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის შიგნით, საჯარო მოხელეთა შორის პოლიტიკის ანალიზის უნარის გაუმჯობესებას. ამ მიზნით ტრენინგი გაიარა 125-მდე საჯარო მოხელემ. ერთწლიანი სწავლების ფარგლებში პოლიტიკის ანალიტიკოსები სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მუშაობდნენ მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე და შეიმუშავეს 100-ზე მეტი პოლიტიკური დოკუმენტი. პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა 3 სასწავლო-შემეცნებითი ტური კანადაში. ამ ტურების საშუალებით ქართველი საჯარო მოხელეები გაეცნენ საჯარო პოლიტიკისა და მართვის საკითხების კანადურ ხედვას.