X

უსაფრთხოების მიმოხილვა

საერთაშორისო სანქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვის

ავტორი: შოთა უტიაშვილი

22 თებერვალს ცხინვალის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის საკითხი. ცხინვალის რეჟიმის ოფიციალური ინფორმაციით, ტატუნაშვილმა დაკავების შემდეგ ბადრაგისათვის იარაღის წართმევა სცადა. ბადრაგის საპასუხო თავდაცვითი ქმედებების შედეგად იგი კიბეზე დაგორდა და რამდენიმე საათში ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

26   თებერვალს   და   პირველ   მარტს   გამართულ   ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ერგნეთში, ცხინვალის   რეჟიმმა,   მიუხედავად   წინასწარი   დაპირებისა,   ქართული მხარისათვის          ცხედრის          გადმოცემაზე          უარი          განაცხადა. ცხედრის   გადმოცემაზე   უარი   კიდევ  უფრო   ამყარებს   ლოგიკურ ვარაუდს, რომ ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული და სანამ გვამის ხრწნის შედეგად წამების კვალი არ წაიშლება, მისი გადმოცემა იქამდე გადაიდება.

25 თებერვალს ამ საკითხზე განცხადება გააკეთა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა, რომელმაც ღრმა შეშფოთება გამოთქვა ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

26 თებერვალს განცხადება გააკეთა თბილისში ამერიკის საელჩომაც, და მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის, რუს თანამდებობის პირებს, რომლებიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, რომ ქართულ მხარეს სრული ინფორმაცია გადასცენ.

23 თებერვალს განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული ტერიტორიაზე ეფექტორი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

საქართველოს სახელმწიფო და მისი საერთაშორისო პარტნიორები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ. ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია მზადყოფნას გამოთქვამენ, დახმარება აღმოუჩინონ გამოძიებას, თუ მის ჩატარებაზე მხარეები შეთანხმდებიან.

თავად   საოკუპაციო  რეჟიმის   წარმომადგენლები   აცხადებენ,   რომ ტატუნაშვილი ოსი ხალხის გენოციდის მონაწილე იყო და ამჯერადაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღისათვის დივერსიების თუ პროვოკაციების   მოწყობას   აპირებდა.   ყოველ   შემთხვევაში,   უდიდესი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს. ტატუნაშვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ბევრმა გაავლო პარალელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან. ოთხოზორია 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მოკლეს. მის მკვლელს, რაშიდ კანჯი ოღლის (რომელსაც ზუგდიდის  სასამართლომ  დაუსწრებლად  პატიმრობა  მიუსაჯა), აფხაზურმა „სასამართლომ“ ჯერ შინაპატიმრობა მიუსაჯა, ხოლო შემდეგ, მტკიცებულებების არქონის გამო, ეს მსუბუქი სანქციაც მოუხსნა.

2017 წლის სექტემბერში „სამხრეთ ოსეთის ტელევიზიამ“  გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო სიუჟეტი სოფელ ერედვში საცხოვრებელი სახლების დანგრევის შესახებ. 2008 წლის ომის შემდეგ ერედვში, ისევე, როგორც დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის ყველა ქართულ სოფელში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ პრაქტიკულად ყველა  საცხოვრებელი  სახლი  დაწვეს.  ახლა  კი  მიმდინარეობს  ამ ნანგრევების დემონტაჟი და გატანა. ცხინვალის მერმა ალან კოჩიევმა განაცხადა, რომ ერედვის მიდამოებში ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.

2014 წლის 4 ივნისს დაბა ახალგორში მილიციამ 19 წლის დავით ბაშარული დააკავა. ამის შემდეგ ბაშარული გაუჩინარდა. მილიციამ განაცხადა, რომ ბაშარული დაკითხეს და გაათავისუფლეს. რამდენიმე თვის შემდეგ ბაშარულის ცხედარი ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მილიციამ განაცხადა, რომ ბაშარულმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მაგრამ არსებობს მეორე,   ბევრად   უფრო   სარწმუნო,   ვერსიაც:   ბაშარული   მილიციელებს წამების დროს შემოაკვდათ. შემდეგ გვამი ტყეში დამარხეს და რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გახრწნის შემდეგ სხეულზე წამების კვალი წაიშალა, გვამი ამოთხარეს და თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით ტყეში ხეზე ჩამოკიდეს. არც ბაშარულის შემთხვევაში მოჰყოლია შედეგი ქართული მხარის მოწოდებებს, რომ ჩატარებულიყო მიუკერძოებელი გამოძიება.

2013  წლის  ზაფხულში  აფხაზეთის  პარლამენტმა  მიიღო დადგენილება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ქართველებისათვის გაცემული პასპორტები უკანონო იყო და მოითხოვა მათი ჩამორთმევა. შედეგად, დაახლოებით 26 ათასმა ადამიანმა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში დაკარგა პასპორტი და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება. ბოლო რამდენიმე არჩევნებში გალის მთელ რაიონში, სადაც სხვადასხვა ინფორმაციით, 40 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მხოლოდ

700-მდე ადამიანს დარჩა ხმის მიცემის უფლება. პასპორტების დაკარგვამ საფრთხე შეუქმნა ეთნიკური ქართველების როგორც სამოქალაქო, ისე ქონებრივ უფლებებსა და გადაადგილების თავისუფლებას.

2015-2016 სასწავლო წლის დაწყებიდან გალის რაიონში, რომლის მოსახლეობის 97% პროცენტი ქართულია, ყველა ქართული სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა არც მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა არ იციან. მშობლიურ ენაზე განათლების  მიღების  უფლება,  საერთაშორისო  კონვენციების  თანახმად, ყველა  ადამიანის  უფლებაა,  მაგრამ  ქართველებისთვის  ეს უფლება დაირღვა.

საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ორ მთავარ დოკუმენტს ემყარება,   2008-2009 წლების „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და და 2010 წლის „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, სახელმწიფო პოლიტიკის ორ ძირითად პოსტულატს: არაღიარებასა და ჩართულობას ცვლილება არ შეხებია. არაღიარება გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ დაუშვას ოკუპირებული ტერიტორია აღიარონ მესამე ქვეყნებმა. ჩართულობა გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ, რუსული ოკუპაციის გარდა, არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გაუცხოების პრობლემაც და სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებები, რათა აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების თვალში გაზარდოს ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ.

ნდობის  აღდგენის  ღონისძიებებს  შორის  ყველაზე  ეფექტური  არის 2010 წლიდან მოქმედი ე.წ. ჯანდაცვის პროექტი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთიდან და ოსეთიდან პაციენტების უფასოდ მკურნალობას საქართველოს საავადმყოფოებში. ბოლო დროს გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ვაჭრობისა და ერთობლივი ეკონომიკური ღონისძიებების წახალისებას. განხორციელების  შემთხვევაში ამ ინიციატივებმა  შესაძლოა დამატებითი იმპულსი მისცეს ნდობის აღდგენის პროცესს.

ამ ორი ძირითადი პოსტულატის გარდა მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზზე სტაბილურობის შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება: ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან დადებული მემორანდუმების განუხრელი შესრულება. ყოველთვის, როდესაც ხდება ისეთი რამ, რამაც საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სტაბილურობა (ოთხოზორიას მკვლელობა, ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება), სახელმწიფო ამჯობინებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა, თუნდაც მძიმე დათმობებისა თუ თვალის დახუჭვის ფასად.

 

ევროკავშირის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

აფხაზეთისა  და  ოსეთის  მიმართ  ევროკავშირის  პოლიტიკას  2009 წელს მიღებული, ოღონდ არგამოქვეყნებული დოკუმენტი „არაღიარებისა და  ჩართულობის  პოლიტიკა“  (Non  Recognition  and  Engagement  Policy, NREP) განსაზღვრავს. ამ პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ   სახელმწიფოებად,   მეორე   მხრივ   ის   შეეცდება,   რომ იქონიოს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ ინსტიტუტთან. 2009-დან 2017 წლამდე, არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირმა აფხაზეთში განხორციელებულ პროექტებში 40 მილიონი ევრო დახარჯა. პროექტები ძირითადად ეხება ადგილობრივი არასამთავრობოების მხარდაჭერას, განათლებას,  ჯანდაცვას,  ფერმერების  დახმარებას  და  ა.შ.  ევროკავშირს სურს იქონიოს გარკვეული კონტაქტები და გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, ეს პოლიტიკა მხოლოდ ნაწილობრივაა წარმატებული, რადგანაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირს უჭირს პროექტების განხორციელება.

გარდა „არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისა“ ადგილზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს და რომელსაც ვითარების სტაბილიზაციაში დიდი დამსახურება მიუძღვის.

გარკვეულწილად, ევროკავშირის პოლიტიკის მსგავსია აშშ-ის პოლიტიკაც. გასულ წელს აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტის კანონში მიიღო შესწორება, რომლის მიხედვითაც, ამერიკის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. აშშ-ისა და ევროკავშირის გარდა, არაღიარების პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასევე კანადა, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, ვატიკანი და ა.შ.

 

ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

როგორც ვნახეთ, არც საქართველოს მთავრობისათვის და არც მისი საერთაშორისო პარტნიორებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, ქართული უმცირესობის, უფლებების დაცვა პირველი რიგის ამოცანებს შორის არ დგას. ეს, ერთი შეხედვით, უცნაური მდგომარეობა შეიძლება ინსტრუმენტების ნაკლებობით აიხსნას. რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დასაჯოს ოთხოზორიას ან ბაშარულის მკვლელი ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და შურისძიებების ჯაჭვი არ გამოიწვიოს?  რა  შეუძლია  გააკეთოს  ევროკავშირს  ანალოგიურ შემთხვევებში ისე, რომ საფრთხის წინაშე არ დააყენოს აფხაზეთში თავისი ისედაც მყიფე კონტაქტები და გავლენა?

ამ კითხვებს, სამწუხაროდ, მარტივი პასუხი არა აქვს, ამიტომაც თუ გადავხედავთ საქართველოს მთავრობის და მისი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას ქართული უმცირესობის      უფლებების ზემომოყვანილ დარღვევებზე, ვნახავთ, რომ ყველა შემთხვევაში რეაგირება შეშფოთებისა და დაგმობის გამოხატვას არ გასცილებია.

საქართველოს  მცდელობებს,  ოკუპირებულ  ტერიტორიებზე მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისროს, ხელშესახები შედეგი არ მოაქვს.

თანამემამულეების უფლებათა განსაკუთრებით უხეში დარღვევების შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება დამნაშავეთა პირდაპირი  დასჯის  მეთოდიც.  სახელმწიფო,  რომელსაც  არა  აქვს საშუალება სამართლებრივი გზით დასაჯოს დამნაშავე, ამას აკეთებს სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით და ამგვარი ღონისძიებები ხდება უფლებათა დარღვევის პრევენციის საშუალება. 2012 წლის შემდეგ ამგვარი დასჯის შესახებ ინფორმაცია არ გამხდარა ცნობილი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკეტვამ ამგვარი ოპერაციები არა შეუძლებელი, მაგრამ უფრო რთული გახადა. ასეა თუ ისე, „ქართულმა ოცნებამ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური ღონისძიებების განხორციელებაზე უარი განაცხადა და ძნელად სავარაუდოა, რომ ის ამ მიდგომას შეცვლის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას მთავრობა თავის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად მიიჩნევს.

არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქართული უმცირესობების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტად დაირღვევა. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ თავად რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საკითხებში ბოლო წლების მნიშვნელოვანი რეგრესი. პუტინის რეჟიმი საკუთარ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლებად ზრუნავს ადამიანის უფლებათა დაცვაზე და ეს მიდგომა შეუძლებელია არ აისახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მეორე, საერთაშორისო საზოგადოებისაგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მზარდი თვითიზოლაცია. მესამე, ე.წ. „სახელმწიფოებრიობის“ კრიზისი, განსაკუთრებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც ხშირად იქაურ ქართველებს განტევების ვაცად აქცევს. მეოთხე, რეგიონების დე-ფაქტო ანექსია, რუსეთის ფედერაციის საზღვრის დე-ფაქტო გადმოწევა ერთ შემთხვევაში - ფსოუდან ენგურამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - როკის გვირაბიდან ერგნეთამდე.

საერთაშორისო  საზოგადოების  გავლენა  აფხაზეთსა  და  ცხინვალის რეგიონში არ არის იმდენად დიდი, რომ შეძლოს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სათანადო გავლენის მოხდენა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მუდმივად მხოლოდ წითელი ჯვარი საქმიანობს. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები წელიწადში რამდენჯერმე ჩადიან ცხინვალში. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე დროდადრო ახერხებენ „სამხრეთ ოსეთის“ არასამთავრობო         ორგანიზაციებთან          ერთობლივი         პროექტების

განხორციელებას, თუმცა ამგვარი თანამშრომლობის შემთხვევები ყოველწლიურად იკლებს. კითხვაზე, არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გავლენა მოახდინოს ადგილობრივი რეჟიმის ქცევაზე, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა.

ვითარება  დიდად  არ  განსხვავდება  აფხაზეთში.  როგორც  ზემოთ აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქ განხორციელებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა წლიურად დაახლოებით 4 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისათვის, ყოველწლიურად რუსეთის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო და საინვესტიციო დახმარება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

 

უკრაინის მაგალითი

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის შემდეგ ევროკავშირმა რამდენიმე ეტაპად მიიღო სანქციები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის მიერ განხორციელებულ ძირგამომთხრელ ქმედებებში.

დიპლომატიური სანქციები: გაუქმდა რეგულარული ორმხრივი სამიტები, შეწყდა მოლაპარაკებები სავიზო და ევროკავშირი-რუსეთის ახალი ხელშეკრულების დადების შესახებ. დიდი რვიანის ნაცვლად ტარდება დიდი შვიდიანის სამიტები. შეჩერდა რუსეთის გაწევრიანება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ორგანიზაციაში (OECD), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში.

150  ადამიანსა  და  37  ორგანიზაციას  დაეკისრათ  სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას.

ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშრმა აკრძალა საქონლის იმპორტი ყირიმიდან, აიკრძალა ინვესტიციების განხორციელება ყირიმში, აიკრძალა ტურისტული სერვისების მიწოდება ყირიმში და აიკრძალა ზოგიერთი ისეთი საქონლის ექსპორტი ყირიმში, რომელიც მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის.

ევროკავშირის განცხადებით, სანქციების მიზანი არის არა დასჯა, არამედ სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკისა და თუ ცალკეული ქმედებების შეცვლა.

ევროკავშირის  სანქციებს  მალევე  შეუერთდნენ  ან  საკუთარი სანქციები შემოიღეს კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ნორვეგიამ, ასევე სხვა უფრო პატარა ქვეყნებმა.

რაც შეეხება აშშ-ს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულია: „სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ან მონაწილეობდნენ უკრაინასთან  დაკავშირებულ  ცალკეულ  ქმედებებში, სანქციები რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ შეიარაღებისა და მომიჯნავე დარგებში  რუსეთის  ფედერაციაში,  სანქციები  პირებისა  და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ ყირიმის ტერიტორიაზე, სანქციები იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის მოცემულ დარგში საქმიანობენ, ყირიმში საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიის იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვა, ამერიკის მოქალაქეებისათვის ყირიმში ინვესტირების აკრძალვა“.

როგორც ვხედავთ, „მენიუ“ საკმაოდ მრავალფეროვანია. ცხინვალის რეგიონისა  და  აფხაზეთის  შემთხვევაში  რელევანტური  იქნება პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ (როგორც რუსებისთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისათვის), რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ, ხელმძღვანელობენ  ან  ხელს  უწყობენ  ადამიანის  უფლებათა განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს, რუსი თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც ახორციელებენ საოკუპაციო პოლიტიკას, და რუსული და სხვა ქვეყნების კომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოს   მთავრობის ნებართვის გარეშე საქმიანობენ ოკუპირებულ რეგიონებში.

აღნიშნული   სანქციები   მნიშვნელოვანია   არა   მარტო   ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, არამედ ანტიანექსიური პოლიტიკის ფარგლებშიც. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სამხრეთ ოსეთისა ან/და აფხაზეთის ანექსიის შემთხვევაში დამატებითი სანქციები გარდაუვალია.

ამასთან, საქართველოს პარტნიორებსაც, პირველ რიგში - ევროკავშირსა და აშშ-ს, გაუჩნდებათ რეალური ბერკეტები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

 

გადასადგმელი ნაბიჯები

მომხდარი ტრაგედია ცხადყოფს, რომ როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მისი საერთაშორისო პარტნიორების მიდგომა, რომელიც ორ ფუნდამენტს: არაღიარებასა და ჩართულობას ემყარება, არასაკმარისია. ხსენებულ ორს უნდა დაემატოს მესამე სრულფასოვანი კომპონენტი - ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამ კომპონენტის განხორციელებისათვის კი ერთადერთი რეალური ბერკეტი  საერთაშორისო  სანქციებია. ამგვარი  სანქციების  შემოღება  უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკის მთავარი მიზანი.

ევროკავშირს და აშშ-ს ამგვარი სანქციების მაგალითი უკვე აქვთ. როგორც წესი, ჯერ განისაზღვრება ხოლმე ჩარჩოები (რა ქმედებისათვის შეიძლება სანქციის გამოყენება და ვინ არიან ის პირები, ვისაც შეიძლება იგი შეეხოს, რომელია ის ორგანო, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს) და  შემდეგ  ხდება  „შავი  სიის“ შევსება  იმ  პირებით,  რომლებიც  სანქციის მიღებამდე ან მის შემდეგ ჩაიდენენ დასჯად ქმედებას.

აქამდე ჩვენ და ჩვენს მთავარ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მხოლოდ „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გვქონდა და ეს თაფლაკვერიც არასაკმარისად გემრიელი იყო. ჯობია იგი „მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით“ შეიცვალოს, ამით ყველაზე დაუცველ მოსახლეობასაც დავიცავთ და  შეიძლება თაფლაკვერიც უფრო ტკბილი გახდეს.

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.