X

უსაფრთხოების მიმოხილვა

უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვა - სირიის მიმართულება

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

 

დასავლეთის შეტევა ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე

2018 14 აპრილს შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად შეუტიეს სირიის სამთავრობო ობიექტებს დამასკოსა და ჰომსში,  რის შედეგადაც,  გარდა  შენობების  დაზიანებისა,დაიღუპა  6  სირიელი  ჯარისკაცი  და დაიჭრა 3 სამოქალაქო პირი

ეს იყო პასუხი 7 აპრილს ასადის რეჟიმის მიერ ქ. დუმაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე, რომელსაც, სულ მცირე, 70 ადამიანის, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთმა დასავლეთის შეტევა ტერორისტულ აქტად შეაფასა და იგი საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმას შეადარა.

მოსკოვმა იმავე დღეს სასწრაფო წესით მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც უნდა დაეგმო დასავლეთის კოლექტიური პასუხი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა - რუსეთს მხოლოდ ბოლივიამ და ჩინეთმა დაუჭირეს მხარი. 

აღსანიშნავია, რომ პენტაგონის მონაცემებით, რუსული ტროლების აქტივობა ამ მომენტისთვის გაიზარდა 2 000 %-ით, ხოლო დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა, FBI-მ და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (Homeland Security) დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს ერთობლივი გაფრთხილება რუსეთის გლობალური კიბერშეტევის თაობაზე.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის საჰაერო ძალებმა 16 აპრილს ჩამოაგდეს შაირათის საჰაერო ბაზის მიმართულებით გასროლილი რაკეტები, მაგრამ, პენტაგონის ინფორმაციით, იმ მომენტისთვის ამერიკული ძალები სამხედრო მოქმედებებს არ აწარმოებდნენ.

რუსეთის ინფორმაციით, სირიის საჰაერო ძალებმა, საერთო ჯამში, შეძლეს დასავლელი მოკავშირეების მიერ სირიის მიმართულებით გაშვებული 103 რაკეტიდან 71-ის გაუვნებელყოფა,9 რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.

რუსეთის პრეზიდენტმა სირიაზე თავდასხმას „აგრესიის აქტი“ უწოდა, მოსკოვი მკაცრად გმობს დასავლური კოალიციის შეტევას ასადის რეჟიმზე და იმუქრება, რომ ამ ქმედებას „შედეგები“ მოჰყვება.

მკვეთრად გამოხატული მტრული რიტორიკის მიუხედავად, აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის კომუნიკაციის არხები მაინც არსებობდა, რათა არ მომხდარიყო რუსული პოზიციების დაბომბვა, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა არაერთი გართულება,  როგორც რეგიონული, ისე გლობალური მასშტაბით.

საკუთრივ სამხედრო ოპერაცია დიდად არ განსხვავდებოდა 2017 წლის 7 აპრილის ქმედებისგან, როდესაც აშშ-მ, ასევე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქიმიური შეტევის საპასუხოდ,  შაირათის სამხედრო ავიაბაზა დაბომბა.

მთავარი განსხვავება მდგომარეობს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში: თუ აშშ- მ შარშან ქიმიურ შეტევაში სირიის რეჟიმი დაადანაშაულა, წელს მან ეჭვი რუსეთზეც აიღო,14 რამაც კრიზისს დამატებითი ინტრიგა შესძინა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას რეალურად არ შეუცვლია ძალთა ბალანსი ადგილზე. ქვეყანაში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სურათი და კონფლიქტში ჩართული ძალების ინტერესები უცვლელი დარჩა.

მოსკოვიც ერთგვარი „გაგებით“ შეხვდა ვაშინგტონის ერთჯერად ქმედებებს, რადგან აშკარა იყო, რომ ეს ვერ შეცვლიდა სირიის კონფლიქტის მიმდინარეობას. სწორედ ამიტომ რუსეთს არ გადაუდგამს საპასუხო სამხედრო ნაბიჯები დასავლეთის წინააღმდეგ.

 

რუსეთ-თურქეთ-ირანის სამმხრივი სამიტი

გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვი სირიის კონფლიქტის მოგვარებას თეირანისა და ანკარის მონაწილეობით იმედოვნებს. 4 აპრილს ანკარაში გაიმართა რუსეთ-თურქეთ-ირანის სამმხრივი სამიტი პრეზიდენტების დონეზე, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სირიის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებზე და შეთანხმდნენ სამშვიდობო პროცესის გაძლიერებაზე.

მანამდე ამგვარი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა 2017 წლის ნოემბერში ქ. სოჭში.

ამ შეხვედრების პარალელურად, ზემოხსენებული სამეულის სპონსორობითა და სირიის კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ერთი ნაწილის მონაწილეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. „ასტანის პროცესი“.  ამასთან, არც

2012 წელს გაეროს ინიცირებული სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატი გაუქმებულა.

უნდა აღინიშნოს, რომ მხარეების მიერ საჯაროდ დეკლარირებული სამშვიდობო განცხადებების მიუხედავად, სირიაში არსებული სიტუაცია საკმაოდ შორსაა ნორმალიზაციისგან, პირიქით - 2018 წლისთვის ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების ხარისხი ადგილზე არათუ არ შემცირებულა, არამედ მოიმატა კიდეც; თუ აქამდე დაინტერესებული ქვეყნები ე.წ. Proxy-ების საშუალებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ახლა ისინი უფრო მეტად ჩაერთნენ კონფლიქტში, რის გამოც მოიმატა მათ შორის (ისრაელი- ირანი, რუსეთი-თურქეთი, ირანი-თურქეთი, თურქეთი-აშშ) პირდაპირი დაპირისპირების   დაწყების   საფრთხემ;   ქვეყანაში   ბოლომდე   არ   აღმოფხვრილა

„დაეშისა“ და სხვა ჯიჰადისტური ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეები; რუსეთი განაგრძობს ამბოხებულთა ინტენსიურ დაბომბვას, რასაც მებრძოლებთან ერთად ეწირება ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სიცოცხლე; ასადის რეჟიმი უარს

არ  ამბობს  მოწინააღმდეგეების  (მათ  შორის,  მშვიდობიანი  მოსახლეობის)  მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

მხარეთა ინტერესები

 

რუსეთს, თურქეთსა და ირანს, დეკლარირებული მეგობრობის მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა მიზნები და ამოცანები აქვთ,   როგორც საკუთრივ სირიაში, ისე მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამას ემატება აშშ-ის, საუდის არაბეთის, კატარისა და ისრაელის ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული და ხშირად ერთმანეთის ინტერესების გამომრიცხავი გრძელვადიანი მიზნები, ქვეყნებისა, რომლებიც არ მონაწილეობენ ზემოხსენებული სამეულის ინიცირებულ სამშვიდობო პროცესებში.

ამასთან, სირიაში ასადის რეჟიმისა და მისი მომხრეების მიერ დამატებითი ტერიტორიების დაკავების მიუხედავად, არ აღმოფხვრილა კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები - ალავიტური უმცირესობის მიერ სუნიტური უმრავლესობის მართვა, რეჟიმის არადემოკრატიულობა და კლანურობა, კორუფციის დიდი მასშტაბები,   განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მოსახლეობაში  არსებული  საპროტესტო  მუხტის  მაღალი  დონე. ეს  ყველაფერი  კი მკვეთრად ამცირებს კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების შანსს.

 

რუსეთი

რუსეთმა 2015 წელს დაწყებული საჰაერო ინტერვენციით შეძლო სიტუაციის ასადის სასარგებლოდ შემობრუნება, მაგრამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - დასავლეთის თვალში იგი მაინც ვერ იქცა სუპერძალად, რომელსაც შეუძლია გლობალური მასშტაბის პრობლემების მოგვარება და გარიგებებზე წასვლა.

მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს ასადის რეჟიმს. ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესებშია სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნება იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი მაქსიმალურად გახდეს კრემლზე დამოკიდებული. პარალელურად, მოსკოვს სურს სირიაში საკუთარი სამხედრო ბაზების შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბაზების შექმნა.

 

აშშ

ვაშინგტონმა სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ამ ქვეყნის მიმართ საკუთარი სტრატეგია. ამ ეტაპზე აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს, ერთი მხრივ, „დაეშის“ განადგურება, მეორე მხრივ კი, არ სურს დაუშვას ირანის ადგილზე მოძლიერება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელს - აშშ-ის მთავარ მოკავშირეს რეგიონში. ამ  მიზნების  განხორციელებაში  აშშ-ის  მთავარი  მოკავშირე  ადგილზე „სირიის დემოკრატიულ ძალებში“ (SDF) შემავალი პროქურთული „სახალხო თავდაცვის ნაწილებია“ (YPG), რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამასთან, აშშ თვალს ვერ დახუჭავს ასადის რეჟიმის მიერ მასობრივი განადგურების (ქიმიური) იარაღის გამოყენებაზე და ასეთ შემთხვევებზე ყოველთვის ექნება მკაცრი რეაქცია.

 

თურქეთი

თუ სირიის კონფლიქტის დაწყებისას (2011 წ.) ანკარის მთავარ მიზანს ასადის რეჟიმის დამხობა და იქ სუნიტების ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენდა, რუსეთის მიერ სიტუაციის ასადის რეჟიმის სასარგებლოდ შემობრუნების შემდეგ მისი გეგმები შეიკვეცა - ახლა თურქეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს არ დაუშვას ქურთული წარმონაქმნის    შექმნა    სირიის    ტერიტორიაზე,    განიხილავს    რა  მას  საკუთარი უსაფრთხოების ეგზისტენციალურ საფრთხედ.

სწორედ ამ გეგმებს უკავშირდება თურქეთის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები - „ევფრატის ფარი“ (2016-2017 წწ) და „ზეთისხილის რტო“ (2018 წ). ამ საკითხში იგი წინააღმდეგობაში მოდის ნატოში უმთავრეს მოკავშირესთან, აშშ-სთან, რომელიც სირიაში სწორედ პროქურთულ ძალებს ეყრდნობა.

ამ ეტაპზე, ანკარის გეგმებშია წარმატებულად ჩატარებული სამხედრო ოპერაციები განავრცოს მანბიჯის რეგიონსა და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, რომელიც აშშ-ის არაოფიციალური გავლენის სფეროდ ითვლება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ანკარამ მხარი დაუჭირა 14 აპრილს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის სამხედრო ოპერაციას, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა რუსეთ-ირან-სირიის პოზიციასთან.

 

ირანი

ასადის რეჟიმის შენარჩუნება წარმოადგენს როგორც ირანის, ისე რუსეთის მიზანს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თეირანი ადგილზე ცოცხალი ძალითაც იბრძვის და მიაჩნია, რომ   მას აქ შეუძლია სახმელეთო ბაზების შექმნა. ჯერ ერაყში, ახლა კი სირიაში პოზიციების მოძლიერების შემდეგ ირანმა პირველად შეძლო სახმელეთო გზით მიახლოებოდა მთავარ მოწინააღმდეგეს რეგიონში - ისრაელს.

სწორედ ეს გარემოება იწვევს ისრაელის მკვეთრ ნაბიჯებს, რომელიც დროდადრო ბომბავს ირანის მცდელობებს სირიის ტერიტორიაზე შექმნას საკუთარი სამხედრო ბაზები. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, რომელიც აკონტროლებს სირიის საჰაერო სივრცეს, არ ერჩის ისრაელის სამხედრო ავიაგამანადგურებლებს, რომლებიც ბომბავს ერთი შეხედვით მოსკოვის მოკავშირე თეირანის პოზიციებს. საქმე ისაა, რომ რუსეთს ხელს არ აძლევს ირანის „ზედმეტად“ მოძლიერება სირიაში, რადგან უნდა, რომ ასადის რეჟიმი ექსკლუზიურად მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული.

 

დასკვნები:

-     საბოლოო ჯამში, სირიაში მივიღეთ დროში გაწელილი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტი „ყველა ყველას წინააღმდეგ“, რომლის მოგვარების შესაძლებლობას ყველა მხარე განსხვავებულად აღიქვამს, რადგან მათ განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ;

-     რუსეთმა  სირიაში  ასადის  რეჟიმის  სასარგებლოდ  კი  შეძლო  სიტუაციის შემობრუნება, მაგრამ ადგილზე წარმოდგენილ ძალთა და უცხო ქვეყნების განსხვავებული ხედვების გამო კონფლიქტი შორსაა მოგვარებისგან. მხარეთა პოზიციებს შორის განსხვავებები არ გამქრალა. პირიქით, ზოგ შემთხვევაში მოიმატა კიდეც;

-     რუსეთ-თურქეთ-ირანის  თანამშრომლობა  განსხვავებული  ხედვების  გამო შორსაა   სტრატეგიული პარტნიორობისგან. მას უფრო ტაქტიკური სახის თანამშრომლობის სახე აქვს. ამასთან, სამეული მოქმედებს აშშ-ისა და მისი მოკავშირე სუნიტური არაბული    ქვეყნების, ასევე ადგილზე მეომარი ძალების გარეშე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას;

-     ანკარის   უსაფრთხოებისთვის   მნიშვნელოვანია   სამხედრო   წარმატებები სირიაში, რაც სერიოზულად ზრდის მისი მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხს. ეს კი არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში;

-     როგორც     ჩატაევისა     და     მაჩალიკაშვილის     შემთხვევებმაც     გვიჩვენა, საქართველოს სიახლოვეს კონფლიქტის დროში გაწელვა უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შეინიშნება როგორც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მებრძოლების რეკრუტირების, მიმოსვლის, ისე საეჭვო წარმომავლობის ფინანსებისა და იდეოლოგიის იმპორტის შემთხვევები;

-     საქართველო   პატარა   ქვეყანაა   და,   შესაბამისად,   შეზღუდულია   მისი შესაძლებლობები გავლენა იქონიოს სირიაში მოვლენათა განვითარებაზე. ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყანას შეუძლია, არის ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს საფრთხეებზე რეაგირება.

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.