X

უსაფრთხოების მიმოხილვა

10 წელი 2008 წლის აგვისტოდან: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება

ავტორი: შოთა უტიაშვილი

აგვისტოს  ომთან  დაკავშირებით  კითხვები  მუდმივად  იქნება  და     ყველა თაობას მათზე განსხვავებული პასუხი ექნება. 2014 წელს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ  ისტორიის  აღქმა  შეცვალა  -  აგვისტოს  ომს  ბევრმა  სრულიად  სხვა თვალით შეხედა. იმ თაობისთვის კი, რომელმაც ომი საკუთარ თავზე გამოსცადა   - როგორც მონაწილემ, დაზარალებულმა თუ უბრალოდ მაყურებელმა - მთავარი კითხვა იქნება: შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? უფრო სწორი იქნება, კითხვა რომ ასე ჩამოვაყალიბოთ: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება და თუ შეიძლებოდა, რის ფასად?

ტრადიციულად, როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაიწყო ომი, სამ მოვლენას ასახელებენ: 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას, 2008 წლის 2-4 აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტსა და

2007  წლის  4  ივლისის  საერთაშორისო  ოლიმპიური  კომიტეტის  გადაწყვეტილებას ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარების შესახებ.

2007 წლისა და 2008 წლის პირველი ნახევრისათვის ცაზე ყველა ვარსკვლავი რუსეთის სასარგებლოდ განლაგდა. 2008 წლის 11 ივნისს ნავთობის ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს - ბარელზე 147 დოლარს მიაღწია. ნავთობსა და გაზზე ფასების უწყვეტი   ზრდის ათწლეულმა რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საექსპორტო ბაზრად და  საინვესტიციო შესაძლებლობად აქცია. გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების წყალობით „გაზპრომი“ რუსეთისათვის ევროპაზე ზეგავლენის  მთავარ იარაღად იქცა. ერაყის მეორე ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპაში საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად ანტიამერიკული გახდა. 2008 ბუშის პრეზიდენტობის ბოლო წელი იყო, რამაც, ცხადია, მისი გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად შეამცირა.     მართალია, შრიოდერისა და შირაკის ერა გერმანიასა და საფრანგეთში ამ დროს უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან ურთიერთობას კვლავაც უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა, რაც გამოჩნდა კიდეც ბუქარესტის სამიტის დროს.

პუტინმა გადაწყვიტა, რომ მისი დრო დადგა. მოვიდა დრო, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად „დაჩოქებული რუსეთი მუხლებიდან  ამდგარიყო“. მუხლებიდან ადგომა კი იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი უნდა დაბრუნებულიყო მთავარი სახელმწიფოების „უმაღლეს ლიგაში“.   ამერიკა აღარ უნდა ყოფილიყო ერთადერთი ზესახელმწიფო. ამაზე რუსეთის პრეზიდენტმა ღიად ილაპარაკა 2007 წლის 10 თებერვლის ცნობილი მიუნხენის გამოსვლის დროს.

მხოლოდ  აგრესიული  რიტორიკა  დიდ სახელმწიფოებს  შორის  ადგილს  ვერ დაგიმკვიდრებს. თუ გინდა ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნა, ჯერ ძველი უნდა დაანგრიო. სწორედ ამის  კეთება  დაიწყო  რუსეთმა  2008  წლიდან.    საქართველოში შეჭრ გაგრძელდა  უკრაინაზე  თავდასხმით,  სირიაში  ინტერვენციითა  და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების არჩევნებში ფაქტობრივად დაუფარავი ჩარევით.

კოსოვოს აღიარება (17 თებერვალი) პუტინმა საბაბად გამოიყენა და არაორაზროვნად განაცხადა, რომ „მაიმუნობას არ აპირებდა“ და შესაბამისი გეგმები უკვე მომზადებული ჰქონდა. ამის შემდეგ სწორედ რუსეთმა და არა საქართველომ დაუფარავად დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტატუს-კვოს შეცვლა: 6 მარტს რუსეთი  გამოვიდა  დსთ-ის  შეთანხმებიდან,  რომელიც  აფხაზეთს  სანქციებს უწესებდა, 21 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც რუსეთის მთავრობას მოუწოდა, დაეწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის განხილვა.  3  აპრილს  პუტინმა  მიწერა  წერილი  აფხაზეთისა  და  სამხრეთ  ოსეთის

„პრეზიდენტებს“ და რეალურ დახმარებას დაჰპირდა. ამგვარი დახმარების საფუძვლად მოხსენიებული იყო საქართველოს სურვილი, გაწევრიანებულიყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თუმცა, ნატო რომ არაფერ შუაში იყო, მალევე გამოჩნდა. 2-4 აპრილის ბუქარესტის სამიტიდან საქართველოს დელეგაცია ხელცარიელი დაბრუნდა, თუმცა რუსეთის ქმედებები გეგმის მიხედვით გაგრძელდა.

16 აპრილს პუტინმა გამოსცა ბრძანება და რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს აფხაზეთთან   და   სამხრეთ   ოსეთთან   პირდაპირი   ურთიერთობების   დამყარება დაავალა. 20 აპრილს რუსულმა ავიაგამანადგურებელმა აფხაზეთში ჩამოაგდო ქართული უპილოტო საფრენი აპარატი. 29-ში რუსებმა დემონსტრაციულად შემოიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალა აფხაზეთში ნოვოროსიისკისა და ფსკოვის საჰაერო-სადესანტო ნაწილების სახით. 31 მაისს რუსებმა ასევე დემონსტრაციულად შემოიყვანეს სარკინიგზო ჯარები და სოხუმი-გალის რკინიგზის რეკონსტრუქცია დაიწყეს, რკინიგზისა, რომელსაც რუსული მძიმე ტექნიკის გადასროლის გარდა, სხვა დანიშნულება არ შეიძლებოდა ჰქონოდა. 9 ივნისს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის პარალელურად, რუსული   ავიაგამანადგურებლები დაუფარავად შემოფრინდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში და მეორე დღეს, პირველად ისტორიაში, რუსეთის ხელისუფლებამ მათი ფრენა დაადასტურა. ამასობაში, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს კრემლი სრულ იგნორირებას უკეთებდა.

აშკარაა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაფერი მზად ჰქონოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისა და ფაქტობრივი ანექსიისათვის, თუმცა საბოლოო ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობდა.

როგორი იყო დასავლეთის რეაქცია: საქართველოს მეგობრები ხედავდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისათვის ემზადებოდა, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ამის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთება არ შეეძლოთ. რუსეთი და საქართველო კონფრონტაციისკენ მიდიოდნენ, დასავლეთს რუსეთის შეკავება არ შეეძლო, ამიტომ ის ცდილობდა კონფლიქტი თავიდან აეცილებინა იმით, რომ მაქსიმალურად შეებოჭა საქართველო.

უამრავ საუბარში, რომელიც ომის წინ საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის გაიმართა, და რომელთა მონაწილეც ბევრჯერ ამ სტრიქონების ავტორიც ყოფილა, საქართველოს არათუ არავინ მოუწოდებდა რუსეთთან ომისაკენ ან რაიმე სახის დახმარებას ჰპირდებოდა, პირიქით, ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მიგვეღო რუსეთის ფაქტობრივად ნებისმიერი ქმედება, ოღონდ თავიდან აგვეცილებინა რუსეთთან  ომი.  დაახლოებით  მსგავს  რჩევას  აძლევდნენ  ისინი  უკრაინის ახალმოსულ მთავრობასაც, როდესაც რუსეთი ყირიმის ანექსიას ახდენდა.

რუსეთი კი ამასობაში ძაღლის კუდს ნაწილ-ნაწილ ჭრიდა. მას არაფერი შეუშლიდა ხელს ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ან მოეხდინა ამ რეგიონების ფორტიფიკაცია. ის აჩვენებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ომისათვის მზად იყო, მაგრამ ღია ომს არ იწყებდა.

რუსეთის ამგვარმა საქციელმა ბევრს აფიქრებინა მაშინაც და ახლაც, რომ რუსეთის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება, რათა ომის დამწყებად საქართველო გამოჩენილიყო, რაც მოახერხა კიდეც საქართველოს ხელისუფლების იმპულსურობისა და არაშორსმჭვრეტელობის წყალობით. სინამდვილეში, ეს მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია.

მთელი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი პუტინი ახდენდა თავისი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დემონსტრირებას როგორც ოსეთსა და აფხაზეთში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. სამხედრო წვრთნები „კავკასია 2008“ ამ მზადყოფნის დემონსტრირების ბოლო აკორდი იყო. პუტინს რომ   ნდომებოდა საქართველოს პროვოცირება ომზე, ის ხომ ზუსტად საპირისპიროდ მოიქცეოდა? მაქსიმალურად  მოაჩვენებდა  თავს საქართველოს  მთავრობას,  რომ  ცხინვალისა  და სოხუმის გულისათვის ომს არ აპირებდა.

სინამდვილეში, პუტინმა აგვისტოს დასაწყისისათვის ყველაფერი მოამზადა ომისათვის, ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის თითქმის სრული ევაკუაციის ჩათვლით. შემდეგ განზე გადგა და სცენა კოკოითის დაუთმო. კოკოითიმ ღიად განაცხადა,  რომ  მისი  მიზანი  იყო  დიდი  ლიახვის  ხეობის  ქართული მოსახლეობისაგან გაწმენდა. ოსებმა ცეცხლი გახსნეს. 7 აგვისტოს სეპარატისტების არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა ქართულ სამშვიდობო ბატალიონს. საქართველო არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან დაეწყო ქართველო სამშვიდობოების, პოლიციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, ან საფრთხეში მყოფი ხეობისათვის დამხმარე ძალა მიეშველებინა, რაც უეჭველად ნიშნავდა რუსეთის წინააღმდეგ ომს. ყველა თავისი განცხადებით თუ ქმედებით, მათ შორის, სამხედრო ნაბიჯებით, რუსეთი ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ომში ჩასართავად სრულიად მზად იყო.

პუტინის გათვლა, როგორც ჩანს, სწორედ იმაზე იყო, რომ საქართველო შედრკებოდა და აშკარა კატასტროფის წინაშე უკან დაიხევდა. რა შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო საქართველო-რუსეთის ომი, სრულიად ცხადი იყო.

მაგრამ, რა მოხდებოდა, თუ საქართველოს მთავრობა ლიახვის ხეობას ბედის ანაბარა მიატოვებდა და ფაქტობრივად, კოკოითის წინაშე კაპიტულაციას გამოაცხადებდა? დიდ ლიახვს მოჰყვებოდა ფრონე და პატარა ლიახვი, შემდეგ - ახალგორი, შემდეგ - კოდორი. საქართველოს მოსახლეობის თვალში მოხდებოდა არა მხოლოდ გამყიდველი და მოღალატე მთავრობის, არამედ სახელმწიფოს სრული დისკრედიტაცია. ქვეყანა უძლურია დაიცვას საკუთარი მიწები, მთავრობამ ტერიტორიები ჩააბარა მტერს. ქვეყანა განწირული იქნებოდა იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ არა უბრალოდ პრორუსული, არამედ პირდაპირ კრემლის მიერ კონტროლირებადი ძალები, არჩევნების ან სამხედრო გადატრიალების გზით, და ოცნება დამოუკიდებელ საქართველოზე კიდევ დიდი ხნით გადაიდებოდა. რუსეთი კი ბევრად უფრო მეტს მიიღებდა, ვიდრე „ახალ რეალობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. სერგეი შამბას ამასწინანდელი ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს, რომ ომის დამთავრებისთანავე მოსკოვმა მათ სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციის შექმნა შესთავაზა (რომელშიც მესამე წევრისთვისაც უნდა შენახულიყო ადგილი), სწორედ ამაზე მიანიშნებს.

ამიტომაც იმ ტრაგიკულ საღამოს, 7 აგვისტოს, ცეცხლის გახსნა, თუნდაც წინასწარ წაგებულ ომში, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა ტერიტორიების დროებითი დაკარგვა გამოიწვია (არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი იქამდეც რუსეთის კონტროლქვეშ იყო), მაგრამ საქართველოს მისცა შანსი, დარჩენილიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.