აშშ-თურქეთის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასე დაძაბული 1974 წლის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონმა ანკარას, ამ უკანასკნელის მიერ კვიპროსზე განხორციელებული სამხედო ინტერვენციის გამო, იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესა. ამერიკულ-თურქული ურთიერთობების ამჟამინდელი კრიზისი რადიკალურად განსხვავდება „ცივი ომის“ ეპოქის ვითარებისგან, როდესაც საერთო საბჭოთა საფრთხის გამო ორმა ქვეყანამ მალევე შეძლო საერთო ენის გამონახვა. თურქეთის მაშინდელი ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვაშინგტონის „თავდაცვით ქოლგას“ შეფარებოდა. ახლა აღარც ასეთი გამაერთიანებელი საფრთხე არსებობს და თურქეთის სათავეშიც სხვა ტიპის ლიდერები დგანან. ახლანდელი თურქეთის პოლიტიკური ელიტა, წინა ეპოქის მმართველებისგან განსხვავებით, მრავალპოლუსიან მსოფლიოზე ფიქრობს და ლაპარაკობს. ამას ემატება რეგიონული ომები (სირია, იემენი, უკრაინა და ა.შ.), გლობალიზაციასა და საინფორმაციო ეპოქასთან დაკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური პოპულიზმი და მზარდი ქაოსი საერთაშორისო ურთიერთობებში (განსაკუთრებით - ახლო აღმოსავლეთში). ეს ყველაფერი კი სიტუაციას ძნელად პროგნოზირებადს ხდის. პრობლემატური საკითხები ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა ისაა, რომ აშშ-ისა და თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებსა და ელიტებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფილოსოფია აქვთ. ისინი განსხვავებულად აღიქვამენ როგორც სხვა ქვეყნებთან არსებულ კავშირებს, ისე თავიანთი ქვეყნების წონასა და ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, წლების განმავლობაში ამერიკულ-თურქულ ურთიერთობებში მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადაჭრა დროში გაიწელა. მათი მოუგვარებლობა გრძელვადიან ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, მაგალითად: - ანკარა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს აშშ-ში მცხოვრები ისლამისტი სასულიერო ლიდერის ფეთულაჰ გულენის თურქეთში ექსტრადიციას, ადანაშაულებს რა მას და მის მიმდევრებს 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში;1 - თურქეთი ასევე ითხოვს აშშ-ში დაპატიმრებული თურქული სახელმწიფო ბანკის Halkbank-ის გენერალური დირექტორის მოადგილის მეჰმეთ ჰაქან ათილას გათავისუფლებას, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ბანკის გამოყენებით ამერიკული სანქციების გვერდის ავლით ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი ვაჭრობის წარმოება;2 - თურქეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას სირიაში. ანკარა ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ YPG-ს (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“) ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად განიხილავს, ხოლო აშშ-სთვის YPG ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა სირიაში, რომელსაც სოლიდურ სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევს. ანკარა ვაშინგტონისგან უშედეგოდ მოითხოვს YPG-ისთვის დახმარების შეწყვეტას;3 - თურქეთში 2016 წლის ოქტომბრიდან ტერორიზმის ხელშეწყობისა და გულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია ამერიკელი ევანგელისტი მღვდელმსახური ენდრიუ ბრანსონი, რომლის განთავისუფლებასაც დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს ვაშინგტონი.4 ეს მოთხოვნები განსაკუთრებით გააქტიურდა 2018 წლის ნოემბრისთვის, აშშ-ში დანიშნული შუალედური არჩევნების ფონზე. დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.5
- იმავე ბრალდებით თურქეთში დაკავებული არიან აშშ-ისა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სხვა პირებიც, ასევე აშშ-ის საელჩოში მომუშავე 2 პირი (თურქეთის მოქალაქეები), რომელთა განთავისუფლებასაც ითხოვს ამერიკული მხარე;6 - თურქეთმა გააფორმა ხელშეკრულება რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების S-400-ების შეძენაზე. ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს ანკარისგან უარი თქვას ამ ხელშეკრულებაზე, რადგან ეს ტექნიკურად შეუთავსებელია დასავლურ შეიარაღებასთან და შეუძლებელი იქნება მისი ჩართვა ნატოს საერთო თავდაცვით სისტემაში;7 - თურქულ საზოგადოებაში ძალზე მაღალია ანტიდასავლური განწყობები, რაც ბუნებრივად აისახება პოლიტიკოსთა ნარატივზეც. ანტიდასავლური განწყობების მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც. CAP-ის (Center for American Progress) მიერ 2017 წლის ნომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 73 % უარყოფითადაა განწყობილი ევროპის მიმართ. კიდევ უფრო ცუდი სურათია აშშ-ს მიმართ. მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი თურქეთის მოსახლეობის 83%.8 ამასთან, საყურადღებოა, რომ ანტიამერიკული განწყობები გრძელვადიანი და სტაბილური ფენომენია თურქეთისთვის.9 შესაბამისად, მოკლე დროში შეუძლებელი იქნება მისი შეცვლა. აქედან გამომდინარე, როგორც ხელისუფლებაში მყოფი თურქი პოლიტიკოსებისთვის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ხშირად დამახასიათებელია მკვეთრად ანტიდასავლური (განსაკუთრებით, ანტიამერიკული) განცხადებების კეთება. სანქციები რამდენადაც ვერ მოხდა შეთანხმება მღდელმსახურ ბრანსონის ვერც გაცვლაზე და ვერც განთავისუფლებაზე, აშშ-მ: - ა.წ. 1 აგვისტოს სანქციები დაუწესა 2 თურქ მინისტრს.10 კერძოდ, ამერიკულ მხარეს მიაჩნია, რომ ბრანსონის დაპატიმრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ და იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გულმა, რომლებსაც დაუყადაღდათ საბანკო ანგარიშები და ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეერთებულ შტატებში, ასევე ამერიკის მოქალაქეებსა და ფირმებს აეკრძალათ მათთან საბანკო გადარიცხვების წარმოება.11 მართალია, ამ პირებმა განაცხადეს, რომ უცხოეთში მათ ქონება არ გააჩნიათ,12 მაგრამ თურქეთისთვის ძალზე მტკივნეულია თუნდაც სიმბოლური სანქციების დაწესების ფაქტიც კი; ასევე გააორმაგა ტარიფები თურქეთიდან შეტანილ ფოლადსა და ალუმინზე.13 თურქულ ფოლადზე გადასახადი გახდა 50%, ხოლო ალუმინზე - 20%.14 საერთო ჯამში, ამ ნაბიჯს გავლენა ექნება დაახლოებით 1,7 მლრდ. აშშ დოლარის ღირებულების თურქულ ნაწარმზე, რომელიც შედის აშშ-ის ბაზარზე;15 - აშშ-ის კონგრესმა შეაჩერა უახლესი მოდელის 100 ერთეული სამხედრო თვითმფრინავის - F-35-ის თურქეთისთვის გადაცემის პროცესი;16 - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მხარე დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს თურქეთის მიერ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან სესხის აღების შესაძლებლობას;17 - შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს თურქეთის სახელმწიფო ბანკის „Halkbank“-ის წინააღმდეგაც, რომელმაც აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით გამართა ვაჭრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.18 მსგავსი ჯარიმები და სანქციები შესაძლოა დაუწესდეს სხვა თურქულ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებსაც, რომლებიც, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების მიუხედავად, მასთან ვაჭრობის გაგრძელებას აპირებენ; ზემოხსენებული სანქციების საპასუხოდ თურქეთმაც, ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, სანქციები დაუწესა შესაბამის 2 ამერიკელ მაღალჩინოსანს; ასევე გაზარდა ტარიფები აშშ-დან შემოტანილ საქონელზე და დაიწყო ამერიკული პროდუქციის (მათ შორის აიფონების) ბოიკოტი.19 თუმცა ამ ნაბიჯს, ბუნებრიავია, ამერიკული ეკონომიკისთვის რამე მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია. სანქციების შედეგები აშშ-ის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დღემდე შემოღებულ სანქციებს რეალურზე მეტად ფსიქოლოგიური და სიმბოლური დატვირთვა აქვს.20 თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით სერიოზული პრობლემების წარმოსაქმნელად: - ამერიკულ-თურქულ ურთიერთოებებში ორივე მხრიდან იმატა უნდობლობამ და გაურკვევლობამ; - სანქციების დაწესებამ აჩვენა რამდენად სერიოზულია აშშ-ის პოზიცია, რომელიც არ აპირებს უკან დახევას; - თურქეთში მანამდეც არსებული ეკონომოკური პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. მაგალითად, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის დონემ 17,9%-ს მიაღწია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.21 შედეგად, აგვისტოსა და სექტემბერში თურქეთში ფასებმა თითქმის ყველა პროდუქტსა და სერვისზე მოიმატა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომავალშიც არაერთ პრობლემას შეუქმნის თურქეთის ეკონომიკას; - თურქული ლირის დევალვაციის გამო იმატა თურქეთის საგარეო ვალმა ლირებში, საიდანაც 453 მლრდ. აშშ დოლარი სახელმწიფო, 245 მლრდ. კი კერძო სექტორზე მოდის;22 - დაჩქარდა ისედაც დაწყებული ინვესტიციების გადინების პროცესი თურქეთიდან,23 რასაც მოჰყვა სამუშაო ადგილების შემცირება. ინვესტორებმა თურქეთში არსებული ქონება გაყიდეს ლირებში, რითაც შეიძინეს ვალუტა და უცხოეთში გაიტანეს. ამით გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რამაც ვალუტის კურსის ზრდა გამოიწვია; - თურქული ლირის კურსი დაეცა ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის მომავალში კიდევ უფრო გაზრდის მოლოდინის გამოც. თუ სანქციების შემოღებამდე 1 აშშ დოლარი 4,79 ლირა ღირდა, ა.წ. 13 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ფასი 6,95 ლირა გახდა, ანუ თურქული ლირა დაახლოებით 45%-ით გაუფასურდა; - ლირის გაუფასურების გამო დაზარალდნენ თურქეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებსაც საგრძნობლად შეუმცირდათ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში.24 შესაბამისად, მათ ნაკლები თანხის გამოგზავნა შეძლეს საქართველოში. შედეგად, ქართული ლარი დაახლოებით 4%-ით გაუფასურდა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ახალი, უფრო მკაცრი ამერიკული სანქციების დაწესების ალბათობა, რის შესახებაც ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა ანკარა.25
დასკვნები - კრიზისის წარმოშობის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამერიკულ-თურქულ ურთიერთობებში დაძაბულობა გრძელვადიანია და მალევე არ უნდა ველოდოთ მათ მოგვარებას; - ამერიკულ-თურქული დაძაბული ურთიერთობები ვერ მოგვარდება მხოლოდ მღვდელმსახურ ბრანსონის განთავისუფლებით. ბრანსონის პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. სირთულეები გაცილებით ფართოა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს; - მკვეთრად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა არც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ინჯირლიქის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების საკითხი და არც თურქეთის ნატოში წევრობის თემა, რაც დადებითი მოვლენაა და იძლევა იმის იმედს, რომ სიტუაციის შემობრუნების შანსები ჯერ კიდევ არსებობს; - ანკარის ვაშინგტონთან დისტანცირების პარალელურად იზრდება თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის; - ნატოს ორი წევრი ქვეყნის (აშშ და თურქეთი) დაპირისპირება არ შედის საქართველოს ინტერესებში. მით უმეტეს, ორივე მათგანი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა. შესაბამისად, ეს დაპირისპირება შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე; - აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა მომავალში პრობლემები შეექმნას როგორც ნატოს აქტიურობებს შავ ზღვაზე, ისე საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისედაც გართულებულ და დროში გაწელილ პროცესს; - ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია ახალი სახის ეკონომიკური და სამხედრო სანქციების შემოღება თურქეთის წინააღმდეგ. რამდენადაც თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და უამრავი ეკონომიკური სახის კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან, ეს გართულება უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
|