X

უსაფრთხოების მიმოხილვა

კლინტონი-ელცინის საუბრის ჩანაწერები - რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ელცინის რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე?!

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი

2018 წლის სექტემბერში კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და რფ-ის პრეზიდენტ ბორის ელცინის შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. მასალა, რომელიც ამ დრომდე კლასიფიცირებული  იყო,  ასახავს  ორი  ქვეყნის  პრეზიდენტების  პოზიციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და, შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო და ღირებულია, განსაკუთრებით, აშშ-რუსეთის ურთიერთობათა მკვლევრებისთვის.

ქვემოთ მიმოვიხილავთ გამოქვეყნებული მასალის იმ ნაწილს, რომელიც 1996-1999 წწ. პერიოდს მოიცავს.  დასაწყისში   გამოვყოფთ რამდენიმე  მნიშვნელოვან  ასპექტს იმ პერიოდის აშშ-რუსეთის ურთიერთობებიდან, რაზეც დამატებით ღირებულ ინფორმაციას გვაძლევს ზემოხსენებული გასაჯაროებული დოკუმენტები. შემდეგ კი შევეცდებით გავაანალიზოთ პრეზიდენტ ელცინის მიერ დაფიქსირებული პოზიციები

იმ საკითხებზე, რომლებიც დღემდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი 1996-1999 წწ. აშშ-რუსეთის ურთიერთობებიდან 

რამდენადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-რუსეთის ურთიერთობები უკვე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, გასაჯაროებული მასალები ნაკლებად იძლევა ახალი, აქამდე უცნობი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, მაგრამ გვაძლევს საკმაოდ ღირებულ, დამატებით ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შეიძლება უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას, როგორც აშშ- რუსეთის ურთიერთობების, ისე რუსეთის საგარეო და შიდა პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებზე, კერძოდ:

როგორც ჩანს, წლების განმავლობაში კლინტონსა და ელცინს შორის პიროვნულ დონეზე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც ხელს უწყობდა ორი ქვეყნის ურთიერთობათა განვითარებას.    საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის მხარდაჭერას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც პირადად ელცინის პოლიტიკური კარიერისთვის, ისე რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ სერიოზულ რყევებს განიცდიდა; მწვავე შიდა პრობლემების მიუხედავად, რუსეთი მაინც ცდილობდა საკუთარი თავი აშშ-ის თანასწორ პარტნიორად წარმოეჩინა. ელცინი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავდა რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს და რიგ შემთხვევებში აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ აშშ-ს და რუსეთს ერთობლივად შეეძლოთ მსოფლიოს უმწვავესი პრობლემების მოგვარება;

დასტურდება, რომ კოსოვოს საკითხი მართლაც გახდა ორ ქვეყანას შორის სერიოზული კამათის საგანი. ელცინი სერბეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და მას შემდეგაც ცდილობდა პრობლემის გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას. მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მილოშევიჩის მთავრობასთან, ცდილობდა საკუთარ თავზე აეღო მედიატორის როლი. ელცინი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მილოშევიჩის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ოპერაციის განხორციელებას. სამხედრო ოპერაციის დაწყებას უდიდეს შეცდომად მიიჩნევდა, თვლიდა, რომ აშშ- მ და ნატომ ვერ გათვალეს შედეგები და მილოშევიჩი არ დანებდებოდა. მართალია, მოსკოვის პოზიცია თავიდან საკმაოდ ხისტი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ რუსეთი ზედმეტი გართულებების გარეშე შეეგუა დასავლეთის გადაწყვეტილებას. კლინტონისა და ელცინის ურთიერთობებში ეს საკითხი შემდგომში აღარ წამოწეულა;

საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში იმ დროისთვის არსებული სხვა აქტუალური საკითხების გარშემო უმეტესად პოზიციათა თანხვედრა იკვეთება. ეს ეხება ისეთი რთული რეგიონის საკმაოდ მნიშვნელოვან ქვეყნებსაც, როგორიც ახლო აღმოსავლეთია, კონკრეტულად კი, ირანსა და ერაყს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგს ამ რეგიონებთან მიმართებით აშშ განსაზღვრავს, რუსეთი კი ოფიციალურ დონეზე იზიარებს და ცდილობს ხელი შეუწყოს ამ პოლიტიკის განხორციელებას;

თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულებას, რომელიც აშშ-ის დასაბალანსებლად სხვა დიდ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს, ჯერ კიდევ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ევგენი პრიმაკოვი დაინიშნა. 
ამ    პერიოდიდან    რუსეთი    უკეთ    აცნობიერებს    აზიის    დიდ    ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელობას და იწყებს ინტენსიურ ურთიერთობებს ჩინეთთან და ინდოეთთან. მიუხედავად იმისა, რომ   აშშ დეკლარირებულად უჭერს მხარს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებას, მოსკოვს მაინც აქვს გარკვეული ეჭვი, რომ ვაშინგტონი მისი საგარეო პოლიტიკის ჩაშლას ცდილობს;

ორმხრივ ურთიერთობებში ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ელცინი ამა თუ იმ ფორმით აშშ-ის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დაფიქსირებას ითხოვდა. მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო  რუსეთის G7-ში გაწევრიანების თხოვნა5. თუმცა ყველაზე ხშირად ელცინი ითხოვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ახალი ტრანშის გამოყოფას ან უკვე არსებული ვალის გადავადებას. ჩანს, რომ იმ პერიოდში ფინანსური ტრანშის მიღება არა მხოლოდ რეჟიმისთვის, არამედ მთლიანად რუსეთის სტაბილურობისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენდა. დღევანდელი რუსეთი კი  ისე წარმოაჩენს, თითქოს საგარეო ვალი რუსეთზე ზეწოლის და მისგან დათმობების მისაღებად გამოიყენებოდა;

ელცინი  აპელირებდა,  რომ  აშშ-ის  პოლიტიკური  მხარდაჭერა  ხელს  შეუწყობდა შიდა პოლიტიკაში რუსეთის პრეზიდენტის პოზიციების გამყარებას, რაც აუცილებელი იყო ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებისა და დემოკრატიზაციისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიშნება იყო რუსეთში რადიკალური ოპოზიციური ძალების გაძლიერების   საფრთხეზე. იგივე გადახრა დამახასიათებელია პუტინის რუსეთისთვისაც, თუმცა ამჟამად ასეთი საფრთხის წამოწევა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბევრად უფრო დახვეწილი პოლიტტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება.

პრეზიდენტ  ელცინის  მიერ  დაფიქსირებული  პოზიციები  საქართველოს  ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე

გასაჯაროებული დოკუმენტების ის ნაწილი, რომელიც 1996-1999 წწ. -ს მოიცავს, იძლევა შესაძლებლობას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასეთ  საკითხებს,  უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ რუსეთის   ამბიციები   პოსტსაბჭოთა სივრცეში.   ამ   საკითხზე   რამდენიმე ადგილას გვხდება პრეზიდენტ ელცინის საკმაოდ საყურადღებო პოზიცია, რაც ნათელ წარმოდგენას ქმნის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებსა და მიდგომაზე.

საინტერესოა, მაგალითად, ელცინის მინიშნება, რომ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროკავშირის მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბების გეგემა ჰქონდა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე იგი 1996 წლის აპრილში ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამეგობრობის შექმნის თაობაზე შეთანხმების6 ხელმოწერის კონტექსტში საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგივე პროცესებს ადგილი აქვს უფრო დაბალ დონეზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთთან. ამდენად, დასტურდება, რომ რუსეთს არ მოსწონს ინტეგრაციის ის დონე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს იმ დროისთვის ჰქონდათ და უკვე ფიქრობს ახალი მექანიზმების ამოქმედებაზე.

სწორედ ასეთი მექანიზმია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე არც ამ პროექტს მოუტანია რუსეთისთვის რეალური შედეგები, რისი   ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის შეყვანა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტის წარმატებისთვის უკრაინის ჩართვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე თავად  ვლ.  პუტინს აქვს პოზიცია  გამოხატული  2011  წლის  ნოემბერში,  „ვალდაის სადისკუსიო კლუბში“ გამოსვლისას.8  აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები არ გაკეთებულა.

უკრაინისთვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  მინიჭება  დასტურდება კლინტონ-ელცინის განსაჯაროებული საუბრის ჩანაწერებიდანაც. კლინტონთან საუბრისას ელცინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, სხვა ქვეყნები კი, და მათ შორის საქართველო, გაკვრით არის ნახსენები, თანაც ერთ კონტექსტში, სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

იმის დასტურად, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს ელცინის რუსეთი საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს, კიდევ   რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება, კერძოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ელცინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის პრობლემას  წარმოადგენს  ყირიმის  საზღვაო  აკვატორიაში  აშშ-ის  სამხედრო მანევრების  ჩატარება.  აქვე  მკაფიო  მინიშნებაა  გავლენის  სფეროზე  -  გავლებულია პარალელი  კუბაში  რუსეთის  სამხედრო  წვრთნების  შესაძლო  წამოწყებაზე,  რაც ელცინის პოზიციის თანახმად, აშშ-სთვის ისევე მიუღებელი იქნებოდა, როგორც ყირიმში გამართული წვრთნები რუსეთისთვის.

ცხადია, რუსეთისთვის არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ყოფნაა მიუღებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ სხვა ტიპის აქტივობებიც. მათ შორის, მაგალითად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლების მოვლინებას დსთ-ის ქვეყნებში ელცინი რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

1996-1999 წწ.-ის შესახებ გამოქვეყნებული მასალებიდან ყველაზე მკაფიოდ და კონსოლიდირებულად რუსეთის პოზიცია ფიქსირდება 1997 წლის მარტში ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დისკუსია გაიმართა ნატოს გაფართოების საკითხზე. ელცინი ამ შეხვედრაზე პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება ნატოში. იგი დაჟინებით ითხოვს გარანტიებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ამ თემაზე სიტყვიერი დაპირება მაინც მიეღო პრეზიდენტ კლინტონისგან, მათ შორის იმის თაობაზე, რომ   პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების თუნდაც პირველ ტალღაში არ მოხვდებოდნენ, შედეგს ვერ მიაღწია - პრეზიდენტი კლინტონის შეფასებით, ასეთი გარიგება მოსკოვთან მიუღებელია სხვადასხვა გარემოების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს იქნებოდა „ცივი ომის“ დროინდელ რეალიებთან დაბრუნება.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსული პოლიტიკური ელიტა დღემდე აპელირებს იმაზე, რომ დასავლეთმა დაარღვია მისთვის მიცემული დაპირება, როდესაც მიიღო ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. სხვადასხვა წყაროთი დასტურდება, რომ მსგავსი საუბრები გორბაჩოვსა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს შორის მართლაც გაიმართა მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იდგა გერმანიის გაერთიანების საკითხი. თუმცა ამ საუბრების პოლიტიკური კონტექსტი და ის რეალობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება და საფუძველს აცლის ოფიციალური რუსეთის არგუმენტებს. სწორედ ამის დადასტურებაა ჰელსინკის შეხვედრაც, სადაც, მართალია, ელცინი დაჟინებით ცდილობს საკუთარი პოზიციის გატანას სხვადასხვა არგუმენტის მოშველიებით, მაგრამ იგი არ აპელირებს იმაზე, რომ ამ ტიპის დაპირება წარსულში არსებობდა.

გავლენის სფეროების გადანაწილებაზე ყველაზე უფრო გახსნილად და ამბიციურად გამოიყურება ელცინის პოზიციები 1999 წლის ნოემბერში ქ. სტამბოლში, კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე, როდესაც იგი აშშ-ის პრეზიდენტს ევროპის რუსეთისთვის დათმობას   სთხოვს. მისი არგუმენტია, რომ აშშ ევროპული სახელმწიფო არ არის, რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც ნახევრად ევროპულია. ამასთან, ელცინის აზრით, ევროპის საკითხები უნდა იყოს ევროპელების საქმე. მით უმეტეს, რომ რუსეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება.

საუბრის ჩანაწერიდან ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სერიოზულად არ აღიქვამს ელცინის  არგუმენტებს.  ეს  გასაგებიც  არის,  იმ  დროს არსებული ბევრი გარემოების გათვალისწინებით, თუნდაც რუსეთში არსებული შიდაპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ამ პერიოდისთვის ელცინის პოლიტიკური კარიერა თითქმის დასრულებულია. დაწყებულია პუტინისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელცინი კლინტონთან   საუბრის   დროს,   ამავე შეხვედრაზე, თავად ადასტურებს. მეორე მხრივ, ეს გარემოება აძლევს მას შესაძლებლობას თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები და ღიად განაცხადოს რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ამბიციების თაობაზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება ელცინის რუსეთსა და პუტინის რუსეთს შორის ბევრ საკითხში ძალზე ნათელია. ეს, პირველ რიგში, ეხება რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკას, სადაც პუტინის „სახელისუფლებო ვერტიკალი“ ბევრად უფრო მტკიცეა. ასევე, მკვეთრად არის გაზრდილი პუტინის რუსეთის საგარეო-პოლიტიკური აქტივობა საერთაშორისო ასპარეზზე.

მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევითა და სამხედრო ძალის გამოყენებით საკუთარი გეგმების რეალიზაციის კუთხით. თუმცა, თუ შევაფასებთ საგარეო პოლიტიკურ ამბიციებს და ხედვებს, დავრწმუნდებით, რომ ამ თვალსაზრისით განსხვავება ძალზე მცირეა. რეალურად, ელცინის რუსეთიც საკუთარ თავს ზესახელმწიფოდ ხედავდა, ცდილობდა საკუთარი გავლენის ზონის შემოსაზღვრას   და   საერთაშორისო   ურთიერთობებს სხვადასხვა   ბლოკს   შორის დაპირისპირების ჭრილში აღიქვამდა.

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.