X

უსაფრთხოების მიმოხილვა

ჯიჰადისტური საფრთხის ტრანსფორმაცია

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

მართალია, „დაეშმა“ (რომელსაც ხშირად „ისლამურ სახელმწიფოდაც“ მოიხსენიებენ) ბოლო პერიოდში დაკარგა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო ჯიჰადისტური მოძრაობა შორსაა დამარცხებისგან. მეტიც, ჯიჰადისტები სარგებლობენ რა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით, ახალი სახის საფრთხეებს ქმნიან მთელ მსოფლიოში, რასთან გამკლავებაც ხშირ შემთხვევაში უჭირთ არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი ზომის ქვეყნებსაც.

ჯიჰადისტური მოძრაობა და ორგანიზაციები

ჯიჰადისტური მოძრაობის საერთო მიზნად კვლავაც რჩება პანისლამური სახალიფოს შექმნა. ჯიჰადისტები მიზნად ისახავენ მთავრობების ჩამოგდებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და ბრძოლას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.1 აღსანიშნავია, რომ მოძრაობა არ არის მონოლითური - მათ შორის არსებობს ტაქტიკური, მნიშვნელოვანი განსხვავებები. ამასთან, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ზოგ შემთხვევაში საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მიდის. დღეს ჯიჰადისტური მოძრაობა შეიძლება დაიყოს 4 ძირითად ნაწილად:

1)  „დაეში“  და  მისი  ვილაიეთები  (პროვინციები)  იემენში,  ლიბიაში,  ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ალჟირში, კავკასიაში, ნიგერიაში, ავღანეთ-პაკისტანსა და ნიგერიაში;2

2) „ალ-ქაიდა“ და მასთან აფილირებული ორგანიზაციები („ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ – სირიაში, “ალ-შაბააბი“ – სომალიში, ფილიალები – მაღრიბში, ინდოეთის სუბკონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე და ა.შ.3);

3) სხვა ჯიჰადისტური ორგანიზაციები („თალიბანი“, „ლაშქარ-ე-ტაიბა“ და სხვა);

4) ინდივიდუალი ჯიჰადისტები, რომლებიც შთაგონებული არიან „დაეშისა“ და „ალ-

ქაიდას“ იდეოლოგიით, თუმცა მათთან ორგანიზაციული კავშირი არ აქვთ.4

ჯიჰადისტი მებრძოლები დღეს ძირითადად თავმოყრილი არიან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, მათი რაოდენობა არ იკლებს. 2018 წლისთვის ჯიჰადისტთა რიცხვი 100000-230 000 იყო. შედარებისთვის, მათი რაოდენობა 2007 წელს 20 000-60 000-ს არ აღემატებოდა.5

აქტიური ჯიჰადისტი მებრძოლების რაოდენობა 1980-2018 წწ.-ში

ამ ეტაპზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი მებრძოლი იმყოფება შემდეგ ქვეყნებში:

სირიაში        –  43 600-70 500 კაცი;

ავღანეთში    –  27 000-64 000 კაცი;

პაკისტანში   –  18 000-40 000 კაცი;

ერაყში           –  10 000-15 000 კაცი;

ლიბიაში       –   4 900-10 000 კაცი;

ნიგერიაში    –   3 000- 7 000 კაცი;

სომალიში     –   3 000- 7 000 კაცი;

იემენში         –   2 300-3 500 კაცი;

მალიში          –   1, 300-3 200 კაცი;6

სულ 2018 წელს მთელ მსოფლიოში მოქმედებდა 67 ჯიჰადისტური დაჯგუფება, რაც 2001 წელთან შედარებით 180%-ით მეტია. აქედან 44 ჯგუფი არ არის აფილირებული არც „დაეშთან“ და არც „ალ-ქაიდასთან“.

ბრძოლის მეთოდების ტრანსფორმაცია

ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, ჯიჰადისტების მოტივაცია არ ნელდება. ისინი ცდილობენ ფეხი აუბან მიმდინარე ცვლილებებს და ახალ გარემოში აწარმოონ ბრძოლა.

მართალია, გასულ წლებთან შედარებით, 2018 წელს ევროპაში ნაკლები ბომბი აფეთქდა,   სამაგიეროდ,   მრავალფეროვანი   გახდა   თავდასხმის   საშუალებები   და იარაღი. ახლა ტერაქტების მოსაწყობად სულ უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ავტომანქანებს, ჩაქუჩებს, დანებს და სხვა ბლაგვ საგნებს. ამას კი უკვე არ სჭირდება ჯგუფის ან ჯგუფების მომზადება, გადაადგილება, ერთმანეთში კომუნიკაცია და ა.შ., რაც წარსულში ზრდიდა მათი აღმოჩენის ალბათობას. ახლა ახალი ტაქტიკით ტერაქტი ერთმა ადამიანმაც შეიძლება მოაწყოს, რის გამოც მის შესახებ წინასწარ ინფორმაციის მოპოვება და პრევენცია გართულებულია.

ამასთან, ჯიჰადისტებს დიდი ავტონომიურობა ეძლევათ. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ირჩევენ ტერაქტის ჩატარების ადგილს, თარიღს და იარაღს, რის შესახებაც აღარაა საჭირო ინფორმაციის გაცვლა. ესეც, თავის მხრივ, აფერხებს ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობას.

ამავე დროს, დამატებით იკვეთება რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მომავალში კიდევ უფრო გაძნელდება მონიტორინგის პროცესი. სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიები, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ჯიჰადისტებს.

ახალ ტექნოლოგიებს შორის უნდა აღინიშნოს დრონები, რომლებიც გამოიყენება როგორც სადაზვერვო, ისე თავდასხმითი ოპერაციებისას.7  დღეს დრონები გაიაფდა და ადვილად მოსაპოვებელია. უფრო მეტიც, მისი აგება კერძო პირებსაც შეუძლიათ.8

„დაეში“ აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს საკუთარი შეტევების განსახორციელებლად. მაგალითად, 2017 წელს „დაეში“ ყოველთვიურად აწყობდა 60- დან  100-მდე  საჰაერო  თავდასხმას  ერაყსა  და  სირიაში  დრონების  გამოყენებით.9

ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ჯიჰადისტებმა მისი სერიული წარმოებაც დაიწყეს. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 2017 წლის ივნისში აღმოაჩინეს „დაეშის“ კუთვნილი დრონების ქარხანა, სადაც ნაწილობრივ აწყობილ უპილოტო საფრენ აპარატებს მიაგნეს.10

სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა 3D ბეჭდვის ტექნოლოგიები. შეფილდის უნივერსიტეტში  ჩატარებული  ცდით  დამტკიცდა,  რომ  ამ  ტექნოლოგიის გამოყენებით 1 დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია 10 დრონის ამობეჭდვა, რაც  1 თვეზე გადაანგარიშებისას 300 დრონს შეადგენს.11

ცალკე უნდა აღინიშნოს დისტანციურად მართვადი ნავი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ (2017 წლის იანვარში) გამოიყენეს ახლო აღმოსავლეთში მოწინააღმდეგეზე თავდასასხმელად.12  თუმცა, მომავალში ამ ტაქტიკის დახვეწაც შესაძლებელია.

ჯიჰადისტები საკუთარი თავის რეკლამირების, მიმდევრებში მოტივაციის გაზრდის, დაფინანსების ახალი წყაროებისა და კადრების მოზიდვის მიზნით აქტიურად იყენებენ   სოციალურ მედიას, მათ შორის, „ტვიტერს“, „ტელეგრამს“, „ფეისბუქს“ და ა.შ.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ეს  უკანასკნელნი  აქტიურად  ებრძვიან  ჯიჰადისტურ პროპაგანდას. მაგალითად, „ტვიტერმა“ 2015-2016 წლებში გააუქმა ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული 360 000 ანგარიში.13  საპასუხოდ, ჯიჰადისტები ცდილობენ კომუნიკაციებისთვის საჭირო ალტერნატიულ არხებსა და აპლიკაციებზე გადასვლას.

კიდევ ერთი სფერო, რაც შეიძლება გამოიყენონ ჯიჰადისტებმა, ხელოვნური ინტელექტია. მართალია, ამ ეტაპზე ჯიჰადისტური ჯგუფების უმეტესობას ამის რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ როგორც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ ქოასთმა აღნიშნა 2018 წლის „საერთო გლობალური საფრთხეების შეფასებაში“, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა შექმნას ახალი გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში.

ბოლო პერიოდში ჯიჰადისტური ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად იყენებენ დაშიფრული  კომუნიკაციის  აპლიკაციებს,  რაც  აძნელებს  სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობას, აკონტროლონ მათი კავშირები.

ცალკე განხილვის თემაა ვირტუალური ვალუტა, რისი ტრანსაქციებისთვისაც აღარაა საჭირო ბანკები. ეს კი გამორიცხავს თანხების წარმომავლობის დადგენისა და მათი მოძრაობის გაკონტროლების შესაძლებლობას.

ამის გარდა, აკრძალული ბიზნესისთვის (ნარკოტიკები, იარაღი, მომხმარებელთა ბაზები და სხვა არალეგალური საქმიანობა) გამოიყენება ე.წ. “Dark Web” („ბნელი ქსელი“), რომელიც არ ჩანს ჩვეულებრივ საძიებო სისტემებში (www – World Wide Web). „დაეშმა“ ჯერ კიდევ 2015 წელს პარიზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი მიზნებისთვის იგი აქტიურად გამოიყენებდა ე.წ. “Dark Web”-ს. მათ ამ გზით საკუთარი მომხრეებისთვის კაპიტალისა და იარაღის მიწოდების საშუალება ეძლევათ.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2016 წელს „დაეშის“ მიერ შექმნილი დანაყოფი, ე.წ. „გაერთიანებული კიბერსახალიფო“, რომლის მიზანიც კიბერშეტევების განხორციელებაა. ამ დანაყოფმა არაერთი ვებგვერდის, ასევე ასობით „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ მომხმარებლის ანგარიშის დაჰაკერება შეძლო.

კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს ჯიჰადისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მით უმეტეს, „დაეშსა“ და „ალ-ქაიდას“ უკვე გამოყენებული აქვთ ქიმიური იარაღი სირიასა და ერაყში.20

 

საქართველო ჯიჰადისტური საფრთხის ტრანსფორმაციის წინაშე

მას შემდეგ, რაც შემცირდა ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ზომა, თუმცა მათი მებრძოლების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა, ამ უკანასკნელებმა დაიწყეს თავშესაფრების ძიება სიტუაციის დაზვერვის, დასვენების, გამოზამთრების, მკურნალობისა და სხვა მიზნებით. ისინი, უპირველეს ყოვლისა, იმ მიმართულებით მოძრაობენ, სადაც, მათი აზრით, ადვილია შეღწევა, გადაადგილება და გაჩერება.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2017 წლის ბოლოს საქართველოში ჩატაევსა და მის რაზმთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც სირიიდან თურქეთში გადასულმა ჯიჰადისტებმა საქართველოში მოახერხეს შემოსვლა.

რამდენადაც ჯიჰადისტები მთელ მსოფლიოში ცვლიან ტაქტიკას და საკუთარი მიზნების მისაღწევად ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ, სავარაუდოდ, იმავე მეთოდებს გამოიყენებენ საქართველოსთან მიმართებითაც.

ნაკლებად  მოსალოდნელია,  რომ  მათ  უახლესი  ტექნოლოგიური  მიღწევები პირველად სწორედ აქ გამოიყენონ, მაგრამ არის გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ისინი საქართველოშიც შეეცდებიან ბრძოლის მეთოდების ტრანსფორმაციას:

1) ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევამ აჩვენა, რომ ტრადიციული ბრძოლის მეთოდების   (სროლების) გამოყენების შემთხვევაში ჯიჰადისტებს   საქართველოში წარმატების ნაკლები შანსი აქვთ. ქართული სპეცსამსახურები ღირსეულად გაუმკლავდნენ ჩატაევის რაზმის მიერ შექმნილ საფრთხეს;

2) ჯიჰადისტებმა საქართველოსთან მიმართებით უკვე მოსინჯეს ბრძოლის ახალი საშუალებები:

  • დაფიქსირდა ჯიჰადისტური ორგანიზაციის („დაეშის“) მხრიდან კიბერშეტევები ქართულ ვებგვერდებზე;
  • სოციალურ ქსელებში დროდადრო იქმნება ჯიჰადისტური ჯგუფების მიმართ სიმპათიით განწყობილი გვერდები (ჯგუფები);
  • ქართული სპეცსამსახურები პერიოდულად აკავებენ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მასალები მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად. ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წლის 28 აპრილს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში დააკავა ხუთი ადამიანი რადიოაქტიური ნივთიერების - ურან-238-ის უკანონო გასაღების ფაქტზე. მანამდე კი, იმავე წლის იანვარში, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა რადიოაქტიური ცეზიუმის გაყიდვის მცდელობისას სამი მამაკაცის დაკავებას. სამართალდამცველები და ექსპერტები შიშობენ, რომ რადიოაქტიური მასალა შესაძლოა     მოხმარდეს     ე.წ.    „ბინძური     ბომბის     დამზადებას“.    იგულისხმება კონვენციური ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დიდ ტერიტორიაზე გაავრცელებდა რადიოაქტიურ ნივთიერებას.

ამრიგად, უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული ინდიკატორები აშკარად მიანიშნებენ, რომ  ტერორისტული  საფრთხის  ტრანსფორმაცია  საკმაოდ  რეალურია საქართველოშიც და მისი პრევენციისთვის საჭიროა შესაბამისი მომზადება.

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.