X

უსაფრთხოების მიმოხილვა

ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის რუსული პრობლემა

ავტორი: დავით ბატაშვილი

2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის და 8 მაისს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ სომხეთის დღის წესრიგში დადგა ორი მთავარი კითხვა.

პირველი - შეძლებს თუ არა ფაშინიანი ძალაუფლების ბოლომდე აღებას? რევოლუციის მიუხედავად, ამაზე პასუხი იმ დროს არ იყო აშკარა, რადგან პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ყოფილ მმართველ რესპუბლიკურ პარტიას ეკავა, რომელსაც ფორმალურად ნებისმიერ მომენტში შეეძლო ფაშინიანის გადაყენება, რომ არა საზოგადოების მხრიდან მუდმივი ზეწოლა და ფაშინიანის სრული მხარდაჭერა.

მეორე - ხელისუფლების სრულად აღების შემთხვევაში, შეძლებს თუ არა ფაშინიანის მთავრობა კორუფციის დამარცხებას, მაფიოზების გავლენის შემცირებას, ქვეყნის სწრაფი განვითარების დაწყებას და საერთოდაც იმ შეკვეთის შესრულებას, რომლის განსახორციელებლად სომეხმა ხალხმა დასვა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სათავეში?

პირველ კითხვას პასუხი გაეცა 2018 წლის 9 დეკემბერს, როდესაც ფაშინიანის კოალიციამ „ჩემი ნაბიჯი“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 70.42% და შედეგად პარლამენტზე კონტროლი მოიპოვა. მას შემდეგ ფაშინიანი სრულად ფლობს სომხეთში ძალაუფლებას და პასუხისმგებლობაც საზოგადოების თვალში სრულად მას ეკისრება.

უახლოესი პერიოდის მანძილზე პასუხი გაეცემა მეორე კითხვასაც. ნიკოლ ფაშინიანს სომხური საზოგადოებისგან უდავოდ აქვს მიღებული დიდი ნდობა, მაგრამ მომავალში მისი შენარჩუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაამართლებს იგი  საზოგადოების პოზიტიურ მოლოდინს. ფაშინიანმა  აჩვენა, რომ შეუძლია თამამად მოქმედება. ამასთანავე, 2004-2006 წლების საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ საბჭოთა ოკუპაციაგამოვლილ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში რადიკალური და შედეგიანი რეფორმების ჩატარება შესაძლებელია.

თუმცა, დამატებითი სერიოზული პრობლემა ფაშინიანისთვის არის რუსეთი, რომელსაც არ უყვარს რევოლუციის შედეგად მოსული რეჟიმები. ამასთანავე, კორუფციასთან და მაფიოზური წრეების ძალაუფლებასთან ბრძოლა რუსული გავლენისთვის საზიანოა. ამის გამო, გარკვეულ მომენტში, ფაშინიანის მმართველობის დროს, მოსკოვმა შესაძლოა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედოს.

 

სომხეთის საგარეო ორიენტაცია და ნიკოლ ფაშინიანი

ამჟამად სომხეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურად შეცვლას ნიკოლ ფაშინიანი არ აპირებს. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ასეთი ცვლილება  ახლა ობიექტურად შეუძლებელია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ახლო მომავალში არ დასრულდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება არ იტყვის უარს საკუთრივ მთიან ყარაბაღზე, თუნდაც დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ხოლო სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დათმობა გამორიცხულია ნებისმიერი მთავრობის პირობებში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მდგომარეობის გამო რთული წარმოსადგენია სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირებაც. ეს იქნებოდა კატეგორიულად მიუღებელი აზერბაიჯანისთვის, რომელიც არის თურქეთის ერთ- ერთი ძირითადი მოკავშირე. სომხეთის გამო თურქეთი აზერბაიჯანთან საკუთარ ურთიერთობას კრიტიკულ ზიანს არ მიაყენებს.

ერთად აღებული ყველა ეს გარემოება ნიშნავს, რომ სომხეთს, იქნება ის ავტორიტარული თუ დემოკრატიული, კორუმპირებული თუ სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად კორუფციისგან თავისუფალი, მიმდინარე ისტორიულ ეტაპზე არ შეუძლია თავი დააღწიოს გეოპოლიტიკურ ხაფანგს, აღმოსავლელ მეზობელთან საომარი მდგომარეობის, ხოლო დასავლელთან ცუდი ურთიერთობის სახით. სომხეთისთვის ეს  უკიდურესად  სახიფათო  ვითარებაა,  განსაკუთრებით  გრძელვადიან პერსპექტივაში. ცალკე აღებული აზერბაიჯანიც კი ყოველწლიურად ცვლის სამხედრო ბალანსს თავის სასარგებლოდ, დიდი ფინანსური რესურსისა და ამ რესურსის შეიარაღებულ ძალებში ინვესტირების წყალობით. გარდა ამისა, რაიმე შემაკავებელი ფაქტორის გარეშე შეუძლებელია იმის გამორიცხვაც, რომ კრიზისის დროს აზერბაიჯანს მხარს თურქეთი დაუჭერს. ამჟამად თურქეთი ნათლად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას ნამდვილად შეუძლია თამამი და აქტიური მოქმედება საკუთარ საზღვრებს გარეთ.

ამის შედეგად, სომხეთს ამჟამად არ შეუძლია რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა. ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო ან ალიანსი მისცემდა მას სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს. ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, და სანამ ეს ასეა, სომხეთის ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს ფუნდამენტურად შეცვალოს რუსეთთან ურთიერთობა.

ნიკოლ ფაშინიანის ადრინდელი განცხადებები და პოზიციები ცხადყოფს, რომ იგი სათანადოდ აფასებს სომხეთისთვის უარყოფით როლს1, რომელსაც რუსეთი თამაშობს. როდესაც 2014 წლის დეკემბერში სომხეთის პარლამენტმა მოახდინა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება, ფაშინიანი იყო იმ შვიდ დეპუტატს შორის, ვინც რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა.2  2015 წელს მან განაცხადა, რომ რუსეთის და სომხეთის ურთიერთობებში არსებობს პრობლემები, „რომელთა შორის ყველაზე დიდი ისაა, რომსომხურ-რუსული ურთიერთობები არაა პარტნიორული, ეს არის მოსაუბრის და მსმენელის ურთიერთობები“.

2017 წელს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა კოალიციამ „იელქი“, რომლის ერთ- ერთი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი იყო, პარლამენტში დააყენა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის საკითხი. ამ თემაზე პარლამენტში დისკუსიის დროს ფაშინიანმა განაცხადა: „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასთან ერთად და მის გარშემო მიმდინარე პროცესების კონტექსტში სომხეთის სუვერენიტეტმა სერიოზული დარტყმები მიიღო. ეს პროცესები გაგრძელდება და მომენტი  „იქსის“  შემდეგ  ჩვენთვის  უკონტროლო  გახდება,  თუ  უკვე  არ  გახდა“.

„იელქის“ ფრაქციის მაშინდელი აზრით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა სომხეთში იწვევს სოციალურ-ეკონომიკურ რეგრესს, არაფრით ეხმარება მას აზერბაიჯანთან კონფლიქტში (როგორც „იელქმა“ აღნიშნა, რუსეთი აზერბაიჯანს აწვდის იარაღს, ხოლო კავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები მას დიპლომატიურად უჭერენ მხარს) და ხელს უწყობს სომხეთში ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.

იმავე 2017 წლის ოქტომბერში, ფაშინიანმა, პარლამენტში გამოსვლისას, სომხეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა შემდეგნაირად დაახასიათა: „არსებობენ ბანქოს პროფესიული მოთამაშეები, რომლებიც ამბობენ - თუნდაც ხორბლის ტომარა გქონდეს, სულ მარცვალ-მარცვალ გამოგაცლი ხელიდანო. ახლა ამ ხელშეკრულებებით და, საერთოდაც, ბოლო 20-25 წლის მანძილზე რუსეთი მარცვალ- მარცვალ გვართმევს ჩვენს სუვერენიტეტს“. საინტერესოა, რომ ამავე გამოსვლაში ფაშინიანმა გაიხსენა რუსეთის პოლიტიკა პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც სხვა დეპუტატს მიმართა სიტყვებით: „თქვენ აქ ისტორიას გვასწავლით, წადით და თავად ისწავლეთ ის, როგორ იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც თურქებს მიწებს ართმევდნენ და ამბობდნენ: „გავყრით აქედან სომხებს და კაზაკებს ჩამოვასახლებთ“. თუ გგონიათ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, მე მოგცემთ წიგნებს, რომ წაიკითხოთ და ცოტა აიმაღლოთ თქვენი განათლების დონე“.

ხავერდოვანი რევოლუციის მიმდინარეობის დროსაც კი, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ ფაშინიანს აქვს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, 2018 წლის 24 აპრილს,    მან    განაცხადა,    რომ    რუსულ-სომხურ    ურთიერთობებში    არსებობს პრობლემები და აღნიშნა: „საუბარია, მათ შორის, პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს და მთიან ყარაბაღს, აზერბაიჯანისთვის რუსული შეიარაღების მიწოდებას, რის შედეგადაც, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ირღვევა სამხედრო ბალანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და მე ვთვლი, რომ რუსეთი, ნებსით თუ უნებლიეთ, ამას ხელს უწყობს“.

ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთისა და მისი პოლიტიკის რეალისტურად აღქმის მიუხედავად, იძულებულია და, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებიდან  გამომდინარე, ვალდებულიც არის, რომ გაითვალისწინოს ზემოთ აღწერილი ულმობელი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც აიძულებს დღევანდელ სომხეთს დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში. იმავე 24 აპრილს ფაშინიანმა თქვა:

„ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს არა მხოლოდ სომხეთ-თურქეთის, არამედ ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაცვაში. და ფაქტია, რომ სომხეთს ამჟამად არ ჰყავს თავისი ყველა საზღვრის დასაცავად საკმარისი ჯარი. ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა სომხურმა მთავრობამ“.

რევოლუციის დროს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მმართველობისას სომხეთი არ გადახედავს თავის საგარეო ორიენტაციას, არ შეაფერხებს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირებას და არც რუსეთის შექმნილ საერთაშორისო ინსტიტუტებს დატოვებს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩათვლით. 2018 წლის 27 დეკემბერს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი „მოწადინებულია განახორციელოს შემდგომი ინტეგრაცია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან“.

 

ნიკოლ ფაშინიანის დილემა

მანდატი, შეკვეთა, რომელიც სომეხმა ხალხმა ჩააბარა ნიკოლ ფაშინიანს ჯერ რევოლუციის მეშვეობით, ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, გულისხმობს ყოვლისმომცველი კორუფციის დამარცხებას, მაფიოზური კლანების ბატონობის დასრულებასა და ქვეყნის სწრაფი განვითარების დაწყებას. ფაშინიანს აშკარად სურს ამ შეკვეთის შესრულება, მით უმეტეს, რომ მისი პოლიტიკური კაპიტალი და, შესაბამისად, სამომავლო პოლიტიკური ბედიც მთლიანად ამაზეა დამოკიდებული.

მაგრამ გარდა სერიოზულ რეფორმებთან ზოგადად დაკავშირებული სირთულეებისა, ფაშინიანის წინაშე დგას კიდევ ერთი დიდი საფრთხე - მასთან მოსკოვის დამოკიდებულება. ფაშინიანი არის რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის განსაკუთრებით მიუღებელი მოვლენის - რევოლუციის - შედეგად ხელისუფლებაში მოსული ლიდერი. დემოკრატიზაციისკენ მიმართული მისი პოლიტიკა არის სრულ კონტრასტში რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემებთან. მისი აქცენტი თანასწორუფლებიანობაზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში შეუთავსებელია რუსეთის ტრადიციულ მიდგომასთან პოსტსაბჭოთა მეზობლების და, განსაკუთრებით, სომხეთის მიმართ. ფაშინიანს არც კრემლისთვის უხერხულ მის ძველ რიტორიკას დაუვიწყებენ. იგი არასდროს იქნება სანდო პირი პუტინისა და მისი გარემოცვის თვალში.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთ მიტინგზე. წყარო: Gleb Garanich/Reuters.

რუსეთის მმართველი რეჟიმის ტიპის გამო, მისი გავლენა მეზობელ ქვეყნებზე მნიშვნელოვნად იზრდება ამ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიული კლანების გავლენის მაღალი დონის შემთხვევაში. ამიტომ ფაშინიანის გაცხადებული შიდა პოლიტიკა ობიექტურად შეამცირებს რუსეთის კონტროლს სომხეთზე. ამასთან ერთად, არადემოკრატიული, კორუმპირებული რეჟიმი არის საუკეთესო გარანტია დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების წინააღმდეგ. ფაშინიანს არაერთხელ გამოუხატავს     დასავლეთთან     პარტნიორობის     განვითარების     სურვილი.     იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმატებით შეძლებს თავისი შიდაპოლიტიკური პროგრამის შესრულებას, უნდა ველოდოთ, რომ ეს პარტნიორობა უფრო მჭიდრო გახდება, განსაკუთრებით, ევროკავშირთან.

ამ ყველაფრის გამო კრემლმა, შესაძლოა, არასაკმარისად მიიჩნიოს სომხეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციის უცვლელობა და სცადოს სომხეთის შიდა პოლიტიკაზე მეტი კონტროლის დამყარებაც. ფაშინიანს უკიდურესად გაუჭრდება ისე შეასრულოს სომეხი ხალხის დაკვეთა, რომ თან კრემლის კეთილგანწყობაც მოიპოვოს. იგი ვერ შეძლებს ან ერთს, ან მეორეს. ამიტომ მომავალში მას, სავარაუდოდ, ელის ან სომხური საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვა, ან მზარდი პრობლემები კრემლთან ურთიერთობებში.

 

სომხეთში დაწყებული ცვლილებები

მიუხედავად იმისა, რომ 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ფაშინიანის მმართველობა არ იყო სტაბილური, საპარლამენტო უმრავლესობის არქონის გამო, მისმა ახალმა მთავრობამ დაიწყო თავისი პროგრამის შესრულება. გადასახადებისგან თავის არიდებისა და კორუფციასთან დაკავშირებული სხვა ბრალდებებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მთელი რიგი თანამდებობის პირებისა და ბიზნესების მიმართ.

სისხლის სამართლის გამოძიება შეეხო, სხვებთან ერთად, შემდეგ პირებს: ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს; ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რამდენიმე ნათესავს; ყოფილ პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანს; პრემიერ-მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს   არმენ გევორგიანს; რესპუბლიკელ დეპუტატ მანველ გრიგორიანს, რომლის ოჯახური კლანი წლების მანძილზე ფლობდა ქალაქ ეჩმიაძინს, აჭარაში ასლან აბაშიძის და სვანეთში აფრასიძეების კლანის მსგავს სტილში; მანველ გრიგორიანის მეუღლე ნაზიკ ამირიანსა და შვილს, ქ. ეჩმიაძინის მერს - კარენ გრიგორიანს; რესპუბლიკელ დეპუტატებს არამ არუთიუნიანსა და სამველ ალექსანიანს; საბაჟოს ყოფილ უფროსს არმენ ავეთისიანს. 

ამასთანავე, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებებით აღიძრა საქმეები რუსული „გაზპრომის“ კუთვნილი კომპანია „გაზპრომ არმენიას“  და ასევე რუსების კუთვნილი სომხეთის რკინიგზის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გამოძიებით აქტიურად დაკავდა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა, გახდა 2008 წლის 1-2 მარტის მომიტინგეთა ძალადობრივი დარბევა რობერტ ქოჩარიანის ხელისუფლების მიერ, რომლის შედეგად დაიღუპა 8 მომიტინგე და ძალოვანი სტრუქტურების 2 წარმომადგენელი. კორუფციაში ბრალდებებთან ერთად, სწორედ 2008 წ. 1-2 მარტის მოვლენებს უკავშირდება რობერტ ქოჩარიანის სისხლის სამართლებრივი დევნა. ამავე საქმეს უკავშრდება გამოძიება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) აწ უკვე გადამდგარი გენერალური მდივნის, ხოლო 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების დროს ქალაქ ერევნის სამხედრო გარნიზონის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის იური ხაჩატუროვის წინააღმდეგაც.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა 2018 წლის 20 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ, კორუფციასთან ბრძოლასთან ერთად, დაამარცხა ეკონომიკური მონოპოლიები და უზრუნველყო კანონის წინაშე თანასწორობა. სომხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ფაშინიანის და მისი ხელისუფლების მმართველობის პირველ თვეებს დადებითად აფასებს, რაც დადასტურდა 9 დეკემბრის არჩევნებზე, რომელიც ფაშინიანის კოალიციამ სრული უპირატესობით - 70.42 პროცენტით - მოიგო. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების თანახმად, ეს არჩევნები ჯამში სუფთად ჩატარდა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, შემდეგი ეტაპის მიზანია სწრაფი   ეკონომიკური   განვითარება.   ამის მიღწევას   მისი   მთავრობა   აპირებს სახელმწიფო აპარატის შემცირების, მცირე ბიზნესისთვის გადასახადების გაუქმების, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის და „ეკონომიკურ მონოპოლიებთან“ ბრძოლის გაგრძელების გზით.

აღსანიშნავია, რომ აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ სომხეთის ახალ მთავრობას და მის რეფორმებს.

 

რუსეთთან ურთიერთობებში დაწყებული პრობლემები

დისჰარმონია ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურ პროექტსა და კრემლის ინტერესებს შორის არის სტრუქტურული და გრძელვადიანი, თუმცა პრობლემების ნიშნები უკვე ფაშინიანის მმართველობის პირველ თვეებშივე გამოიკვეთა.

ერთ-ერთი საჯარო უთანხმოება რუსეთსა და სომხეთის ახალ მთავრობას შორის უკავშირდება 2018 ზაფხულში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და ოდკბ-ის გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ.

2018 წლის 31 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ქოჩარიანისა და ხაჩატუროვის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებების გამო და განაცხადა, რომ ეს არღვევს ფაშინიანის მთავრობის პირობას, არ განახორციელოს წინა ხელისუფლების წევრების პოლიტიკური დევნა.17 31 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა პირადად გამოხატა მხარდაჭერა ქოჩარიანის მიმართ, როდესაც დაურეკა მას დაბადების დღის მისალოცად. ცნობა მილოცვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

3 სექტემბერს ლავროვმა ახსენა სომხეთის ვალდებულებები ოდკბ-ის წინაშე და მიანიშნა ხაჩატუროვის საქმეზე, როდესაც განაცხადა: „ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ვალდებულებები მოქმედია და მთლიანად უნდა სრულდებოდეს. მათ შორის იმაშიც,   რაც   ეხება   ჩვენი   საერთო   ორგანიზაციის   რეპუტაციისა   და   პრესტიჟის  განმტკიცებას“. ლავროვმა ასევე თქვა: „ჩვენ გვაშფოთებს, რომ ამჟამად სიტუაცია სომხეთში ისევ დუღს, მათ შორის, ხდება ათი წლის წინანდელი მოვლენების გამოძიება და მიდის დაპატიმრებები“. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა გაზეთ „კომერსანტს“: „სომხური გარჩევები  [разборки] უზარმაზარ  ზიანს  აყენებს  მთელი  ორგანიზაციის  იმიჯს  და უცნაურია, რომ მათ [ფაშინიანის მთავრობას] ეს არ ესმით“.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით რუსულისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა სომხეთში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მილსმა. 5 სექტემბერს გაკეთებულ კომენტარში მან სომხეთის ახალი მთავრობის გამოძიებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

2 ნოემბერს იური ხაჩატუროვი, მის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების გამო, გამოიწვიეს ოდკბ-ის გენერალური მდივნის თანამდებობიდან. ნიკოლ ფაშინიანი ელოდა და ითხოვდა, რომ სომხეთს, რომელსაც რიგით უწევდა ამ თანამდებობაზე საკუთარი წარმომადგენელი ყოლოდა, უნდა მისცემოდა შესაძლებლობა თავად წარედგინა ხაჩატუროვის შემცვლელი. სექტემბრის დასაწყისში ფაშინიანმა განაცხადა:

„არსებობს გენერალური მდივნის პოსტზე სომხეთის წარმომადგენლის მუშაობის ვადა. ის არ ამოწურულა. ჩვენ, სულ მცირე, კიდევ წელიწად-ნახევარი გვაქვს. სულ ერთია რა არის გენმდივნის გვარი. იგი, როგორც იყო დაწესებული, სომხეთის წარმომადგენელი უნდა იყოს მთელი ვადის განმავლობაში“. თუმცა, 8 ნოემბერს ასტანაში გამართულ ოდკბ-ის სამიტზე ბელარუსი და ყაზახეთი შეეწინააღმდეგნენ სომხეთის ახალი წარმომადგენლის დანიშვნას და განაცხადეს, რომ გენმდივნის პოსტი პირდაპირ ბელარუსს უნდა გადაეცეს, რომელსაც ეს რიგით სომხეთის შემდეგ ეკუთვნის. ამის შედეგად, ხსენებულ პოსტზე ვერავინ დაინიშნა, ხოლო მის ფუნქციებს ამჟამად გენერალური მდივნის მოადგილე, რუსეთის წარმომადგენელი ვალერი სემერიკოვი ასრულებს. 

ამავე დროს, გადაიდო ოდკბ-ის სამიტი, რომელიც 2018 წლის 6 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კიდევ ერთი უთანხმოება სომხეთსა და რუსეთს შორის.

2 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამიტი გადაიდო ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, ახალი გენერალური მდივნის საკითხთან დაკავშირებით კვლავ არსებული უთანხმოების შედეგად. 4 დეკემბერს ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სამიტი გადაიდო სომხეთის მოთხოვნით,

9 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამო. იმავე დღეს ფაშინიანის პრესსპიკერმა არმან ეგოიანმა პასუხად თქვა, რომ სომხეთს არ მოუთხოვია სამიტის გადატანა, ხოლო გადატანის ნამდვილი მიზეზი არის ის, რაც მიუთითა ნიკოლ ფაშინიანმა. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას ჟურნალისტებმა ეგოიანის განცხადებას შესახებ ჰკითხეს, იგი მას შემდეგნაირად გამოეხმაურა: „უშაკოვის კომენტარი არ საჭიროებს დადასტურებას. ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადება არის სამწუხარო როგორც შინაარსის, ისე ფორმის თვალსაზრისით“. 5 დეკემბერს უკვე თავად ფაშინიანმა უწოდა „უცნაური“ უშაკოვის განცხადებას და უარყო მისი ვერსია, თითქოს სამიტის გადატანა სომხეთის მოთხოვნით მოხდა.

ქოჩარიანის და ხაჩატუროვის გარდა, რუსეთმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის შემთხვევაშიც გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ფაშინიანის ხელისუფლების მიერ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების გამოძიებისადმი. 21 აგვისტოს  სომხეთმა  საერთაშორისო  ძებნა  გამოაცხადა  დსთ-ის  ფარგლებში თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, მიქაელ არუთიუნიანზე. თუმცა, სომხეთის პოლიციამ მალევე მიიღო უარი რუსი კოლეგებისგან რუსეთის ტერიტორიაზე მ. არუთიუნიანის ძებნის გამოცხადებაზე.

სომხეთის მიმართ რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტია სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის ფორმალურ მოკავშირე რუსეთსა და სომხეთის რეალურ სამხედრო მოწინააღმდეგე აზერბაიჯანს შორის. რუსული შეიარაღების ერთ- ერთი ბოლო პარტია  აზერბაიჯანმა  მიიღო სომხეთის რევოლუციამდე ცოტა  ხნით ადრე, 2018 წლის იანვარში. როგორც მაშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ეს შეიარაღება განკუთვნილი იყო კონკრეტულად ყარაბაღში ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედრო ძალებისთვის. ამჟამად არავითარი ნიშანი არ ჩანს,   რომ რუსეთი აპირებს ამ პოლიტიკის შეცვლას.

აღსანიშნავია, რომ, მართალია, სომხეთის ახალი ხელისუფლება ამჟამად ერიდება რუსეთთან საჯარო დავას ხსენებულ საკითხზე, ფაშინიანმა მწვავედ გააკრიტიკა ბელარუსი იგივე ქცევის გამო. 20 ნოემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ

„სომხეთი გმობს შეიარაღების მიწოდების ხელშეკრულებას ბელარუსსა და აზერბაიჯანს შორის“, რადგან ის „მიმართულია სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ და დესტრუქციულია ოდკბ-ის არსისთვის“. 20 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა ხელს უწყობს რეგიონში დესტაბილიზაციას და რომ „ის, რაც ზოგისთვის ბიზნესია, ჩვენი ხალხისთვის მომაკვდინებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მიწოდებული მძიმე ტექნიკა ბაქოს პორტში, 2018წლის 19 იანვარი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო.

 

მართალია, პირადად პუტინი საჯაროდ არ აცხადებს პრეტენზიებს სომხეთის პოლიტიკური კურსის მიმართ და საუბრობს რუსეთის და სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, მაგრამ რუსეთის სხვა წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ მოსკოვს არ მოსწონს ერევნის სურვილი დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს.30 მათ შორის, 2018 წლის 19 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა: „წელს ქვეყანაში [სომხეთში] მიმდინარე რადიკალური ცვლილებების ფონზე ვაშინგტონის ჩარევა მის შიდა და საგარეო- პოლიტიკურ საქმეებში სულ უფრო უცერემონიო ხდება“. კარასინის თქმით, რუსეთი ელის, რომ „სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებელი მანდატი მიიღო, იპოვის საკუთარ თავში სიმამაცეს, რათა შეეწინააღმდეგოს გარედან ღია შანტაჟს და ზეწოლას“.31   კარასინის ამ განცხადების პასუხად ფაშინიანმა თქვა, რომ „სომხეთი აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ამას გააგრძელებს კიდეც“.32

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კრემლსა და ფაშინიანის მთავრობას შორის უთანხმოება გამოვლინდა, ეხება სომხეთში არსებულ აშშ-ის დაფინანსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს. 17 დეკემბერს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და ერევანმა „თითქმის დაამთავრეს“ ხელშეკრულების მომზადება, რომელიც „გამორიცხავს უცხოელი სამხედროების ყოფნას ამ ბიოლოგიურ ლაბორატორიაში“. 19 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა ლავროვის განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: „სომხეთის ყოფილი ხელისუფლება განიხილავდა რუსეთთან ამ ხელშეკრულებას, მაგრამ მთავრობას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, არასდროს უსაუბრია  რუსეთთან მაგის შესახებ. ჩვენ ბატონ  ლავროვს უნდა ვკითხოთ უფრო დეტალური განმარტება“.33

 

უსიამოვნო მინიშნებები

2018 წლის 31 ივლისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის გამოცემა „როსიისკაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ფიოდორ ლუკიანოვის სტატია სომხეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი აღიარებს, რომ ფაშინიანის მთავრობის პოლიტიკა ემსახურება სწორედ საშინაო მიზნებს და არა საგარეო-პოლიტიკურ ცვლილებებს, მისი აზრით, რუსეთში მაინც ცუდად მიიღებენ მის ქმედებებს.

ლუკიანოვის თანახმად: „გამოხტომები მოკავშირეებთან ურთიერთობებში სომხეთს ნამდვილად არ წაადგება. ასეთი რამეების კეთება, საყოველთაოდ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, არის ცეცხლთან თამაში, მიუხედავად იმისა, რამდენად წონიანია პრეტენზიები გენერალ [იური] ხაჩატუროვის მიმართ. და ის ფაქტი, რომ ერევნის ქმედებებში სინამდვილეში არ არის არანაირი ანტირუსული ქვეტექსტი ან მოკავშირეების წინააღმდეგ დემარშის გაკეთების სურვილი, შეიძლება, 

საბოლოო ჯამში, არ იყოს მიჩნეული შემამსუბუქებელ გარემოებად. როგორც რუსული ანდაზა ამბობს, მიამიტობა ზოგჯერ ქურდობაზე უარესია“.34

მანამდე, 30 ივლისს, მსგავსი დასკვნები (თუმცა, სულ სხვა პერსპექტივიდან) გამოთქვა ვლადისლავ ინოზემცევმა „ეხო მოსკვის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი   აზრით, ქოჩარიანის და ხაჩატუროვის სამართლებრივი   დევნა

„შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებში“. ინოზემცევი მიიჩნევს: „სომხეთის გარდაქმნა ნორმალურად მომუშავე არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ, კონკურენტიანი ეკონომიკით და გასაგები პროცედურის მიხედვით ცვალებადი ხელისუფლებით, ყველაზე ნაკლებად შედის კრემლის გეგმებში. მოსკოვი შეიძლება იყოს ძალიან დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური და სამხედრო ყოფნის შენარჩუნებით და შეიძლება მაგისთვის რაღაც გაიღოს მსხვერპლად, მაგრამ არა იმ სისტემის შერყევა, რომელსაც ის თავისთვის ერთადერთ მისაღებად მიიჩნევს“.

„მოსკოვში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ნ. ფაშინიანი „სამაგიეროს გადაუხდის“ თავის მტრებს (ესეც ხომ პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ტრადიციებშია და ამიტომაც შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს) და მერე წავა მსოფლიოს ამ ნაწილის ლიდერებისთვის ჩვეული გზით. მაგრამ თუკი ეს ვარიანტი არ შედის სომხეთის ახალი ხელმძღვანელობის გეგმებში, მან ახლავე უნდა იფიქროს მომავალზე“, - ასკვნის ინოზემცევი. 

2 აგვისტოს იგივე მოსაზრება გამოთქვა კონსტანტინ ეგერტმა Deutsche Welle-ს ვებსაიტზე. ეგერტის თქმით, მართალია, სომხეთი არ და ვერ აპირებს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას, „კრემლისთვის ესეც არასაკმარისია. მას არ ჰყოფნის მხოლოდ სომხეთის საგარეო-პოლიტიკური ლოიალობა. მას სჭირდება სრული კონტროლი და ის სპეციფიკური მოსკოვური „სტაბილურობა“, რომელიც უზრუნველყოფილია ჩრდილოვანი გარიგებებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და საერთაშორისო კორუფციით. რუსეთის ახლანდელ ხელმძღვანელობას აწყობს სწორედ ამდაგვარი სომხეთი, რომელიც ამავე დროს ეყრდნობა რუსეთში მცხოვრები დიასპორის ფულად ტრანსფერებს“. 

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.