X

უსაფრთხოების მიმოხილვა

პოსტ ISIS-ის პერიოდი: საფრთხეები და გამოწვევები გლობალურ და ლოკალურ დონეებზე

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა „დაეშის“ (იგივე “ISIS”) დამარცხება. მათ შორის შესაბამისი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. ბოლოს კი ა.წ. 23 მარტს პროქურთული SDF-ის („სირიის დემოკრატიული ძალები“) პრეს-სპიკერმა მუსტაფა ბალიმ განაცხადა, რომ მათ დაიკავეს „დაეშის“ მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებული პუნქტი ბაღუზი, სირიის აღმოსავლეთ რეგიონში, 1 რა მიზნითაც წლების განმავლობაში იბრძოდნენ როგორც „დაეშის“ წინააღმდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო კოალიცია, ისე მისი ადგილობრივი მოკავშირეები.

ახლა მთავარ კითხვებად რჩება, რამდენად რეალურია „დაეშის“ დამარცხება, აღმოიფხვრა თუ არა ტერორიზმის საფრთხე, როგორი იქნება ISIS-ის შემდგომი პერიოდი ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში, რა სახის საფრთხეები და გამოწვევები ახლავს ახალ ეპოქას?

მოკლე ისტორია 

დაახლოებით 5 წლის წინ, 2014 წლის ივნისში, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიოს ერაყსა და სირიაში „სახალიფოს“ (იგივე ISIS, იგივე „დაეში“) შექმნის შესახებ აცნობა, ხოლო საკუთარი თავი „ხალიფად“ გამოაცხადა.

ჯიჰადისტების ამ ჯგუფმა მოკლე პერიოდში შეძლო დიდი ბრიტანეთის ზომის ტერიტორიის გაკონტროლება, სადაც ცხოვრობდა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი.

მათ მალევე გაითქვეს სახელი მანამდე გაუგონარი სისასტიკითა და შეუწყნარებლობით; შედეგად, მოიზიდეს ათეულ ათასობით მებრძოლი და ფინანსები მთელი მსოფლიოდან და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან. 2 

„დაეშმა“, სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტერიტორიების დაკავება და კონტროლი შეძლო, არამედ შეიძინა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მრავალი ატრიბუტიკა: დააარსა საკუთარი სამინისტროები, სკოლები, კრეფდა გადასახადებს, აკონტროლებდა საზღვრებს და გასცემდა პირადობის დამადასტურებელ საბუთებს. 3 ისინი იმდენად შორს წავიდნენ, რომ საკუთარი ფულის ერთეულიც - „ისლამური დინარიც“ კი შემოიღეს. 4 „დაეშმა“ ასევე შეძლო სერიოზული ფინანსური სახსრების მობილიზება - მხოლოდ 2014 წელს მისმა შემოსავალმა 1,9 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. 5  

„დაეშის“ მიერ „სახალიფოს“ გამოცხადებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ მასთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი ისეთი ჯიჰადისტური ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, „ალ-კაიდა“, რადგან მისი ლიდერები (ჯერ ოსამა ბინ ლადენი, შემდეგ კი აიმან ალ-ზავაჰარი) მიიჩნევდნენ, რომ სახალიფოს გამოცხადების შესაფერი გარემოებები ჯერ არ შექმნილა და ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ისინი აშშის პირდაპირი სამიზნე გახდებოდნენ. 6

როგორც მოგვიანებით „დაეშთან“ დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, „ალ-კაიდა“ თავის შეფასებებში მართალი იყო: „სახალიფოს“ გამოცხადებიდან მალევე, 2014 წლის სექტემბერში, აშშ-ის ინიციატივითა და 79 ქვეყნის მონაწილეობით ჩამოყალიბდა „დაეშის“ საწინააღმდეგო გლობალური კოალიცია, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოცაა. 7

„დაეშის“ საწინააღმდეგო გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნები

 

გლობალურმა კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, არა მხოლოდ „დაეშის“ პოზიციების დაბომბვა დაიწყო (ერაყსა და სირიაში 2014-2019 წლებში საერთო ჯამში საჰაერო იერიში მიიტანეს 32 000-ზე მეტ სამიზნეზე8 ), არამედ ვაშინგტონმა გააგზავნა ამერიკული იარაღი და ინსტრუქტორები ადგილზე მოკავშირე ერაყის ხელისუფლებისა და პროქურთული ძალების (SDF, YPG) დასახმარებლად, რომლებიც ეფექტიანად ებრძოდნენ „დაეშს“.9 სწორედ პროქურთულმა ძალებმა მიიტანეს ბოლო გადამწყვეტი შეტევა „დაეშის“ უკანასკნელ ფორპოსტზე დაა.წ. 23 მარტისთვის ეს ჯიჰადისტური ორგანიზაცია უკვე ვეღარ აკონტროლებდა ტერიტორიებს სირიასა და ერაყში.

„დაეშის“ მიერ ტერიტორიების დაკარგვის პარალელურად იკლო მისმა აქტიურობამაც. თუ 2016 წელს თვეში „დაეშთან“ დაკავშირებული საშუალოდ 208 ინციდენტი ხდებოდა, 2019 წლის იანვრიდან თვეში ასეთი 121 ფაქტი დაფიქსირდა. 10 

როგორ მცირდებოდა „დაეშის“ მიერ კონტროლირებული ტერიტორიები სირიასა და ერაყში.

 

თუმცა, ტერიტორიების დაკარგვა და ინციდენტების რაოდენობის კლება არ ნიშნავს, რომ „დაეშმა“ არსებობა შეწყვიტა. თუ აქამდე იგი და მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიები ადვილ სამიზნეს წარმოადგენდა, ახლა მის წინააღმდეგ ბრძოლა ზოგიერთ ასპექტში გაძნელდება კიდეც, რადგან „დაეში“ სერიოზულ რეორგანიზაციას განიცდის და იატაკქვეშეთში გადადის. 11 მაგალითისთვის, გადაწყვეტილებების მიმღებებს და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო ორგანიზაციებს გაუძნელდებათ იმ ინფორმაციის ადვილად მოპოვება, რაც მანამდე ზედაპირზე იდო. 12 

მსგავსი სიტუაცია უფრო ადრე ერაყშიც შეიქმნა, როდესაც „დაეშმა“ დაკარგა კონტროლი ტერიტორიებზე. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მისი პოლიტიკურ გამარჯვებაში გარდასახვა. 13

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მიერ ა.წ. 7 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, „დაეშს“ ერაყსა და სირიაში ჯერ კიდევ ჰყავს 14 000-დან 18 000-მდე მებრძოლი, რომელთა შორის 3 000 უცხოელია. მსგავს ციფრებს ასახელებს გლობალური კოალიციაც. 14

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, ჯიჰადისტების მოტივაცია არ ნელდება. ისინი ცდილობენ ფეხი აუბან მიმდინარე ცვლილებებს და ახალ გარემოში აწარმოონ ბრძოლა; თანაც ახდენენ ბრძოლის მეთოდების ტრანსფორმაციას (მათ შორის ინტენსიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს). 15

გასათვალისწინებელია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მიერ 2019 წლის 29 იანვარს მომზადებული „მსოფლიო საფრთხეების შეფასების“ დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ეხება. მასში ცალკე თავი ეთმობა „დაეშს“ და მისგან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ადგილობრივ (ერაყი და სირია), ისე გლობალურ (აშშ და ზოგადად დასავლეთი) დონეზე. 16

დოკუმენტის მიხედვით, „დაეშის“ რიგებში კვლავ რჩება ათასობით მებრძოლი და მას მსოფლიო მასშტაბით აქვს ფილიალები, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძობს ბრძოლას. 17

 

„დაეშისა“ და „ალ-კაიდას“ აქტივობების ამსახველი რუკა „მსოფლიო საფრთხეების შეფასების“ დოკუმენტის მიხედვით

 

დასკვნები: 

  • „დაეში“ სრულად განადგურებული არაა. მან მხოლოდ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა. ამიტომ, „დაეშისგან“ მომდინარე საფრთხეები არ გამქრალა არც ადგილზე და არც გლობალურად (სამიზნეში, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთია ამოღებული); 
  • კვლავ ძლიერი რჩება „დაეშისა“ და სხვა ჯიჰადისტური ორგანიზაციების იდეოლოგია, რის შედეგადაც მათ არ უჭირთ ახალი ძალებისა და ფინანსური რესურსების მოზიდვა ორგანიზაციის მოსაძლიერებლად;
  • ახლო აღმოსავლეთში არ აღმოფხვრილა რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის გამომწვევი მიზეზები - უსამართლობა, უთანასწორობა, კორუფცია, სექტარიანიზმი, გაუმართავი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელები. ამიტომ, უახლოეს მომავალში ამ რეგიონში ნაკლებადაა მოსალოდნელი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის განეიტრალება;
  • გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არ არსებობს საერთო ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ISIS-ის შემდგომი პერიოდის სირია და ერაყი, რაც ასევე ართულებს ბრძოლის ბოლომდე მიყვანას;
  • ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ „დაეშის“ მებრძოლების ნაწილი შეერია სამოქალაქო მოსახლეობას და არავინ იცის, ხელახლა როდის გააქტიურდებიან, მეორე ნაწილი სხვა ჯიჰადისტურ ორგანიზაციებში (უპირველეს ყოვლისა, სირიაში „ალ-კაიდასთან“ აფილირებულ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“) გადავიდა, მესამე ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა, სადაც ასევე არსებობს „დაეშის“ ქსელი;
  • საქართველოსთვის ISIS-ის შემდგომი პერიოდი შეიცავს შემდეგი სახის საფრთხეებსა და გამოწვევებს:

    ა) ახალ ეტაპზე გაურკვეველია „დაეშის“ მებრძოლთა რიგებში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა შემდგომი ბედი. სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას საქართველოს ბოლო მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ა.წ. 12 მარტს გახდა ცნობილი. 18 საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სირიასა და ერაყში საომარ მოქმედებებში მონაწილე მოქალაქეებს პატიმრობა ელით. ამიტომ ისინი შესაძლოა არალეგალური გზებით შეეცადონ შემოღწევას როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ჩატაევისა და მის რაზმთან დაკავშირებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული გამოწვევები ექმნება;

    ბ) პრობლემატურად რჩება „დაეშის“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრების (მეუღლეები, შვილები) სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხი. დღეისათვის პანკისის ხეობაში დაბრუნებულია 40-მდე ბავშვი და 10-მდე ქალი, რომლებიც ყოველგვარი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე არიან დარჩენილი. 19 სამწუხარო ფაქტია, რომ დღემდე არ არსებობს მათი რეინტეგრაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამები;

    გ) აქამდე „დაეშის“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა შესაძლოა გადაწყვიტონ „ალ-კაიდასთან“ აფილირებულ „ჰაიათ თაჰრირ ალშამში“, ან შედარებით მცირე ზომის სხვა ჯიჰადისტურ ორგანიზაციებში გადასვლა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის ისეთივე პრობლემების მომტანი იქნება, როგორიც მათი „დაეშში“ წევრობის პერიოდში. 

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.