X

უსაფრთხოების მიმოხილვა

რუსეთის სტრატეგიული განზრახვები

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

შესავალი

2019 წლის მაისში გამოქვეყნდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და გაერთიანებული შტაბების ერთობლივი დოკუმენტი - თეთრი წიგნი, სათაურით „რუსეთის სტრატეგიული განზრახვები -  მრავალმხრივი სტრატეგიული შეფასება“. 

ზოგადად, აშშ-ში მიღებული პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, ამა თუ იმ თემაზე რეგულარულად აქვეყნებს დოკუმენტებს. ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა სადაზვერვო სამსახურებისთვისაც კი, რომელთა საქმიანობა დიდწილად კონფიდენციალურია, რაც, შესაბამისად, ნაკლებ საჯაროობას გულისხმობს. 

რაც შეეხება უშუალოდ ზემოთ ნახსენებ თეთრ წიგნს, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა (167 გვერდი), იგი პირველად გამოქვეყნდა. თეთრი წიგნი დაყოფილია 4-6-გვერდიან ქვეთავებად, რომლებიც, მართალია, სხვადასხვა თემას ეძღვნება, მაგრამ საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ერთმანეთს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრი წიგნის შექმნაში 20-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა, სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციიდან.

თეთრი წიგნი მთლიანად ეძღვნება რუსეთის ფედერაციას. მასში, არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით, მიმოხილულია რუსეთის ქმედებები გლობალური მასშტაბით, რათა შეიქმნას ფართო და ფუნდამენტური წარმოდგენა, როგორც თანამედროვე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო გარემოზე, ისე იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში.

თეთრი წიგნის დასაწყისში (გვ. i) აღნიშნულია, რომ იგი სიღრმისეულ შეფასებებსა და ანალიზს აწვდის ისეთ სახელმწიფო უწყებებს, როგორიცაა სადაზვერვო სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები, თავდაცვა და სხვა შესაბამისი სამსახურები. შედეგად, თეთრი წიგნი უნდა დაეხმაროს აშშ-სა და მის მოკავშირეებს სათანადო სტრატეგიის შემუშავებაში რუსეთიდან მომდინარე გამოწვევების საპასუხოდ.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, მასში ამონარიდების სახით თავმოყრილია თეთრ წიგნში ასახული მხოლოდ ის შეფასებები და ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის საერთაშორისო გარემოზე, რუსეთის გლობალურ სტრატეგიასა და მის ამოცანებზე და ამ ქვეყნის ძირითად მახასიათებლებზე. გარდა ამისა, ცალკე ქვეთავში, ასევე ამონარიდების სახით, თავმოყრილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეფასებები და ინფორმაცია საქართველოსთვის, რომელიც ეხმიანება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტს.

 

საერთაშორისო გარემო თეთრი წიგნის მიხედვით    

(გვ. 29) პეკინთან ერთად, მოსკოვი ცდილობს მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, სადაც აშშ-ის ჰეგემონია დასრულდება.

(გვ. i) აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ეროვნული სამხედრო სტრატეგია - სამივე დოკუმენტი ამტკიცებს, რომ მომავალში დაპირისპირებას წამყვან სახელმწიფოებს შორის მეტწილად შესაძლოა არ ჰქონდეს სამხედრო-შეიარაღებული კონფრონტაციის ფორმა. ნაცვლად ამისა, უფრო გახშირდება ეკონომიკური კონკურენცია, გავლენის მოპოვების ოპერაციები, შეიარაღებული (ნახევრად სამხედრო) ქმედებები, კიბერშეტევები, პოლიტიკური დაპირისპირებები. სერიოზული სამხედრო შესაძლებლობების ქვეყნებს შორის ასეთი ტიპის დაპირისპირება გაზრდის არასწორი შეფასებებისა და გათვლების რისკებს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის რისკებსაც.

                                  

(გვ. 22) კომუნიკაციის მაღალმა სიჩქარემ,  ახალი ამბების გავრცელების სწრაფმა ციკლმა და 21-ე საუკუნის საინფორმაციო სისტემის გლობალიზაციის მაღალმა ხარისხმა გაზარდა რუსეთის პროპაგანდის ეფექტიანობა. ამ ახლადგაჩენილმა შესაძლებლობებმა რუსეთის ხელისუფლებისთვის უფრო მარტივი გახადა გლობალურ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა ინტერნეტის, სოციალური მედიის, 24-საათიანი საინფორმაციო სააგენტოებისა და სხვა პლატფორმების მეშვეობით.   

რუსეთის ფედერაციის გლობალური სტრატეგია და მისი ამოცანები

(გვ. ii) რუსეთი მიმართავს ხისტ სტრატეგიებს, რომლებიც გულისხმობს სამხედრო და არასამხედრო საშუალებების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა შეაკავოს და დაამარცხოს აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდეც და დაწყების შემთხვევაშიც.

(გვ. 7-8) რუსეთის გლობალური სტრატეგია, რომელსაც პირობითად „იალტა 2“ შეიძლება ეწოდოს,  მოიცავს სამ მიზანს:

  • პირველი - რუსეთმა წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებზე სრულყოფილი და ექსკლუზიური გავლენის მოპოვების შედეგად უნდა უზრუნველყოს საკუთარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება. „იალტა 2-ის“ თანახმად, სხვა წამყვან ძალებს (Great Power) არ უნდა ჰქონდეთ ინტერესები და არ უნდა ეცადონ საკუთარი გავლენის მოპოვებას რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროში. ამავე დროს, რუსეთის მხრიდან ექსკლუზიური გავლენის სფეროს მოპოვება არ ნიშნავს არც საბჭოთა კავშირის აღდგენას და არც ამ ქვეყნების ანექსიას. რუსეთს ექსკლუზიური გავლენიდან მხოლოდ სარგებლის მიღება სურს, ახალი ტერიტორიების ადმინისტრირების ხარჯის გაწევის გარეშე. 
  • მეორე - „იალტა 2-ის“ ფარგლებში რუსეთმა უნდა მოიპოვოს ადგილი და გადამწყვეტი ხმა მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთ რეგიონებში, სადაც არ  არსებობენ რეგიონული წამყვანი ძალები (ისეთი, როგორიც ახლო აღმოსავლეთია) ან სადაც რამდენიმე წამყვანი ძალაა (მაგალითად, არქტიკა). სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთი ხდება გლობალური მოთამაშე, გლობალური გავლენით.
  • მესამე - იმისათვის, რომ რუსეთმა მიაღწიოს საკუთარი გლობალური სტრატეგიის მიზნებს, იგი ცდილობს შეაკავოს და შეზღუდოს აშშ-ის მიერ საკუთარი ინტერესების  განხორციელება გლობალურ არენაზე. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. აშშ უნდა განიდევნოს ამ რეგიონიდან, რათა ამოიძირკვოს მისი გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამავდროულად, რუსეთი უნდა ეცადოს საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას ისეთ რეგიონებში, სადაც თავისი გავლენის გაძლიერება სურს, რაც ხშირად შეზღუდავს და ბარიერებს შეუქმნის  აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს. დაბოლოს, რუსეთმა უნდა მისდიოს აშშ-სთვის პრობლემების შექმნის სტრატეგიას ისეთ რეგიონებშიც კი, სადაც მოსკოვს უშუალო ინტერესები არ გააჩნია. ამით იგი დამატებით პრობლემებს შეუქმნის აშშ-ს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში.  მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთვის დამატებითი პრობლემების შესაქმნელად რუსეთი არა ტრადიციული სამხედრო ბალანსირების, არამედ ე.წ. ასიმეტრიული ბალანსის ტაქტიკას მიმართავს.  

(გვ. 43) რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად უტევს აშშ-ის ლიდერობით არსებულ საერთაშორისო სისტემას ევროპაში, სადაც მას უპირატესობა აქვს აშშ-სა და ნატო-სთან ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა შპიონაჟი და პროპაგანდა.

(გვ. 49) რუსეთი საფრთხეს უქმნის აშშ-ს ევროპაში მედიის გამოყენებით, სავაჭრო ურთიერთობებით, პირდაპირი საგარეო ინვესტიციებით, ენერგომიწოდებით, დიპლომატიით, სამხედრო აქტივობებით, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით და გაყინული კონფლიქტური კერების შენარჩუნებით.

(გვ. iv) რუსეთის მიერ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა ადასტურებს მის დიდი ხნის სურვილს მოიპოვოს გარკვეული ტიპის გეოსტრატეგიული პლაცდარმი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.   

 

(გვ. 58) რუსეთის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე მიზანი აქვს. მათ შორის, უნდა აღიკვეთოს რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩნებისა და სხვა მუსლიმი მებრძოლების შესაძლო ხელახალი მხარდაჭერა ახალო აღმოსავლეთიდან, რუსეთმა უნდა მისდიოს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია იმოქმედოს, როგორც წამყვანმა ძალამ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა და წარმოაჩინოს საკუთარი თავი უკეთეს მედიატორად, ვიდრე აშშ-ია.

რუსეთის მნიშვნელოვანი მახასიათებლები

(გვ. 2) რუსეთი მიიჩნევს, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა დაფუძნებულია წამყვანი ძალების ბალანსზე, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი გავლენის სფერო აქვს.  

(გვ. 2) წამყვანი ძალის სტატუსისკენ რუსეთის სწრაფვა მომდინარეობს არა მხოლოდ იქიდან, რომ საერთაშორისო სისტემა აღიქმება ამგვარი ძალების ბალანსის სისტემად, არამედ რუსეთის ელიტისგანაც.    

(გვ. 1) რუსეთის ელიტა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია იმსახურებს წამყვანი ძალის სტატუსის აღდგენას და საკუთარი გავლენის ზონის გაკონტროლების უფლების მოპოვებას.  რუსეთის ელიტას სურს, რომ აშშ-ის გლობალური გავლენა შეიზღუდოს და შემცირდეს.

(გვ. 14) რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ოფიციოზის ნარატივს, რომ რუსეთი კვლავ გახდა წამყვანი ძალა ვლ. პუტინის ხელმძღვანელობით, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ისინი ასევე იზიარებენ პოზიციას იმის თაობაზე, რომ აშშ არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოა. მაგრამ, ამასთან, უმეტესად არ ეთანხმებიან კრემლს, რომ აშშ მზარდი საგარეო საფრთხეა და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა რუსეთის შიდა პოლიტიკაში. 

(გვ. 14) რუსეთის საზოგადოება ხშირად შიდა პრობლემებს უფრო მწვავედ განიცდის, ვიდრე აშშ-ის სამხედრო სიძლიერესა და „ფერად რევოლუციას“. კრემლი კი ორივე მათგანს არსებით საფრთხედ აცხადებს და ამით ცდილობს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებას ოპონენტების წინააღმდეგ. სხვადასხვა გამოკითხვაზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ კრემლმა არ უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რის გამოც მას მაღალი საფასურის გადახდა უწევს.

(გვ. 15) რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა მხარს არ უჭერს საბჭოთა კავშირის ან მეფის რუსეთის მსგავსი იმპერიის შექმნას.  

(გვ. v) რუსეთის ხელმძღვანელობის ხედვა ცალსახად არის ჯამურ-ნულოვანი თამაშები. მათ სჯერათ, რომ რუსეთის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის მარცხის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა იმის მტკიცება, რომ ამ ხედვას იზიარებს რუსეთის მოსახლეობა ან თუნდაც ელიტა, გადაჭარბებული იქნებოდა.  

(გვ. v) რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ომშია აშშ-სთან და მთლიანად დასავლეთთან.

(გვ. 33) მოსკოვის შეფასებით, ამ ომს არ აქვს ტოტალური ხასიათი, მაგრამ ფუნდამენტალურია. რუსეთისთვის ეს ომი არსებული საერთაშორისო სისტემის შეცვლას ემსახურება, იმისათვის, რომ შეიქმნას გარემო, რომელშიც კრემლი სამ არსებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის. პირველი ამოცანა აშშ-ის და მისი მოკავშირეების ისეთ ქმედებებზე ვეტოს უფლების მოპოვებაა, რომელიც, რუსეთის გაგებით, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს მის უსაფრთხოებას. მეორე არის გავლენის სფეროს შექმნა, რომელიც მოიცავს ქვეყნებს რუსეთის აღმოსავლეთით და სამხრეთით. მესამე კი, უფლების მოპოვებაა, პრევენციულად დაიცვას საკუთარი პოლიტიკური, საკანონმდებლო და ეკონომიკური სიტემა დასავლური იდეებისა და ფასეულობებისგან.

(გვ. 33) თავად პუტინმა და რუსეთის სხვა ლიდერებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ ომი მიმდინარეობს არასამხედრო საშუალებებით და მიზნად ისახავს რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას. საფრთხე, რომლის შიშიც მათ აქვთ, არის პოლიტიკური დესტაბილიზაცია რუსეთში.

(გვ. 44) პუტინიზმის ერთ-ერთ მახასიათებელს, რომელიც უნიკალურია რუსეთის ისტორიისთვის, წარმოადგენს სპეცსამსახურების დომინანტური როლი რეჟიმის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. ამასთან, პუტინის მმართველობის პერიოდში სპეცსამსახურების დომინირება შიდა და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში, რომელიც ყოველთვის უფრო წინ აყენებდა საკუთარ სპეცსამსახურებს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები. 

(გვ. 44) მართალია, რუსები განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ პუტინის პირობებში მართლმადიდებლობა გადაიქცა იარაღად, რომელიც ამყარებს რეჟიმს და მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდას ემსახურება. 

 

საქართველოსთვის განსაკუთრებით არსებითი შეფასებები

(გვ. 29) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შევიწროება და მოსკოვის სტრატეგიული ალიანსი პეკინთან მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების საკითხში აყალიბებს პუტინის გლობალური სტრატეგიის ორ ძირითად საყრდენს.

(გვ. vi) რუსეთი თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს რუხი ზონების (Gray Zone) ტაქტიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მოიცავს გასამხედროებული და სხვა პროქსი ძალების გამოყენებას, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენებას, შპიონაჟს, მედიითა და პროპაგანდით მანიპულირებას. პუტინი ასევე წარმატებით ახერხებს სამხედრო და სამოქალაქო ელემენტების გაერთიანებას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.    

(გვ. ii) რუსეთის რუხი ზონების ტაქტიკა ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როდესაც მისი სამიზნე ობიექტი ღრმად პოლარიზებულია და აკლია შესაძლებლობები, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს და ეფექტიანად უპასუხოს რუსეთის აგრესიას.

(გვ. vi) რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, მართალია, იცვლება რეგიონების მიხედვით, მაგრამ ენერგეტიკა ყველგან წარმოადგენს რუსეთის ძალისა და გავლენის საკვანძო ინსტრუმენტს.

(გვ. 21) მოსკოვს აქვს სხვადასხვა სამხედრო, ნახევრად სამხედრო და არასამხედრო საშუალება ჰიბრიდული ოპერაციებისათვის. ეს მოიცავს რუსეთის სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს, გასამხედროებულ და ამბოხებულთა ჯგუფებს, რომლებიც ასოცირებულია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, ჰიბრიდულ ბიზნესს, დაკავშირებულს რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ელიტასთან, კრემლთან დაახლოებულ მედიაკონგლომერატებს. 

(გვ. 21-22) რუსეთის საინფორმაციო და გავლენის ოპერაციების მთავარი ამოცანები მოიცავს სამიზნე ქვეყნებში ურთიერთდაპირისპირების გამოყენებას რუსეთის საგარეო-პოლიტიკური მიზნებისთვის, რუსეთის მიმართ ლოიალური მთავრობების შენარჩუნებას ხელისუფლების სათავეში, რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი მთავრობების დასუსტებასა და მორყევას, რუსეთის ქმედებების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების აღქმაზე გავლენის მოხდენასა და მოსკოვის გავლენის სფეროდან დასავლეთის განდევნას.

(გვ. 22) რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება: მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს მცირე მოცულობის სიმართლე, რომელსაც იგი ეფუძნება; პროპაგანდით გამოიწვიოს პასუხი მიზნობრივი აუდიტორიისგან; ურთიერთსაპირისპირო გზავნილების გაგზავნით შექმნას მითი და ქაოსი; საინფორმაციო სივრცეში მაქსიმალურად ხანგრძლივად შეინარჩუნოს თავისი ნარატივი.

(გვ. 22) ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს, არის როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა. ამავდროულად, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი ურთიერთობებს ავითარებს მემარცხენე მთავრობებთან და ცნობილ პოლიტიკოსებთან ევროპაში. რუსეთი ასევე იყენებს კულტურულ ორგანიზაციებს, როგორიცაა „რუსული სამყარო“ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. თავის სამეზობლოში რუსეთმა შესაძლოა მიმართოს  უფრო ძირგამომთხრელ ტაქტიკას, როგორიცაა პრორუსული პარტიების დაფინანსება თუ ეკონომიკური ემბარგო.

(გვ. 22) რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური აქტივები, რომლებიც მოიცავენ ნავთობითა და გაზით ვაჭრობას, სხვა სახის ვაჭრობასა და ინვესტიციებს, ემბარგოსა და შეზღუდვებს, ფულად გზავნილებს, ტარიფებითა და ვალუტით მანიპულირებას, მნიშვნელოვანი იარაღია მოსკოვის ჰიბრიდულ არსენალში. ეს ეკონომიკური აქტივები შესაძლოა გამოიყენონ როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ეკონომიკურ, სამხედრო ან პოლიტიკურ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სამხედრო ძალები, იარაღით ვაჭრობა და ეკონომიკური ზეწოლა.

 

დასკვნა  

ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა, განსაკუთრებით კი აშშ-მ, უკეთ გააცნობიერა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები. გაიღრმავა საკუთარი ცოდნა რუსეთის სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. შედეგად, გააქტიურდა მუშაობა რუსეთის ქმედებების გასანეიტრალებლად, მათ შორის, პარტნიორებთან ურთიერთქმედების ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე.

ამ ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია საქართველომ მონახოს კონკრეტული ფუნქცია, რომლითაც იგი საკუთარ წვლილს შეიტანს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების განეიტრალების საქმეში, აშშ-სთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან პარტნიორობით.

ამ ამოცანის გადასაჭრელად მიზანშეწონილია საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა სიღრმისეულად შეისწავლონ თეთრი წიგნი და ჩვენი პარტნიორების მიერ გამოქვეყნებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები. ერთი მხრივ, ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიაზროთ საქართველოს უსაფრთხოების გარემო და შესაბამისად დავგეგმოთ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა. მეორე მხრივ კი, მოგვეცემა შესაძლებლობა უფრო კონკრეტულად გამოვკვეთოთ საქართველოს როლი და ის გზები და შესაძლებლობები, რომლებიც უნდა შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.                

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.