თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში - უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, 2-8 სექტემბრის კვირაში, ყოველდღიური ორმხრივი სროლისა და შეტაკებების შედეგად 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 7 ჯარისკაცი დაიჭრა. ომი უკრაინაში - რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებში თითოეულმა მხარემ გაათავისუფლა 35 დაკავებული. რუსების მიერ გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არის ის 24 უკრაინელი მეზღვაური, რომელიც 2018 წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტის ინციდენტისას დააკავეს. ომი უკრაინაში - საერთაშორისო მოხალისეობრივმა საზოგადოებამ, „InformNapalm-მა“ გამოიძია უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) ის მოდელები, რომლებსაც რუსული ჰიბრიდული ძალები იყენებენ უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. საზოგადოების ცნობით, მათმა ჯგუფებმა უსა-ს 8 სახის მოდელის იდენტიფიცირება შეძლეს. ამის გარდა, რჩება სულ მცირე ერთი მოდელი, რომელის ამოცნობაც ამ დროისთვის ვერ მოხერხდა. InformNapalm-ის მიერ იდენტიფიცირებული უპილოტო საფრენი აპარატები, გამოყენებული რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ . წყარო: InformNapalm-ის ვებსაიტი ომი სირიაში - 2-8 სექტემბრის კვირაში, 31 აგვისტოს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, რუსული ძალები თავს იკავებდნენ იდლიბის რეგიონში სირიელი ამბოხებულების დაბომბვისგან. 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 2 დაიჭრა, სოფელ ჯურინთან ნაღმის აფეთქების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, რუსულმა მედიამ შეძლო ერთი დაღუპულის იდენტიფიცირება, კიდევ ერთმა წყარომ კი სამივე მათგანი დაასახელა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა, გააცხადა გეგმები, ინდოეთის ოკეანეში, რუსეთთან ერთად, ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნების შესახებ. არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის საზღვაო ხომალდთა დაჯგუფება, „უდალოის“ კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი “ვიცე-ადმირალი კულაკოვის” ფლაგმანობით, აგრძელებს არქტიკულ ექსპედიციას, რომელზეც პირველ და მეორე გამოცემებში ვწერდით. დუდინკას პორტიდან (ტაიმირის ნახევარკუნძული, კრასნოიარკის მხარის უკიდურესი ჩრდილოეთი) 3 სექტემბერს გამოსვლის შემდეგ, გემები 6 სექტემბერს შევიდნენ კარის ზღვაში და გააგრძელეს მოძრაობა ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით, ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროს გასწვრივ. გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა რაინერ ბრინკმანმა, ბალტიის ზღვაში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით განაცხადა: “არსებობს მხოლოდ ერთი გამოწვევა და ეს გამოწვევა არის რუსეთი”, რასაც დაამატა შემდეგი - “NATO-მ უნდა დაიცვას ბალტიის ზღვა, რათა ის არ გახდეს mare clausum (ჩაკეტილი/დახურული ზღვა)”. 8 სექტემბერს, დამოუკიდებელმა წყარომ, გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსი სამხედრო პირების მოზამბიკის ჩრდილოეთ ქალაქებში - მუედასა და ნაკალაში, ჩასვლის შესახებ. წყაროს ცნობით, რუსები დაეხმარებიან მოზამბიკს ქვეყნის ჩრდილოეთში ისლამისტ ამბოხებულებთან ბრძოლაში. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად სხვა წყარო ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ინფორმაცია რუსეთსა და მოზამბიკს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ სულ მცირე 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს. ხოლო 2019 წლის აგვისტოში, მოზამბიკის პრეზიდენტ ფილიპე ნიუსსა და ვლადიმერ პუტინს შორის, მოსკოვში გაფორმდა შეთანხმებები, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 108-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (მდებარე ვორონეჟში) მიიღო ახალი S-300PM-2 ტიპის მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემები. აქამდე, მათ შეიარაღებაში შედიოდა ხსენებული სისტემის ძველი, S-300PM ვერსია. პირველმა სატანკო არმიამ (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) დაასრულა გადაიარაღება მოდერნიზებულ T-72B3M ტიპის ტანკებზე. T-72B3M ტიპის ტანკი. წყარო: Russian Exercises “დოლგორუკის” კლასის (პროექტი 955 ბორეი) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი “კნიაზ ოლეგი”, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს 2020 წელს შეუერთდება. გადაწყვეტილების თანახმად ის ჩრდილოეთის ფლოტის ნაცვლად, წყნარი ოკეანის ფლოტში ჩაეწერება. ფლოტში შესვლის შემდგომ, წყალქვეშა ნავის დისლოკაციის ადგილი/ნავსაყუდელი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზა იქნება. ახალი “ალექსანდრიტის” კლასის (პროექტი 12700) ტრალერი “ივან ანტონოვი”, ბალტიის ზღვიდან სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე ჩასვლის შემდგომ, შეუერთდა შავი ზღვის ფლოტს.
სწავლებები * ასტრახანის ოლქი მასპინძლობს “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” (დსთ) წევრი ქვეყნების გაერთიანებულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სწავლებას. მასში ჩართულები იყვნენ სამხედროები როგორც რუსეთიდან, ისე სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. სწავლების მეორე ფაზა გაიმართება ყაზახეთში, 9-13 სექტემბრის პერიოდში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტმა აღნიშნა ფაქტი, რომ უზბეკეთმა დსთ-ს ქვეყნების გაერთიანებულ ჰაერსაწინააღმდეგო სწავლებაში პირველად მიიღო მონაწილეობა ხანგრძლივი პაუზის შემდგომ. სერბეთის მექანიზებულმა ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ლენინგრადის ოლქში გამართულ წვრთნაში რუსეთის 138-ე მექანიზებული ბრიგადის (განლაგებული კამენკაში, ლენინგრადის ოლქი) ნაწილებთან და სხვა რუსულ დანაყოფებთან ერთად. საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, განლაგებულმა რუსული საოკუპაციო ძალების S-400 ტიპის მიწა-ჰაერის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებმა ჩაატარეს წვრთნა ასტრახანის ოლქში. ამასობაში, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის დონის დანაყოფი, მუდმივად ბაზირებულია აფხაზეთში) მექანიზებულმა დანაყოფებმა სწავლება უშუალოდ აფხაზეთში ჩაატარეს. აფხაზეთში განლაგებული რუსული საოკუპაციო ძალების S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, რუსებმა ჩაატარეს სწავლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნახევარკუნძულზე განლაგებულმა საჰაერო დანაყოფმა და შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადამ.
შეიარაღების ექსპორტი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, იური ბორისოვის განცხადებით, რუსეთი, S-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს ინდოეთს 18-19 თვეში მიაწვდის. ამასობაში, რუსეთის სამხედრო-ტექნიკური კოოპერაციის ფედერალური სამსახურის დირექტორმა, დმიტრი შუგაევმა, განაცხადა, რომ რუსეთმა ინდოეთისგან 14.5 მილიარდი დოლარის შეიარაღების შეკვეთა მიიღო.
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |