X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 13, 28 ოქტომბერი - 3 ნოემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 28 ოქტომბერი-3 ნოემბრის კვირაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა სროლა  უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი, იტყობინება უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი. 

ომი სირიაში - 28 ოქტომბერი-3 ნოემბრის კვირაში რუსები ყოველდღიურად ახორციელებდნენ საჰაერო დარტყმებს სირიელ ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. პარალელურად, რუსები აგრძელებდნენ სამხედრო პატრულირებას ალ-ქამიშლისა და ად-დარბაზიას არეალში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათ შორის, გასულ კვირას დაიწყო რუსეთის და თურქეთის სამხედროების ერთობლივი პატრულირებაც.

მინიმუმ ათმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა დაიწყო სამხედრო მანევრები ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით. მედიაში დასახელდა მანევრებში მონაწილე ორი წყალქვეშა ნავის სახელი, ესენია პროექტ 945A „კონდორის“ (ნატოს კლასიფიკაციით „სიერა 2“) კლასის ატომური წყალქვეშა ნავები „ნიჟნი ნოვგოროდი“ და „ფსკოვი“. ორივე მათგანის დისლოკაციის ადგილია ჩრდილოეთის ფლოტის ვიდიაევოს სამხედრო ბაზა მურმანსკის ოლქში. ზემოხსენებული მონაწილე ათიდან რვა წყალქვეშა ნავი ატომურ ენერგიაზე მუშაობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ეს რუსული წყალქვეშა ნავების ყველაზე მასშტაბური სწავლებაა. ის 2 თვეს გასტანს.

ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი 1983 წლის რუკაზე, რომელზეც მონიშნულია გრენლანდია-ისლანდია-გაერთიანებული სამეფოს ნაპრალი (GIUK). დღეს აღნიშნული არეალი, განსაკუთრებით კი აღნიშნული საზღვაო ნაპრალი, იბრუნებს ცივი ომის დროინდელ სტრატეგიულ მნიშვნელობას. წყაროცენტრალური სადაზვერვო სააგენტო

 

რუსეთი აფრიკაში - გავრცელებული ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ხუთი დაქირავებული სამხედრო, მოზამბიკში მოქმედი რუსული ვაგნერის ჯგუფიდან, ჩასაფრებაში დაიღუპა. შემთხვევა მოხდა კაბუ-დელგადუს პროვინციაში, ჩრდილოეთ მოზამბიკში, სადაც რუსები ადგილობრივ ხელისუფლებას ისლამისტ ამბოხებულებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

რუსეთმა, დახმარების სახით, ტაჯიკეთს 5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის სამხედრო სარდლობა შექმნის ახალი საავიაციო დივიზიის შტაბ-ბინას საკის საჰაერო ბაზაზე, ნოვოფედოროვკაში, ოკუპირებულ ყირიმში. ორი არსებული პოლკი, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციას ეკუთვნის, ამ ახალ დივიზიაში შევა. ესენია - 43-ე საზღვაო-მოიერიშე (საკის საჰაერო ბაზა) და 318-ე შერეული (კაჩას საჰაერო ბაზა) საავიაციო პოლკები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ოლქმა 2019 წლის განმავლობაში შეიარაღების 800 ახალი ერთეული მიიღო.

პროექტ 955-A (ნატოს კლასიფიკაციით „Borei-A”) კლასის პირველი მოდერნიზებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „კნიაზ ვლადიმირი“ გეგმის თანახმად, ჩრდილოეთის ფლოტს 2019 წლის ბოლოს შეუერთდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოდერნიზებული, T-80BVM ტიპის ტანკის პირველი პარტია მიიღო. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ტანკები გაგზავნილ იქნა ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებულ დანაყოფებში.

T-80BVM ტიპის ტანკების ტრანსპორტირებისთვის მომზადების პროცესი. წყარო: TASS

რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყო ექსპერიმენტული გამოყენება უპილოტო საფრენი აპარატისა (უსა) „ორიონი“, რომელსაც როგორც სადაზვერვო, ისე მოიერიშე დანიშნულება გააჩნია.

მე-14 სპეციალური ოპერაციების ძალების ბრიგადას  (ხაბაროვსკი) მიეწოდა ახალი Tigr-M SpN ტიპის ყველგანმავალი ქვეითთა ჯავშანმანქანები.

ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის 22-ე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო პოლკმა (კალინინგრადი) შეიარაღებაში მიიღო Tor-M2 ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

 

სწავლებები* 

რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში სწავლება ჩაატარეს. მასში შავი ზღვისა და ბალტიის ფლოტების ხომალდები მონაწილეობდნენ.

რუსეთისა და სერბეთის საჰაერო ძალებმა ასტრახანის ოლქში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გაასაჯაროვა ინფორმაცია სერბეთის მიერ რუსული Pantsir-S1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ.

უზბეკეთმა რუსეთისგან Typhoon ტიპის ჯავშანმანქანები შეიძინა.

Typhoon ტიპის ჯავშანმანქანა. წყარო: RIA Novosti 

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.