X

უსაფრთხოების მიმოხილვა

იდლიბის კრიზისი: საფრთხეები და გამოწვევები

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2020 წლის იანვრის ბოლოდან მკვეთრად გააქტიურდა საბრძოლო მოქმედებები სირიის იდლიბის პროვინციაში, რასაც  არა მხოლოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა მებრძოლ მხარეებს შორის, არამედ  ლტოლვილთა ახალი ნაკადების დაძვრაც გამოიწვია.

კონფლიქტში თურქეთისა და რუსეთის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვამ კი არაერთი ახალი საფრთხე (მათ შორის, პირდაპირი სამხედრო ესკალაციის დაწყების საშიშროება) და გამოწვევა გაუჩინა რეგიონულ უსაფრთხოებას.

 

იდლიბის მნიშვნელობა

2011 წელს დაწყებულ სირიის სამოქალაქო ომში ოპოზიციას ძლიერი კერები ჰქონდა სირიის სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ასეთი დასაყრდენი იყო იდლიბის პროვინცია. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი აჯანყებულები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთანაც (ასადის ჩამოგდებასთან). თუმცა, 2015 წლის სექტემბერში კონფლიქტში რუსეთის ჩართვამ არა მხოლოდ გადაარჩინა ასადის რეჟიმი, არამედ სიტუაცია საპირისპიროდ შეატრიალა. რუსეთმა, მისმა მოკავშირე ირანმა და ასადის რეჟიმმა ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად შეძლეს სირიის სხვადასხვა რეგიონში არსებული წინააღმდეგობის კერების ჩაქრობა.იქაურმა მებრძოლებმა და მოსახლეობამ კი თავი სწორედ იდლიბის პროვინციას შეაფარეს

ოფიციალურ დამასკოში ფიქრობენ, რომ ისინი მშვიდობიან შეთანხმებას შეძლებენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გამაგრებულ პროქურთულ ძალებთან. შესაბამისად, ასადის რეჟიმისთვის ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების წარმოება პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ზემოხსენებული მიზეზების გამო, 2020 წლის დადგომასთან ერთად იდლიბის პროვინცია, დაახლოებით 3,5 მილიონი მაცხოვრებლითა და ათეულ ათასობით მებრძოლით, ოპოზიციის ერთადერთ დასაყრდენად რჩებოდა

 

სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით

 

მხარეთა პოზიციები

მოსკოვის ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დასრულდეს სირიის სამოქალაქო ომი, რომელზეც რუსეთის დიდი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება. ამასთან, იდლიბში გამაგრებულმა ოპოზიციურმა ძალებმა არაერთხელ შეუტიეს რუსულ სამხედრო ბაზას. შესაბამისად, ამ საფრთხის აღმოფხვრის მიზნითაც სჭირდება მოსკოვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ასადის რეჟიმის კონტროლის აღდგენა.

ასადის რეჟიმს უნდა აღადგინოს კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და დაასრულოს 9-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელმაც მოქანცა და გამოფიტა როგორც სამხედრო და პოლიტიკური ელიტა, ისე მთლიანად ქვეყანა.

ირანი და პროირანული ძალები ტრადიციულად მხარს უჭერენ ასადისა და რუსეთის ქმედებებს.

ასადის რეჟიმი-რუსეთი-ირანის მთავარი მოწინააღმდეგე კი თურქეთი და ოპოზიციაა (მათ შორის, „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული ძლიერი ჯიჰადისტური ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“). მაგრამ რადგან 2019 წლის ბოლოსკენ ანკარამ ოპოზიციის ათასობით მებრძოლი გადაისროლა ლიბიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ჩატარებულ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, გაჩნდა ერთგვარი სიცარიელე იდლიბის ფრონტის ხაზზე. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვიტა ესარგებლა ამ შანსით და ამ მიმართულებით შეეტია.

აღსანიშნავია, რომ აქ წინა პლანზე წამოიწია ანკარის ინტერესებმა. თურქეთის ინტერესებში ორი ძირითადი მიზეზის გამო არ შედის იდლიბზე ასადის რეჟიმის კონტროლის აღდგენა: 1. თურქეთისა და პროთურქული ოპოზიცია სუსტად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიეძღვნება სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს და 2. თურქეთს, რომელსაც ისედაც ჰყავს მილიონამდე ლტოლვილი (რომელთა რჩენაც დღემდე 40 მლრდ აშშ დოლარი დაჯდა და რომლებიც არაერთ პრობლემას ქმნიან ამ ქვეყანაში5), გაუჭირდება დამატებით 3,5 მილიონი ლტოლვილის მიღება და რჩენა.  

ლტოლვილთა თემა აქტუალურია ევროპისთვისაც, რომელსაც ასევე აღარ სურს დამატებითი ლტოლვილების მიღება. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე ლტოლვილთა ახალი მასების გადაადგილებასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარება.  

შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი კი რეგიონში (და მათ შორის სირიაშიც) ტერორისტული ჯგუფების განადგურება და რუსეთ-ირანის შეკავებაა. ამიტომ მას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში საკუთარი სამხედროებიც ჰყავს განლაგებული. ვაშინგტონი სირიის კონფლიქტში ძირითადად პროქურთულ ძალებს უჭერს მხარს.

 

შეტევა იდლიბზე

ასადის რეჟიმისა და მისი მომხრეების ინტენსიური სახმელეთო შეტევა იდლიბის პროვინციაზე ა.წ. 27 იანვარს დაიწყო. ამას თან ახლდა რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვები, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი (მათ შორის დაიღუპნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები) მოჰყვა. რუსეთის მიერ აღმოჩენილმა საჰაერო მხარდაჭერამ გააადვილა სირიის სამთავრობო ძალების სახმელეთო შეტევა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა იდლიბის პროვინციის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს. 

მათ ასევე დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი M5 (ალეპოსა და დამასკოს დამაკავშირებელი) საავტომობილო გზა და უშუალოდ დაემუქრნენ მილიონიან ქალაქ იდლიბსაც. ასევე ალყაში მოაქციეს ამ რეგიონში განთავსებული რამდენიმე თურქული სადამკვირვებლო პუნქტიც (რეალურად, სამხედრო ბაზა).

ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში დაკავებული ტერიტორიები

 

იდლიბის პროვინციაში განხორციელებული შეტევის შედეგად დაახლოებით 1 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე აიყარა საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან და თურქეთისკენ დაიძრა. ანკარამ შეძლო მათი სირიის შიგნით, აფრინის რეგიონისკენ გადამისამართება. თუმცა, ლტოლვილთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შეჩერება მას გაუჭირდებოდა

ასეთ სიტუაციაში თურქეთმა ათასობით საკუთარი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა (მათ შორის, ტანკებიც) გაგზავნა იდლიბში, რისი მიზანიც ასადის რეჟიმის შეტევის შეჩერება იყო. 

ამ სამხედრო ჩარევას 58 თურქი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. მათი უმეტესობა თურქულ სამხედრო კოლონებზე მიტანილი საჰაერო შეტევების შედეგად დაიღუპა. ყველაზე სისხლიანი იყო 27 თებერვალს განხორციელებული შეტევა, რასაც 34 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.საგულისხმო ფაქტია, რომ რუსულმა მხარემ დაჭრილი თურქი სამხედრო მოსამსახურეების ვერტმფრენებით გამოყვანის მიზნითაც კი არ მისცა თურქეთს იდლიბის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება.

დიდი მსხვერპლი იყო პროთურქული ოპოზიციის მებრძოლებთა რიგებშიც. კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი იყო ასადის რეჟიმის მხარეს, რომელთა პოზიციებსაც  არა მხოლოდ თურქული არტილერია, არამედ ახალი თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებიც ბომბავდა. ორივე მხარეს განადგურდა დიდძალი სამხედრო ტექნიკა (მათ შორის, საფრენი აპარატებიც). 

ანკარამ დახმარებისთვის NATO-ს მიმართა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამუშავდა ორგანიზაციის არა მეხუთე, არამედ მეოთხე მუხლი. შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ თურქეთის მხარდასაჭერი განცხადებები კი გააკეთეს, მაგრამ უფრო ადრე თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ების შეძენის გამო „პეტრიოტების“ მისთვის მიწოდება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ანკარა იდლიბის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთისგან რეალური სამხედრო დახმარების გარეშე დარჩა

  

მოსკოვის ახალი სამშვიდობო შეთანხმება

რამდენადაც კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარე არ აპირებდა პოზიციების დათმობას, იზრდებოდა მსხვერპლი და ამავე დროს იქნებოდა კიდევ უფრო დიდი ესკალაციის (მათ შორის, რუსეთ-თურქეთის პირდაპირი დაპირისპირების) საფრთხე.

შესაბამისად, მხარეებს სიტუაციის ერთგვარი განმუხტვა სჭირდებოდათ, რისთვისაც ორი ქვეყნის ტექნიკური დონის დელეგაციები ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საჭირო გახდა პრეზიდენტების დონეზე რუსეთ-თურქეთის შეხვედრის ორგანიზება, სადაც მხარეებმა, 6-საათიანი მძიმე მოლაპარაკებების შედეგად, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შეძლეს.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ იქვე აღნიშნეს, რომ მზად არიან იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სირიის კონფლიქტი არ შეიძლება მოგვარდეს სამხედრო გზით და რომ ლტოლვილები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  1. 2020 წლის 6 მარტის 00:01 სთ-დან მოყოლებული ცეცხლის შეწყვეტაზე იდლიბის პროვინციაში;
  2. ე.წ. „უსაფრთხოების კორიდორის“ ჩამოყალიბებაზე, რომელმაც უნდა მოიცვას ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელი M4 საავტომობილო გზის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ტერიტორიები 6-6 კმ-ის სიღრმეში. ე.წ. „უსაფრთხოების კორიდორის“ სპეციფიკურ პარამეტრებსა და ფუნქციონირების წესს რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები შეათანხმებენ 7 დღის ვადაში;
  3. 2020 წლის 15 მარტიდან მოყოლებული M4 საავტომობილო გზაზე ერთობლივი თურქულ-რუსული პატრულირების განხორციელებაზე

 

რუსთ-თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „უსაფრთხოების კორიდორის“ შექმნას M4 საავტომობილო გზის გასწვრივ

 

შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ანკარამ განაცხადა, რომ ე.წ. „უსაფრთხოების კორიდორის“ სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს დაიკავებს მოწინააღმდეგე ასადის რეჟიმი. ჩანს, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს თურქეთს მოწინააღმდეგე მხარის სასარეგებლოდ გარკვეული დათმობები (მათ შორის, ტერიტორიულიც) მოუწია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ვერ მოხვდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება იდლიბში სიტუაციის ესკალაციას და რომელთა გადაწყვეტის გარეშეც საგრძნობლად მცირდება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსები. მაგალითად, მასში გაწერილი არაა, თუ როგორ და რა მექანიზმებით უნდა წარიმართოს შეთანხმების პრეამბულაში ნახსენები ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ეს კი რუსეთისა და ასადის რეჟიმისთვის ქმნის საფუძველს, მათთვის სასურველ მომენტში განაახლონ შეტევა „ალ-ქაიდასთან“ აფილირებულ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ჯიჰადისტურ ორგანიზაციაზე, რომელიც იდლიბის პროვინციის უმეტეს ტერიტორიებს აკონტროლებს.

  

რა გვიჩვენა იდლიბის კრიზისმა?

  • რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ერთმანეთისგან განსხვავებული გრძელვადიანი ინტერესები აქვთ. შესაბამისად, ისინი, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები;
  • რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს თავისი ლიმიტი აქვს. ანკარამ თვალნათლივ დაინახა, რომ რუსეთთან დაახლოება მისთვის არც უსაფრთხოა და არც მომგებიანი;
  • თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანკარას ადვილად შეუძლია კვლავ დასავლეთისკენ აიღოს გეზი. თურქეთსა და დასავლეთს შორის არაერთ საკითხთან მიმართებით კვლავ რჩება მთელი რიგი ფუნდამენტური განსხვავებები; 
  • მოსკოვი და ანკარა განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობენ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ცდილობენ შეინარჩუნონ ეს ურთიერთობები (მათ შორის, 25 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვა, რაც მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ისინი ერთმანეთისთვის უფრო ტაქტიკური (სიტუაციური) მოკავშირეები არიან;
  • რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ამ რაუნდში სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობა მოსკოვმა მოიპოვა;
  • მართალია, თურქეთის სამხედრო ჩარევამ შეანელა ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების წინსვლა ხმელეთზე, მაგრამ რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის კონტროლის გამო ვერ შეძლო მოწინააღმდეგის წინსვლის სრულად შეჩერება;
  • რუსეთი ბოლომდე განაგრძობდა საკუთარი მოკავშირის (ასადის რეჟიმის) სამხედრო მხარდაჭერას და არც  თურქეთთან პირდაპირ სამხედრო ესკალაციას ერიდებოდა;
  • დასავლეთი აქტიურად არ ჩაერია იდლიბის კრიზისში და იგი ძირითადად თურქეთის მხარდასაჭერი განცხადებებით შემოიფარგლა;
  • ომის წარმოების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანი გახდა დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. თუმცა, ამან მაინც ვერ ჩაანაცვლა სამხედრო თვითმფრინავებით ჰაერში დომინაციის მნიშვნელობა;
  • რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვში ხელმოწერილი ახალი სამშვიდობო შეთანხმება უფრო დროებითი ზავის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მხარეებს სჭირდებათ პაუზისა და ძალების გადაჯგუფებისთვის, ასევე ახალი მოკავშირეების შესაძენად დროის მოსაგებად;

 

საფრთხეები და გამოწვევები

იდლიბის კრიზისი და იქ არსებული სიტუაცია  არაერთ საფრთხესა და გამოწვევას ქმნის როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე:

  • ბოლო ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაში მრავლადაა ბუნდოვანება. ამას თუ დავამატებთ რუსეთის ტრადიციულ დამოკიდებულბებს ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ, გამორიცხული არაა, აღნიშნული შეთანხმებაც ისევე დაირღვეს, როგორც სირიის საკითხებზე ხელმოწერილ ყველა წინა 13 შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა. ასეთ სიტუაციაში კი კვლავ შეიქმნება რუსეთ-თურქეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში;
  • კონფლიქტის გააქტიურების შემთხვევაში კვლავ გაჩნდება ლტოლვილთა ახალი ნაკადები, რაც თურქეთისა და ევროპისთვის ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს შექმნის;
  • ლტოლვილთა ახალ მასებში კი თავისუფლად შეიძლება შეერიონ რადიკალი ჯიჰადისტი მებრძოლები, რომლებიც ტერორისტულ საფრთხეებს შექმნიან თურქეთში, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში;
  • როგორც ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევამაც გვიჩვენა, სირიიდან თურქეთში გადასულმა რადიკალურ ჯგუფებმა, რომლებშიც კავკასიური წარმოშობის მებრძოლები არიან გაწევრიანებული, ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად შეიძლება საქართველო აირჩიონ. ეს კი დამატებით საფრთხეებსა და გამოწვევებს ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის;
  • იდლიბში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაუფასურდა თურქული ლირა. თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ხელფასებს ძირითადად ამ ვალუტაში იღებენ, შემდეგ ამ თანხას უფრო მყარ ვალუტაში ცვლიან  და საქართველოში აგზავნიან. ახლა კი ისინი უფრო ნაკლები მყარი ვალუტის შეძენასა და საქართველოში გამოგზავნას შეძლებენ.

 

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.