X

უსაფრთხოების მიმოხილვა

რუსეთის თემა მიუნხენის კონფერენციის ანგარიშებში

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

შესავალი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე კარგა ხანია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და ექსპერტები საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ. პირველად იგი გაიმართა 1963 წელს, თუმცა დასაწყისში მისი მასშტაბები და ფორმატი ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე დღეს არის. 

თავდაპირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ითვლებოდა ისეთ ღონისძიებად, რომელზეც დასავლეთ გერმანიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ თავიანთ მოკავშირეებს აშშ-დან და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ მას დღემდე არაფორმალურად ტრანსატლანტიკური ოჯახის  თავშეყრის ადგილს უწოდებენ ხოლმე. მხოლოდ ცივი ომის დასრულების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიეწვიათ რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ბოლო წლებში მიუნხენის უსაფრთხოების  კონფერენციის გახსნამდე დამკვიდრდა უსაფრთხოების ანგარიშის გამოქვეყნების პრაქტიკა. პირველი ანგარიში გამოქვეყნდა 2015 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ქვეყნდება. ანგარიშში მიმოხილულია საერთაშორისო უსაფრთხოების საკვანძო საკითხები და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ტენდენციები, რაც ამ კონფერენციას ერთგვარად განსაზღვრავს.

 

რუსეთის ფედერაცია მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშებში

მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში საერთაშორისო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემის მიმოხილვით იწყება. ეს მიმოხილვა გარკვეულწილად  ტონს აძლევს როგორც უსაფრთხოების ანგარიშს, ისე მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. შემდეგ მოდის „აქტორების“ თავი, სადაც რამდენიმე ქვეყანა და ზოგჯერ ორგანიზაციაც (მაგალითად, ნატო, ევროკავშირი, ისლამური სახელმწიფო) ცალ-ცალკეა მიმოხილული. აღსანიშნავია, რომ დღემდე გამოცემულ მიუნხენის უსაფრთხოების 6 ანგარიშიდან 4-ში რუსეთი, „აქტორების“ ნაწილში, ცალკე ქვეთავად მოხვდა. ანგარიშის შემდეგი ნაწილი ეძღვნება პრობლემურ რეგიონებს, სადაც 3-4 რეგიონია ცალკე ქვეთავებად გამოყოფილი. ბოლოს კი მიმოხილულია ფართო სპექტრის საკითხები, როგორიცაა, ამაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, ტექნოლოგიები და ინოვაციები და ა.შ.        

2015 წელს გამოქვეყნებულ მიუნხენის უსაფრთხოების პირველ ანგარიშში ყურადღება დაეთმო რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში. უკრაინაში რუსეთის ჩარევის თემის აქტუალურობის მიუხედავად, საერთო ჯამში, ანგარიშში რუსეთის მიმართ ტონი რბილია და შეფასებები – მეტწილად ნეიტრალური. ნიშანდობლივია, რომ ისეთი ტერმინები, როგორიაა  „აგრესია“ ან/და „ანექსია“, პრაქტიკულად არ გამოიყენება.

  • უკრაინის გამო რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დესტაბილიზაციის მოთავედ უფრო მიიჩნევა, ვიდრე ხელშემწყობად (Munich Security Report, Collapsing Order, Reluctant Guardians - გვ. 6);
  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის „ჰიბრიდული“ ომის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის პოზიციამ, რომ რუსეთმა რუსულენოვანი მოსახლეობა ყველგან უნდა დაიცვას, უნდა გაუჩინოს შეკითხვა ნატოს წევრ ქვეყნებს, რამდენად არიან მზად დაიცვან თავი ასეთი საფრთხისგან (გვ. 18); 
  • ნიშნავს თუ არა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია იმას, რომ რუსეთი ფუნდამენტურად შეცვლის საგარეო პოლიტიკას და ევროპის ნაცვლად პარტნიორების ძიებას სხვაგან დაიწყებს (გვ 20).
  • თავისი არსით ჰიბრიდული ომი სხვადასხვა ინსტრუმენტს მოიცავს. მუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე უარყოფდა ჩარევას უკრაინაში, იგი რეგულარულად აგზავნიდა  არაფრომალურ სამხედრო ფორმირებებს, ავრცელებდა პროპაგანდას, იწვევდა ადგილზე არასტაბილურობას,  უკრაინის საზღვართან ახდენდა სამხედრო ძალების მობილიზებას და ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ჩარევის უარყოფა იყო (გვ. 34).

2016 წლის ანგარიშში უკრაინასთან ერთად მთავარი თემა იყო რუსეთის  სამხედრო ჩარევა სირიაში. შესაბამისად, ანგარიშში რუსეთს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო. ნაწილობრივ აისახა რუსეთის ხისტი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო პოლიტიკაში მისი გავლენის გასაზრდელად და აღინიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზრდიდა ახალი კონფრონტაციის რისკებს.

  • აშშ-ის უკან დახევის თაობაზე საუბარი ალბათ გადაჭარბებულია, მაგრამ მსოფლიოში დღეს არსებულ ორ მნიშვნელოვან კონფლიქტში - უკრაინასა და სირიაში აშშ-ი ნაკლებად აქტიურ როლს ასრულებს. არსებობდა იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის და მისი ევროპელი მოკავშირეების ჩარევა უფრო გაამწვავებდა კონფლიქტს სირიაში. სინამდვილეში საპირისპირო მოხდა. ზემოხსენებული ქვეყნების ჩაურევლობის ფონზე, გამწვავდა სამოქალაქო ომი სირიაში და შეიქმნა ხელსაყრელი გარემო სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევისთვის (Munich Security Report 2016, Boundless Crises, Reckless Spoilers, Helpless Guardians, გვ. 5).
  • 2014 წელს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის მიზანი იყო ძალის გამოყენებით უკრაინის მომავალზე გავლენის მოხდენა. ახლა კი მოსკოვმა სირიაში სამხედრო ჩარევით ყველას დაანახა, რომ სირიის კონფლიქტის გადაწყვეტა მის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს; ამავე დროს, სირიაში ჩარევა მოსკოვს იზოლაციის გარღვევაში დაეხმარა, რომელშიც იგი უკრაინის გამო მოექცა (გვ. 16).
  • ანალიზი აჩვენებს, რომ სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების უმეტესობა მიმართულია არა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ  სირიის მთავარი ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ (გვ. 34); 
  • გახშირებული სამხედრო წვრთნები, ნატოსა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების და წყალქვეშა ნავების მცირე ინციდენტები, ბირთვული მუქარა მიანიშნებს, რომ ცივი ომის დროინდელი სცენარი ისევ აქტუალური გახდა ევროპაში. კრიზისის მენეჯმენტის მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით ესკალაციის რეალური რისკი არსებობს (გვ. 24).

2017 წლის ანგარიშის მთავარ თემად კვლავ დარჩა სირიასა და უკრაინაში რუსეთის აქტივობა. ამასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე არქტიკაში და მოსკოვის ჩარევაზე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ე.წ. ფეიკნიუსის მეშვეობით. საერთო ჯამში, ანგარიშში მკაფიოდ იკვეთება, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა დასავლეთის წინააღმდეგ, რისთვისაც იგი ჰიბრიდულ ტაქტიკას წარმატებით იყენებს.

  • რუსეთი მაშინ ჩაერთო სირიის კონფლიქტში, როდესაც ასადის რეჟიმი დამარცხების საფრთხის წინაშე იდგა. იგი ამტკიცებდა, რომ იბრძვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა საბრძოლო მოქმედებებს ოპოზიციის წინააღმდეგ ახორციელებდა. ადამიანის უფლებების დამცველთა შეფასებით, საავადმყოფოები რეგულარულად და მიზანმიმართულად იბომბებოდა (Munich Security Report 2017, Post-Truth, Post-West, Post-Order? გვ.10).
  • უკრაინაში რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების რამდენიმე პრინციპი დაარღვია. თუმცა, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შესაძლოა შემცირდეს, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით პროგრესი არ არსებობს (გვ. 10).  
  • რუსეთის სამხედრო აქტივობა არქტიკაში ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ქმედებები ზომიერია და თავდაცვითი ხასიათი აქვთ, თუმცა დასავლეთში მის მიმართ უნდობლობა იზრდება (გვ. 38).
  • რუსეთმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ღია საზოგადოებაში არსებული სისუსტეების გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და დემოკრატიული ინსტიტუტების ეჭვქვეშ დასაყენებლად. 2017 წლის იანვარში აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ, მაღალი ალბათობით, პრეზიდენტმა პუტინმა გასცა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კამპანიის წამოწყების ბრძანება (გვ. 42).
  • ევროპის ქვეყნებში პოპულისტური მოძრაობები იყენებენ ე.წ. ალტერნატიულ მედიას, რომელიც რეგულარულად ავრცელებს კრემლისთვის მისაღებ მესიჯებს ან ე.წ. ფეიკნიუსებს. როგორც ჩანს, ამას გარკვეული შედეგი აქვს. გერმანიაში 2016 წლის აგვისტოს გამოკითხვის მონაცემებით, 30% მხარს უჭერს პოპულისტურ „ალტერნატივას გერმანიისთვის“, ხოლო მემარცხენე ამომრჩეველთა 31% ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობა, ვიდრე ანგელა მერკელს (გვ.42).

2018 წლის ანგარიშში ხშირად ერთად არიან მოხსენიებული ჩინეთი და რუსეთი, როგორც ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთის, კერძოდ კი, აშშ-ის საწინააღმდეგო საერთო ხედვა აერთიანებთ. საუბარია იმაზეც, რომ რუსეთის სწრაფვა, გახდეს წამყვანი ძალა (great power) მსოფლიო პოლიტიკაში, გარკვეულწილად მიზანს აღწევს, მაგრამ მისი შიდა სისუსტეები საეჭვოს ხდის შორეულ პერსპექტივაში ამ წარმატებას.

  • სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ისეთ ქვეყნებს როგორიც ჩინეთი და რუსეთია არ სურთ კოპტაცია და სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ საერთაშორისო წესრიგის თაობაზე. სულ მცირე, ისინი შეეცდებიან საკუთარი წესრიგის დამყარებას, რაც მათი ხედვით, გავლენის სფეროების შექმნაშია (გვ. 9).
  • აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოიცა, ჩინეთს და რუსეთს ავტოკრატ მოწინააღმდეგეებად შერაცხავს (გვ. 19).
  • დასავლეთისა და რუსეთის ფუნდამენტური კონფლიქტი, რომელიც დღეს არსებული კრიზისის საფუძველი გახდა, კვლავაც გადაუჭრელია. რუსეთი ისწრაფვის პოსტდასავლური მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, როგორც ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  2017 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა (გვ. 28).
  • 2017 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 72 % საკუთარ ქვეყანას წამყვან ძალად მიიჩნევს, რაც 1999 წლის შედარებით 31% არის გაზრდილი. რუსეთის მზარდი გავლენის აღქმა უსაფუძვლო სულაც არ არის, რადგან მოსკოვმა გასულ წლებში შეძლო საკუთარი რეგიონული და გლობალური გავლენის გაზრდა (გვ. 28);
  • რუსეთის საგარეო პოლიტიკის შორეული პერსპექტივა ნაკლებად ცხადია. პირველ რიგში შიდა ფაქტორები, განსაკუთრებით კი, ეკონომიკა ზღუდავს რუსეთის საერთაშორისო გავლენას (გვ. 28). 

2019 წლის ანგარიშში, წინა წლის ანგარიშის მსგავსად, ხაზგასმულია, რომ ჩინეთი და რუსეთი პარტნიორობენ დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ამავე დროს, აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთის პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელია, ვიდრე რუსეთის. ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია, რუსეთის პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხეებზე. ცალკე თავი ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრობლემატიკას, სადაც რუსეთის მხრიდან ზეწოლაზეა ყურადღება გამახვილებული.     

  • ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა აშშ-სთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა რუსეთი უფრო ახლო და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ ჩინეთისგან განსხვავებით, მოსკოვის, როგორც აშშ-ის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის პერსპექტივა გრძელვადიან პერიოდში დამაიმედებლად არ გამოიყურება (Munich Security Report 2019, The Great Puzzle: Who Will Pick Up the Pieces? გვ. 8)
  • ევროპის ქვეყნებსაც უხდებათ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი გამოწვევის გამკლავება, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთში. ამ რეგიონში რუსეთი ტრადიციული აქტორია, ხოლო ჩინეთი კი – შედარებით ახალი. ნატო და ევროკავშირი ერთობლივად იბრძვიან რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ. ამავე დროს, ევროკავშირმა დაიწყო ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი პროექტების განხორციელება, რათა კონკურენცია გაუწიოს ჩინურ პროექტებს (გვ. 32)    
  • ვლ. პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის გაზრდილი ძალისხმევის უკანასკნელი პერიოდის მაგალითებია სკრიპალის საქმე, ძირგამომთხრელი კიბერსაქმიანობის გააქტიურება, სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა და ქერჩის ყურეში უკრაინელების წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტები (გვ. 9). 
  • უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი სამხედრო შესაძლებლობების, მათ შორის, სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების შექმნა, რაც აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების შეფასებით, არღვევს საშუალო სიშორის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებას (გვ. 9).
  • დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ბრძოლას ყველაზე დრამატული გავლენა აქვს ე.წ. შუაში მოქცეულ ქვეყნებზე. კერძოდ, საუბარია აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, სომხეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. ამ მომენტისთვის დასავლეთისა და რუსეთის დაახლოება  ნაკლებად მოსალოდნელია, შესაბამისად, არც შუაში მოქცეულ ქვეყნებზეც წნეხის შემცირებას უნდა ველოდოთ  (გვ. 36).

 

რუსეთი 2020 წლის უსაფრთხოების ანგარიშში

2020 წლის ანგარიშის მთავარი თემა საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთის დასუსტება იყო. ანგარიშის დასახელებაში გაჩნდა ახალი ტერმინი - Westlessness და შემდგომ ამავე სათაურის ქვეშ გაკეთდა საერთაშორისო პოლიტიკაში დასავლეთის პოზიციების შესუსტების მიმოხილვა. შემდგომში სწორედ ეს ახალი ტერმინი გახდა ერთგვარად ტონის მიმცემი სხვადასხვა პუბლიკაციისა და შეფასებებისთვის, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას მიეძღვნა.

ამ თემაზე უკვე გაკეთებულ შეფასებებში რუსული საექსპერტო საზოგადოების წარმომადგნელებმა თითქმის ერთხმად აღნიშნეს, რომ დასავლეთის დასუსტება უკვე მომხდარი ფაქტია. მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშით უბრალოდ ამ ფაქტის აღიარება მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის პოლიტიკური ელიტა განიხილავს, როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას საერთაშორისო პოლიტიკაზე რუსული ხედვის პოპულარიზაციისთვის. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები წამყვანი ქვეყნების ურთიერთდაპირისპირების ეპოქაში“. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები არიან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევგენი პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი და ფორუმი „პრიმაკოვის მოსაზრებები“ (Примаковские чтения). 

რუსეთის პოლიტიკურ ინტერსებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა „ევროატლანტიკური უსაფრთხოების ლიდერთა ჯგუფის“ (EASLG) მიერ შემუშავებული გეგმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. ამ გეგმას საკმაოდ მწვავე კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რადგან მისი გარკვეული ფორმულირებები თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან. გეგმაში აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება შიდა უკრაინულ პრობლემად არის წარმოჩენილი, მოსკოვი კი დისტანცირებულია კონფლიქტისგან.  გეგმასთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კრიტიკული იყო ატლანტიკური საბჭოს განცხადება, რომელსაც 29 ყოფილმა დიპლომატმა, საჯარო მოხელემ და ექსპერტმა მოაწერა ხელი. 

რაც შეეხება უშუალოდ 2020 წლის უსაფრთხოების ანგარიშში რუსეთის თემას, ნიშანდობლივია რუსეთისათვის მიძღვნილი ქვეთავის სათაური  - „რუსეთი: პუტიომნკინის ქვეყანა“ (Russia: Putemkin’s State), რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის მთავარ მახასიათებელს – არასახარბიელო შიდა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გადაჭარბებული აქტიურობა საერთაშორისო პოლიტიკაში.

გარდა ამისა, უნდა გამოიყოს ის, რომ 2020 წლის ანგარიშში კიდევ უფრო ნათლად არის ასახული ჩინეთის და რუსეთის მზარდი თანამშრომლობა, თუმცა, ამ თანამშრომლობაში რუსეთი უმცროს პარტნიორად მიიჩნევა. ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ირანიც არის რამდენიმე ადგილას ანგარიშში ნახსენები, რითაც ხაზი ესმევა ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს. გარდა ამისა, 2020 წლის ანგარიშშიც საუბარია რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე. მათ შორის ისეთზეც, რომლებიც უშუალოდ დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსკოვის დაახლოება პეკინთან. მოსკოვმა განაახლა იარაღით ვაჭრობა ჩინეთთან, მიიწვია ჩინეთი ვასტოკ-2018 სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად და 2019 წლის ივლისში შეუერთდა ჩინეთის საჰაერო პატრულირებას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში (Munich Security Report 2020, Westlessness გვ. 34).
  • რუსეთი და ჩინეთი საკამოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს უშიშროების საბჭოში. ჩინეთი ხშირად  უჭერს მხარს რუსეთის პოზიციას. მათ შორის, რუსეთთან ერთად იყენებს ვეტოს უფლებას სირიის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დასაბლოკად (გვ. 13).
  • ჩინეთის, რუსეთისა და ირანის  მიერ ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში ჩატარებული პირველი ერთობლივი საზღვაო წვრთნები გზავნილია აშშ-სა და მსოფლიოსთვის (გვ. 13).
  • ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან არსებული ურთიერთობების გამოცდილება ადასტურებს, რომ მომავალშიც მთავარ გამოწვევად დარჩება ტრანსატლანტიკური თუ უფრო ფართო ერთიანი დასავლური მიდგომის შემუშავება (გვ. 18).
  • რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობა ყველაზე მეტად მაინც ორი ქვეყნის ლიდერის სი ძიანპინისა და ვლ. პუტინის ახლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მჭიდრო პარტნიორობის პარალელურად, ძალიან დიდი ასიმეტრია არსებობს ჩინეთისა და რუსეთის სავაჭრო-კომერციულ ურთიერთობებში, და – არა მხოლოდ. ეს ასიმეტრია თანდათანობით სულ უფრო მეტად ეხება სამხედრო სფეროსაც, ისევე, როგორც კოსმოსს, კიბერსუაფრთხოებასა და ხელოვნურ ინტელექტს. თუ ამასთან ერთად მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩინეთი ზრდის საკუთარ გავლენას რუსეთის  შორეულ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, სავარაუდო ხდება, რომ ჩინურ-რუსული ურთიერთობები მწვავე გამოცდის წინაშე დადგება (გვ. 34). 
  • მაშინ, როდესაც დასავლეთი საკმაოდ ინერტულია, რუსეთმა შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებით მოახერხა საკუთარი თავის ისეთ აქტორად ჩამოყალიბება, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია (გვ. 13).
  • დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ხანგრძლივი კრიზისის ფონზე, კრემლმა გააძლიერა კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ჩათვლით (გვ. 34).
  • მოსკოვი უკვე დიდი ხანია არა საკუთარ, არამედ უფრო მაღალ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თუმცა ამის მიუხედავად, 2019 წელს მან მაინც მიაღწია სერიოზულ წარმატებებს. საკუთარ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანის მიუხედავად, რუსეთს აღუდგა უფლებამოსილება ევროპის საბჭოში, ნატოს წევრმა თურქეთმა მიიღო S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა და გამყარდა მოსკოვის, როგორც მომრიგებლის სტატუსი ახლო აღმოსავლეთში (გვ. 34).
  • რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის დესტაბილიზაციას, საფრთხეს უქმნის ბირთვულ სტაბილურობას, ახდენს დისკრედიტაციას და ცდილობს დააზიანოს დასავლეთის ლიბერალური ინსტიტუტები და ღირებულებები და ამავე დროს ეჭვმიტანილია უცხოეთის ქვეყნებში სხვადასხვა პირის ლიკვიდაციაში. ამ ფონზე, ბევრი მიიჩნევს, რომ მაკრონის ინიციატივები, სადაც იგი აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობები, უადგილოა (გვ. 34).
  • მრავალი ევროპელი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი იმის თაობაზე, არის თუ არა ევროპის ინტერესში რუსეთთან მწვავე კონფრონტაცია. დროდადრო პოლიტიკოსები ისევ ბჭობენ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების თანდათანობით შესუსტებაზე (გვ. 18).
  • ევროპაში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ, მართალია, რუსეთი არ შეიძლება იყოს სტაბილური პოლიტიკური პარტნიორი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია იყოს სანდო ეკონომიკური პარტნიორი, რაც აძლიერებს რუსეთის მხარდასაჭერ არგუმენტებს. ამ ლოგიკის თანახმად, ცივი ომის პიკზეც კი საბჭოთა კავშირი ენერგიის მიწოდების სანდო წყაროდ რჩებოდა. ამავე დროს, ბევრი ფიქრობს, რომ ევროპასთან ეკონომიკური კავშირების შემცირება კიდევ უფრო გააუცხოებს  რუსეთს ევროპისგან (გვ. 18). 

 

დასკვნა

მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშები გვაძლევს საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკური აქტივობის ზრდის დინამიკაზე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ დღემდე მზარდი ხასიათი აქვს.

ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებზეც რუსეთი საკუთარ სამოქმედო ტაქტიკას აგებს, კერძოდ:

  • რუსეთი სარგებლობს დასავლეთის ქვეყნების ინერტულობით, რომლებიც თავს იკავებენ დღეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური ჩართვისგან. იგი ცდილობს საკუთარ ხელში აიღოს ინიციატივა, როგორც ეს სირიაში გააკეთა და გაზარდოს საკუთარი წონა საერთაშორისო ასპარეზზე;
  • რუსეთი ატარებს აგრესიულ პოლიტიკას: იგი იმყარებს საკუთარ პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე; ახდენს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებას; ხელს უწყობს განხეთქილებას დასავლეთის ქვეყნებს შორის;  ერევა დასავლეთის ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. ყოველივე ამით იგი ცდილობს გაიმყაროს საკუთარი პოზიციები დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებებში;
  • რუსეთი ცდილობს ჩამოაყალიბოს ახალი ალიანსები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პარტნიორობა ჩინეთთან, რადგან ამ ორი ქვეყნის ინტერესები ე.წ. პოსტდასავლური წესრიგის ჩამოყალიბების საკითხზე თანხვედრაშია. სირიაში, ირანთან მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, არსებობს ამ ალიანსის შემდგომი გაფართოვების პერსპექტივა;
  • რუსეთი აცნობიერებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს მის მიმართ არ აქვთ ერთგვაროვანი დამოკიდებულება. მისი აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, მაინც არის ლაპარაკი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე. ამას მოსკოვი უყურებს, როგორც შანსს, რომ მინიმალური დანაკარგებით, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, დააღწიოს თავი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც მისთვის სერიოზული პოლიტიკური გამარჯვება იქნება.    
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.