X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 32, 23-29 მარტი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 23-29 მარტის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. კვირის განმავლობაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიჭრა ოთხი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ცხრა გემი, მათ შორის ოთხი ფრეგატი, და ასევე საზღვაო ძალების შვეულმფრენები, „ჩრდილავდნენ“ რუსულ სამხედრო მცურავ საშუალებებს, რომლებიც მარტის თვეში საკმაო ხანს იმყოფებოდნენ ლა-მანშის სრუტეში. რუსული დაჯგუფება შედგებოდა „სტერეგუშჩის“ კლასის სამი კორვეტისგან, „როპუჩას“ კლასის ორი სადესანტო გემისგან და „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის ორი ფრეგატისგან, რომლებსაც თან ახლდათ საბუქსირე და დამხმარე გემები.“

ბრიტანული სანაპირო-საპატრულო ხომალდი Tyne მიყვება რუსულ კორვეტ „სტერეგუშჩის“ ლა-მანშის სრუტეში. წყარო: სამეფო საზღვაო ძალები, The Guardian-დან.

ბელგიის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, 26 მარტს, გზა გადაუჭრეს რუსულ An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ბალტიის ზღვის თავზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) განცხადებით, რუსული საფრენი აპარატი საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოქმედებდა.

იაპონიის F-2 ტიპის გამანადგურებლები დაყვებოდნენ ორ რუსულ Tu-95MS ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც იაპონიის ზღვის თავზე დაფრინავდნენ.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

საინფორმაციო კომპანია Jane’s-ის ცნობით, „რუსეთმა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) მხარდაჭერით გამიზვნა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფებში, რომლებიც აღჭურვილია საბჭოთა წარმოების 2S5 „გიაცინტის“ ტიპის 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცებით, შორ მანძილზე სიზუსტის გასაზრდელად.“ ზემოხსენებულ ამოცანაში გამოიყენება Orlan-10 ტიპის უსა-ები.

ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა კალინინგრადში) 244-ე საარტილერიო ბრიგადის (კალინინგრადი) რეაქტიული ბატალიონი „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან (ზცრს) გადაიარაღდა „სმერჩის“ ტიპის ზცრს-ზე.

 

სწავლებები*

წყნარი ოკეანის ფლოტმა დაიწყო სწავლებათა სერიები იაპონიისა და ოხოტის ზღვებში, რომლებიც მოიცავს 15 საბრძოლო გემს, 12 მხარდამჭერ მცურავ საშუალებასა და 20-მდე საფრენ აპარატს. სწავლებებშია ჩართულია შემდეგი გემები: წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტ“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგ“, „სოვრემენნის“ კლასის (პროექტი 956 „სარიჩ“) სარაკეტო ნაღმოსანი „ბისტრიი“, „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანები - „ადმირალ ტრიბუტს“ და „ადმირალ ვინოგრადოვ“, „გრიშა III” კლასის (პროექტი 1124M) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტები „მეტელ“, „სოვეცკაია გავან“, MPK-82, “MPK-107” და „უსტ-ილიმსკ”, „გრიშა I” კლასის (პროექტი 1124) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტი “ხოლმსკ“, „ნანუჩკა III” კლასის (პროექტი 12341 „ოვოდ-1“) კორვეტები - „ინეი“, „მოროზ“, „რაზლივ“ და „სმერჩ“, ასევე „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „ადმირალ ნეველსკოი“. სწავლებაში ჩართული გემები წყნარი ოკეანის ფლოტის ყველა ძირითადი ბაზიდან არიან წარმოდგენილნი.

რუსეთის 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია), მექანიზებული ბრიგადის ზომის მქონე მე-4 საოკუპაციო ბაზის (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საქართველო)  საარტილერიო დანაყოფები სწავლებაში ჩაერთვნენ. წვრთნაში მონაწილეობდა დაახლოებით 1000-მდე რუსი სამხედრო და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული დაჯგუფებები.

 

რუსული საარტილერიო დანაყოფები სწავლებაზე ცხინვალის რეგიონში. წყარო: სამხრეთის სამხედრო ოლქი

საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში,  რუსეთის საოკუპაციო ძალების საარტილერიო დანაყოფებმა ჩაატარეს სწავლება, რომელშიც მონაწილეობდა 500-მდე სამხედრო. რუსებმა, აფხაზეთის რეგიონში, კიდევ ერთი - უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) წვრთნაც გამართეს. რეგიონში არსებული საოკუპაციო ძალები მიეკუთვნება 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში, სტავროპოლის მხარე) მექანიზებული ბრიგადის ზომის მე-7 სამხედრო ბაზას.

შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სადაზვერვო დანაყოფებმა, ასევე სამხედროებმა 22-ე საარმიო კორპუსის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადიდან (პერევალნოე, რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე სწავლება ჩაატარეს.

 

COVID-19

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მურმანსკ-150 (ზაოზიორსკ) საზღვაო ბაზაზე არსებული  ორი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი იმყოფება კარანტინში, ახალი კორონავირუსის გამოვლენის გამო. ერთ-ერთი ეკიპაჟი ეკუთვნის „ოსკარ II” კლასის (პროექტი 949A „ანტეი“) ატომურ სარაკეტო წყალქვეშა გემ „ორიოლს“. დაიჯესტის წერის მომენტში, უცნობია მეორე გემის დასახელება.

დასავლეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) ძალების 2 500-ზე მეტმა სამხედრომ დაიწყო მომზადება ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. დასავლეთის სამხედრო ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ვირუსთან საბრძოლველად, ჩამოაყალიბასპეციალიზირებული ჯგუფები“ ოთხ ადმინისტრაციულ რეგიონში (ლენინგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქები), რაც მოიცავს სამედიცინო, საინჟინრო და სამხედრო პოლიციის დანაყოფებს, ბბქდ ძალებთან ერთად. ცენტრალურ სამხედრო ოლქის ბბქდ დანაყოფებმა მოაწყეს „მობილური სანიტარულ-ეპიდემიური სადამკვირვებლო პოსტები“ ნოვოსიბირსკის, სამარას, სარატოვის, სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებში.  ასევე, სამხედრო ოლქის მასშტაბით შეიქმნა ექვსი „ოპერატიული შტაბ-ბინა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 16 „სამხედრო-სამედიცინო ცენტრის“ აშენებას, 2020 წლის გაზაფხულის განმავლობაში. მათ შორის რვა, გეგმის თანახმად, ჩამოყალიბდება 30 აპრილამდე, დანარჩენი რვა - 15 მაისამდე. ცენტრები გადანაწილებული იქნება რუსეთის ოთხივე სამხედრო ოლქში და მათში განთავსებული იქნება ჯამში 1 600 საწოლი. ექვსი ცენტრი იქნება დასავლეთის სამხედრო ოლქში, სამ-სამი სამხრეთისა და ცენტრალურ ოლქებში, ხოლო 4 - აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.