X

უსაფრთხოების მიმოხილვა

COVID19 და რუსეთის საინფორმაციო იერიში მის მეზობელ ქვეყნებზე

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

დეზინფორმაცია და პროპაგანდა ბოლო წლებში გადაიქცა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ იარაღად მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისა და საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად ბრძოლაში. ეს აქტივობა მოსკოვმა იმდენად დახვეწა, რომ მასთან გამკლავება დღეს მრავალი ქვეყნისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

რუსეთი გამუდმებით ცდილობს საერთაშორისო თუ ლოკალური მასშტაბის მნიშვნელოვანი მოვლენების გამოყენებას საკუთარი საინფორმაციო კამპანიის ასაგებად. ამის ბოლო ნათელი მაგალითია COVID19-ის პანდემია, რომლის ფონზეც მოსკოვმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ახალი კამპანია წამოიწყო.  

საქართველო პრაქტიკულად მუდმივად რუსეთის საინფორმაციო იერიშის ობიექტია და ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა გამონაკლისი. როგორც მანამდე, არაერთხელ, ამჯერადაც რუსეთის მთავარ სამიზნედ ლუგარის ლაბორატორია იქცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან COVID19-ის გავრცელება მოსკოვის გადასახედიდან ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა ლუგარის ლაბორატორიაზე ფოკუსირებისთვის.

ქვემოთ შევეცდებით გამოვკვეთოთ, თუ როგორ ააგო მოსკოვმა ამ შემთხვევაში საკუთარი საინფორმაციო კამპანია. ასევე განვიხილავთ პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ორ ქვეყანაში, ყაზახეთსა და უკრაინაში, ბოლო ხანებში ლაბორატორიების თემაზე წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ ამ საინფორმაციო კამპანიებს  შორის მსგავსებები, რაც რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოაშკარავებაში დაგვეხმარება.     
 

საქართველო

ზოგადად, როდესაც მოსკოვი ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიას აგებს, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას ჰქონდეს უშუალოდ ამ ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ჯგუფისა და საინფორმაციო საშუალების ფართო მხარდაჭერა. ბუნებრივია, მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაშიც ამავე პრინციპით მოქმედებს. მართალია, ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ კამპანიას საქართველოში აქვს გარკვეული ჯგუფებისა და საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერა, მაგრამ, როგორც წესი, ეს მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია და სათანადო ტალღის აგორება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ მოსკოვი იძულებულია, რომ გარედან ღიად მართოს ეს კამპანია და ლუგარის ლაბორატორია ხშირად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სამიზნედ აქციოს.          

COVID19-ის გავრცელების ფონზე, ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების სამიზნე. პირველად ამ თემას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შეეხო. შემდგომში იგივე თემა ფიგურირებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი მედიის კომენტარში, რომელიც გაკეთდა შეიარაღებაზე, განიარაღებასა და გაუვრცელებლობაზე კონტროლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საპასუხოდ.

ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მართალია, თავიდან ზოგადად ლაპარაკობდა „რუსეთის საზღვრების სიახლოვეს“ არსებულ ლაბორატორიებზე, მაგრამ შემდეგ უკვე მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ასახელებდა. ასევე ორივე შემთხვევაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიას  სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებდა.

ლუგარის ლაბორატორია

შემდგომში მოსკოვის ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა. 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადების საგანს უკვე მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენდა. ამ განცხადებაში მოსკოვი, მისთვის უკვე კარგად ჩვეული მანერით, ცდილობდა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო იმაზე, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორია დაკავშირებულია აშშ-ის სახმელეთო ძალებთან და გამოიყენება სამხედრო  მიზნებისთვის.

დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულმა დეპარტამენტმა 27 მაისსაც. ამის საბაბი ამჯერად გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი 26 მაისს გაკეთებულ პირველ განცხადებაზე. 

ორივე ზემოხსენებული განცხადების ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვდა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას, ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვების თაობაზე წინასწარი გარანტიის მიღებით. 

ზემოხსენებული განცხადებები ბევრ საყურადღებო პასაჟს შეიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ-ერთ მათგანზე, რომლის განვრცობასაც ოდნავ მოგვიანებით ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი შეეცადა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ განცხადებებში ნახსენები იყო, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება ცდები ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გასავრცელებლად მწერების გამოყენების მიზნით. ამასთან დაკავშირებით ისიც ითქვა (26 მაისის განცხადება), რომ თითქოს აშშ-ში უკვე დაპატენტებულია უპილოტო საფრენი აპარატები დაინფიცირებული კოღოების  გასავრცელებლად.              

შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად ამავე საკითხებზე გაკეთდა აქცენტი 4 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ:

  • 1 და 3 ივნისს საქართველოს კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იფრინეს ცხინვალის რეგიონის სიღრმეში;
  • ზემოხსენებული საფრენი აპარატის ფრენის მარშრუტზე შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა, რომლის დროსაც აიღეს ნიადაგის, წყლის, მწვანე საფარისა და სხვადასხვა მწერის ნიმუშები, მათი ლაბორატორიული შესწავლის მიზნით;
  • ასეთი ღონისძიებები გატარდა მაღალი ბიოლოგიური საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოში კორონა ვირუსის პანდემიისა და ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, სადაც ტარდება ცდები ღამურებსა და მწერებზე.

საოკუპაციო რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გაკეთებული ზემოხსენებული განცხადება წარმოადგენდა ერთგვარ მცდელობას გაემყარებინა და გაევრცელებინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების ნარატივი. ამ კამპანიის მართულ ხასიათს ადასტურებს ისიც, რომ ზემოხსენებულ განცხადებაში ნახსენებია ღამურებზე მიმდინარე ცდები. 

უნდა აღინიშნოს, რომ  ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე მიმდინარე კვლევების თემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა, რომელმაც ამ თემაზე 30 აპრილს მორიგი სტატია გამოაქვეყნა. ამ სტატიაში ჟურნალისტი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის თავდაცვის უწყების დაფინანსებით უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ცდები ღამურებზე, როგორც კორონავირუსების გადამტანებზე.   

დილიანა გაიტანჯიევა არის კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყარო არა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სხვა ლაბორატორიების შესახებ. მისი ზემოხსენებული სტატია კი, „მითების დეტექტორის“ კვლევის თანახმად, არ ასახავს რეალობას.

საყურადღებოა ისიც, რომ ღამურების შესახებ დეზინფორმაცია და პროპაგანდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. იგივე თემა კიდევ უფრო  ფართოდ და მიზანმიმართულად გაიშალა ყაზახეთში არსებულ ლაბორატორიასთან  დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამ კამპანიის  მართულ ხასიათს.        

ყაზახეთი

COVID19-ის გავრცელების ფონზე, ყაზახეთში ალმა-ათის რეფერენს-ლაბორატორია გახდა რუსული დეზინფორმაციის შეტევის მთავარი ობიექტი, რაშიც ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ისე რუსული ინტერნეტგამოცემები. ამ თემაზე სხვადასხვა რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეზინფორმაციის ეს კამპანია წინასწარ იყო კარგად ორგანიზებული.   

ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც ყაზახეთში COVID19-ის არც ერთი შემთხვევა არ იყო ოფიციალურად დარეგისტრირებული, სოციალურ ქსელებში პანდემიის წარმოშობის თაობაზე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, თითქოსდა ანონიმური წყარო ალმა-ათის ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიიდან ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ამავე ლაბორატორიაში.       

სოციალური ქსელებით ასეთი ინფორმაციის გავრცელებამ ყაზახეთში გარკვეული რეზონანსი გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, იგი არასაკმარისად ჩაითვალა და  დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, ვებგვერდმა „რუსკაია ვესნამ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლის მიზანიც იყო COVID19-ის წარმოშობის თაობაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ზემოხსენებული ვერსიის გამყარება. ამ პუბლიკაციაში მეორდებოდა ვერსია COVID19-ის ხელოვნურად შექმნისა და გავრცელების თაობაზე და მის გასამყარებლად მოყვანილი იყო სხვადასხვა არგუმენტი და „ფაქტები“.

მათ შორის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გამოყენებული იყო ჟურნალ „ვირუსში“ 2019 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის აპრილ-მაისში ალმა-ათის ცენტრალურ რეფერენს-ლაბორატორიაში მიმდინარეობდა მუშაობა ვირუსზე, რომლის გადამტანებიც ღამურები არიან. ამასთან, „რუსკია ვესნა“ მორიგ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ზემოხსენებული ვირუსისა და COVID19-ის შტამის იდენტურობა ლაბორატორიული კვლევებითაა დადასტურებული.

საყურადღებოა, რომ „რუსკია ვესნას“ ამავე სტატიაში ნახსენები იყო საქართველოც. კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ „ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პოსტსაბჭოთა სივრცეში რამდენიმე რეფერენს-ლაბორატორია შექმნა, რომლებსაც მაღალი, მესამე დონის, უსაფრთხოება აქვთ. ასეთი ლაბორატორიები ფუნქციონირებენ ხარკოვში, თბილისსა და ალმა-ათაში. ოფიციალურად ეს ლაბორატორიები საშიში ინფექციების გავრცელების წინააღმდეგ იბრძვიან. რეალურად კი, მათი მიზანია ბიოლოგიური ომისთვის მზადება პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდი „რუსკაია ვესნა“ ცნობილია სკანდალური პუბლიკაციებით. იგი დარეგისტრირდა 2015 წლის 20 აგვისტოს. როგორც თავად „რუსკაია ვესნას“ ვებგვერდზეა აღნიშნული, მისი მიზანია რუსეთში, ნოვოროსიაში, უკრაინასა და სირიაში მიმდინარე პროცესებზე ოპერატიული ინფორმაციის გავრცელება. ეს მცირე მონაცემებიც თავისთავად ცხადყოფს ამ ვებგვერდის დანიშნულებას.

საეჭვოა, რომ ამ ვებგვერდს საკუთარი რესურსებით მოეხერხებინა COVID19-ის ხელოვნურად გავრცელების ვერსიის არგუმენტირება სამეცნიერო წყაროებზე მითითებით. ეს გარემოება დამატებით აძლიერებს ეჭვს მისი რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის თაობაზე.

ალმათის ცენტრალური რეფერენტული ლაბორატორია [Jedi Balancing]

რუსულმა დეზინფორმაციამ ყაზახეთის შემთხვევაში საკუთარ მიზანს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია. ღია წყაროების მიმოხილვიდან იკვეთება,  რომ COVID19-ის ალმა-ათის ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიიდან  ხელოვნურად გავრცელების თაობაზე სკეპტიკური დამოკიდებულება დომინირებს. მაგრამ ამავე დროს, ღია წყაროებში ამ და ყაზახეთში არსებულ სხვა ლაბორატორიებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კავშირების თაობაზე სხვადასხვა ინტერპრეტაციაც გაჩნდა. 

ასე, მაგალითად, ვებგვერდ STAN RADAR-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში - Что скрывает американская биолаборатория в Казахстане? შემდეგი მოსაზრებებია გამოთქმული:

  • პრობლემა ის არის, რომ COVID19-ის გავრცელებასთან კავშირის გარეშეც ალმა-ათის ლაბორატორიას აშშ მხედრო ბიოლოგიური პროგრამებისთვის იყენებს;
  • მართალია, ლაბორატორიის შტატში ოფიციალურად არ ირიცხებიან უცხოელი თანამშრომლები, მაგრამ რეალურად იქ პრაქტიკულად მუდმივად იმყოფებიან უცხოელი სამხედროები, რომლებიც კვლევებს ხელმძღვანელობენ;
  • აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ღიად ცდილობენ ყაზახი ბიოლოგების გადაბირებას, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მათ პროექტებში, როგორც ყაზახეთში, ისე საზღვარგარეთ.       

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი სამხედროების ყაზახეთში ყოფნაზე აქცენტის გაკეთება საკმაოდ მომგებიანია რუსული პროპაგანდისთვის. ყაზახეთისთვის ეს თემა საკმაოდ პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რუსეთთან ერთად ჩინეთიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცენტრალურ აზიაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენას. ამის დასტურია ის, რომ პეკინს უარყოფითი პოზიცია ჰქონდა 2001 წელის 11 სექტემბრის შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნის მიმართ მაშინაც კი, როცა თავდაპირველად რუსეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერიდან გამომდინარე, არ შეწინააღმდეგებია აშშ-ის ბაზების გახსნას ცენტრალურ აზიაში. მოგვიანებით კი მოსკოვმა და პეკინმა უკვე გააერთიანეს საკუთარი ძალისხმევა, რათა ცენტრალურ აზიაში აშშ-ის ბაზები დახურულიყო.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყაზახეთის შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები. კერძოდ, ეს ქვეყანა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრია, რომლებშიც რუსეთი წამყვან როლს ასრულებს. კერძოდ, საუბარია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაზე. ცხადია, რომ ეს გარემოება დამატებითი ბერკეტია მოსკოვისთვის ნურსულთანზე ზეწოლისათვის.     

უკრაინა

უკრაინაში არსებული ლაბორატორიების აშშ-სთან კავშირისა და იქ მიმდინარე კვლევების თაობაზე სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ახალი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში ეს თემა სხვადასხვა ინტენსივობით ტრიალებს როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მედიაში. ამავე დროს, ეს უკრაინაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის პერიოდულად სპეკულაციის საგანი ხდება.

COVID19-ის გავრცელების ფონზე, უკრაინაში „აშშ-ის ლაბორატორიების“ თემის წინა პლანზე წამოწევა გარკვეულწილად უკავშირდება უკრაინის შიდა პოლიტიკას. თუმცა, ამავე დროს, იგი სრულად თავსდება დეზინფორმაციის იმ კონტექსტში, რომელსაც მოსკოვი მის მეზობელ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით ავრცელებს. მით უმეტეს, რომ ლაბორატორიების თემის წინა პლანზე წამოწევა პრორუსული განწყობებით ცნობილი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოხდა.          

კერძოდ, 2020 წლის 15 აპრილს უკრაინის ოპოზიციური პარტიის - «Оппозиционная платформа – За жизнь» პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ვიქტორ მედვედჩუკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და გამოითხოვა ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ.

ზემოხსენებულ განცხადებაში ნათქვამია შემდეგი:

  • უკრაინაში აშშ-ის ლაბორატორიების ფუნქციონირების დაწყებასა და უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების დაფინანსებას დაემთხვა ქვეყანაში რამდენიმე საშიში ინფექციური დაავადების გაჩენა;
  • საშიში ინფექციური დაავადებების რიცხვის ზრდის გამო მოსახლეობაში ყველანაირი საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ბიოლოგიური ობიექტების საიდუმლო და დაფარულ საქმიანობას უკრაინის ტერიტორიაზე აქვს უკრაინის მოქალაქეებზე ვირუსების ზემოქმედების შემოწმების ამოცანა;
  • 2010-2012 წლებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად, ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რასაც შესაძლოა გამოეწვია სახიფათო ინფექციათა შტამის გავრცელება. შესაბამისად, 2013 წელს მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასა და აშშ-ს შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტების სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, პოროშენკოს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ეს თანამშრომლობა აღდგა.      

 

ზემოხსენებული განცხადების შემდეგ, როგორც ზოგიერთ უკრაინულ, ისე მთელ რიგ რუსულ მედიასაშუალებებში, უკრაინაში არსებული ლაბორატორიების თემა უარყოფითი კონტექსტით ფართოდ გაიშალა. თითქმის ყველა ამ პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ბოლო წლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თითქოსდა სხვადასხვა უცნობი ინფექციური დაავადებების გავრცელების გახშირებას და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კავშირებს უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებთან და იქ მიმდინარე კვლევებთან. ბევრ მათგანში ნახსენები იყო ლუგარის ლაბორატორიაც, ცხადია, ასევე ნეგატიურ კონტექსტში.

რუსეთის პროპაგანდა უკრაინაში [ukraina.ru]

უკრაინულმა პორტალმა MediaSapiens, რომელის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გამოაშკარავება, საკმაოდ ვრცელი კვლევა მიუძღვნა იმას, თუ როგორ მოხდა მედიაში ლაბორატორიების თემის გაშლა და რაზე გაკეთდა აქცენტები. ამ კვლევაში იდენტიფიცირებულია ის უკრაინული საინფორმაციო საშუალებები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკოსები თუ ოლიგარქები, რომლებმაც ამ თემის ტირაჟირებას ხელი შეუწყვეს. ასევე იდენტიფიცირებულია ზემოთ საქართველოს კონტექსტში ნახსენები ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა, როგორც უკრაინაში არსებული ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყარო.   

 

ამავე კვლევაში გამოკვეთილია ის შაბლონური გზავნილები, რომლებზეც ძირითადად იგება უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებზე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები. კერძოდ, კვლევის თანახმად, ასეთი შაბლონური გზავნილებია:

  • უკრაინაში ფუნქციონირებს საიდუმლო ამერიკული ლაბორატორიები. თუმცა ლაბორატორიების რაოდენობაზე  სხვადასხვა პუბლიკაციაში ხშირად განსხვავებული მონაცემები გვხდება - ეს ციფრი 11-დან 16-მდე მერყეობს;
  • ყველა ეს ლაბორატორია არღვევს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის თაობაზე 1972 წლის შეთანხმებას;
  • ამ ლაბორატორიების საქმიანობა ფაქტობრივად არ ექვემდებარება უკრაინის ხელისუფლების კონტროლს;
  • მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ფუნქციონირება, უკრაინაში ფიქსირდება უცნობი ინფექციური დაავადებების გავრცელება. თუმცა, ინფექციური დაავადებების გავრცელების თარიღები, გავრცელების არეალი და ამ დაავადებების დასახელება  სხვადასხვა პუბლიკაციაში სხვადასხვაა.

ზემოხსენებული კვლევის მიხედვით, უკრაინაში არსებული ლაბორატორიების თაობაზე დეზინფორმაციის კამპანიის მკვეთრად გააქტიურება უმეტესად ემთხვევა აშშ-სა და უკრაინას შორის ამ სფეროში გაფორმებული შეთანხმებების ვადის ამოწურვას. ამჯერადაც, 2020 წლის დეკემბერში ვადა ეწურება ჩარჩოხელშეკრულებას უკრაინასა და აშშ-ს შორის. შესაბამისად, ეს უნდა ჩაითვალოს ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად, რომელიც ხორციელდება უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა ჩარჩოხელშეკრულების ვადა აღარ გახანგრძლივდეს.      
 

დასკვნა

მოსკოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ლაბორატორიების თემას აშშ-სთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს. რუსული მასმედია, როდესაც ამ თემას მიმოიხილავს, ასახელებს 7 პოსტსაბჭოთა ქვეყანას, სადაც, მისი მტკიცებით, აშშ-ის ბიოლაბორატორიები მოქმედებენ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, მოლდოვა და უკრაინა).

რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების პრეზენტაცია აშშ-ს ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ პოსტ-საბჭოთა სივრცეში  [ritmeurasia.org]

მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ასწიოს ეს საკითხი. სწორედ ამიტომ ე.წ. ბიოლაბორატორიების თემა ხშირად ხდება ხოლმე რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და ოფიციალური პირის განსჯის საგანი, როგორც ერთ-ერთი მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მოსკოვი მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს ამ თემას საკუთარ საინფორმაციო ომში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალდებები უმეტესად აბსურდულია.

ამრიგად, COVID19-ის პანდემიის ფონზე მიმოხილული საქართველოს, ყაზახეთისა და უკრაინის შემთხვევებიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ერთნაირი სქემებითა და მექანიზმებით მოქმედებს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ლაბორატორიების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიის ტალღის ასაგორებლად. მოსკოვის გადასახედიდან  ძირითადი განსხვავება ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოში არსებული პრორუსული ჯგუფები და მასმედიის საშულებები ვერ ახერხებენ ამ თემის სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერას. შესაბამისად, ამ კომპონენტის გააქტიურება, სავარაუდოდ, რუსეთისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულმა საინფორმაციო იერიშმა საქართველოში უფრო ფართო რეზონანსი შეიძინოს.           

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.